მგელი» დავით იაკობიძე «თინეიჯერთა» ანტიკორუფციული კომისიის წინააღმდეგ

მგელი» დავით იაკობიძე «თინეიჯერთა» ანტიკორუფციული კომისიის წინააღმდეგ

 

    შინაგანი დაძაბულობა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში იგრძნობოდა ბოლო თვეების განმავლობაში, ადრე თუ გვიან უეჭველად უნდა გამჟღავნებულიყო რომელიმე ფიგურის (მინისტრის) წინააღმდეგ მიმართულ აქციაში.
    ასეც მოხდა, - პირველი მსხვერპლი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე აღმოჩნდა. საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მას ბრალი დასდეს სახელმწიფო სახსრების უყაირათო ხარჯვაში და შესაბამისი მასალები გადასცეს კიდეც პროკურატურას. კონკრეტულად საქმე ეხება თურქმენეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთმა პარლამენტარმა კატეგორიულად მოითხოვა დავით იაკობიძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მექანიზმის ამოქმედება. ანუ სპეციალური საპარლამენტო მოსმენის მოწყობა და ფინანსთა მინისტრისადმი ნდობის საკითხის კენჭისყრაზე დასმა.
    უნდა აღინიშნოს, რომ 1992 წელს თურქმენეთთან გაფორმდა უპრეცედენტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაეხადა ვალუტით აირის საფასური, თუ ვერ შეძლებდა კლირინგით აღებული ვალდებულების შესრულებას. კლირინგის თანახმად, ქართული ფაბრიკის მიერ შეკერილი შარვალი 30 დოლარად (ამერიკული ჯინსის ფასად) იქნა შეფასებული. მაგრამ ვინაიდან ქართულმა მხარემ ამ «ოქროს» შარვლის გადატვირთვაც ვერ შეძლო თურქმენეთში, ამჟამად იგი ვალდებულია ეს 30 დოლარი ნაღდი ფულით გადაიხადოს.
    რასაკვირველია, ჯერ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ფინანსთა მინისტრი, რომლისთვისაც სახელმწიფო ფინანსების განიავება ან «დაყაჩაღება» არ დაედოთ ბრალად. ფინანსთა მინისტრი იმის ფინანსთა მინისტრია, რომ აუცილებლად უნდა დააბრალონ ფინანსების მითვისება. მაგრამ ვინაიდან ამგვარი რამ ახლადშობილი ქართული დემოკრატიისათვის ჯერ «ახალი ხილია», დავით იაკობიძესთან დაკავშირებულმა ინციდენტმა შეიძლება დიდი რყევა და აურზაური გამოიწვიოს.
    ოპოზიციას «იმპიჩმენტის» მექანიზმის აპრობაცია უეჭველად იმისათვის სჭირდება, რათა პრეცედენტი შექმნას და პრეზიდენტი დააშინოს. ეს მექანიზმი ხომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პრეზიდენტის თავზე დაკიდული «დამოკლეს მახვილია». ამავე დროს, გასათვალისწინებელია დავით იაკობიძის როლი და ფუნქცია შევარდნაძის გუნდში: იაკობიძე ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო რეფორმათა პროცესში. მის გარეშე ლიბერალური რეფორმები, რა თქმა უნდა, არ შეჩერდება, მაგრამ რეფორმატორთა გუნდი მაინც სერიოზულად შესუსტდება.
    რაც მთავარია, ფინანსთა მინისტრის შეცვლა (მით უმეტეს, ასეთი მოტივირებით) სერიოზულად დააეჭვებს არა მხოლოდ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, არამედ დასავლელ ინვესტორებს, რომლებიც ყურადღებით (და ერთგვარი განცვიფრებით) ადევნებენ თვალს საქართველოს ფინანსურ სფეროში განხორციელებულ კარდინალურ ცვლილებებს.
    საპარლამენტო კომისიის მასალები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დავით იაკობიძე ისეთი გამოცდილების მქონე «მგელია», რომ «თინეიჯერთა» მიერ შექმნილი «ანტიკორუფციული» კომისია რეალურ სამხილს მის წინააღმდეგ ვერ მოიპოვებდა; სამაგიეროდ «დროულად» ატეხილი ხმაური სერიოზულად შეაფერხებს ახალი ბიუჯეტის განხილვას. პარლამენტში ამ დოკუმენტის დამტკიცება შეიძლება ფინანსთა მინისტრის ღია სასამართლო პროცესად იქცეს.

«მერიდიანი», 6 სექტემბერი, 1996 წელი.