მამისონის ფრონტი

მამისონის ფრონტი

რა მოხდა რაჭაში?

 

        ხელისუფლება-ოპოზიციის ფრონტი ახლა უკვე რაჭაში გადის, სადაც ოპოზიციონერთა მტკიცებით, გაუგონარი რამ მოხდა: საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს «ჩააბარა» ტერიტორიის «კიდევ» 20-30 კვადრატული კილომეტრიც – მამისონის უღელტეხილის მიდამოებში.
        თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს უღელტეხილი პირველად არ ხდება საფრთხის მიზეზი: 1992 წელს, ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» სწორედ მამისონიდან აპირებდა საქართველოს წინააღმდეგ «მესამე ფრონტის» გახსნას. იმ აზრით, რომ პირველი ფრონტი მაშინ გუმისთა იყო, ხოლო მეორე – ტყვარჩელი.
        ეს ეპიზოდი ნათლად მეტყველებს, რამდენად მოხერხებული ადგილია ჩრდილოეთიდან შეტევის განსახორციელებდლად, ან, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული პროვოკაციისთვის მაინც. მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთით ჯავასაც ესაზღვრება, ხოლო ოსური ისტორიოგრაფია მამისონის მიმდებარე ტერიტორიას «ისტორიული ოსეთის ნაწილად» აცხადებს, რომელიც თურმე საქართველომ უკანონოდ მიისაკუთრა გასული საუკუნის შუახანებში.
        სინამდვილეში რა მოხდა გასულ კვირას მაღალმთიან რაჭაში, არც ისე იოლი დასადგენი აღმოჩნდა. ყველა «დაინტერესებული მხარე» საკუთარ ვერსიას გვთავაზობს, რომელიც შესაბამისი მისწრაფებიდან გამომდინარეობს.

რუსულ-ქართული «ღობე»

        ოპოზიციური ვერსიის მთავარი «გამხმოვანებელი» დათო საგანელიძეა, რომელმაც პირველმა მოყვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაჭის დასახლებულ ზონას მამისონთან და მიმდებარე ტერიტორიებთან აკავშირებდა, ხოლო ქართველი მესაზღვრეები უკვე განლაგებულნი არიან არა უშუალოდ საზღვარზე, არამედ მისგან 20-30 კილომეტრის მოშორებით.
        ესე იგი, ხიდის აფეთქება, ამ ვერსიით, სწორედ იმ მიზანს ისახავდა, რომ ფაქტობრივად ახალი სასაზღვრო ხაზი შექმნილიყო, ხოლო ზემოთ დარჩენილი ტერიტორია რუსეთს ან ოსეთს დაეკანონებინათ.
        მაგრამ აქ უმალვე ჩნდება კითხვები და ნიუანსები, რომელიც ოპოზიციისათვის არაკომფორტულ ვითარებასაც ქმნის. კერძოდ, მთავარი მოვლენა იყო რამდენიმე წლის წინ ე.წ. «მეტეოსადგურის» მიტოვება ქართველი მესაზღვრეების მიერ.
        როგორც ცნობილია, ამ მეტეოსადგურში ჩვენები ცხოვრობდნენ და ერთგვარი ბაზაც იყო ზაფხულობით საზღვრის გასაკონტროლებლად. მაგრამ ერთ ზაფხულს «მეტეოში» ასვლა ქართველ მესაზღვრეებს რუსებმა დაასწრეს და «კოლეგები» იქედან გამოაგდეს.
        ოღონდ ეს მოხდა არა დღეს, არამედ იმ პერიოდში, როცა სასაზღვრო უწყებას ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე და ჯერ კიდევ სასაზღვრო პოლიციის უფროსი ბადრი ბიწაძე ხელმძღვანელობდა.
        დღეს ამის გახსენება ოპოზიციონერებისათვის არასასიამოვნოა – ცნობილი მიზეზების გამო. არადა, სწორედ «მეტეოს» მიტოვების შემდეგ დაიწყეს მესაზღვრეებმა «ქვემოთ ჩამოჩოჩება» - ჯერ იმავე მთის ძირში განლაგდნენ, მერე კი (დათო საგანელიძის ვერსიით) «ხელისუფლებამ მოღალატური ბრძანება გასცა, რუსეთს გაურიგდა და «რაღაცის სანაცვლოდ» ეს ტერიტორია მტერს შეატოვა – ფაქტობრივად უბრძოლველად დაუთმო».
        დათო საგანელიძე «პირწავარდნილ ტყუილს» იწოდებს ტელესიუჟეტებს იმის შესახებ, თითქოს საზღვარს ისევ ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ.
        «საზღვარი ღობე ხომ არა არის – ხელი წამოავლო და სადღაც გადმოიტანო? ვიღაც ავტომატგადაკიდებული პოლიციელი უჩვენეს, თითქოსდა მესაზღვრეა და ისევ აკონტროლებს საზღვარს. არადა, რაჭაში ყველამ იცის, რომ მესაზღვრე კი არა, პოლიციელია და სპექტაკლი გაითამაშა რუსთავი 2 – ის ეთერში» - განაცხადა დათო საგანელიძემ «პრაიმ-ტაიმთან» ინტერვიუში.

ვინ ააფეთქა «ნიკოლიზის ხიდი»?

        მთავარ დანაშაულად იგი «ნიკოლოზის» ხიდის აფეთქებას ასახელებს, რაც სახელისუფლებო ღალატის მთავარ საბუთად მიაჩნია. ბუნებრივია ოპოზიციონერი იმის ოპოზიციონერია, ყველაფერში ხელისუფლებას უნდა ადანაშაულებდეს და ყველა მოვლენაზე ეჭვს გამოთქვამდეს. ასე ყველა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ამ თვისებამ მაინც განსაკუთრებული ელფერი შეიძინა: ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება არის ურჩხული, რომელიც მიზანმიმართულად შლის, ანგრევს, ამცირებს და აქუცმაცებს იმ ქვეყანას, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს – აბარებს მტერს ტერიტორიებს და სულ იმის ცდაშია, როგორმე დამპყრობელმა კიდევ უფრო მეტი სივრცე დაიპყროს.
        ოპოზიციის ამგვარი «ერთგანზომილებიანი» დამოკიდებულება ბოლოს და ბოლოს გასაგებია, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ყველანი ვალდებულნი ვართ ასევე «ერთგანზომილებიანნი» ვიყოთ და სხვა ვერსიები არ განვიხილოთ.
        მაგალითად: რატომ უნდა აეფეთქებინა «ნიკოლოზის» ხიდი საქართველოს ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ტერიტორიები ჩაებარებინა? თუ იქნებ იმიტომ, რომ არსებობდა სერიოზული საფრთხე ამ ხიდის გამოყენებისა ჩრდილოეთიდან – სამხრეთით შეტევის განსახორციელებლად?
        თვით ხიდთან დაკავშირებითაც ცოტა უცნაური კომენტარები კეთდება: ერთის მხრივ ამბობდნენ, «ზედ ტანკი ვერ გაივლიდა და აფეთქებას რა აზრი ჰქონდაო». ხოლო მეორეს მხრივ «ისეთი მაგარი ხიდი იყო, ვერანაირი სიმძიმე ვერ ჩაანგრევდაო».
        «კავკასიის» და «იმედის» სიუჟეტებში ერთი და იგივე მაცხოვრებელი ზუსტად საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.
        მაშ ჰქონდა თუ არა ხიდს სამხედრო მნიშვნელობა? შეძლებდა თუ არა მტერი (რუსები ან ოსები) მის გამოყენებას სწორედ სამხედრო მიზნებისათვის, რათა გადაადგილება გაადვილებოდა? აქ თუნდაც «გაადვილებაზეა» საუბარი და არა იმაზე, ხიდის გარეშე საერთოდ შეძლებდნენ თუ არა მტრის ქვედანაყოფები მოძრაობას.
        შეიძლებოდა თუ არა ხელისუფლებას მართლაც ჰქონოდა ასეთი მოტივი, როდესაც ხიდს აფეთქებდა? ნამდვილად შესაძლებელია! მართებული იყო თუ არა ეს მიზანი, გამართლებული, გაუმართლებელი, მცდარი, - სხვა საკითხია. მაგრამ ასეთი მიზანი ერთია და «ტერიტორიის გაყიდვა» - სხვა.

რუსული ჩრდილი კავკასიონზე

        დავაკვირდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ მამისონის უღელტეხილის მახლობლად. უახლოეს დღეებში დაიწყება რუსული არმიის უმაგალითოდ მაშტაბური სწავლებები ჩრდილოეთ კავკასიაში, აგრეთვე აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში». 58 არმიის ქვედანაყოფები მაქსიმალურად მიუახლოვდებიან ყველა იმ პუნქტს, სადაც საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები იმყოფებიან - არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ თუნდაც მესაზღვრეები და პოლიციელები.
        სულ მცირე პროვოკაციაც კი, რუსებმა შეიძლება გამოიყენონ მორიგი აგრესიისთვის და, ასეთ შემთხვევაში ზუსტად ის ხალხი, ვინც ახლა რაჭის «საზარელ მოვლენებზე» მოთქვამს, ხელისუფლებას აუცილებლად უსაყვედურებდა: «რატომ არ მოერიდნენ პროვოკაციას, როცა იცოდნენ, რომ რუსებთან ახლოს შეიარაღებული ხალხის განლაგება ასეთ საშიშროებას ქმნიდა?!», ან «რა უნდოდა იმ ერთი ხიდის აფეთქებას ზემო რაჭაში – აეფეთქებინათ ის ხიდი და მტერიც ვეღარ წამოვიდოდა სამხრეთით».
        ვიმეორებ: ამას ზუსტად იგივე ხალხი იტყოდა! აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ  (აგვისტოთი დაშინებულმა) თუ  ზოგჯერ იქნებ გადაჭარბებული «წინასწარი თავის დაზღვევის» ზომები მიიღო – შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ახსნადია.
        მით უმეტეს, რომ მოსკოვი მართლაც ამზადებდეს რაღაცას და ეს «რაღაცა» 2008 წლის აგვისტოზე უარესი აღმოჩნდება.
        ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, კავკასიონზე ყველა გადმოსასვლელს უკვე რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და იქ ჯარის კონცენტრაცია იზრდება. არეშიძემ აღნიშნა, რომ «ეს ძალიან ცუდი და ავისმომასწავებელი სიმპტომია».
        ერთი წლის წინ ეს რუსული «გენშტაბის» სტრატეგია იყო: შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით და რამდენიმე გადმოსასვლელის გამოყენებით «ჩამოჩოჩება» საქართველოს შიდა რაიონებისაკენ. გარდა ამისა, ჯავაში გამაგრებული ოსური ფორმირებებიც არ იტყოდნენ უარს რაჭული ლორი და ხვანჭკარა დაისაკუთრონ – რატომაც არა?
        «ნიკოლოზის ხიდის» აფეთქება რაჭაში უდავოდ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება (განსხვავებით ოპოზიციისაგან) იმ რეჟიმში ცხოვრობს და იმ ლოგიკით მოქმედებს, როგორსაც ჯერ კიდევ მიმდინარე ომი მოითხოვს.
        ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ომი არ დამთავრებულა. ზუსტად ასევე მიაჩნია რუსეთის ხელისუფლებასაც. სხვათა შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილემ, გრიგორი კარასინმა უკვე განაცხადა, რომ «სარკოზი-მედვედევის შეთანხმება არ არის იგივე, რაც შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე – ჩვენ საქართველოსთან «ცეცხლის შეწყვეტაზე» შეთანხმება არ გაგვიფორმებია, ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ხოლო იმავდროულად რეგიონს სადამკვირვებლო მისიები ტოვებენ – რუსეთს აიძულებს თვითონ მიიღოს ზომები».
        რა ზომები? ბუნებრივია იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, ან გაგრძელება, რაც აგვისტოში წამოიწყეს და ვერ დაამთავრეს.
        არ არის აუცილებელი თბილისის აღება. საკმარისია დაპყრობილი ტერიტორიის თანდათან გაფართოება.