„მიშას“ დაბადება: კიდევ ერთხელ «სასამართლო რეფორმის» შესახებ

„მიშას“ დაბადება: კიდევ ერთხელ «სასამართლო რეფორმის» შესახებ

 

  მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა, მთლიანობაში, წარმატებით განხორციელდა;
 თუმცა სახეზეა უარყოფითი ნიუანსებიც, რომლებიც თან გასდევენ რეფორმატორულ პროცესებს. ეს ნიუანსები საყურადღებოა არა იმიტომ, რომ ისინი უსიამოვნო მოგონებებს აღძრავენ, არამედ, როგორც ჩანს, ამჟამადაც არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ ამ წინააღმდეგობებმა გაღრმავების შემთხვევაში შესაძლოა გადაწონოს სასამართლო რეფორმის პოზიტიური მნიშვნელობა.
        კერძოდ, იუსტიციის საბჭოს წევრებს ცუდად ენიშნებათ იმ დაუმთავრებელი საქმეების აურაცხელი ოდენობა, რომლებიც ახალ მოსამართლეებს ძველი მოსამართლეებისაგან მემკვიდრეობით ერგოთ. არადა, წესით, ახალ მოსამართლეებს თავიანთი საქმიანობა «უნაშთოდ» უნდა დაეწყოთ. ამიტომ, რეფორმატორებს ეეჭვებათ, რომ ძველმა მოსამართლეებმა დაწყებული საქმეები განგებ არ დაამთავრეს. ალბათ, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელთა ვარაუდით, «ახლები» «ნაშთებზე» მუშაობას თავს ვერ გაართმევენ და საზოგადოებასაც სასამართლო რეფორმაზე, საბოლოო ჯამში, ნეგატიური შთაბეჭდილება დარჩება.
        ამ გაუთვალისწინებელმა პრობლემამ მართლაც შეაფიქრიანა რეფორმატორები. მაგალითად, კრწანისის რაიონის სასამართლოში, ერთ-ერთ ახალ მოსამართლეს, ძველი მოსამართლისაგან «მემკვიდრეობით» 320 განსახილველ-დასამთავრებელი საქმე დარჩა. აღნიშნული წინააღმდეგობა იმდენად დაეტყო სასამართლოების საქმიანობას, რომ მის აღმოფხვრას შეიძლება გამოცდაგავლილი მოსამართლეების რაოდენობრივმა ზრდამაც ვერ უშველოს, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშობა: შტატების გაზრდა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც საქართველოს ისედაც მწირ ბიუჯეტს მძიმედ დააწვება, თუნდაც იმიტომ, რომ ახალ მოსამართლეებს საკმაოდ მაღალი ხელფასი – 500 ლარი აქვთ.
        როგორც ირკვევა, სასამართლო რეფორმის შემდგომი ვითარება არც ისე უღრუბლოა. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა რეფორმის ინიციატორებს საგანგებოდ მოსთხოვა დეტალური ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ საკითხზე, რათა სამომავლოდ სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილ სხდომაზე მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსვლის გზები დაისახოს.
        ამ, და კიდევ უფრო არსებითი პრობლემების დასაძლევად საქართველოს მსოფლიო ბანკიც დაეხმარება. ეს უკანასკნელი, სასამართლოების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოსაწყობად 14 მილიონი დოლარის გადმოცემას აპირებს, ანუ სულ მალე საქართველოში იარსებებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი, რადიოფიცირებული, შესაფერისი შენობების მქონე სასამართლოები.
        რაც ყველაზე მთავარია, გადმორიცხული თანხიდან გარკვეული ნაწილი ახლადდანიშნული მოსამართლეების სწავლებას მოხმარდება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასამართლოების დამოუკიდებელი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, უფრო ზუსტად, შეიქმნება ისეთი სისტემა და თვითონ მოსამართლეთა ფსიქიკაც იმდაგვარად ტრანსფორმირდება, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გარედან ჩარევის შესაძლებლობა მინიმუმამდე მცირდება.
        თუმცა, მსოფლიო ბანკიდან აგრერიგად სასურველი მხარდაჭერა, ბუნებრივია, პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ დამხმარე მექანიზმია. ყველაზე მთავარ პრობლემად კვლავ და კვლავ სასამართლო რეფორმის პოლიტიზების საფრთხე რჩება.
        მოგეხსენებათ, თავის დროზე, რეფორმის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ თბილისსა და ბათუმს შორის პოლიტიკური დაპირისპირების სახეც კი შეიძინა. შემდეგაც იყო ზეწოლა გარკვეული ძალების მხრიდან, რათა პროცესები დამუხრუჭებულიყო, მაგრამ რეფორმატორთა ძალისხმევამ თავისი გაიტანა.
        თუმცა, იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან ახლაც ისმის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახლო მომავალში რევანშისტულად განწყობილმა «უფლებამოსილებაშეწყვეტილმა» მოსამართლეებმა შეიძლება კვლავაც სცადონ სასამართლო რეფორმების მიღწევების გაბათილება.
        საამისო სიმპტომები უკვე ნელ-ნელა იკვეთება. აურაცხელი ოდენობით დატოვებულ დაუმთავრებელ საქმეებს თავი რომ დავანებოთ, რეფორმატორებს ცუდად ენიშნათ შემდეგი გარემოებაც: ყოფილმა მოსამართლეებმა მასობრივად იწყეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება. ამ გზით მათი ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა ნამდვილად ტოვებს რევანშისტული განზრახვების სისრულეში მოყვანის თუნდაც მცირე შანსს.
        როგორც იუსტიციის საბჭოში განაცხადეს, მათთვის ცნობილია, რომ ყოფილი მოსამართლის, თემურ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, კიდევ 52 ყოფილი მოსამართლე გაწევრიანდა «მონარქისტულ პარტიაში» (თემურ ჟორჟოლიანთან), ხოლო «აფხაზეთის განთავისუფლების პარტიაში» ახლადგაწევრიანებული კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე ნუგზარ ბირკაია (გლდანის რაიონის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე), ნადარეიშვილმა თბილისის ორგანიზაციის მდივნად დანიშნა.
        ბუნებრივია, ამ ხალხს ანგარიშსწორების სურვილი არ განელებიათ. საკვირველი ისაა, რომ საქართველოში დამკვიდრებულ ტრადიციას – ცენტრალურ ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანების აჭარაში გადაბარგების მეთოდს – ჯერჯერობით რატომღაც არც ერთმა მოსამართლემ არ მიმართა.
        ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გარკვეული პროგრესის მანიშნებელია. მაგრამ როგორც იუსტიციის საბჭოს წევრებმა განმარტეს, აღნიშნული გარემოება სულაც არ არის უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლეების კეთილი ნების გამოხატულება, - იგი უფრო ბათუმის მართებული პოზიციის დამსახურებაა.
        კერძოდ, ცენტრისა და აჭარის იუსტიციის საბჭოებმა ერთმანეთთან იმთავითვე ნორმალური ურთიერთობა დაამყარეს, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივანი ასლან ფაღავა ცენტრალური ხელისუფლების (თბილისის) პოლიტიკას დღემდე აკრიტიკებს.
        სწორედ აჭარის იუსტიციის საბჭოს დამსახურებაა ის, რომ სასამართლო რეფორმა აჭარაშიც წარმატებით განხორციელდა და მასთან დაკავშირებული პრობლემები პოლიტიკურ კონფრონტაციად არ ტრანსფორმირდა.
        ამდენად, აჭარის მმართველი წრეების მიდგომა სასამართლო რეფორმისადმი, არა მარტო აჭარის მაშტაბით ამცირებს რეფორმის შემდეგ დარჩენილი გარკვეული «ვაკუუმის» პოლიტიკურად გარდაქმნის შესაძლებლობას.
        აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ზოგიერთმა რევანშისტმა მოსამართლემ თავისი მიზანი პრაქტიკულად ვერც განახორციელოს და მათი სურვილი სურვილად დარჩეს.
        მეტიც, - იუსტიციის საბჭოს წევრების თქმით, კარგი იქნება, ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობის აღნიშნულ მაგალითს სხვა სფეროებში მოღვაწე რეფორმატორებმაც მიბაძონ.
        პოლიტიკურ გაუგებრობათა მიუხედავად, განყენებულ თემებზე კონსენსუსისა და ურთიერთგაგების მიღწევა, იმთავითვე შეამცირებს თავად პოლიტიკური დაპირისპირების შესაძლებლობასაც.

მერიდიანი, 14 ივნისი, 1999 წელი