ლოთი ქობალიას სიკვდილით არ დასჯიან

ლოთი ქობალიას სიკვდილით არ დასჯიან

 

    ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულ ფორმირებათა სარდალს, ლოთი ქობალიას, რომელსაც ბრალი ედებოდა სამშობლოს ღალატსა და უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობაში.
    სასამართლომ ქობალიას ბრალეულობა დადასტურებულად ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში, გარდა ერთისა: პროკურორმა ვერ დაამტკიცა, რომ ქობალიას შეიარაღებული ფორმირებანი «გზას უკეტავდნენ» სამთავრობო ჯარებს აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დროს.
    მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა წერეთელმა ოთხიდან სამი განსასჯელისათვის მოითხოვა სასჯელის უმაღლესი და განსაკუთრებული ზომა, მოსამართლემ სიკვდილი მხოლოდ ქობალიას მიუსაჯა. ჯამბურ ბოკუჩავა, ზვიად ძიძიგური და ნუგზარ მოლოდინაშვილი პატიმრობის ხანგრძლივი ვადით გადარჩნენ. როგორც ჩანს, მოსამართლე ალადაშვილი იძულებული იყო, ანგარიში გაეწია დღეს ჩამოყალიბებული კონიუქტურისათვის.
    რასაკვირველია, უზენაეს სასამართლოს, განაჩენის გამოტანისას, სრულად ჰქონდა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ უკვე ორი წელია საქართველოში არც ერთი სასიკვდილო განაჩენი არ მოყვანილა სისრულეში; ფაქტობრივად, დაწესებულია მორატორიუმი სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებაზე. ამ ვითარებაში, მხოლოდ ლოთი ქობალიას სიკვდილით დასჯა გამოიწვევს ხელისუფლებისათვის ძალზე არასასურველ აქცენტირებას - სასჯელის მოტივაციაზე.
    დღეს დეკემბერ-იანვრის მოვლენები (რბილად რომ ვთქვათ) აღარ ფასდება ცალსახად, როგორც «კეთილისმყოფელი მოვლენა», ვინაიდან საზოგადოება გრძნობს: შემდგომი პერიოდის კატაკლიზმები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიათა დაკარგვა, დიდწილად სწორედ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას უკავშირდება; ამდენად, ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ 1992-93 წლებში განვითარებულ პროცესებში, ერთგვარი «პოლიტიკური იმუნიტეტით» სარგებლობენ.
    რამდენიც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, მათ ვერ გამოაცხადებს მხოლოდ «კრიმინალებად». ეს ეხება არა მხოლოდ ლოთი ქობალიას და ძმათა მისთა, არამედ მათი მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენლებსაც.
    ამ პირობებში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სიკვდილით დასჯის შეცვლა პატიმრობით ან, სულაც, სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის ზომის გაუქმება. სასამართლო უეჭველად ითვალისწინებდა ამ კონიუქტურას ისევე, როგორც თვით პრეზიდენტის განწყობას. გასულ ორშაბათს, განაჩენის გამოტანის წინა დღეს, ედუარდ შევარდნაძემ რადიოინტერვიუში სპეციალურად გაამახვილა ყურადღება სიკვდილით დასჯის პრობლემატიკაზე. საყურადღებოა მისი სიტყვები იმის თაობაზე, რომ ბევრი დანაშაული, რომლისთვისაც სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა (ან გამოიტანს), ჩადენილია სამოქალაქო ომისა და მასობრივი არეულობის, ქაოსის პერიოდში და «ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ». წლის ბოლოს კი პრეზიდენტი უფრო კონკრეტულად ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით და მიმართვას გაუგზავნის პარლამენტს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
    ედუარდ შევარდნაძე რომ არ აპირებდეს სიკვდილით დასჯის გაუქმების მხარდაჭერას, იგი არავითარ შემთხვევაში არ იკისრებდა ვალდებულებებს «წლის ბოლოსათვის ცალსახად ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია». როგორც ჩანს, მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება. ამდენად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის უმაღლესი და განსაკუთრებული ზომის გაუქმების საკითხი საქართველოში უკვე გადაწყვეტილია.

«მერიდიანი», 23 ნოემბერი, 1996 წელი.