მასხადოვმა ამერიკა მტრად გამოაცხადა, ჯერი საქართველოზეა

მასხადოვმა ამერიკა მტრად გამოაცხადა, ჯერი საქართველოზეა

 

    გასულ კვირას ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის პრეზიდენტმა, ასლან მასხადოვმა ძალზე ნიშანდობლივი და საყურადღებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩეჩნეთს სერიოზულად აშფოთებს ამერიკის გააქტიურება კავკასიაში: «ამერიკა რუსეთზე ბევრად საშიშია, ამიტომ ჩეჩნეთი მას ყოველნაირ წინააღმდეგობას გაუწევს».
    ხედავთ? ამერიკა რუსეთზე ბევრად საშიშიაო! ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩეჩნეთისათვის არაფერი დაუშავებია, შეიძლება ითქვას, სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია; ომის დროს ჰუმანიტარულ დახმარებასაც უგზავნიდა და გარკვეულ დიპლომატიურ ზეწოლასაც ახორციელებდა რუსეთზე, რათა ომი შეეწყვიტა.
    რუსეთი კი 400 წლის განმავლობაში ჩეჩნეთისა და ჩეჩენი ხალხის გენოციდს აწარმოებს. ამ ომის უკანასკნელ ეპიზოდში (1994-96 წწ) ჩეჩნეთმა ასი ათასი ადამიანი დაკარგა. ჩეჩენი ხალხის ნახევარი გაწყდა გადასახლების დროს, სტალინის ეპოქაში. მიუხედავად ყოველივე ამისა, მასხადოვი მაინც ჯიუტად იმეორებს: «ამერიკა რუსეთზე საშიშია».
    ახლა კი დავაკვირდეთ მეორე ჩეჩენი ლიდერის, ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაციის» ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უკვე იჩქერიის ვიცე-პრემიერ იუსუფ სოსლანბეკოვის ინტერვიუს, რომელიც «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა.
    სოსლანბეკოვის თქმით, «საქართველო ცდილობს ამერიკა შემოიყვანოს კავკასიაში, რაც ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის, ასევე ჩრდილოკავკასიელი ხალხების ინტერესებს, ვინაიდან «კავკასია ამ ხალხთა სასიცოცხლო ინტერესების სფეროა».
    სოსლანბეკოვი აშკარად იმუქრება, რომ თუ საქართველო პროამერიკული პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, ჩრდილოკავკასიელები მას აშკარად დაუპირისპირდებიან და ომსაც კი დაუწყებენ.
    საინტერესოა ფრაზა: «XIX საუკუნის დასაწყისში საქართველომ რუსეთი შემოიყვანა კავკასიაში, რათა მისი მეშვეობით გადაეწყვიტა თავისი პრობლემები. ამით მან «კავკასიის ომს» ჩაუყარა საფუძველი, ახლა კი, იმავე მიზნით, საქართველოს სურს კავკასიაში ამერიკა შემოიყვანოს, რაც უკვე არა მხოლოდ კავკასიელი ხალხების, არამედ თვით რუსეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება».
    ნორმალური ადამიანისთვის, ყველა ეს განცხადება თითქოს გაუგებარია. თუ ამერიკა უფრო საშიშია, მაშინ რუსეთს რატომ ეომეთ 400 წელი? რა დაგიშავა ამერიკამ? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ჩეჩნებსა და სხვა ჩრდილოკავკასიელებსაც სრულებით განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ და ასეთი მარტივი, ელემენტარული ლოგიკით მათ ვერაფერს აუხსნი;
    ამ მენტალიტეტის საფუძველია უმოწყალო პრაგმატიზმი. ჩეჩნეთმა რამდენჯერმე უკვე აგრძნობინა რუსეთს, რომ თუ მოსკოვი სცნობს იჩქერიის დამოუკიდებლობას, მაშინ, მიუხედავად 400 წლიანი ომისა, ჩეჩნეთი მზად იქნება რუსეთთან დაამყაროს სამხედრო-სტრატეგიული კავშირი და იმოქმედოს ინტერესთა თანხვედრის შესაბამისად. ასეთი «თანხვედრის» მაგალითად მიაჩნდათ იჩქერიის ლიდერებს 9 თებერვლის ტერორისტული აქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, რომელიც უეჭველად ჩეჩნური და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი «შემოქმედებაა». «ზვიადისტები» მათ მხოლოდ გამოიყენეს ამ გეგმის განსახორციელებლად.
    ჩეჩნეთს ამით სურდა მოეხდინა «დემონსტრირება», თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს «თანასწორუფლებიანი სამხედრო-სტრატეგიული კავშირი» რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ორივე მხარისათვის.
    ფაქტობრივად, ეს გარემოება იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოვლადი უდუგოვმა აღიარა კიდეც: «9 თებერვლის ტერაქტი განხორციელდა გრუ-ს მეშვეობით.»
    ოღონდ, არანაირი კომენტარი ან დაგმობა ამ სიტყვებს არ მოჰყოლია. ეს იყო ფაქტის კონსტატაცია და მეტი არაფერი: ჩეჩნეთმა მიანიშნა მოსკოვს: მზად ვართ ვებრძოლოთ თქვენს მტრებს, თუ გაითვალისწინებთ ჩვენს ინტერესებს.
    გროზნოს ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, «სუვერენიტეტის აღიარებასა» და ეკონომიკურ დახმარებაში მდგომარეობს. რუსეთს ჯერჯრეობით არ უცვნია იჩქერიის დამოუკიდებლობა, ამიტომ განცხადებებიც შედარებით ზომიერია; თუმცა, დღესაც ძნელია ნორმალურმა ადამიანმა გაიგოს: 400 წელიწადი რუსეთს ებრძოდი და მაინც ამერიკა რატომ არის უფრო საშიში მტერი? მაგრამ ამის გაგება ყოვლად შეუძლებელია. ეს რომ გაიგო, ისეთი მენტალიტეტი უნდა გქონდეს, როგორიც ჩეჩნებს ჩამოუყალიბდათ მათი ისტორიის შედეგად.
    ერთხელ და სამუდამოდ იმასაც უნდა მივხვდეთ, რომ ჩრდილოკავკასიელთათვის საქართველო სიძულვილის ობიექტი იყო და ასეთად დარჩება მომავალშიც, ვინაიდან დიახაც სწორედ საქართველომ შემოიყვანა კავკასიაში რუსეთი. ამიტომ, საქართველოს დასასჯელად, გამომდინარე მათი მენტალიტეტიდან, ჩრდილოკავკასიელები რუსეთსაც გამოიყენებენ; შემდეგ, თუ დასჭირდათ, საქართველოს გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ და ა.შ.
    ასეთია მკაცრი რეალობა, - გამომდინარე პრაგმატული, რაციონალური, უმოწყალო მენტალიტეტიდან.
    მას არაფერი აქვს საერთო «კავკასიური სახლისა და კავკასიელთა რასობრივი ძმობა-ერთობის» რომანტიულ იდეასთან, რომელიც მხოლოდ ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე პრაგმატული გაერთიანების იდეოლოგიურ საფუძვლად თუ გამოდგებოდა, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ასეთი თანხვედრა არ არსებობს.
    მომავალ კვირას ასლან მასხადოვი და ალექსანდრე ლებედი ფინეთს მიემგზავრებიან, რათა შეისწავლონ «ალანდის კუნძულთა» სტატუსი. ამ კუნძულებს «განსაკუთრებული სტატუსი» აქვთ ფინეთის შემადგენლობაში. არ არის გამორიცხული, გარკვეული კომპრომისი მართლაც იყოს მიღწეული და 2001 წლამდე (რუსეთ-ჩეჩნეთის ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს), გროზნომ «ასოცირებული სუბიექტის» სტატუსი მოიპოვოს, რასაც მასხადოვი უეჭველად გამოაცხადებს «ისტორიულ გამარჯვებად».
    ამის შემდეგ კი, ჩეჩნეთი საქართველოს «მოუტრიალდება» და «სტრატეგიულ ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე, რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის იარაღად იქცევა.
    ეს შეეხება საქართველოს ინტერესთა მთელ სპექტრს, მათ შორის არ არის გამორიცხული, პროვოკაციები და ტერაქტები ნავთობსადენის წინააღმდეგ, ვინაიდან ჩეჩნეთისათვის სწორედაც უაღრესად ხელსაყრელია ამ ნავთობსადენმა მის ტერიტორიაზე გაიაროს და არა საქართველოზე.
    საპასუხოდ, საქართველოც უნდა შეეშვას რომანტიულ ოცნებებს «კავკასიურ სახლზე» და მკაცრად პრაგმატული პოლიტიკა გაატაროს; სხვაგვარად, თანამედროვე უმოწყალო და დაუნდობელ მსოფლიოში ნებისმიერი ერი დასაღუპავად არის განწირული.

7 დღე, 12 ოქტომბერი, 1998 წ.