მიხაილ შვიდკოი – ქართულ ქორწილში

მიხაილ შვიდკოი – ქართულ ქორწილში

           ახალი წლის დამდეგს, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა დესპანმა (მაშასადამე, რუსეთის მოქმედმა ჩინოსანმა და ამ ქვეყნის წარმომადგენელმა) მიხეილ შვიდკოიმ საოცარი რა თქვა.
           თურმე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 31 წლისთავზე თბილისში ყოფნისას (ნიშანდობლივია, რომ ბევრად უფრო «მრგვალი» 30 წლიანი თარიღი რუსეთის ხელისუფლებას ასე განსაკუთრებით არ აღუნიშნავს) მას თურმე ორსაათიანი საუბარი ჰქონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (ესე იგი ოფიციალურ ვითარებაში) მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, რომელსაც, შვიდკოის თქმით «პირველი მოქალაქეობა რუსული აქვს».
           სახელოვან ქართულ მას – მედიას, რომელსაც ოდესღაც არაფერი გამოეპარებოდა, ამ შეხვედრისა და ოფიციალური მოლაპარაკების(!) თაობაზე არაფერი სმენია.
           შვიდკოიმ ისიც «იამბო», რომ როცა პატრიარქის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილ . . . . ღონისძიებაზე, სამების ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტი გამოდიოდა სიტყვით, თურმე «ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები ერთბაშად გავიდნენ ტაძრიდან პროტესტის ნიშნად».
           კიდევ უფრო საოცარია, რომ ეს თურმე შვიდკოის პირველი ვიზიტი არ ყოფილა საქართველოში აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ. სექტემბერში (!!!) რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში თავისი მეგობრის – პაატა ბურჭულაძის შვილის ქორწილში ბრძანდებოდა და (მისი თქმით) როდესაც დარბაზში შევიდა, ორკესტრმა ქართული სიმღერა შეწყვიტა - რუსეთის საპატივცემულოდ «პადმასკოვნიე ვეჩერა» დასცხო. ციტატა: „მთელი ქორწილი ფეხზე წამოდგა და ასე შესვეს რუსეთის სადღეგრძელო - თითქოს არც არაფერი მომხდარა ჩვენს შორის აგვისტოში“.
           პირდაპირ ცრემლი მოგერევა კაცს!
           ცოტა მიკვირს, რომ რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი არ დაუკრეს და არ იმღერეს. მით უმეტეს, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ჭეშმარიტი შედევრია. კიდევ უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არც მოტივი, არც ტექსტუალური ფაბულა დიდ ქართულ ინტელიგენციას დავიწყებული ნამდვილად არ ექნება.
           ზემოთთქმულთან დაკავშირებით ბუნებრივად იბადება კითხვა: ასე საძაგლად რატომ ვუშლით ხელს საერთო ჰარმონიას? განა ასეთი სილამაზისა და კეთილშობილების დაშლა შეიძლებოდა? ჭეშმარიტად «მე-20 -ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა» იყო ქართული და რუსული ინტელიგენციის, გინა «სულიერი არისტოკრატიის» ერთობაზე ხელის აღმართვა, რომელსაც (თუმცა), აგვისტოს წვრილმანი გაუგებრობა, რეალურად მაინც ვერაფერს დააკლებს.