მიტინგების ქვეყანა

 მიტინგების ქვეყანა

    
               ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, მიტინგიც საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე მიტინგი. მიტინგებით იცვლებოდა და იცვლება ხელისუფლება; ზოგჯერ მიტინგებით იმართება ქვეყანა.
        არსად სხვაგან (მათ შორის არც მეზობელ ქვეყნებში) მიტინგებს და დემონსტრაციებს ასეთი მნიშვნელობა არ მოუპოვებიათ. საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ამ ყაიდის მიტინგთა სამშობლოდაც უნდა ჩაითვალოს.
        ალბათ უკვე ეროვნული ტრადიციის გამოვლინებაა, რომ მიტინგებისა და დემონსტრაციების ქვეყანაში გვაქვს უნიკალური კანონი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებების წინ, აგრეთვე ცენტრალურ გამზირებზე მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ითვალისწინებს. საკმარისია მხოლოდ შეტყობინება.
        როდესაც საქმე ცენტრალურ გამზირებს ეხება – ამგვარი რამ არც ერთ სხვა სახელმწიფოში არ არსებობს: «მაინც რა ვართ ეს ქართველები?!».
        ჩვენთვის საოცნებო დასავლეთის ქვეყნებში სამიტინგო-სადემონსტრაციო გამოცდილების შესახებ თუნდაც ტელესიუჟეტებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან დაწყებული.
        აბა კარგად გავიხსენოთ: ხშირად თუ გვინახავს ისეთი სურათი, რომ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკაში ათეულობით ათასი ადამიანი შეიყრება სადმე ცენტრალურ მოედანზე და არათუ დღეების განმავლობაში იქ რჩება, არამედ თუნდაც ადგილზე დგას რამდენიმე საათის განმავლობაში?
        ასეთ სურათს ძნელად თუ გაიხსენებს მკითხველი. სამაგიეროდ იოლად გაიხსენებს სხვა სურათს – ევროპული ქვეყნების ქუჩაში მიედინება მრავალათასიანი კოლონა, მას გვერდში მშვიდად მიჰყვებიან ხელკეტმომარჯვებული პოლიციელები; ეს კოლონა მოძრაობს განუწყვეტლივ და მოაქვს პლაკატები თუ სხვა «თვალსაჩინო აგიტაცია».
        ანუ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს არა მიტინგის, არამედ ქუჩაში მსვლელობის ტრადიცია. »მსვლელობა» იმის «მსვლელობაა,» რომ იწყება და მთავრდება. შემდეგ იმ პროსპექტზე დამგველი მანქანები ჩაივლიან, მოასუფთავებენ და სავალ ნაწილზე მოძრაობაც აღდგება. ეს არის და ეს.
        აბა ხშირად თუ გინახავთ ლონდონის «ტრაფალგარის მოედანზე» ან პარიზის «ტრიუმფალურ თაღთან» თუ ბრიუსელის «გრანდ პლაცზე» ისეთი სცენა, რასაც უკვე 20 წელია ქრონიკულად ვუყურებთ ჩვენი «პარლამენტის შენობასთან»?
        კონცერტები – კი ბატონო, რამდენიც გნებავთ! მაგრამ არა ის, რასაც ჩვენში «მიტინგს» უწოდებენ. თანაც არა იმიტომ, რომ იქ ამის სურვილი არავის აქვს. როგორ გეკადრებათ – შეიძლება ძალიანაც კი უნდათ, მაგრამ ამის უფლებას არავინ მისცემთ, რაკი კანონით დადგენილია ფორმა, რომლითაც ხორციელდება «აზრის მასობრივი გამოხატვა».

 

საქართველოში სამი კაცი რომ შეიკრიბება. . .. .
       
       

        საქართველოს სამიტინგო თავისებურება ისაა, რომ ჩვენში მიტინგი განიხილება, არა როგორც აზრის გამოხატვის, არამედ ხელისუფლებაზე უშუალო ზეწოლის, პირდაპირი წნეხის საშუალება.
        ეს ტრადიცია საბჭოთა სინამდვილეში იღებს სათავეს, როდესაც პოლიტიკური მნიშვნელობით ქუჩაში ათი ადამიანის შეკრება უკვე საგანგებო შემთხვევა იყო. 1976 წელს, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, იმდროინდელმა «დისიდენტებმა» ასეთი აქცია მოაწყვეს: უნივერსიტეტთან შეიკრიბა ოცამდე ადამიანი და ჯგუფურად, მდუმარედ დაეშვნენ «მეტრო რუსთაველისკენ». იქ შეჩერდნენ და ასევე მდუმარედ იდგნენ. Aარც ერთი პლაკატი არ ეჭირათ; არანაირ ლოზუნგებს არ იძახდნენ ამის მიუხედავად «საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში» ანტისაბჭოთა დემონსტრაციის შესახებ ლამის სსრკ პოლიტბიუროზე იმსჯელეს ამ «ბიუროს» წევრობის კანდიდატ შევარდნაძის მონაწილეობით და საქართველოს «კგბ» - ს უფროსს, ალექსი ინაურს იური ანდროპოვმაც კი დაურეკა – რა ხდება თქვენთან რა ქვეყანას აქცევთ ეს ქართველებიო.
        როგორც ჩანს, ყოფილ დისიდენტებს ეგონათ, მათი მიტინგები ყოველთვის ასეთივე რეაქციას გამოიწვევდა და ნამდვილად უკვირდათ, როცა დადგა დრო და მათ შეკრებებს, მიტინგებსა და დემონსტრაციებს ყურადღებას აღარავინ აქცევდა.
        მაშინ გაჩნდა სწორედ ტერმინი «მრისხანე მსვლელობა» - აბა დავიძრათ «მრისხანე მსვლელობით ქაჯეთის ციხისკენ» ანუ «ცკ»-ს შენობისკენ, სადაც ამჟამად «სახელმწიფო კანცელარია» და ნეტარი ნიკა გილაურის კაბინეტია განლაგებული.

მიტინგების გარიჟრაჟზე

        ერთ – ერთი პირველი მიტინგი, გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდუბის პანთეონში ჩატარდა. საფლავებთან ათამდე ადამიანი შეიკრიბა და 1937 წელს დახვრეტილთა სიის კითხვა დაიწყო. მათ მაშინვე დაეცნენ «კგბ»-ს თანამშრომლები და საფლავებზე დიდი თავპირისმტვრევა ატყდა.
        «გაუმარჯოს ჩვენს საქმეს» - დაიძახა მაშინ გია ჭანტურიამ. «დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოსო» რომ ეთქვა - «ანტისაბჭოთა აგიტაციად» ჩაეთვლებოდა, რაც 6 წლამდე ციხეს ითვალისწინებდა. «ჩვენს საქმეს» კი . . . . რა «საქმეს»? – ჩვენს საქმეს – მორჩა და გათავდა!
        უფრო ხალხმრავალი შეკრება 1988 წლის ნოემბერში იპოდრომზე მოხდა. უნივერსიტეტიდან დაძრულმა უზარმაზარმა კოლონამ მთელი ჭავჭავაძის გამზირი გაიარა.
        მანამდე, ეროვნული მოძრაობის ლიდერები ცდილობდნენ ზუსტად დაედგინათ 1918-1921 წლებში არსებული «საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის» დროშა. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ სერიოზულადაც კამათობდნენ, როგორ გამოიყურებოდა ეს დროშა.
        ძლივს გამოჩხრიკეს მაინც, სადღაც, - ოჯახურ არქივებში და «საჯარო ბიბლიოთეკაში»; შემდეგ ზოგი ამბობდა «თეთრი ზოლი ზემოთ კი არა ქვემოთ უნდა იყოსო» და ასე შემდეგ.
        იმდროინდელ მიტინგებზე ეს დროშა ყველაზე ხშირად ფრიალებდა. Aამჟამად კი კონსტანტინე გამსახურდიამ ააფრიალა «საკნების აქციაზე»- რა თქმა უნდა მამის, ზვიად გამსახურდიას საპატივცემულოდ, რომელმაც ეს დროშა 1990 წლიდან სახელმწიფო სიმბოლოდ აქცია.
        ასევე არქივებიდან ამოიღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სხვა დიდ მამულიშვილთა სურათები.
        იმავე ზვიად გამსახურდიას მმართველობისას გაჩნდა ტერმინი «მიტინგითა - მიტინგისა დამთრგუნველი» პრეზიდენტი გვყავსო. Aანუ, მაშინდელი ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო მიტინგების პასუხად (ოპერის თეატრთან) პრეზიდენტის მომხრეებიც მართავდნენ მიტინგებს დღევანდელი პარლამენტის შენობასთან.
        შემდეგ, ამ მიტინგების «გაერთიანების» მოტივით პირველი მიტინგი მეორისკენ დაძრეს სიგუა-კიტოვანმა და სამოქალაქო ომიც დაიწყო. ანუ მიტინგი იოლად გადაიზარდა სროლასა და ბათქა – ბუთქში, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა.
        ასევე უამრავი ადამიანი შეეწირა «დროებითი მთავრობის» მიერ «ზვიადისტთა» მიტინგების დახვრეტას 1992 წელს. მიტინგები 1988 წლის «რომანტიულობიდან» იოლად გადაიქცა სისხლიან მარაზმში ან მრავალწლიან ადგილზე დგომაში – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ამ მხრივ უნიკალური ადგილია, სადაც სწორედ მიტინგებითა და დროშების ფრიალით იცვლებოდა ხელისუფლებები. 2003 წელს ახალი რევოლუციის მომასწავებელი ის იყო, როდესაც ამ ადგილზე, ნაცვლად ადრინდელი «ეროვნული» სამფეროვანი დროშისა, «ნაციონალურ-რევოლუციური» ხუთჯვრიანი დროშა გამოჩნდა, რომელიც ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა ჯვაროსანთა ლაშქრობების არქივში და ძალიან მოეწონა, რაკი წინა დროშაზე უფრო ლამაზი იყო.
       
                                                                                    

 სისხლიანი მიტინგიდან – ფეკალური მიტინგამდე

        1989 წლის 9 აპრილის მიტინგი საშინელი შედეგით დასრულდა – 21 ადამიანი, მათ შორის 18 ქალი დაიღუპა. ბუნებრივია, დიდი წილი ამ ტრაგედიისათვის საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას და საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს ეკისრება, თუმცა «ეროვნული მოძრაობის» იმდროინდელ ლიდერებსაც აშკარად გამწვავებისკენ მიჰყავდათ საქმე და უკან დახევა არც ერთი ნაბიჯით არ სურდათ, რათა საკუთარი გავლენა გაეძლიერებინათ და ქვეყანაში დამოუკიდებლობის იდეა გაბატონებულიყო.
        ამ აზრით, იმ მიტინგზე უდანაშაულო ადამიანები მსხვერპლად შეწირულნი აღმოჩნდნენ.
        1991 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციამ წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მოაწყო - «კინოს სახლთან» შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკების შედეგად ქვეყანაში შეიარაღებული «ანტიზვიადისტური» მოძრაობა აგორდა – აქაოდა «დიქტატორმა გამსახურდიამ მშვიდობიანი მიტინგი დაარბიაო».
        იმავე წლის დეკემბერში, პარლამენტის შენობის წინ ორი «მშვიდობიანი» მიტინგი მიმდინარეობდა; ერთ მათგანს (ოპოზიციის სახელით) მსახიობი რუსლან მიქაბერიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო მეორეს (ხელისუფლების მხრიდან) მწერალი გურამ პეტრიაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში – უკრაინაში ცხოვრობს.
        22 ნოემბერს კი ეს «მშვიდობიანი» მიტინგები საშინელ სისხლისღვრაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მხოლოდ დეკემბერ-იანვარში ასამდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ჩვეულებრივი გამვლელები და მომიტინგეები.
        1992 წელს «მიტინგების დახვრეტის» ქართულმა ტრადიციამ ახალი მაგალითები შეიძინა: იანვარსა და თებერვალში «მხედრიონმა» და «გვარდიამ» ე.წ. «ზვიადისტების» რამდენიმე მიტინგი და მსვლელობა დახვრიტეს. Eეს კადრები ამერიკულმა CNN-მა მთელს მსოფლიოში გადასცა, თუმცა საქართველოში ელექტროენერგია მაშინ დიდი იშვიათობა იყო და ბევრს არავის უნახავს.
        თუ რაიმე სხვაობა არსებობს იმდროინდელ მიტინგებსა და ჩვენს თანამედროვეებს შორის, ალბათ ის, რომ ხელისუფლებამ 2007 წლისთვის სპეცდანიშნულების რაზმი კარგად აღჭურვა, ამდენად ტყვიების გამოყენება (რკინის ტყვიებს ვგულისხმობ) არ დასჭირვებია და რეზინის ტყვიებით, აგრეთვე ცრემლსადენი გაზის კაფსულებით დემონსტრაცია უმსხვერპლოდ დაშალა.
        ადრინდელი მიტინგებისგან განსხვავებით კი, რუსთაველზე საკნები დაიდგა, რასაც გვერდით ბუნებრივად დაემატა ბიოტუალეტები და ჩვენი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი საპირფარეშო თვალსაზრისით ამიერიდან კეთილმოწყობილია.
        ერთი სიტყვით, წინ მივდივართ და «პროგრესი სახეზეა».
       
       

ვინ გადაიხდის ფრონტის ხაზზე?
       
       

          თვით მიტინგების მთავარი დანიშნულების არა, მაგრამ მიტინგების ორგანიზების თვალსაზრისითაც ბევრი რამ შეიცვალა ბოლო 25 წლის განმავლობაში. 1988 წელს ფინანსებზე არავინ ფიქრობდა. მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო, რაკი მიტინგს უამრავი რამ სჭირდება.
        იმ დროს ბიოტუალეტებზე წარმოდგენა არავის ჰქონდა, მაგრამ მეგაფონი, პლედები, გამაძლიერებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ . . . .
        ამიტომ, 1988 წლის ნოემბრის მიტინგზე ათეულობით ათას ადამიანში ყულაბა ჩამოატარეს – ზოგმა საბჭოთა ხურდა ჩააჩხრიალა, სხვებმა კი ლენინისთავიანი 25 მანეთიანიც ჩაუძახეს შიგ.
        იმ ეპოქიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა და მიტინგების დამფინანსებლები მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები გახდნენ: ჯორჯ სოროსიდან – ბადრი პატარკაციშვილამდე.
        ამის მიუხედავად, თვით მიტინგის არსი არ იცვლება: საქართველოში იგი არა აზრის გამოხატვის ფორმა, არამედ ხელისუფლების შეცვლის საშუალება და მეთოდია:
        მიტინგებით «გადავარდნენ» კომუნისტები, მიტინგებით «გადააგდეს» ზვიად გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, მიტინგების შედეგად გადადგა 2007 წელს სააკაშვილი, ახლაც მიტინგების მეშვეობით ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას.
        ლონდონის «ცენტრალურ პარკში» კი ერთი პატარა კუთხეა, რომელსაც «სპიკერების ქორნერს» უწოდებენ. კარგ ამინდში იქ ოცამდე ადამიანი იკრიბება ხოლმე (ზოგჯერ ცოტა მეტი ან ნაკლები); დგას ჩართული მიკროფონი, გამოდის ნებისმიერი და ლაპარაკობს რაც უნდა – გამოხატავს თავის აზრს.
        საბრალო ინგლისელები: ვერ ხვდებიან გოიმები, რომ ასეთი «პარკ ქორნერი» ბუკინგემის სასახლესთან ან დაუნინგ-სტრიტზე, - პრემიერის რეზიდენციასთან უნდა მოაწყონ. მერე იქ კარვები გაშალონ და ყოველ დღე სამსახურივით შეიკრიბონ – ადრე თუ გვიან რევოლუციაც გამოუვათ. თუ, რასაკვირველია, მანამდე გორილისებრმა ლონდონელმა «ბობებმა» (როგორც იქ პოლიციას უწოდებენ) არ დაამტვრიეს ცვირ-პირი და იმავე «თავისუფალი» პარკისკენ არ გარეკეს კინწისკვრით.