მიხეილ სააკაშვილი «ბეწვის ხიდზე» სვლის ტაქტიკას ირჩევს

მიხეილ სააკაშვილი «ბეწვის ხიდზე» სვლის ტაქტიკას ირჩევს

ვირტუალური ომი
         

         

          გასულ კვირას საქართველოს გარშემო დატრიალებული მოვლენები და ატეხილი აჟიოტაჟი, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა კვლავ მსოფლიო (მითუმეტეს რუსული) მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, თავისთავად (ემპირიულადაც) ძალზე საინტერესო მოვლენაა. პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია _ იმდენად მნიშვნელოვანია იგი ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით.
          საქართველოს ახლი ხელისუფლება თავისი მეთოდების ერთგულია. ბევრი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი «ბეწვის ხიდზე» სვლის ტაქტიკას არჩევს, რამაც მას წარმატება მოუტანა თავდაპირველად თბილისში, შემდეგ ბათუმში. სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით «ბეწვის ხიდზე სვლა» გრძელდება და რაოდენ სახიფათოდაც არ უნდა მიაჩნდეთ იგი იმავე დამკვირვებლებს, _ გამარჯვებულებს არ სჯიან: ჯერ-ჯერობით ომი მხოლოდ საინფორმაციო სფეროში მიმდინარეობს. ხელისუფლება ახერხებს ამ ჩარჩოებში მის მოქცევას და რეალური საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას ისევ და ისევ «დანის პირზე სვლის» ტაქტიკით.
          რუსებმა «თამაშის» ეს წესი მიიღეს კიდეც და თავადაც შესაბამისი მედიატექნოლოგიების გამოყენებას ცდილობენ. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე მსოფლიოში დიდი პოლიტიკა საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროპაგანდისტული დივერსიების, ვირტუალურ სივრცეში უმოწყალო, მაღალპროფესიული შეჯახებების გარეშე წარმოუდგენელიცაა.
          ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი წერდა, რომ დღეს ესა თუ ის მოვლენა «არშემდგარად» ჩაითვლება თუ იგი არ «შედგა» მედიასივრცეში ანუ არ აისახა პლანეტის «საინფორმაციო ატმოსფეროში».
          მაშასადამე, მოსკოვმა ეს გამოწვევა მიიღო და ამას მეტყველებს სწორედ მისი ბოლოდროინდელი ტაქტიკა: დაწყებული პუტინის «ჰუმანიტარული დახმარების» ახალგორში შეტანის «მედია-დემონსტრაციით» _ დამთავრებული ანდრეი კოკოშინის პროვოკაციული ვიზიტით სამხრეთ ოსეთში.
          სხვათა შორის, გენერალი ნაბზდოროვის კონფლიქტის ზონიდან გაწვევა მოსკოვმა იმიტომაც გადაწყვიტა, რომ მისი სწორხაზოვანი, სალდაფონური, ბრიყვული დემარშები კრემლს «მედიაომში» გამარჯვების შანსს აღარ უტოვებდა. ამჟამად, როგორც ჩანს, რუსულ გენერალიტეტში ოდნავ უფრო «გონებამახვილს» ეძებნ, რაც საერთო «ბნელ მასაში» არც ისე იოლი საქმე იქნება.
          მაგრამ იმავე ომში ქართული მხრიდან არანაკლებ მძიმე შეცდომა იყო კონფლიქტის ზონაში ისეთო ძლიერი მოწინააღმდეგის შეშვება, როგორიც ანდრეი კოკოშინია. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს «დსთ»-ს საქმეთა თავმჯდომარე ძალიან ჭკვიანი და ეშმაკი მოღვაწეა. უფრო მეტიც _ იგი პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი უძლიერესი ფიგურაა და მისი «მოვლინება» საქართველოსთან ვირტუალური ომის კონკრეტული შეტაკების მოსაგებად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მნიშვნელობას ანიჭებენ მოსკოვში ამ ომსა და მასში საბოლოო გამარჯვებას.
          ანდრეი კოკოშინი, რა თქმა უნდა, სწორედ იმ პროვოკაციის მოსაწყობად ჩამოვიდა, რაც ნიჭიერად განახორციელა _ მას ჭირდებოდა სროლის პროვოცირება და იმ ფაქტის დადასტურება, რომ ქართულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საპარლამენტი დელეგაციას.
          აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ოსების პროვოცირებული იყო თუ არა სროლა _ მთავარია, «მედია-ომში» დაფიქსირდა რუსეთისათვის სასურველი ფაქტი.
          ხოლო იმაზე, რომ ყოველივე კოკოშინს წინასწარ ჰქონდა გათვლილი, მეტყველებს მისი ჩამოსვლა თბილისში. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, კოკოშინი ჯერ თბილისში რომ ჩამოსულიყო, _ პროვოკაცია ნაკლებ ეფექტური იქნებოდა. ოღონდ მას უეჭველად სჭირდებოდა იმის დაფქსირება, რომ ჯერ თბილისში ჩავიდა, «კეთილი ნება გამომამჟღავნა», საქართველოს ხელისუფლების თანხმობით (!) გაემგზავრა სამხრეთ ოსეთში, სადაც ქართულმა ფორმირებებმა მას ცეცხლის გაუხსნეს.
          ამით ერთდროულად ორი, რუსეთისათვის სასურველი რეალობა დააფიქსირა საინფორმაციო სივრცეში: რომ ოფიციალური თბილისი ან ვერ აკონტროლებს საკუთარ ფორმირებებს, ან (მეორე) საქართველოს ხელისუფლებასთან მშვიდობიან დიალოგს აზრი არა აქვს, რაკი მოლაპარაკებისთანავე, ქართული მხარე ცეცხლს უხსნის მისივე თანხმობით (!) სამხრეთ ოსეთში ჩასულ «შუამავალს».
          ანუ კოკოშინის გაიძვერულმა მანევრმა (თბილისიდან-ცხინვალში) საქართველოს ხელისუფლებას წაართვა ის არგუმენტი, რომ «ანდრეი კოკოშინი საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ჩავიდა ცხინვალის რეგიონში და პასიხისმგებლობაც, ინციდენტისათვის, მას უნდა დაეკისროს».
          თბილისს თავიდანვე რომ უარი ეთქვა, რასაკვირველია კოკოშინი როკის გვირაბის გავლით იქ მაინც ჩავიდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მის მიერ ოსტატურად განხორციელებული პროვოკაციის «მარგი ქმედება» გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რაკი საქართველოს ხელისუფლებას შეეძლებოდა ეთქვა, რომ სტუმარი დაუკითხავად ჩავიდა კონფლიქტის ზონაში.
          ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქართული ფორმირებები თბილისიდან ჩასულ კოკოშინს ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, მაშინ იგი (მიაქციეთ ყურადღება, _ რუსი ჟურნალისტების მთელი არმია წაიყვანა შემოვლით გზაზე ქართული ფორმირებების საინპსპეციოდ), მათ დაახლოებით ისევე მოექცეოდა, როგორხ მოიქცა გენერალი ნაბზდოროვი ერედვსა და ტყვიავში, სადაც ხმამაღლა, მთელი რუსეთის და მსოფლიოს დასანახად გამოლანძღა ქართველი სამხედროები «სამხრეთ ოსეთში უკანონოდ ყოფნის» გამო. ეს უკანასკნელნი კი მხრებაწურულნი ისმენდნენ მის «დამუნათებას».
          ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ანდრეი კოკოშინის სამხრეთ ოსეთში გამგზავრების სანქცირება ქართული მხარის უმძიმესი შეცდომა იყო. პირიქით, რაკი მისი ვიზიტის პროვოკაციული მიზანი იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო, დაბეჯითებით უნდა ერჩიათ, ვითარების დაძაბვის გამო იქ გამგზავრებაზე უარი ეთქვა. თუ მაინც გაემგზავრებოდა, მაშინ (ვიმეორებ) ქართულ მხარეს. გარდაუვალი პროვოკაციის შედეგთა განეიტრალების საშუალება დარჩებოდა _ კოკოშინის მოქმედების არასანქცირებულობით.
          რასაკვირველია, მედია-სივრცეში არანაკლებ ბობოქარი რეაქცია მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის სენსაციურ განცხადებას აფხაზეთის აკვატორიასთან დაკავშირებით. რუსებმა იგი უმალვე აიტაცეს და კოსმიური მასშტაბის ისტერიაც მოაწყვეს.
          დასავლეთში ამ განცხადებას განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ მოჰყოლია (მოჰყვებოდა მხოლოდ კონკრეტულ მოქმედებას, _ თუ ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს, მართლა გავუხსნით ცეცხლს აფხაზეთში თუნდაც უკანონოდ მიმავალ მშვიდობიან ტურისტებს, _ რასაც სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ აპირებს).
          მეორე მხრივ, განცხადებამ გამოიღო სავსებით კონკრეტული შედეგი: წელს აფხაზეთში ათჯერ ნაკლები დამსვენებელია რუსეთიდან, ვიდრე შარშან. კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს რუსული ტელეარხების რეპორტაჟი «სოჭი-სოხუმის» ტურისტული კატარღის მოძრაობის შესახებ. კატარღა მთლიანად ცარიელი იყო და მხოლოდ ერთი ტელერეპორტიორი ჩამოჰყვა.
          მართლაც და, «ექსტრემალური ტურიზმის» მოყვარულთა გარდა, ვინ წავა ოჯახთან ერთად დასასვენებლად _ სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ხომალდების ექსკორტირებით? ამ ერთმა განცხადებამ მოკლა ტურისტული სეზონი აფხაზეთში არა მხოლოდ წელს, არამედ კარგა ხნის პერსპექივაშიც. არადა, ტურიზმი სეპარატისტული რეჟიმის ერთადერთი იმედია.
          ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამით «რუსეთში საქართველოს მომხრე ძალებიც დავაფრთხეთ». თუმცა ისი საკითხავია, რა უფრო ხელსაყრელია ქვეყნისთვის: რუსეთში ვითომდაც არსებული, მითიური «პროქართული ლობის» ძიება, თუ საკურორტო სეზონის რეალურად ჩაშლა. სხვა ფორმით გაკეთებულ განცხადებას კი ასეთი გრანდიოზული მედიაეფექტი არ ექნებოდა და შესაბამის შედეგსაც ნაკლებად გამოიღებდა.
          ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ატეხილმა ისტერიამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრ რუს თუ «ნაცმენ ძდერჟავნიკს» ედუარდ შევარდნაძე მოანატრა. მაგალითად, კომიკური იყო ვიქტორ ალქსნისის განცხადება (იგი შევარდნაძეს ჯერ კიდევ 1990 წლის სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობიდან ებრძვის, როცა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა): «კანონიერი პროეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იგორ ივანოვმა რატომ დაამხო და მიხეილ სააკაშვილი (რუსეთისათვის მასზე ბევრად უარესი) შეგვაყვარაო».
          პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტმა კი ისიც დაადასტურა, რომ ამერიკელები მზად არიან თამაშის ეს წესები მიიღონ და მხარიც დაგვიჭირონ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეძლებს დაიცვას წონასწორობა «დანის პირზე სიარულისას» ანუ ზღვარს არ გადავა. ასეთი ზღვარი იქნებოდა, ისევ და ისევ, რეალურად ცეცხლის გახსნა მშვიდობიანი ტურისტებისათვის, რასაც საქართველოს ხელისუფელბა, (ველაფრით ჩანს), სინამდვილეში არ აპირებს.
          რასაკვირველია, მედიაომები აუცილებლად მოითხოვს ცინიზმის გარკვეულ დოზას, მაგრამ სხვაგვარად ამ ომის წარმოება შეუძლებელია. დღეს მსოფლიოს (მათ შორის, უპირველესად დასავლეთს( არა რომანტიკოსები, არამედ უმოწყალო ცინიკოსები მართავენ. სწორედ ამ ყაიდის პოლიტიკოსებმა (კლინტონმა და ბლერმა თავის დროზე) შეცვალეს რეიგანისა და ტეტჩერის «რომანტიკულად იდეოლოგიზირებული» გენერაციის წარმომადგენლები.
          ამჟამინდელ ახალ თაობასთან კი მხოლოდ მათ ენაზე შეიძლება საუბარი. ოდენ «ცრემლებისა» არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც არ სჯერა. ამიტომაც, ეკოლოგიური მოსაზრებებით ნავთობსადენის მშენებლობის დროებითი შეწყვეტა სავსებით მიზანშეწონილი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მესიჯი იყო აგრეთვე დასავლეთისათვის, რომელსაც, შესაძლოა, სულაც არ ეპიტნავებოდეს სტატუს-კვოს დარღვევა და საქართველოში გაყინული კონფლიქტების გალღვობა, რაკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, პრაგმატული მოსაზრებებით, კიდევ უფრო ნაკლებად უჩუყებს გულს, ვიდრე რუსეთს.
          სწორედ ჩვენ უნდა (დიახათაც) ვაიძულოთ მიიღოს საქართველოს პოზიცია: «ევრაზიული დერეფნის» უსაფრთხოებას არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტატუს-კვოს შენარჩუნება (რასაც რუსეთი სთავაზობს) არამედ სწორედ ამ სტატუს-კვოს დარღვევა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უზრუნველყოფს სტრატეგიული თვალსაზრისით.
          წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამას ვერ მოვახერხებთ, დასავლეთის «ანალიტიკურ ლაბორატორიებში» (ამგვარი ლაბორატორიები კი იქაც არსებობენ) საბოლოოდ გაიმარჯვებს ალტერნატიული პოზიცია, რომლის თანახმადაც, დასავლეთისათვის მიზანშეწონილია, საქართველო და სამხრეთ კავკასია მართოს არა უშუალოდ, არამედ რუსეთის ხელით და მოსკოვთან გეოპოლიტიკური დათმობებით (ანუ სამხრეთ კავკასიაში მისი გეოპოლიტიკური პრეროგატივის აღიარებით) უზრუნველყოს კასპიის ზღვის ენერგოშემცველთა დასავლეთში ტრანსპორტირების მაგისტრალთა უსაფრთხოება.
          ამდენად, თუ არ ვიაქტიურებთ, ამ გვარი კომპრომისი (ანუ კომპრომისი ჩვენს ხარჯზე!) დასავლეთსა და რუსეთს შორის გამორიცხული ნამდვილად არ არის.
          ხოლო ვისაც კონფრონტაცია აშინებს, მან უნდა იგულისხმოს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათთვის სჯობდა ეცხოვრათ ისევ ედუარდ შევარდნაძის «უძრაობის ხანაში».
          რას ჰქვია გაშინებს? ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს იტქვას, რომ მიშა სააკაშვილი ხელისუფლებაში სიმშვიდის დაპირებით სულაც არ მოსულა. მისი ძირითადი მესიჯი იყო სწორედაც უძრაობის დარღვევა. თუ არ მოგვწონს, მაშინ იმავე უძრაობაში უნდა გვეცხოვრა, რომელშიც 23 ნოემბრამდე ვცხოვრობდით, ვინაიდან ხსენებული უძრაობის და სტატუს-კვოს შენარჩუნება, სინამდვილეში, ყველა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს ხელს აძლევდა, _ საქართველოს გარდა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა აქვს გადასაწყვეტი.
          თანაც, ამ პრობლემას, მანამდე ჩამოყალიბებული თამაშის წესთა დარღვევის, ერთგვარი (ამ აზრით) «მართვადი დესტაბილიზაციის» გარეშე ვერ გადაწყვეტ. ხოლო რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი პოლიტიკა (გეოპოლიტიკური დესტაბილიზაცია-სტრატეგიული პრობლემის გადასაწყვეტად) _ სულ სხვა საკითხია და ექსპერტულ დონეზე განსასჯელი არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტს, რასაკვირველია, ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს და პოლიტოლოგთა ჭკუის სწავლებას არ საჭიროებს.
          ამგვარ საკითხებს ხშირად უკანა რიცხვით ეფინება ნათელი. იმ აზრით, რომ «გამარჯვებულებს არ ასამართლებენ» და პირიქით.
          ყოველ შემტხვევაში, დღემდე უკლებლივ ყველა სამკვდრო-სასიცოცხლო კრიზისის დროს, მიხეილ სააკაშვილი ოსტატურად ახერხებდა დანის პირზე სვლას, მის კოკას დღემდე ყოველთვის მოჰქონდა წყალი და 23 ნოემბრიდან (ესეც ხომ უდავო ფაქტია), დესტაბილიზაციის მისეულ მოდელს (ანუ, იმავე «კოკას»), უამრავი საფრთხის მიუხედავად, არც ერთი წვეთი სისხლის არ მოჰყოლია.
          აქ არის კიდევ ერთი, ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი მომენტი: პრეზიდენტის მკვეთრ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უკვე ისმის ყრუ გმონვა: «რატომ აკეთებს პრეზიდენტი ამგვარ რადიკალურ განცხადებებს?!»
          თანაც, ამ პრეტენზიას მას სწორედ ის ხალხი უყენებს, ვინც ანალოგიურად «ჭმუნავდა» ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის (მათივე დეფინიციით) «პროვოკაციულოკონფრონტაციული» პოლიტიკის ფამო რუსეთის მიმართ. გახსოვთ, ალვათ, მაშინაც ისმოდა ანალოგიური კითხვები მკვეთრ განცხადებებთან და «ანტირუსულ რიტორიკასთან» დაკავშირებით.
          არადა, რაკი ზედიზედ სამი პრეზიდენტი (აბსოლუტურად განსხვავებული, თავიანთი პიროვნული და, ბოლოს და ბოლოს, ფსიქოლოგიური წყობით) ერთსა და იმავე სტილს ამჟღავნებს რუსეთთან ურთიერთობაში, _ იძულებული ვხდებით დავასკვნათ, რომ რუსეთთან ურთუერთობის ეს ტონი და შესაბამისი «პოლიტიკური ხაზი» იმ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობის თვით ლოგიკიდან გამომდინარეობს. ანუ იმ პოლიტიკური პარადიგმის «შემადგენელია», რაც ობიექტურად ჩამოყალიბდა 1998წ წლიდან. მის ჩამოყალიბებაში ქართული სოციუმის ბევრმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა (მათ შორის, შესაბამისი ცნობიერი შემადგენლობის შემუშავების თვალსაზრისითაც) და აქ სამი პრეზიდენტის პიროვნული თვისებები აბსოლუტურად არაფერ შუაშია.
          პოლიტიკური ხაზისა და ურთიერთობათა ლოგიკის შესაცვლელად თვით ხსენებული პარადიგმის შეცვლაა საჭირო, მაგრამ ამის გაგება არაფრის დიდებით არ სურს იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის (მმართველობის ბოლო პერიოდში) და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის მკვეთრი განცხადებების გამო «ოხრავს და გოდებს» _ თანაც, საკუთარი ინტელექტუალური აღმატებულების ნიშნით: «რატომ აკეთებს პრეზიდენტი ასეთ მკვეთრ განცხადებებს?»
          იგივე ოხვრა გვესმის 1991 წლიდან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ის პარადიგმა, საიდანად სამივე პრეზიდენტის უცვლელი პოლიტიკური ხაზი და რუსეთთან დამოკიდებულების ლოგიკა გამომდინარეობს, იმავე «მჭმვუნვარე» ხალხის შექმნილია თავის დროზე და, ამდენად, გაუგებარია, ვისთან აქვთ პრეტენზია?
          ყოველ შემთხვევაში, ამის გამო (!) დღევანდელ პრეზიდენტთან ისევე არ შეიძლება ჰქონდეთ არანაირი პრეტენზია, როგორც მის წინამორბედებთან.
         
         «თბილისის გარნიზონი»

        ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტის უცვლელი მესიჯი (უცვლელი არა მხოლოდ 23 ნოემბრიდან, არამედ მთელი წინარე პერიოდის განმავლობაშიც), რომლის არსი ქვეყნის სტრატეგიულ პრობლემათა გადასაწყვეტად უმოწყალო, პერმანენტულ ბრძოლაში მდგომარეობს, აუცილებლად გააწბილებს მშვიდი ცხოვრებისა და «ბაირამობის» მოსურნეთ, რომლებიც საქართველოში ტრადიციულად ბევრნი არიან, მაგრამ, საკუთარ ინტერესებს ხშირად ვერც აცნობიერებენ, თორემ «შევარდნაძის უძრავი ჭაობის» დაშლას ისინი მხარს არ დაუჭერდნენ.
          საბედნიეროდ, ვერ მიხვდნენ, რომ სააკაშვილის ფრაზა («შევარდნაძის ბაირამობა დამთავრდა») არა მხოლოდ კორუმპირებულ ჩინოსნებს ეხებოდა, არამედ გულისხმობდა, მაგალითად, იმასაც, რომ სურს თუ არა, ყველას მოუწევს ჯარში სამსახური; თავის შვილიკოსაც ვერავინ დაუმალავს არმიას ასიოდე ლარის გადახდით; საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა იბრძოლებს და აღარ განმეორდება ის მარაზმი, როცა, აფხაზეთის ომის დროს ერთი იბრძოდნენ, _ სხვები კი ადრიატიკის სანაპიროებს ეცნობოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭკვიანი და მტკიცე ხელისუფლება იმ პოლიციელს გაუგაზავნის სახლში (კანონის აღსრულების მოთხოვნით), რომლის შვილიც იბრძვის და ღვრის სისხლს თავისი ქვეყნისათვის. მასთან კი არ გაჭრის ის, რაც შევარდნაძის დროს ჭრიდა.
          ამ პროცესში სხვა პრობლემის გამწვავებაც გარდაუვალია. მაგალითად, შევარდნაძის ეპოქაში ცოტა არ იყოს უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ნატოსაკენ მსწრაფი ქვეყნის დედაქალაქში დღემდე არსებობს რუსეთის სამხედრო ბაზა!
          დიახ, დიახ, ნურავინ გაიკვირვებს. მიბრძანდით ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე, დადექით იპოდრომის მხარეს და ყურადღებით დააკვირდით მოპირდაპირე შენობას.
          ერთი შეხედვით, ეს არის «საქართველოში რუსეთის ჯარების შტაბის» ნახევრად ცარიელი ნაგებობა. მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ ვიზუალური შტაბეჭდილებით. რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის ინტერნეტ-პორტალზე «გაზეტა-რუ» გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალურმა შტაბმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, არ გაიყვანოს საქართველოს დედაქალაქიდან რუსეთის ჯარების «თბილისის გარნიზონი»(!!!).
          გამაოგნებელია და უცხოელს რომ ეუბნები, არც სჯერა _ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში დღემდე დგას რუსეთის ჯართა «თბილისის გარნიზონი». ფორმალურად მას ეწოდება «საქართველოში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა შტაბის დაცვა», მაგრამ, როგორც ვხედავთ, რუსეთის გენერალური შტაბი ოფიციალურად უწოდებს მას «თბილისის გარნიზონს».
          ახლა ესეც ვიკითხოთ, რას წარმოადგენს თბილისის გარნიზონი? «ნეზავისიმაია გაზეტას» სამხედრო დამატების «ცნობით, ეს არის 1500 კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე.
          ნურც იმას დავივიწყებთ, რომ რუსეთის სამხედრო სპეცსამსახურებს, რასაკვირველია, არ შეუწყვეტიათ კავშირი ყოფილი «მეიერკავკასიის სამხედრო მოსამსახურესთან, ვინც კვლავ თბილისში ცხოვრობს და ოფიციალურად არც ერთ სამხედრო შენაერთში არ ირიცხება.
          კი მაგრამ, ამის გათვალისწინებით, რომელ ნატოში შესვლაზე საუბრობდა ჩვენი წინა ხელისუფლება? ან რატომ კეთდება აქცენტი მხოლოდ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებზე მაშინ, როდესაც თვით ქვეყნის დედაქალაშიც კი არსებობს რუსეთის სრულფასოვანი ბაზა _ ათასობით სამხედრო მოსამსახურით, ყაზარმებით, სამხედრო ტექნიკით და ასე შემდეგ.
          მაშასადამე (აქედან გამომდინარე), რაკი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თბილისში ჰყავთ გარნიზონი, აქედან გამომდინარე, არსებობს თბილისის რუსული კომენდატურა და ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქს ჰყავს რუსი კომენდანტიც კი! სხვაგვარად (ვისაც ელემენტარული სამხედრო საქმე უსწავლია, დამეთანხმება) სამხედრო გარნიზონისა და კომენდანტურის არსებობას აზრი არა აქვს.
          ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რომ ნატოსა და ევროკავშირში მიიღეს, _ ვილნიუსში, რიგაში, ტალინში არანაირი რუსული გარნიზონები აღარ იდგა და რუსი კომენდანტები აღარ ჰყავდათ.
          მოდით, ექსპერიმენტის სახით ვცადოთ და ოფიციალურად მოვიტხოვოთ ამ ვითომდაც (ისევ და ისევ ერთი შეხედვით) არაფრის მაქნისი «შტაბის» თბილისიდან გატანა.
          გარწმინებთ, სერგეი ივანოვისაგან მივიღებთ ისეთივე პასუხს, როგორც ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებთან დაკავშირებით, რაკი ივანოვმა შესანიშნავად უწყის, რომ სანამ «თბილისის გარნიზონი» არსებობს, _ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება დენთის კასრზე ზის, ხოლო ასეთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილი ტკბილ სიზმრად და მხიარულ ანეკდოტად აღიქმება თუნდაც იმავე დასავლეთში.
         
         
         

ხელისუფლების გადარდუბალება

        «თბილისის გარნიზონის» საკითხი მხოლოდ ერთია არსებულ პრობლემათაგან და იმის საილუსტრაციოდ დაგვჭირდა, თუ რა დონისა და სირთულის ამოცანების გადაწყვეტა მოუწევს ხელისუფლებას თავის პროექტის განსახორციელებლად.
          აქვე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ყველა-ყველა და თანმიმდევრულობას ვერ დაუკარგავ.
          როგორც ჩანს, სტრატეგიულ სახელმწიფოებრივ პრობლემათა გადასაწყვეტად ამ პროექტის ავტორებს აუცილებლად მიაჩნიათ ქმედითი ხელისუფლების სისტემის ჩამოყალიბება და შესაბამისი მიმართულებით მტკიცედ მოქმედებენ კიდეც.
          ამ მხრივ, მეტად ნიშანდობლივი იყო ის, რაც გასულ კვირას «ხალხის გაზეთის» რედაქტორთან დაკავშირებით ხდებოდა. რასაკვირველია, ამ საქმის ქვეტექსტი ყველას შესანიშნავად გვესმის. ამდენად, მეტად საგულისხმოდ ორი მომენტი მიმაჩნია: უპირველეს ყოვლისა, ის, რომ მიშა სააკაშვილი შევარდნაძე არ არის და თავს (არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავის ხელისუფლებას და მის სტრუქტურებს) არავის «გაადარდუბალებინებს».
          დღევანდელმა პრეზიდენტმა შესანიშნავად იცის: მის წინამორბედს, სახელისუფლებო სტრუქტურები, სწორედ იმიტომ დაემხო თავზე, რომ შევარდნაძემ ,ათი «გადარდუბალება» დაუშვა.
          აქედანვე გამომდინარეობს მეორე ნიშანდობლივი ტენდენცია: განსხვავებით შევარდნაძისაგან, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში თავისი მინისტრების ზურგს ეფერებოდა _ დღევანდელმა პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომგუბერნატორი მიხეილ ქარელი და პოლიციის უფროსი ალექსანდე სუხიტაშვილი (ვისზეც «არასამთავრობოები» ჯოხის გადატეხას და ყველაფრის მათთვის დაბრალებას ცდილობდნენ, რაც, თავისთავად, არც თუ სიმპათიურ საქციელი იყო) მისი უერთგულესი თანამებრძოლები არიან და მათ იგი ყოველთვის დაიცავს.
          იმავდროულად, არც მონისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამოეფარა რეგიონული თანამშრომლების ზურგს და მანაც პირდაპირ თქვა: «ჩემი ბრძანებით დააპატიმრეს». ეს უკვე სულ სხვა საზელისუფლებო პოზიციაა, ვიდრე წინა ხელისუფლებისას ხდებოდა, როცა ქვემოდან-სულ ზემომდე უმთავრესი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა და სხვაზე გადაკისრება იყო. უფრო მეტიც: უკანასკნელ პერიოდში ეს მისწრაფება ლამის უმთავრეს სახელმწიფო პოსტულატად იქცა: «მთავარია ვის დაბრალდება».
          საბოლოოდ, რეზო ოქრუაშვილმა ბრალი აღიარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
          ეს (და ზოგიერთი სხვა ანალოგიური ფაქტი) ძალიან მკაფიო მესიჯია ხელისუფლების «გადარდუბალების» მოსურნეთათვის, რომლებიც, შესაძლოა ახლაც არსებობდნენ.
          ზოგადად, ხსენებული მულტსერიალი მეტად საინტერესო ფენომენი იყო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, არც ერთი ნორმალური პრეზიდენტი დედამიწის ზურგზე, არც ერთ ქვეყანაში, არასდროს არ დაუშვებდა და არც დაუშვებს საკუთარი თავის ამდენად გატაკიმასხარავებას, რომ მისი მულტიპლიკაციური «ფსევდონიმი» საცვლების ამარა, ტიტლიკანა ერბენინებინათ ყოველ საღამოს მთელი ქვეყნის ზიზღნარევად სახითხითოდ. გადაჭარბებულად ნუ მოგეჩვენებათ მაგრამ ეს იმთავითვე უმძიმესი სახელისუფლებო და (აქედან გამომდინარე) სახელმწიფოებრივი კრიზისის გამოვლინება იყო. ჟურნალისტიკის შესაბამისი ჟანრი, რასაკვირველია მთელ მსოფლიოში არსებობს («თოჯინები» პირველად 70-იანი წლების გერმანიაში გაჩნდა), მაგრამ მას ყველგან ჰქონდა, აქვს და ექნება გარკვეული ჩარჩოები, რომლიდანაც გასვლის უფლებასაც ნორმალურ ქვეყანაში არავინ მოგცემს.
          ზოგს გაუკვირდა, როდესაც რადიო «თავისუფლების» ქართული რედაქციის ხელმძღვანელმა, გულნარა უროტაძემ, თბილისში ყოფნისას თუთქოსდა ძალზე უცნაური, მიუღებელი და ჩვენთვის უჩვეულო ფრაზა თქვა: «თუ ვინმეს ჰგონია სიტყვის თავისუფლება ის არის, რასაც გინდა იმას იტყვის და რასაც გინდა იმას დაწერ, _ ეს არის არა სიტყვის თავისუფლება, არამედ მისი დისკრედიტაცია».
          ამასთან დაკავშირებით, მე კარგად მახსოვს ერთი დისკუსია ქართველ და სხვა კავკასიური ქვეყნების ჟურნალისტებს შორის, რომელთაც, ?????????-ჟურნალისტმა, ჩვეული ბრიყვული ამპარტავნობით ნიშნი მოუგო: «ჩვენთან იცით, რა დონის სიტყვის თავისუფლებაა? _ საკუთარი პრეზიდენტი შეგვიძლია უნიტაზში ჩავრეცხოთო». რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღო: «მერე და რა, თქვენი(!) პრეზიდენტის უნიტაზში ჩარეცხვა ჩვენც ადვილად შეგვიძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა არ ვიკადრებთ, რაკი ქართველ ხალხს პატივს ვცემთო».
          რასაკვირველია, ეს ლოგიკური ჯაჭვი («ვირტუალური ომიდან «დარდუბალამდე») ბევრს არ ეპიტნავება და, შესაძლოა, გაგვაკრიტიკონ კიდეც, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: დღეს ქვეყანას სხვა სისტემური შინაარსის მქონე ხელისუფლება ჰყავს, რომლის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ძველი მანკიერი სისტემის დანგრევაა. ზოგიერთი ამას ავტორიტარიზმს უწოდებს, სხვები ძლიერ ხელისუფლებას _ ტერმინოლოგიური გემოვნების საკითხია და საქართველოს პირობებში სრული დემაგოგიაა იმის მტკიცება, თითქოს, რაც უფრო ძლიერი იქნება ოპოზიცია და რაც უფრო ხშირად არბენინებს «დარდუბალაში» პრეზიდენტს, _ მით უფრო ქმედითი და ძლიერი იქნება ხელისუფლება.
          ძველი (შევარდნაძის) სისტემა მართებულად შეიძლება შეფასდეს, როგორც უღონო, პლიურალისტური რეჟიმი.
          მოგვწონს თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს არავინ მოუტყუებია: მისი ძირითადი მესიჯი ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებებამდე (მით უმეტეს, რევოლუციამდე), სწორედაც ძლიერი ხელისუფლების შექმნა გახლდათ.
          ნოემბერში საზოგადოებამ გამართა არჩევანი ქმედითი ხელისუფლებასა და უღონო, პლიურალისტურ რეჟიმს შორის. ამჟამად ეს არჩევანი ზოგიერთებს უკვე აღარ მოსწონთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, _ ისტორიული არჩევანი გაკეთებულია და მისი უკან წაღება აღარ გამოვა.
          პრეზიდენტს, რომელსაც თავისი ხალხი არ მოუტყუებია, საკუთარი პროექტი დაუფარავად შესთავაზა და იმთავითვე მკაფიოდ ამბობდა, რომელი სისტემით სურდა ძველად არსებულის შეცვლა (რათა მისი მეშვეობით სტრატეგიული სახელმწიფოებრივი პრობლემები გადაეწყვიტა), _ ნამდვილად აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური უფლება, თავისი პროექტის განსახორციელებლად მხარდაჭერა მოითხოვოს.
          და მას მიაღწიოს კიდეც.

9 აგვისტო, ორშაბათი, 2004 წელი
          24 საათი