მთავრობას სავალუტო ფონდი და ბიუჯეტი გამოაფხიზლებს

მთავრობას სავალუტო ფონდი და ბიუჯეტი გამოაფხიზლებს

        რევოლუციურ მოვლენათა ორომტრიალში ყველას დაავიწყდა საქართველოს მრავალტანჯული ბიუჯეტი. არადა, მას შემდეგ, რაც «მასათა მძვინვარება» და შესაბამისი ეიფორია ჩაივლის, ბიუჯეტი უმთავრესი საკითხი გახდება.: 2004 წლის ბიუჯეტი მხოლოდ გაისად შევა საკანონმდებლო ორგანოში, უფრო ზუსტად, 4 იანვარს საპრეზიენტო არჩევნების შემდეგ.

        საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს პოლიტიკური ძალების ძიძგილაობა ნაკლებად აინტერესებს და მხოლოდ საკუთარი კრედიტების ბედი აღელვებს. მან საკმარისად დიდი თანხა დააბანდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და, ამდენად, დაინტერესებულია რეფორმათა გაგრძელებით. ზედმეტიც კი არის იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს სისხლხორცეული ინტერესი ამ შემთხვევაში ასგზის მეტია.
        ფაქტობრივად, ახალ ხელისუფლებას «სუფთა ფურცლიდან» უწევს სავალუტო ფონდთან ურთიერთობის დაწყება. შესაბამისად, ახლიდან უნდა აეწყოს ურთიერთობა მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან. უმთავრესი საკითხი, რაც უახლოესი ორი თვის განმავლობაში უნდა გადაწყდეს, კრედიტორთა პარიზის კლუბთან ურთიეროთბის გარკვევა და ვალების შემდგომი რესტრუქტურიზაცია იქნება. ამის გარეშე ვითარების ნორმალიზაციაზე საუბარიც ზედმეტია. მით უმეტეს, ოქტომბერ-ნოემბრის კატასტროფული ჩავარდნისა და მთლიანობაში, წლის 270 მილიონიანი გარღვევის გათვალისწინებით. ამდენად, ამჟამინდელ მოლაპარაკებათა უმთავრესი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის «წინასწარ მისიასთან» (ყრულყოფილად უფლებაომსილი მისია 4 იანვრის შემდეგ გვეწვევა) სწორედ პარიზის კელუბის საკითხი იქნება. ამ პრობლემის მოგვარება უმთავრესი პირობაა 2004 წლის ბიუჯეტის «დაბალანსებისთვის».
        სავარაუდოდ, აღსრულდება ახალი თაობის ყველა ფინანსთა მინისტრის ოცნება «ძლიერიბიუჯეტის» თაობაზე, რაც ბოლო წლების განმალვობაში სრულად მიუღწევადი ჩანდა, ცხზადია, ამას გავლენიანი სოციალური ჯგუფების უკმაყოფილება მოჰყვება, მაგრამ ახლახან გამარჯვებულ «რევოლუციას» და მის სულისჩამდგმელებს ამის არ ეშინიათ. შედეგად, «დაბალანსებული ბიუჯეტის» სანაცვლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არა მხოლოდ პარიზის კლუბთან მოლაპარკებისას დაგვეხმარება, არამედ პოლიტიკური ავანსის სახით (რაც ძლიერი ფისკალური პოლიტიკისათვის მზადყოფნას გულისხმობს) შეიძლება «მწვანე შუქი» აუნთოს მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინათ (პროგრამის შეწყვეტამდე) დაპირებული კრედიტებისა და გრანტების გამოყფოისთვის. იგულისხმება «სიღარიბის დაძლევის» პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები, განათლების რეფორმისათვის გამოყოფილი თანხები, ევროკავშირის 11-მილიონიანი და ნიდერლანდის გრანტი და ასე შემდეგ. დაბალანსებული ბიუჯეტის შემთხვევაში, სავალუტო ფონდის ნდობა იმდენად გაიზრდება, რომ თვით ამ ფონდის პროგრამის აღდგენაც რეალური გახდება.
        ორი-სამი თვის განმალვობაში უმთავრესი პრობლემის მოგვარება (მაგალითად, კონტრაბანდის აღკვეთა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შეფარდებაში გადასახადების ამოღების პ როცენტის გაზრდა) შეუძლებელია, თუმცა, ამ მიმართულებით ნაბიჯებს ფონდი უეჭველად დაგვიფასებს და პოლიტიკური კრედიტის სახით მხარსაც დაუჭერს ახალ მთავრობას. ეს იქნება პირველი ჯილდო «ვარდების რევოლუციის» შემოქმედთათვის დასავლეთის მხრიდან.

დილის გაზეთი, 13 დეკემბერი, 2003 წელი