მიშელ კამდესიუს ძალიან ვუყვარვართ, მაგრამ სოციალისტურ ექსპერიმენტებს არ გვაპატიებს

მიშელ კამდესიუს ძალიან ვუყვარვართ, მაგრამ სოციალისტურ ექსპერიმენტებს არ გვაპატიებს

  

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ზურაბ ჟვანიას ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაიმართა- ფონდის დირექტორ-განმკარგულებელ მიშელ კამდესიუსთან
    კამდესიუ ტიპიური ფრანგია - მუდამ მომღიმარე და აქტიური ჟესტიკულაციების მოყვარული. იგი ინგლისურს მაინცდამიანც არ სწყალობს - საკმარისია თიქვას, რომ ქართული დელეგაციის წევრები მიშელ კამდესიუზე გაცილებით უკეთ საუბრობდნენ ინგლისურად. თუმცა ფრანგის მხიარულება და გულჩვილობა მხოლოდ მოჩვენებითია. საკმარისია, კარგად დააკვირდეთ და მის ხასიათში უმტკიცეს ფოლადს, შეუდრეკელ ნებისყოფასა და უმოწყალობასაც კი აღმოაჩენთ.
    კამდესიუ იმ ძალების ინტერესებს გამოხატავს, რომლებიც უოლ სთრითიდან მართავენ ამერიკასაც და მთელ მსოფლიოსაც. იგი მათი ნების აღმასრულებელია და კარგი აღმასრულებელიც - წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი წლის განმავლობაში ასეთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე არავინ გააჩერებდა და არც ნახევარ მილიონ დოლარს გადაუხდიდა წელიწადში ხელფასის სახით.
    კამდესიუსთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე. ზურაბ ჟვანიამ მასპინძელს გადასცა ედუარდ შევარდნაძის წერილი, რომელშიც გამოთქმული იყო თხოვნა ზოგიერთი სახეობის საქონელსა და პროდუქციაზე ფასების ზრდის გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ფასების ზრდა (როგორც ჩანს, იგულისხმება პური და ბენზინი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია – ავტ.) კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ვითარებას საქართველოში.
    კამდესიუს შევარდნაძისა და ჟვანიას თხოვნა აშკარად არ ეპიტნავება, თუმცა იქვე უარის თქმა ვერ გაბედა, ამიტომ სსფ-ს საქართველოს მისიის ხელმძღვანელს (იგი მაისში აპირებს თბილისში ჩამოსვლას) სთხოვა კომენტარი. ამ უკანასკნელმაც «ფრთხილი» სკეპტიციზმი გამოთქვა - აქაოდა, საქმე ეხება იმ მოგების ოც პროცენტს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს გადასახადების სახით.
    თუმცა, ჟვანიამ ბოლოს მაინც დაარწმუნა კამდესიუ, რომ საჭიროა რეზერვების ძიება, რათა თვით განმკარგულებელი დირექტორის სიტყვები ასრულდეს: «სულ მალე საქართველოს მოქალაქეები იგრძნობენ სასიკეთო გარდაქმნათა შედეგებს».
    მიშელ კამდესიუს თქმით, სავალუტო ფონდს, რომელშიც 50 წელია მუშაობს, ჯერ «ჩავარდნა» არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია და რაღა საქართველოში ექნება? თუმცა, ქართველები რომ განსაკუთრებული ხალხი ვართ, ალბათ, ამ საკითხშიც უნდა გამოჩნდეს. აბა, რა მიშელ კამდესიუს ბრალია, თუ საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ, ხოლო სიგარეტის მაფია ყველანაირად ცდილობს, მუშაობა გაურთულოს ფინანსთა სამინისტროს, რათა ვერ მოხერხდეს შესაბამისი გადასახადების აკრეფა?
    კამდესიუმ ისიც კი იკითხა, სიგარეტის ბიზნესი საქართველოში ასეთი გავლენიანი და «აუღებელი ციხესიმაგრე» რატომ არისო. როგორც ჩანს, საქმე იქითკენ მიდის, რომ ხელისუფლება (აღმასრულებელი და საკანონმდებლო) იძულებული გახდება, ისეთივე ზომები მიიღოს, როგორც «მხედრიონის» წინააღმდეგ, რათა სიგარეტის ბოსებს კისერი მოუგრიხოს. ეს აუცილებლად მოხდება და ამ უკანასნკელისთვის ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სამოქალაქო ომის გაჩაღება, მაგრამ თუ საქართველოში ბენზინის, სიგარეტის და სხვა პროდუქციის «მამებს» ასე ადვილად ძალუძთ სამოქალაქო ომის გაჩაღება, მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობა ქოსა-ტყუილას ზღაპარი ყოფილა.
    მიშელ კამდესიუმ ზურაბ ჟვანიას მადლობა უთხრა იმის გამო, რომ პარლამენტი ხშირად იღებს კანონებს სსფ-ის რეკომენდაციათა გათვალისწინებით, ხოლო «მემარცხენე რეაქცია» ვერ ახერხებს ამ კანონების (შესაბამისად, მონეტარისტული რეფორმის) შეფერხებას.
    საინტერესო იყო კამდესიუს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი «მემარჯვენე» პარტია პარლამენტში ფაქტობრივად სოციალისტური პოზიციებიდან გამოდის, რაც, ალბათ, სპეციფიურად ქართული მოვლენაა. მაშასადამე, ტყუილად ჰგონიათ ჩვენს «ვითომ მემარცხენეებს», რომ სოციალური დემაგოგია (ვთქვათ) განათლების შესახებ კანონის განხილვისას ვაშინგტონის, ნიუ-იორკისა და ბრიუსელის ფინანსურ წრეებს მხედველობიდან გამოეპარათ.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩვენი «პოლიტოკრატიის» სიჩლუნგის წყალობით იქმნება ვითარება, როდესაც დასავლეთის თვალში «მემარჯვენე ალტერნატივა» მმართველ პარტიას საერთოდ არა ჰყავს; რაც, რასაკვირველია, წყალს «მოქალაქეთა კავშირის» წისქვილზე ასხამს, მაგრამ არა მგონია, წაადგეს მთლიანად ქვეყანას. ე.წ. «მემარჯვენეები» ლიბერალური ლოზუნგებით მოვიდნენ პოლიტიკაში და ახლა, ფაქტობრივად, სოციალისტურ ჭაობში აღმოჩნდნენ.

მერიდიანი, 10 აპრილი, 1998 წ.