მთავრობა - დაქცეული ქვეყნის ფონზე

მთავრობა - დაქცეული ქვეყნის ფონზე

რედაქტორის მსგეფსი

    გასულ კვირას პარლამენტმა ძირითადად დაასრულა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება. ეს პროცესი მოულოდნელად დაჩქარდა და თითქმის უმტკივნეულოდ ჩაიარა. მინისტრთა უმრავლესობა ქება-დიდებასა და ტაშის გრიალში იქნა დამტკიცებული. საოცარი სანახავი იყო, რომ დაქცეული ქვეყნის ფონზე თურმე ჩვენ შესანიშნავი, ნიჭიერი, მაღალზნეობრივი მინისტრები გვყოლია.
    ეს უაღრესად ნიშანდობლივი ეპიზოდია. იგი ამჟღავნებს, თუ რა ატმოსფერო სუფევს ქვეყნის მმართველობის უმაღლეს ეშელონში. რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური მიზეზები იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ფაქტობრივად შიმშილობს, მაგრამ კიდევ უფრო მეტია არაორგანიზებულობა და უგერგილობა, თითქმის დაკანონებული ყაჩაღობა და მექრთამეობა. ასეთ პირობებში, ხანგრძლივი ოვაციები და დითირამბები პარლამენტში (რაოდენ გამართლებულიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ერთ-ორ კონკრეტულ შემთხვევაში) კიდევ უფრო ზრდიდნენ საზოგადოებაში იმედგაცრუებასა და გაუცხოების დონეს.
    ასეა თუ ისე, მინისტრთა კაბინეტი თითქმის მთლიანად იქნა დამტკიცებული უცვლელი სახით (ერთადერთი გამონაკლისი გახდა თამაზ კვაჭანტირაძე, რომლის კანდიდატურაც ალბათ ხელმეორედ იქნება გამოტანილი დასამტკიცებლად). რაც შეეხება ალექსანდრე კავსაძეს («ადამიანის უფლებათა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის» თავმჯდომარის პოსტზე), მისი დამტკიცება გაურკვეველი ვადით გადაიდო იმ მოტივით, რომ პარლამენტის მიერ ამ კანდიდატურის «ჩაგდება» უეჭველად ისე აღიქმებოდა მსოფლიოში, როგორც მოსკოვში დადებული ქართულ-აფხაზური შეთანხმების დენონსაცია.
    ფორმალურად ეს, იქნებ, არასწორი ინტერპრეტაციაც ყოფილიყო, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოში, დაძაბული დამოკიდებულებების ფონზე, ამ ნაბიჯს შესაძლოა მართლაც მოჰყოლოდა არასასურველი შედეგები.
    მინისტრთა კაბინეტის იმავე შემადგენლობით დამტკიცება ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების «დაკონკრეტებას» ნიშნავს.
    როგორც ჩანს, რეფორმების გატარებისათვის დღეს ქართულ ისტებლიშმენტს «არ სცალია» და ამ საკითხის დასმა (თვით დასმაც კი) შემდეგ არჩევნებამდე გადაიდო.
    თუმცა, საეჭვოა, მომავალმა არჩევნებმა რეფორმატორული კაბინეტი მოგვცეს, რადგან უკვე იკვეთება იმ ძალთა სახე, რომლებსაც ყველაზე მეტი შანსი ექნებათ მომავალ არჩევნებში. ეს სახეც საკმაოდ ნაცნობია.
    9 აპრილის 5 წლისთავისადმი მიძღვნილმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ შინაგანი კონფრონტაცია საზოგადოებაში არ კლებულობს და წარსული სისხლიანი მოვლენებით გამოწვეული ჭრილობა არ შეხორცებულა. ისიც გაურკვეველია, შეხორცდება თუ არა იგი საერთოდ ოდესმე.
    ამ დღეს მოხდა კიდევ ერთი იდუმალებით მოსილი ტერორისტული აქტი: გაზეთ „Свободная Грузия“-ს რედაქციაში აფეთქდა ხელყუმბარა. აფეთქება ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების კიდევ ერთი გამოძახილია. ამგვარი «ამოუცნობი ჯაჭვი» ტერორისტული აქტებისა, ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო დღეს ჩამორჩენილი, განუვითარებელი, არაცივილიზებული ქვეყანაა.
    ეს არის ერთგვარი «ავღანური სინდრომი» - ეკონომიკურად განადგურებულ, ოკუპირებულ, სამოქალაქო დაპირისპირებით გახლეჩილ ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია ძალადობის თითქმის უაზრობამდე მისული ამგვარი აქტები. და თუ ასე გაგრძელდა, «ავღანური სინდრომი» მთელი ძალით ამოქმედდება. ანუ, სულ მალე (ღმერთმა დაგვიფაროს), პატარა ბავშვები ქუჩაში დაიწყებენ ლამაზი ნივთების (სათამაშოების, ავტოკალმების) პოვნას, რომლებიც შემდგომ ხელში აუფეთქდებათ.
    ასეთი რამ ხშირად ხდებოდა ვიეტნამში, ავღანეთში, ნიკარაგუაში, ანგოლაში, სომალიში და დღემდე გაურკვეველია, ვინ ჩადიოდა ამას - როგორც საბჭოთა, ისე ამერიკული სპეცსამსახურები აღშფოთებით უარყოფდნენ მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.
    ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა, ის ხელყუმბარა რომ მომიტინგეთა შორის აფეთქებულიყო - ალბათ ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი ნგრევის კიდევ ერთი ეტაპის დასაწყისი.
    ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, რა თქმა უნდა, «ეკონომიკური კრიზისი» არ შეიძლება დაერქვას. ეს ტერმინი ნორმალურ ქვეყანაში ზოგჯერ წარმოქმნილ ეკონომიკურ სიძნელეთა აღსანიშნავად უფრო გამოდგება, ვიდრე ჩვენში შექმნილი ვითარების დასახასიათებლად. ის, რაც ამ თვალსაზრისით საქართველოში ხდება, რა თქმა უნდა, «კრიზისი» არაა - ეს არის აბსოლუტური კრახი, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვან სოციალურ შრეთა სრული დეგრადაცია და განადგურება მოსდევს.
    «სოციალურ აფეთქებაზე» ლაპარაკი არ შეიძლება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ შიმშილისაგან დაოსებულ ხალხს ამგვარი აფეთქების თავიც აღარ აქვს. არადა, წარმოვიდგინოთ იმ ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ულუკმაპუროდ დადის სხვადასხვა ხორაგით სავსე თბილისის ქუჩებში - ეს სიმდიდრე მოსახლეობის მხოლოდ ერთი-ორი პროცენტისათვისაა განკუთვნილი. და მაინც, განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტია: მოსახლეობის პოლიტიზაციის დონე არ კლებულობს. თანაც, ეს არ არის სოციალური პოლიტიზაცია - კვლავ და კვლავ იდეური დაპირისპირების ნიადაგზე წარმოშობილი პოლიტიკური დაინტერესებაა. ალბათ ამ განსხვავებულ ფენომენს სპეციალური შესწავლა სჭირდება.
    სოციალურ ვითარებას ქვეყანაში ძალზე ამძიმებს ასეულობით ათასი ლტოლვილის არსებობა. გასულ კვირას ისევ გაჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ აფხაზეთის ქართველობა დაბრუნდებოდა თავის სამშობლოში. მაგრამ მოსკოვში დადებული ხელშეკრულება ძალზე სერიოზულ ეჭვებს ბადებს. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ თვით დოკუმენტში ჩადებული რამოდენიმე დებულება შეთანხმების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. მთავარია ხელისუფლების მიდგომა პრობლემისადმი.
    ალექსანდრე კავსაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ აფხაზური მხარის მიერ სოჭის ხელშეკრულების დარღვევის მთავარი მიზეზი გახდა ექსპრეზიდენტის მომხრეთა მოქმედება, რომლებმაც მისცეს არძინბას ხელშეკრულების დარღვევის საბაბი.
    სინამდვილეში, რასაკვირველია, არძინბას უკვე მაშინვე ჰქონდა გადაწყვეტილი ხელშეკრულების ვერაგულად დარღვევა, როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო. და თუ დღეს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად, სკურპულოზურად შესრულების შემთხვევაში ყველაფერი რიგზე იქნება, მაშინ ყოველივე შეიძლება ქართველთა კიდევ ერთი გენოციდით დასრულდეს.
    რა თქმა უნდა, ცენტრალური თემაა სამშვიდობო ძალის საკითხი. იმავე ალექსანდრე კავსაძემ სავსებით სამართლიანად აღნიშნა: მშვიდობიანად პრობლემის გადაწყვეტა არ ნიშნავს ძალის გარეშე პრობლემის გადაწყვეტას. აფხაზეთში მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში უეჭველად უნდა ჩაერიოს ცივილიზებული ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, გარდაუვალს გახდის სამშვიდობო პროცესს. მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ასეთი ძალა ჯერჯერობით არ ჩანს - არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, არ აცხადებს სურვილს თავისი ჯარები შეიყვანოს აფხაზეთში. ეს გასაგებიცაა, რაკი რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ზონაში ჯარისკაცების გაგზავნა (რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ) ფაქტობრივად მათ სასაკლაოზე გაგზავნას ნიშნავს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთის ჯარებისათვის სამშვიდობო მანდატის მინიჭების თაობაზე, რადგან ამგვარი პრეცედენტის დაშვება არ შედის სხვა დიდ სახელმწიფოთა ინტერესებში.
    ამგვარად, რჩება ერთადერთი, უკანასკნელი ვარიანტი: ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის - აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ჯარების განლაგების თაობაზე და ამ ხელშეკრულების დამტკიცება გაეროს მიერ.
    ამ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაცია იხსნის პასუხისმგებლობას თუმცა ეს პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება რუსეთს, როგორც სამშვიდობო პროცესის გარანტს. რუსეთი კი (სავსებით პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე) არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ომის განახლებასა და ხელშეკრულების დარღვევას, რაკი მისი ჯარები დაკანონდება აფხაზეთში.
    ე.წ. «მრავალეროვანი ძალების» აფხაზეთში შემოყვანა იმ საშიშროებასაც ქმნის, რომ რუსეთის სპეცსამახურებმა შეიძლება სცადონ გაეროს დისკრედიტაცია და ხელი შეუწყონ ხელშეკრულების დარღვევას. ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს და თუ ხელისუფლებას «მოღალატის» ან «სერგო ორჯონიკიძის» იარლიყის უფრო ეშინია, ვიდრე კიდევ ერთი «სოჭის» განმეორებისა - მას საერთოდ დაუკარგავს რეალიზმის გრძნობა და ობიექტურად ანტიეროვნულ, დამანგრეველ ფენომენად ქცეულა.

«მსგეფსი», 13-20 აპრილი, 1994 წელი.