მთავრობის გადადგომა გარდაუვალია

მთავრობის გადადგომა გარდაუვალია

 

    სახელისუფლებო «აქტივის» სხდომა ამჯერად უპრეცედენტოდ საინტერესო აღმოჩნდა. საბოლოოდ დაფიქსირდა, რომ სერიოზული ცვლილებები მართლაც გარდაუვალია. ნიკო ლეკიშვილის განცხადება ნამდვილი სენსაცია გახდა. ფაქტობრივად, სახელმწიფო მინისტრმა დააფიქსირა: იგი თანამდებობას არ ეჭიდება და მზად არის გადადგეს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, რათა პრეზიდენტს ჰქონდეს არჩევანის საშუალება.
    არ არის გამორიცხული, ედუარდ შევარდნაძემ ისევ ნიკო ლეკიშვილი დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხოლო მთავრობის წევრთა უმრავლესობამ შეინარჩუნოს თავისი პოსტები. ზოგიერთს «მეცნიერებაში» დაბრუნება მოუწევს - მაგალითად, მრეწველობის მინისტრს აგლაძეს, რომელმაც პრეზიდენტს იმედი ვერ გაუმართლა და ვერც გაუმართლებდა, ვინაიდან როგორი კარგი მეცნიერიც არ უნდა იყოს, მინისტრობას სხვა ნიჭი და მარიფათი სჭირდება. მრეწველობის მინისტრად ალბათ ნოდარ ჭითანავა დაინიშნება - შევარდნაძემ იგი ტყუილად არ ახსენა მთავრობის სხდომაზე. ასევე უეჭველად შეინარჩუნებენ პოსტებს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრები. პირველი, იმის გამო, რომ საქართველოს გავლით ტვირთის ნაკადი წლიდან-წლამდე იზრდება, რაც შევარდნაძის ხელისუფლების უმძლავრესი პროპაგანდისტული კოზირია. რაც შეეხება ფრიდონ ინჯიას, როგორი შეხლა-შემოხლაც არ უნდა ჰქონდეს მას «მოქალაქეთა კავშირთან», კავშირგაბმულობის სამინისტრო პირნათლად იხდის გადასახადებს ბიუჯეტში, ეს კი, შექმნილ ვითარებაში, პრეზიდენტისათვის უმთავრესი კრიტერიუმია. ასევე შეინარჩუნებს პოსტს თამაზ კვაჭანტირაძეც. მართალია, პრეზიდენტმა იგი ერთხელ მსუბუქად გააკრიტიკა, მაგრამ ფაქტობრივად, განათლების მინისტრი ჰუმანიტარული ინტელიგენციის ერთადერთი წარმომადგენელია მთავრობაში, ამიტომ შევარდნაძე მას არ «გაუშვებს».
    შეუძლებელია აგრეთვე მთავრობიდან ვალერი ვაშაკიძის წასვლა. «ეროვნულ მოძრაობაში» იგი საკმოად ავტორიტეტული და გავლენიანი ფიგურა იყო, ამიტომ პრეზიდენტს პოლიტიკური «წონასწორობისათვის» კვლავაც სჭირდება. სამაგიეროდ ქონების მართვის მინისტრი ავთანდილ სილაგაძე პოსტს აუცილებლად დაკარგავს. მის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სილაგაძის უბედურება (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს), სწორედ ის არის, რომ მეტისმეტად უმწიკვლო და პატიოსანია. ამ პოსტზე (რეალობიდან გამომდინარე) პრეზიდენტს უფრო მარიფათიანი მინისტრი სჭირდება, რომელსაც ბიუჯეტის სასარგებლოდ სხვადასხვა საქმეების გაჩალიჩებას, «მაყუთიანი» ინვესტორებისა და რაც მთავარია ამ ინვესტორთა შემდგომი დაცვის შნო ექნება. ასეთი კაცი იყო დათო სალარიძე, მაგრამ პრეზიდენტმა იგი პენსიაზე (სახალხო დამცველად) გაუშვა. საერთოდ, ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგია გულისხმობს პიროვნებისადმი ნდობას იმის მიხედვით, თუ რეალურად რა გამოსდის მას საქმიდან. თუ არაფერი გამოსდის, «ცარიელ პატიოსნებას» რა თავში იხლის? ოდნავ გაურკვეველი ვითარებაა ბაკურ გულუასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობაში სტაგნაცია არ არის, მაგრამ «სამტრესტთან» დაკავშირებული სკანდალი ჯერაც ბურუსითაა მოცული. გაურკვეველია, იცოდა თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ ლიცენზიის შესახებ, რომლითაც ბულგარელი და მოლდაველი მაფიოზები საუკეთესო ქართული ღვინოების სუროგატებს ასხამენ. ანტიმონოპოლიური სამსახური დღემდე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ორჯერ-ორი ოთხია, მაგრამ უშედეგოდ. ეს საქმე, რომელიღაც სასამართლო ინსტანციაში იყო «გაჭედილი» მანამ, სანამ უკრაინელ მებაჟეებს ჰქონდათ დაკავებული ყალბი «ხვანჭკარას» პარტია საზღვარზე. მოლდაველებისა და ბულგარელების შეთითხნილი ხვანჭკარა 4 დოლარი ღირს. მაშინ როცა ნამდვილ ხვანჭკარას 60 დოლარზე ნაკლებად ვერ იყიდი მოსკოვში. რესტორნებში კი მისი ფასი 100 დოლარს აღწევს.
    სასამართლოებთან დაკავშირებით ძალზე საინტერესო იყო სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მინდია უგრეხელიძის გამოსვლა, რომელმაც «მოქალაქეთა კავშირს» თავში წამოარტყა რეფორმის მონოპოლიზებისათვის, - აქაოდა, სასამართლო რეფორმის პატივს მხოლოდ პარლამენტი ნუ მიიწერს, მასში ყველანი ვმონაწილეობდითო. არადა, სინამდვილეში, «მოქალაქე» მიშა სააკაშვილს და «ხალხოსან» თენგო შარმანაშვილს რომ არ აეტეხათ თავის დროზე ხმაური, ისინი რომ არ «მისწოლოდნენ» პარტრაიკომების ეპოქაში ჩამოყალიბებულ-ჩაბეტონებულ სასამართლო კორპორაციას, არანაირი რეფორმა ამ სფეროში არ გატარდებოდა. მინდია უგრეხელიძეს ეგონა, ასეთი გონორით გამოსვლის შემდეგ ამაყად ყელმოღერებული ჩამოვიდოდა ტრიბუნიდან, მაგრამ პრეზიდენტმა არ აცალა და და ვითომ იხუმრა: «მოსამართლეების ახალი ფორმა ძალიან მომწონს, რადგან ჯიბე არა აქვსო». დაძაბულობა საერთო ხარხარმა განმუხტა. სხვათა შორის, მოსამართლეთა კორპორაცია ვერ გრძნობს, რომ მეტისმეტად მწვავე გამოსვლების შემთხვევაში, შექმნილი ვითარებით პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ისარგებლებს. კახა თარგამაძემ სხდომაზე განაცხადა კიდეც: სასამართლოებში უბედურება ხდება, აშკარა დამნაშავეებს ათავისუფლებენო. ასეთი პროტესტები კიდევ უფრო გახშირდება უახლოეს მომავალში. სასამართლო კორპორაცია უნდა შეურიგდეს იმ აზრს, რომ რეფორმა გარდაუვალია, ხოლო პრეზიდენტი რეფორმის ავტორებს არავის დააჩაგვრინებს, ვინაიდან ეს რეფორმა მისი ერთ-ერთი (შესაძლოა ერთადერთიც) არგუმენტია დასავლეთთან ურთიერთობის პროცესში.
    უეჭველად შეინარჩუნებს პოსტს ლადო პაპავაც, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის შექმნის შემთხვევაში ახალ მთავრობაში უეჭველად მოიძებნება ადგილი თემურ ბასილიასთვისაც.
    რაც შეეხება პრეზიდენტის წინადადებას «კონფლიქტური სიტუაციების სამინისტროს» შექმნის თაობაზე, მინისტრად უეჭველად ირაკლი მაჭავარიანი დაინიშნება. ასევე უდავოდ შეინარჩუნებენ პოსტებს «ძალისმიერი მინისტრებიც»; ამ გარემოებას ჟვანიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი: «სამთავრობო რეფორმის» პროცესში თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები დარწმუნებულნი უნდა იყონ თავიანთი პოზიციის სიმყარეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულებები გარდაუვალია. მოსალოდნელია აგრეთვე ისიც, რომ შეიქმნება ვიცე-პრემიერთა პოსტები აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიებისათვის; თუმცა აბაშიძეს ეს ისევე არ დააკმაყოფილებს, როგორც ვიცე-სპიკერის პოსტი. შესაძლოა საგადასახადო ინსპექცია გამოიყოს ფინანსთა სამინისტროდან ან შეიქმნას ცალკე არსებული საბაჟო სამსახური (ვთქვათ) კომიტეტის სახით. თითქმის ყველა ქვეყანაში საბაჟო ცალკე უწყებაა და ფინანსთა მინისტრს უშუალოდ არ ექვემდებარება.
    გაუგებარი მხოლოდ ის არის, თუ როგორ აპირებს ამ რეფორმის განხორციელებას პრეზიდენტი. უკვე სავსებით აშკარაა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში მას მხარს დაუჭერს. ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებათა შეტანის გარეშე კი არაფერი გამოვა: საჭიროა პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება. პარლამენტში კვლავ იწყება კონსულტაციები სხვადასხვა ფრაქციებს შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
    სრულებით არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ამჯერადაც არ იჩქაროს თვისებრივ ცვლილებათა განხორციელება და მხოლოდ ზოგიერთი საკადრო გადაადგილებით დაკმაყოფილდეს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, საკუთრივ შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი.. დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს მიხეილ ჭკუასელის გამოსვლას, რომელიც აგრეთვე შეიძლება სენსაციურად ჩაითვალოს. წინადადებები, რომელიც ფინანსთა მინისტრმა შემოიტანა, აშკარად მოულოდნელი იყო არა მხოლოდ პრეზიდენტისათვის, არამედ დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობისათვისაც.
    მათგან უმთავრესია ფინანსური ამნისტია, რაშიც ჭკუასელი ვალების პატიებას გულისხმობდა. ეს იდეა პრეზიდენტისათვის ნამდვილი პოლიტიკური კლონდაიკი შეიძლება აღმოჩნდეს. ედუარდ შევარდნაძე გრძნობს, რომ პოლიტიკურ დაძაბულობას ქვეყანაში დიდწილად ხელს უწყობენ ის ძალები, რომლებიც 1992-93 წლებში გაიქცნენ ქვეყნიდან და დიდძალი თანხები გაიტანეს. ამ თანხებით ხდება ამჟამად ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ფსევდოპოლიტიკურ ძალთა დაფინანსება. შევარდნაძე «გადახვეწილ მილიარდერებს» სთავაზობს, დაბრუნდნენ სამშობლოში, ოღონდ ფული ჩამოიტანონ. ცხადია ამ შემთხვევაში ის ფული დესტაბილიზაციაზე აღარ იმუშავებს.

მერიდიანი, 27 ივლისი, 1998 წელი