მიშა......სასამართლო რეფორმამ ხელისუფლებას სულზე მოუსწრო

მიშა......სასამართლო რეფორმამ ხელისუფლებას სულზე მოუსწრო

 

    კანონი «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოში კიდევ ერთი (როგორც ჩანს, ამჯერად უსისხლო) რევოლუციის მომასწავებელია. პარლამენტის შენობა რამდენიმე დღის განმავლობაში სავსე იყო არა მხოლოდ დეპუტატებით, არამედ სანდომიანი გამომეტყველების მქონე ინტელიგენტური მოსამართლეებით, რომლებიც გულში წყევლა-კრულვას უთვლიდნენ რეფორმის ინიციატორს და ავტორს - მიხეილ სააკაშვილს და მთელ პარლამენტს (ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც), რომელმაც ხანგრძლივი დებატების შემდეგ მაინც მიიღო კანონი და «უდანოდ გამოჭრა ყელი» საქართველოს მოსამართლეთა კორპუსს. უფრო ზუსტად, ამ კორპუსის 99 პროცენტს. ეს 99 პროცენტი თავის მდგომარეობას განიხილავდა დაახლოებით ისე, როგორც (ვთქვათ) ფეოდალი აღიქვამდა შუასაუკუნეებში მეფის მიერ ბოძებულ მიწა-წყალს ასეულობით ათასი ვასალითურთ. ასიდან ას შემთხვევაში «მწყალობელი» იყო რაიკომის ან «ცეკა»-ს მდივანი.
    დღევანდელ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა კომუნისტური ნომენკლატურის მიერ არის თავის დროზე «შერჩეული». თუმცა, «კომუნიზმის მშენებლის მორალურ კოდექსს» იმავე 99 პროცენტისათვის ხელი არ შეუშლია, დალხინებულად ეცხოვრა და რეგულარულად ესარგებლა «პირველი ღამის უფლებით».
    ამჯერად ბატონყმობა მართლა «გადავარდა». კომპიუტერული გამოცდების მთავარი შედეგი იქნება არა მხოლოდ ის, რომ უვიცი მექრთამეები «გაიცხრილება» (რაც მაინც ვერ გვაზღვევს «მცოდნე მექრთამეების» გაძრომისაგან), არამედ ამჟამად არსებული, მკაცრად იერარქიზირებული, შუასაუკუნეობრივ ამქრულ (კორპორაციულ) სულისკვეთებასა და «დაუწერელ კანონებს» დაფუძნებული «მახვილოსანთა ორდენის» განადგურებაც და ახალი წევრების შემოსვლა კორპორაციაში ყოველგვარი (კომუნისტური) წესისა და კანონის დარღვევით.
    გამოცდებში უეჭველად მიიღებენ მონაწილეობას «ჩვეულებრივი» (არანომენკლატურული) იურისტები, მეცნიერებათა კანდიდატები, დოცენტები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, იურისკონსულტები და ა.შ. ბევრი მათგანი გაცილებით უფრო მცოდნეა, ვიდრე დღევანდელ მოსამართლეთა უმრავლესობა. სწორედ ეს აცოფებთ ყველაზე მეტად ზემოხსენებული «ორდენის» წევრებს - მათ ხომ თავის დროზე ბევრი იწვალეს, რაიკომის და ცკ-ს მდივნებთან საქმე «ჩააწყვეს», კაი ფულიც დახარჯეს, რათა მოსამართლის თბილი, უსაფრთხო და ტკბილი სავარძელი მოეგდოთ ხელში. ახლა კი უნდა მოვიდეს ვიღაც დოცენტი, ვიღაც მეცნიერებათა კანდიდატი და მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე მცოდნეა და მათზე უკეთ ერკვევა «სისხლის» თუ «სამოქალაქო» სამართალში, ის სავარძელი უნდა დაიკავოს, «ფეოდალს» რომ «ღვთის საშვილიშვილო წყალობა» ეგონა.
    ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა პარლამენტმა, როდესაც რეფორმის რეალური განხორციელება შემოდგომისთვის გადადო. ამ რამდენიმე თვეს «ორდენი» უეჭველად გამოიყენებს, რათა ქვეყანაში მაქსიმალური დესტაბილიზაცია შექმნას, აშკარა მკვლელები და რეციდივისტები გაამართლოს და ამით გადაუხადოს სამაგიერო ხელისუფლებას.

მერიდიანი, 20 ივნისი, 1997 წ.