მიხეილ მაჭავარიანს წინ თეთრად გათენებული ღამეები და ცარიელი ბიუჯეტი ელის

მიხეილ მაჭავარიანს წინ თეთრად გათენებული ღამეები და ცარიელი ბიუჯეტი ელის

        როგორც მოსალოდნელი იყო, 2000 წელი საბაჟო-საგადასახადო ციებ-ცხელებით დაიწყო. ყოველი წლის იანვარში პრეზიდენტი აცხადებს, რომ «იანვრის გეგმა არ უნდა ჩავარდეს, ისე როგორც წინა წელს», მაგრამ განცხადება დამკვიდრებულ ტრადიციას ვერაფერს შველის და «ისე, როგორც წინა წელს» იანვრის გეგმა რეგულარულად «ვარდება».
        იგივე განმეორდა წელს, რითაც კიდევ უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ჟვანიას ე.წ. «რეფორმატორთა გუნდმა» დაუშვა პოლიტიკური შეცდომა, როდესაც თავისი წარმომადგენელი მიავლინა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტზე – მაშინ, როცა არც ერთი პრობლემა, რაც «სინამდვილეში» ხელს უშლის ბიუჯეტის შევსებას, არ არის გადაწყვეტილი.
        «რეფორმატორთა გუნდის» ეს ტაქტიკური შეცდომა შეიძლება ქვეყანას თვით რეფორმების დისკრედიტაციად დაუჯდეს. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში რეფორმა ეწირება მერკანტილურ პოლიტიკურ ინტერესს, თუმცა ფაქტია – იმთავითვე ნათელი იყო საგადასახადო-საშემოსავლო დეპარტამენტთა გაერთიანებისა და ბიუჯეტის შესავსებად «ავრალის» უპერსპექტივობა.
        ყველაზე საშინელი წინათგრძნობა იანვარშივე გამართლდა. «საბაჟომ» საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა სანახევროდ ვერ შეასრულა. ნაცვლად 27 მილიონი ლარისა, აკრეფილია სულ 15 მილიონი ლარი. იმპორტის აღრიცხულმა ოდენობამ 33 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც, საშუალო თვიური იმპორტი საქართველოში 80 მილიონ ლარს უდრის.
        მაშასადამე, «საბაჟოს» თითებსშუა წყალივით «გაეპარა» მინიმუმ 50 მილიონი ლარი. ბუნებრივია იმ 50 მილიონი ლარის დიდი ნაწილი ვიღაც-ვიღაცეების ჯიბეში დაილექა. არა მიხეილ მაჭავარიანის, მაგრამ ფაქტია, რომ «საბაჟო სისტემამ მისი მოსვლით რატომღაც «დაუსჯელობის სინდრომი» შეიძინა, ნაცვლად პირიქით – პასუხისმგებლობის ზრდისა. თუ ასე გაგრძელდა, საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით კიდევ უარესი მდგომარეობა შეიქმნება, ვიდრე შარშან.
        რაც შეეხება იმპორტის მთავარ სახეობებს – რატომღაც აქცენტი ყოველთვის კეთდება ნავთობპროდუქტებზე, თუმცა არანაკლები მნიშვნელობის და რაოდენობისაა ფქვილი და განსაკუთრებით, სიგარეტი.
        ნავთობის მხრივ, იანვარში საბაჟომ მხოლოდ მესამედის ამოღება შეძლო. მიხეილ მაჭავარიანი სანქციებით იმუქრება და წინასწარმეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში «ნავთობის მეფეები» უეჭველად აწრუწუნდებიან. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, რა აქვს მას მხედველობაში. შეიძლება ხელისუფლება კვლავ დაუბრუნდეს ლოტების იდეას ან თუნდაც ლიცენზირებას (რაც ფაქტობრივად იგივეა, რაც «სახელმწიფო მონოპოლია,)» შეიძლება ბოლოს და ბოლოს, პარლამენტმა მიიღოს კანონი ეთილირებული ბენზინის შემოტანის აკრძალვის შესახებ (სწორედ ეს ბენზინი შემოდის რუსეთიდან და შეადგენს მთელი «საწვავის კონტრაბანდის» დაახლოებით 60 პროცენტს) და ა.შ.
        დღემდე ეს ნაბიჯები ვერ გადაიდგა, ვინაიდან ხელისუფლება (პარლამენტიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც) «ინტერესთა კონფლიქტსა» და გავლენიანი ფინანსური ჯგუფების განაწყენებას ერიდებოდა. არც გაემტყუნება იმ პირობებში, როდესაც ჰყავს ისეთი სინდის-ნამუს გარეცხილი ოპოზიცია, რომელიც ერთის მხრივ «პენსიებისა და ხელფასების გაუცემლობისთვის» აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი, საკუთარ საარჩევნო სიაში შეჰყავს ყველაზე მსხვილი «არგადამხდელი იმპორტიორები».
        დავუმატოთ ამას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკონომიკური და სახელმწიფო საზღვრების დაუცველობა, ცხინვალის, ჩოლოქისა და ენგურის «დერეფნები», წვრილი კონტრაბანდის აბსოლუტური ქაოსი (საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ წვრილი კონტრაბანდა უფრო სარფიანია, ვიდრე მსხვილი «თეთრი» ბიზნესი) და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ მიხეილ მაჭავარიანმა «წყნარი ოკეანის» გადაცურვა მოინდომა «მკლავურით».
        ეს არის შეუძლებლის მეტაფორა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაწყვეტას ახალგაზრდა მინისტრი ისევე ვერ შეძლებს, როგორც წყნარი ოკეანის გადაცურვას.

7 დღე, 9 თებერვალი, 2000 წელი