მიხეილ მაჭავარიანი თავს არავის დააჩაგვრინებს

მიხეილ მაჭავარიანი თავს არავის დააჩაგვრინებს

           საქართველოს საგადასახადო შემოსავლების ახლად დანიშნული მინისტრისა და «მოქალაქეთა კავშირის» საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის ერთობლივი პრესკონფერენცია უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო უწყებას პარლამენტში მძლავრი დასაყრდენი ექნება.
   თავისთავად, ეს ფაქტი საკმაოდ საინტერესო პოლიტიკურ კონფიგურაციას ქმნის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის ურთიერთობაში. აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კონსტიტუციურად დამკვიდრებული ამერიკული მოდელისა, საქართველოში მთავრობა მაინც განყენებულად აღიქმება და არ ასოცირდება უშუალოდ პრეზიდენტთან (როგორც ამერიკაში)
         საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური და რეალური აღქმით, არის სახელმწიფო მინისტრი და მინისტრები, მაგრამ არა პრეზიდენტი.
           პრეზიდენტს, «მოდელების მიუხედავად», აქვს განსაკუთრებულიო პოზიცია და ინარჩუნებს საშუალებას, «ზემოდან დაჰყურებდეს» სიტუაციას. ანუ, ამ თვალსაზრისით, საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი ფრანგულ მოდელად აღიქმება და არა ამერიკულად.
           ამ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მინისტრი პრეზიდენტის აპარატის წევრია, მეორე მხრივ, მას საკუთარ უწყებაში პრემიერ-მინისტრის ფუნქცია და უფლებები აქვს.
           აქედან გამომდინარე, მიხეილ მაჭავარიანს თითქოს ინდივიდუალურად ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილი ვითარებისათვის (მის უწყებაში), ვინაიდან არ არსებობს მინისტრთა კაბინეტი, ანუ არ არსებობს კოლექტიურად პასუხისმგებელი ორგანო, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ თვით პრობლემის არსიდან გამომდინარე, გადასახადების აკრეფას მხოლოდ ერთი უწყება (საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო) ვერ შეძლებს, ვინაიდან ეს კომპლექსური პრობლემა უკავშირდება ერთდროულად რამდენიმე საკითხს.
           მათ შორის, საზღვრების დაცვას, მრეწველობას, ტრანსპორტს, გზებს, ეკონომიკურ დანაშაულს, მათ შორის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას და ა.შ.
           აქედან გამომდინარე, მიხეილ მაჭავარიანი უეჭველად შეეცდება პასუხისმგებლობა გადაანაწილოს მთავრობის სხვა წევრებზე. ამაში მას აქტიურად დაუჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა და ჟვანიას გუნდი, ვინაიდან პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათზეც ნაწილდება.
           ამ სიტუაციამ შეიძლება მართლაც შექმნას გარკვეული დაძაბულობა საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები საგადასახადო სფეროში რთულად განვითარდა და საბიუჯეტო გეგმა არ შესრულდა.
           ჯერჯერობით საბაჟოს ხაზით კვლავ განსაკუთრებით რთული ვითარებაა, თუმცა მარტის თვიდან შეიძლება დაიწყოს ერთგვარი გაუმჯობესება, რაც ოდნავ შეარბილებს ვითარებას და განმუხტავს დაძაბულობას.
           თუ ასე არ მოხდა, დაძაბულობის დონე მოიმატებს, ოღონდ, რასაკვირველია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
           მიხეილ მაჭავარიანი არ შეურიგდება, რომ მხოლოდ თავად იქცეს «დამნაშავედ», მაშინ, როდესაც არსებობს სხვა მიზეზებიც.
           აქვე, კვლავ და კვლავ, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ ჟვანიას გუნდს არასდროს მოუთხოვია ბიუჯეტის შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება. ჟვანიას გაღიზიანებას მიაღწია პარლამენტის გარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ, რომელმაც ძალზე ოსტატური ინტრიგა განახორციელა 2000 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და დაძაბა ურთიერთობა ვაჟა ლორთქიფანიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის. თუმცა ორივე ძალიან მალე მიხვდა, რომ საერთო ინტერესების პრიორიტეტულობით უნდა ემოქმედა.
           მიუხედავად ამისა, ჟვანიას გუნდი მიანც ნერვიულობს იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც მას დაეკისრა რამდენიმე საკვანძო სამინისტროს პორტფელის მიღების შემდეგ.
           ეს პასუხისმგებლობა თავიდანვე ძალზე სარისკო იყო, ვინაიდან გარდა სუბიექტური მომენტისა (როგორიცაა კორუფცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში), არსებობს ობიექტური მიზეზებიც, რის გამოც არ სრულდება ბიუჯეტი: ესაა ფინანსური კრიზისი რუსეთში, საზღვრების დაუცველობა, კონფლიქტური ზონები, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და ა.შ.
           თუმცა, ამასთანავე, მიხეილ მაჭავარიანი (საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით) ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოფხვრას სუბიექტური მიზეზები. მისი განცხადება, რომ «ვაჟა ლორთქიფანიძეც ჩემი მეგობარია», ალბათ, მეტყველებს ერთგვარ შეთანხმებაზე ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის.
           ამ შეთანხმების საფუძველზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. აუცილებლად გადაიდგმება აგრეთვე ნაბიჯები ე.წ. ობიექტური მიზეზების აღმოსაფხვრელად – მიხეილ მაჭავარიანი (ისევ და ისევ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით) შეეცდება გაამკაცროს პასუხისმგებლობა კონტრაბანდის შემოტანისათვის, გადაკეტოს ცხინვალი – გორის საავტომობილო გზა (რასაც დღემდე ერიდებოდა ოფიციალური თბილისი, რათა ურთიერთობა არ გაემწვავებინა ოს სეპარატისტებთან), პირდაპირ «დაარტყას» არგადამხდელ საწარმოებს, - ვინც არ უნდა იდგეს ამ საწარმოთა მიღმა, - გადაკეტოს ზოგიერთი სხვა რთული რეგიონიდან მომავალი გზები, როგორი ისტერიკაც არ უნდა მოჰყვეს ამას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან და ა.შ.
           ამრიგად, პასუხისმგებლობის ტვირთი აიძულებს ჟვანიას გუნდს გადადგას რადიკალური ნაბიჯები, ოღონდ, იმავდროულად, შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ მცდელობას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მხრიდან – თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა.
           ამჯერად ვგულისხმობ პოლიტიკურ (და არა სისხლის სამართლის) პასუხისმგებლობას. იმავე კონტექსტში, არავის გაუკვირდეს, თუ ჟვანიას გუნდი მოითხოვს ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის პოსტს, რომელიც აუცილებლად შეიქმნება 9 აპრილის შემდეგ.
           ალბათ პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს, რათა დრო არ დაიკარგოს.
           ამრიგად, მიხეილ მაჭავარიანის პოლიტიკური ამბიცია, შეიძლება კიდევ წაადგეს საქმეს, ვინაიდან დაეხმარება აღმასრულებელ ხელისუფლებას (ხელისუფლებას ზოგადად) მიიღოს არაპოპულარული, სარისკო, მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები.

მერიდიანი, 3 მარტი, 2000 წელი