მთიანი ყარაბაღი - რუსეთის ყველაზე მძლავრი ბერკეტი კავკასიაში

მთიანი ყარაბაღი - რუსეთის ყველაზე მძლავრი ბერკეტი კავკასიაში

 

    24 ნოემბერს, აფხაზეთში ჩატარებული «საპარლამენტო არჩევნების» მეორე დღეს, ე.წ. «მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაშიც» ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები.
    ამ მხრივ ყარაბაღი ბუნებრივად «მოთავსდა» კავკასიაში რუსეთის მიერ შექმნილ საერთო სისტემაში: აფხაზეთი, «სამხრეთ ოსეთი», «ყარაბაღი», «ჩეჩნეთი» ამ სისტემის ცალკეულ რგოლებს წარმოადგენენ. ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, თითქოს ჩეჩნეთი ამოვარდნილია სისტემიდან, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა.
    სინამდვილეში, 27 იანვრისთვის ჩეჩნეთში დანიშნული არჩევნებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით კრემლი აიძულებს საქართველოს და აზერბაიჯანს, შეურიგდნენ სეპარატისტთა ანალოგიურ ქმედებას თავის ტერიტორიაზე;
    მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებს შორის თვისობრივი სხვაობაა, ფორმალური თვალსაზრისით «საარჩევნო ანალოგია» აიძულებს შევარდნაძესაც და ალიევსაც, შეურიგდნენ რეალობას და მხოლოდ დეკორატიული ზომებით (მაგალითად, საქართველოში - პლებისციტით) დაკმაყოფილდნენ.
    მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ორიოდე წლის წინ არც აპირებდა პრეზიდენტის არჩევას; სომეხ ნაციონალისტთა ლიდერმა, რობერტ კოჩარიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: სომხებს უკვე გვყავს ერთი პრეზიდენტი (იგულისხმება ლევონ ტერ-პეტროსიანი), რა საჭიროა მეორეს არჩევა? მაგრამ ვინაიდან მას შემდეგ ვითარება შეიცვალა, ვინაიდან საერთაშორისო სამართალი არასოდეს ცნობს ყარაბაღის აზერბაიჯანიდან (აფხაზეთის - საქართველოდან) გამოყოფის ფაქტს იურიდიულად, თვითმარქვია რესპუბლიკებს ისღა დარჩენიათ, სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი მოიპოვონ, რათა იგივე საერთაშორისო სამართალი დააყენონ რთული დილემის წინაშე. არაერთგზის სავსებით მართებულად ითქვა, რომ საერთაშორისო (პოლიტიკური) სამართალი ცნობს ფაქტებს და არა ამ ფაქტების წარმოშობის ისტორიას.
    «მთიანი ყარაბაღის» რესპუბლიკა ამჟამად სრულფასოვანი სახელმწიფოა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი გააჩნია - მძლავრი არმია, რომელიც «ქვეყნის» მთელ ტერიტორიას აკონტროლებს და ხელისუფლება (პრეზიდენტი), რომელიც (თავის მხრივ) სრულად აკონტროლებს არმიას; ეს სავსებით საკმარისი პირობაა იმისათვის, რათა საერთაშორისო სამართალი ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდეს, აღიაროს მთიანი ყარაბაღის სახელმწიფოებრიობა, რაც ამ რეგიონის აზერბაიჯანიდან გასვლის «ირიბი გზით» აღიარება იქნება.
    ყარაბაღის სომხებს პოლიტიკური თვალსაზრისითაც «თავი ქუდში აქვთ», ვინაიდან იციან: რუსეთი არასოდეს მიატოვებს მთიან ყარაბაღს, რადგან ეს პატარა რეგიონი კავკასიაში მისი ყველაზე ერთგული და უღალატო მოკავშირის, - სომხეთის სატელიტია. რუსეთმა მთელი კავკასიაც რომ დაკარგოს, მხოლოდ სომხეთში «მკვიდრად» ყოფნა იქნება საკმარისი თუნდაც იმავე «ნავთობსადენისა» და «ევრაზიული დერეფნის» გასაკონტროლებლად.
    ამრიგად, მსგავსება ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს შორის სავსებით ნათელი და ბუნებრივია. ეს მსგავსება გამომდინარეობს პოლიტიკური რეალობიდან. უბრალოდ «ვითარება მომწიფდა» გარკვეული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შესაქმნელად, პარალელურად მომწიფდა ვითარება ჩეჩნეთშიც, რომელიც კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის არასასურველი, მაგრამ ლოგიკური შედეგია.

«მერიდიანი», 29 ნოემბერი, 1996 წელი.