მიშა სააკაშვილის ბედისწერა

მიშა სააკაშვილის ბედისწერა

 საქართველოში სერიოზული პოლიტიკური ძვრა მოხდა. ბიძინა ივანიშვილის «ქართულმა ოცნებამ» ერთმნიშვნელოვნად მოიგო პარტიული არჩევნები. მართალია მაჟორიტარებთან დაკავშირებით ასევე ერთმნიშვნელოვნად არ არის საქმე, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ეფექტი, რაც 1 ოქტომბრის შედეგმა მოახდინა ზოგადად პოლიტიკურ კლასსა და ბიუროკრატიაზე, რომელიც უკვე აღიქვამს ხელისუფლებას, როგორც «წამსვლელს». გარდა ამისა (რაც ბევრად არსებითია), «ნაციონალური მოძრაობა» თავს ნუ მოიტყუებს მაჟორიტარულ კორპუსთან დაკავშირებით: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ 53 ოლქი მოიგეს, მაჟორიტარები, ზოგადად, – ანუ თვით ამ ინსტიტუტის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, – «სლიპინა» ხალხია. ისინი იქით გადაიხრებიან საბოლოოდ, საითაც ძალას დაინახავენ.
    რასაკვირველია კორპუსში არიან პერსონაჟები (გიორგი ბარამიძე, პავლე კუბლაშვილი, მარიკა ვერულაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და ა.შ) რომლებიც არასდროს, არც ერთ შეთხვევაში არ გადახტებიან «მიშას გემიდან». მაშინაც კი, თუ ჩათვლიან, რომ ეს გემი იძირება. მაგრამ გარწმუნებთ, მაჟორიტართა უმრავლესობა სულ მალე დაუწყებს «კუდის ქიცინს» მომავალ ძალას ისევე, როგორც მიშას ელაქუცებოდა წლების განმავლობაში.
    ეს ძალიან კარგად იცის ბიძინამ. ამიტომაც განაცხადა გამარჯვების შემდეგ პირველივე «დალაგებულ» ინტერვიუში: «თუ ნაციონალებიდან ჩვენთან ვინმე გადმოვა, ხელს არავითარ შემთხვევაში არ ვკრავთო». ხვალვე არ გადავლენ, მაგრამ რომ გადავლენ, უეჭველია. თან ისეთი რაოდენობით, რაც დროთა განმავლობაში ივანიშვილს კონსტიტუციური უმრავლესობის შექმნის საშუალებასაც კი მისცემს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რამ განაპირობა მმართველი პარტიის მარცხი? პირველ რიგში კატასტროფულმა შედეგმა თბილისში! თავის მხრივ ამ შედეგსაც ახსნა სჭირდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ავტორიტეტული და პასუხისმგებელი ამერიკული ორგანიზაციები (NDI და IRI), რომლებმაც ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით უაღრესად პროფესიული და გამოწვლილვითი კვლევები ჩაატარეს, ზუსტად ასახავდნენ მოსახლეობის იმდროინდელ განწყობას: თბილისის ჩათვლით (ხაზს ვუსვამ: თბილისის ჩათვლით!) «ნაციონალური მოძრაობა» დაახლოებით ორჯერ უსწრებდა «ქართულ ოცნებას». ესე იგი სექტემბერში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც კარდინალურად შეცვალა ძალთა ბალანსი. დიდი ძიება არ სჭირდება, თუ რა იყო ეს მოვლენა: ციხის სკანდალი! დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: რომ არა «გლდანიგეიტი», შემოდგომის განმავლობაში სხვაობა შეიძლება შემცირებულიყო «ოცნების» სასარგებლოდ, მაგრამ მმართველი პარტია დედაქალაქში ასეთ კატასტროფულ შედეგს არ მიიღებდა
    კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით, რომ ეს იყო ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული, ძალიან ზუსტად გათვლილი დარტყმა, რომელიც პირდაპირ «ათიანში» მოხვდა! თანაც პირველ რიგში სწორედ თბილისური «მიკროსოციუმის» მენტალურ თავისებურებათა გათვალისწინებით!
    ბიძინა ივანიშვილმა ბოლო მიტინგზე მადლობა გადაუხადა ვიღაც იდუმალ მეგობარს, რომელიც მას «სააკაშვილის რეჟიმის მხილებაში დაეხმარა». დღემდე უცნობია, ვის გულისხმობდა. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ნამდვილად არ გულისხმობდა იმ მანიაკს, რომელსაც ახლა ინტერპოლი ეძებს მის მიერ ჩადენილი საშინელებებისთვის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    პირველი ოქტომბრის მთავარი შედეგი ეხება არა იმდენად «ნაციონალურ მოძრაობას», რამდენადაც პირადად მიშა სააკაშვილს. მან ყველაფერი გააკეთა ამ გუნდის შესანარჩუნებლად პოლიტიკურ სცენაზე. მაგრამ განურჩევლად იმისა, როგორ «დალაგდება» სიტუაცია პარლამენტში, ერთი რამ უკვე ცხადია: 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი ამთავრებს თავის სახელმწიფო მოღვაწეობას და ყოველგვარ საუბრებს «2013 წლის შემდეგ მისი პრემიერ–მინისტრობის» შესახებ საბოლოოდ დაესვა წერტილი.
    ეს, რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში დარჩენის შანსი არა აქვს. უფრო მეტიც: საპარლამენტო არჩევნების შედეგმა პარადოქსული სიტუაცია შექმნა, როდესაც დასავლეთში მიშა სააკაშვილის პოზიციები არათუ შესუსტდება, არამედ შესაძლოა კიდეც გაძლიერდეს, რაკი მან დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყო, ხოლო ოპოზიციონერი მიშა სააკაშვილი არანაკლებ (თუ მეტად არა) საშიში შეიძლება აღმოჩნდეს გამარჯვებული კოალიციისათვის, ვიდრე პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტში სრულ უმრავლესობას ფლობდა და იმავე დასავლეთში ამით საკუთარი ავტორიტარულობის ხატს თანდათან სულ უფრო აძლიერებდა.
    ეს ძალიან კარგად უწყიან იმავე «კოალიციის» ლიდერებმა. სწორედ ამიტომ ახსენა მუდამ მშვიდმა და გაწონასწორებულმა დათო უსუფშვილმა «ვალერი გელაშვილის საქმე», რაც ხელსაყრელი საბაბია «რამე რომ იყოს» იმპიჩმენტის მექანიზმის ასამუშავებლად. მით უმეტეს მას შემდეგ, არც მიშას გემიდან ყველა გადამხტომი გადახტება.
    ანუ 1 ოქტომბერს მიშა მართლა ძალიან მწარედ დამარცხდა. ისტორიას კი საოცარი ირონია ახასიათებს და ზოგჯერ მოულოდნელ კითხვებსაც სვამს, თითქოს რომ არც კი ეკადრება და ქართველი კაცი რომ ამბობს ხოლმე გენიალური სიღრმით: «რატომ ღმერთი არ გაიცინებსო».
    საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ბევრს სძულს, თუმცა ბევრს უყვარს. ნეიტრალურები მის მიმართ თითქმის არ მოიძევებიან. მან მთელი ეპოქა შექმნა საქართველოს ისტორიაში და . . . .ღმერთო გვიშველე, ნუთუ მიშა სააკაშვილის ბედისწერას ქვია ლადო ბედუკაძე?!
    მართლა რატომ ღმერთი არ გაიცინებს!

2012