მიხეილ სააკაშვილის რუბიკონი

მიხეილ სააკაშვილის რუბიკონი

        დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზი... ასეთი რამ საქართველოს პარლამენტში არ მომხდარა: 1992 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან ოცამდე დეპუტატი გააცილეს აღმასრულებელ «შტოში». მაგრამ ამგვარი ტრიუმფით – არც ერთი. ხუმრობა ხომ არ არის, მთელი პარლამენტი (ეგრეთ წოდებული პოზიცაი-ოპოზიცია) ფეხზე ამდგარი მიაცილებდა მიხეილ სააკავშილს, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ პირველი სერრიოზული განხეთქილება დააფიქსირა «აღორძინების» ბლოკში: «სოციალისტებს», «ტრადიციონალისტებსმა» და «ზვიადისტებს» არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ აბაშიძის უშუალო გარემოცვის წევრთა მრავალმნიშვნელოვანი განცხადებებისთვის.
        ამრიგად, ბოლოდროინდელი ქართული პოლიტიკის ყველაზე კოლორიტულმა ფიგურამ ამპლუა შეიცვალა: ერთია საპარლამენტო ტრიბუნა და სულ სხვაა სახელმწიფო კანცელარიის სამთავრობო დარბაზი.
        ამიერიდან მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ნებისმიერ კომიტეტში შეიძლება დაიბარონ, როგორც ჩვეულებრივი მინისტრი... თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ ხელისუფლებათა გამიჯვნის «ამერიკული სისტემით», მინისტრი სულაც არ არის ვალდებული, პარლამენტში «საანგარიშოდ» მივიდეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი «კეთილი ნების» საქმეა. პარლამენტს სხვა მექანიზმები (გარდა იმპიჩმენტისა) მინისტრზე ზემოქმედებისთვის არ გააჩნია. ისიც, მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.
        მაგრამ აქ მოქმედებს კიდევ ერთი (ალბათ, ყველაზე მთავარი) ფაქტორი: სააკაშვილი იმ გუნდის წევრია, რომელიც ცდილობს, სულ უფრო მეტად გაავრცელოს თავისი აგვლენა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. «ინტერესთა და გარემოებათა თანხვედრა» კი იმით გამოიხატება, რომ იუსტიციის ახალი მინისტრი უეჭველად გამოიყენებს ამ თანამდებობას, რათა, ჯერ ერთი, შესამჩნევად გაზარდოს თვით იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელობა და უფლებამოსილება (პარლამენტის მხარდაჭერით ეს სავსებით შესაძლებელია) და მეორე: აქციოს იუსტიციის სამინისტრო «ძალისმიერ სტრუქტურათა» რეფორმების ინიციატორად.
        გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო ცენტრალურ როლს შეასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან (კონსტიტუციის მიღების ტოლფას) საკითხში: იწყება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გადაწყვეტა. «აჭარის პრეცედენტი» გახდება გასაღები, რომელიც «ცხრაკლიტულს» გახსნის და გარკვეული ცვლიოლებებით, აფხაზეთსაც მოერგება.
        ამის გათვალისწინებით, რადიკალურად განწყობილი, გაბედული და «რისკიანი» პოლიტიკოსის დანიშვნა იუსტიციის მინისტრად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ სფეროში რადიკალურ, სარისკო და «არაპოპულარულ» ნაბიჯებს ხელისუფლება ვერ გაექცევა.
        იუსტიციის სამინისტრო, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჯერ არაოფიციალურად, შემდგომ კი (ალბათ) ფორმატირებულადაც მოინდომებს, კონტროლი დაამყაროს იმავე «ძალისმიერ სტრუქტურებზე» და შეიძლება, ერთგვარი «შიდასამთავრობო საკონტროლო პალატის» ფუნქციაც შეასრულოს.
        სხვათა შორის, ასეთი საშუალება იუსტიციის სამინისტროს ადრეც ჰქონდა, მაგრამ მინისტრს გააჩნია: თედო ნინიძეც, ლადო ჭანტურიაც და ჯონი ხეცურიანიც ურიგო იურისტები არ იყვნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა.
        სწორედ ამ თვისებით იგი შეძლებს იმას, რასაც ვერ შეძლებდნენ (რომც ეცადათ) მისი წინამორბედები, ანუ ბობოქარი მთავრობის სხდომები არ მოგვაკლდება.

დილის გაზეთი, 11 ოქტომბერი, 2000 წელი