მაჟორიტარები უფლებათა გაფართოებას ითხოვენ

მაჟორიტარები უფლებათა გაფართოებას ითხოვენ

      

        გუშინ «მოქალაქეთა კავშირის» ელიტა ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა საპარლამენტო ძალებთან «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე. როგორც ჩანს, საკითხი ჯერ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან და იგი, ალბათ, მაინც მივა კენჭისყრამდე - რეალურად თუ ფორმალურად, ამას დრო გვიჩვენებს.
        ყოველ შემთხვევაში, ზურაბ ჟვანია ფარ-ხმალს არ ყრის და ბრძოლას აგრძელებს, თანაც, მისთვის არცთუ წამგებიანი პოზიციიდან. ამიერიდან, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, პირადად ჟვანია ერთმნიშვნელოვნად წაგებული ნამდვილად არ იქნება.
        «კაბინეტის» მომხრეები შესანიშნავად გრძნობენ, რომ ოპოზიციის «ფიცვერცხლჭამისა» და «ძმადშეფიცვის» მიუხედავად, ეს კოალიცია ხელოვნურია და «დაშლადი» - ამის სიმპტომები უკვე გამოჩნდა: ზოგიერთი ოპოზიციონერის ინტერვიუში გაიჟღერა ნიშანდობლივმა ნოტამ: თუ არაფერი შეიცვალა, დავრჩებით იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებით, ანუ არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ნაწილი (ეს არ ეხება ვახტანგ რჩეულიშვილს) «მაზანდას» სწევდეს და გარკვეულ პირობებში კომპრომისს დათანხმდება. ასეთი პირობების შექმნა კი ზურაბ ჟვანიამ უკვე დაიწყო. იგი დგამს ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რათა ოპოზიციის «ზომიერ ნაწილს» არგუმენტები შესძინოს «მინისტრთა კაბინეტის» მხარდასაჭერად.
        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური კოალიცია პირობითად შეიძლება ორ კატეგორიად გაიყოს: ერთნი არავითარ შემთხვევაში, არანაირი პირობით არ დაუშვებენ ზურაბ ჟვანიას გაპრემიერებას, რათა მისი შემდგომი გაძლიერება არ დაუშვან, მეორე ნაწილს კი ეს არ მიაჩნია სერიოზულ პრობლემად. მას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია თვით ინსტიტუტის დაარსება და ადგილობრივი თვითმმართვლეობის განვითარება.
        პარლამენტის თავმჯდომარემ პროცესის ახალი ეტაპი «მაჟორიტარებთან» შეხვედრით დაიწყო. ეს ძალზე ნიშანდობლივი სვლაა, ვინაიდან ბევრი დამკვირვებელი არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობდა «მაჟორიტართა» განსაკუთრებულ როლს საკონსტიტუციო ცვლილებათა განხილვისას.
        მაჟორიტარულ ოლქებში არჩეული დეპუტატებისთვის პარლამენტის დათხოვის უფლება განსაკუთრებით მტკივნეულია, მაგრამ სწორედ მაჟორიტართა წინადადებით, ცვლილებათა პროექტში შეიძლება შევიდეს ძალიან პრინციპული დებულება, რომელიც მას აშორებს «რუსულ მოდელთან» და აახლოებს «ფრანგულთან» - იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ორჯერ არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პარლამენტს ეძლევა საშუალება, თავად შესთავაზოს (წევრთაგან) პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.
        ეს კომპრომისი, ერთი მხრივ, მაჟორიტართა დაინტერესებას იწვევს, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო ამძაფრებს ოპოზიციის «ზომიერი» ნაწილის სწრაფვას ასეთივე კომპრომისისკენ - თანაც, სათანადო არგუმენტირებით: მმართველმა პარტიამ ხომ გარკვეულად გადმოდგა ნაბიჯი პარლამენტის დათხოვის უფლების შეზღუდვისკენ, რაც კომპრომისულ პროექტს უფრო დემოკრატიულ ელფერს ანიჭებს.
        გარდა ამისა, იმავე «მაჟორიტარების» მეშვეობით ზურაბ ჟვანიამ შეიძლება მიაღწიოს კომპრომისს «ადგილობრივ თვითმმართვლეობასთან» და «ორპალატიან პარლამენტთან» დაკავშირებით. ნუ დავივიწყებთ, რომ არჩეულ დეპუტატს გამგებლად არჩევის იმედიც აქვს - მათ ხიბლავთ, აგრეთვე, «სენატორობა», ანუ მაჟორიტართა 70-კაციანი კორპუსი (განურჩევლად უმრავლესობა-უმცირესობისა) შესაძლოა, თავად აღმოჩნდეს სისხლხორცეულად დაინტერესებული საკონსტიტუციო ცვლილებებით.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «მაჟორიტარებთან» კონსულტაციები ზურაბ ჟვანიას იმისთვის დასჭირდა, რათა მათი მეშვეობით თანდათან «შევიდეს» კონსულტაციებში ოპოზიციასთანაც. «მაჟორიტარები» ხომ ისეთი კატეგორიაა, რომელიც აერთიანებს «უმრავლესობისა» და «უმცირესობის» უმნიშვნელოვანეს ნაწილებს. თუ «უმცირესობის» წევრი «მაჟორიტარები» დაინტერესდებიან ცვლილებებით - ისინი უეჭველად აიძულებენ «პარტიულ ოპოზიციას», სურს თუ არა, დაიწყოს კონსულტაციები ზურაბ ჟვანიასთან, ანუ «მინისტრთა კაბინეტის» თემა კვლავ აქტუალურია.

დილის გაზეთი, 25 მაისი, 2001 წელი