ლეონიდ კუჩმა «ევრაზიულ დერეფანს» უფრთხილდება

ლეონიდ კუჩმა «ევრაზიულ დერეფანს» უფრთხილდება

   თბილისში უკრაინული სკოლის მონახულებისას, პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ნახევრადოფიციალურად განაცხადა, რომ თბილისის უკრაინული სკოლა უნიკალური მოვლენაა: ეს არის ერთადერთი უკრაინულენოვანი სკოლა მსოფლიოში – უკრაინის ფარგლებს გარეთ;
 რაც უფრო მნიშვნელოვანია, ესაა ერთადერთი უკრაინულენოვანი სკოლა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, ანუ საქართველოში, სადაც სულ 10-12 ათასი უკრაინელი ცხოვრობს, ფუნქციონირებს უკრაინული სკოლა, ხოლო რუსეთში, სადაც ცხოვრობს 12 მილიონი უკრაინელი, არც ერთი უკრაინულიო სკოლა არ არის.
        ეს გულისამაჩუყებელი ფაქტი უკრაინელთათვის სავსებით საკმარისია, რათა საქართველოს კეთილგანწყობაში დარწმუნდნენ, ვინაიდან, მართლაც, აბსურდული ვითარება იქმნება. როგორ შეიძლება მილიონიან დიასპორას თუნდაც ერთი სკოლა არ ჰქონდეს მშობლიურ ენაზე?
        თუმცა რუსებს ეს არ აღელვებთ: იგი პრეტენზიას იმის გამო აცხადებს, რომ უკრაინაში, უკრაინულ ენასთან ერთად რუსული სახელმწიფო ენად არ არის გამოცხადებული!
        მოდი და ნუ გაცოფდები!
        უკრაინელებსაც დაეტყოთ, როგორც ჩანს, «გაცოფება» - ამიტომაც გაააქტიურეს პოლიტიკა პოსტსაბჭოურ სივრცეში. ამ სივრცეში კი საქართველო უკრაინისათვის, მართლაც განსაკუთრებულიო პარტნიორია, ვინაიდან მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შეიძლება მოიპოვონ ენერგომატარებელთა იმპორტის ალტერნატიული მარშრუტი.
        რუსეთი (ვითომცდა ვალების მიზეზით) კარგა ხანია აღარ აწვდის უკრაინას ნავთობს (გაზს აწვდის მხოლოდ ტრანზიტის საფასურად). უფრო მეტიც: რუსეთი არ ატარებს თავის ტერიტორიაზე უკრაინისათვის განკუთვნილ გაზსა და ნავთობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
        მაგალითად, შარშან უკრაინაში კინაღამ ჩაიშალა საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოები, ვინაიდან რუსეთმა არ გაატარა ყაზახური ნავთობი თავის ტერიტორიაზე. სამაგიეროდ, კუჩმა მოელაპარაკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს და ფოთის პორტიდან, ახლახან გახსნილი სარკინიგზო ბორნის მეშვეობით, მიიღო აზერბაიჯანული ნავთობი.
        ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც ნათელყოფს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და «სამხრეთ კავკასიის» დერეფანს უკრაინისათვის.
        მეორე მხრივ, უკრაინა საქართველოსათვის იქცა რუსეთად, - კრემლის გარეშე, ანუ უკრაინაში შეიძლება მოვიპოვოთ ბაზარი ქართული (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო) პროდუქციისათვის, რომელიც ევროპაში არავის სჭირდება და კიდევ კარგა ხანს არ დასჭირდება.
        უკრაინის მაკომპლექტებელი დეტალები «შეთავსებადია» საქართველოს მრეწველობასთან და, რაც მთავარია, უკრაინა საქართველოსათვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ამოუწურავი საწყობია – თუ, რასაკვირველია, შესაბამისი სახსრები გვექნება, მაგრამ არც ეს არის წვრილმანი: რამდენი ფულიც არ უნდა გვქონდეს, ვთქვათ, ჰოლანდია და თვით ამერიკის შეერთებული შტატები იარაღს არასდროს მოგვყიდიან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით.
        უკრაინას კი ეს სრულებითაც არ აღელვებს. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პუსტოვოიტენკომ განაცხადა კიდეც: ქართველებმა ოღონდ ფული გადაგვიხადეთ, და უკრაინის ვერფებში თუნდაც ავიამზიდს დაგიმზადებთო, უკრაინული (იგივე «საბჭოთა») იარაღი კი შეთავსებადია ქართულ (აგრეთვე «საბჭოთა») იარაღთან. ეს არის სტანდარტი, რომელსაც არათუ საქართველო, არამედ პოსტსაბჭოური სივრცის ვერცერთი ქვეყანა (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) თავს ვერ დააღწევს უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში.
        უკრაინის პრეზიდენტი კვლავინდებურად თანახმაა ჩართოს თავისი ქვეყანა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში და სამშვიდობო ძალებიც გააგზავნოს აფხაზეთში – ოღონდ არძინბას თანხმობითა და გაეროს ეგიდით.
        უახლოეს მომავალში, იალტა უმასპინძლებს ე.წ. ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომას. მეტს უკრაინისაგან არც უნდა ველოდოთ.
        რატომ უნდა აიტკივოს აუტკივარი თავი? არავინ ჩვენი გულისათვის აუტკივარ თავს არ აიტკივებს. ეს ჯერ კიდევ «მოძრაობის» დაწყებამდე უნდა გვცოდნოდა.
        რაც შეეხება ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას იალტაში, უკრაინა ამით ყირიმში თავის პრიორიტეტს დააფიქსირებს, მაგრამ აბა რა უკრაინის ბრალია, თუ ჩვენ მაინც არ ვიშლით იდიოტურ ახირებას და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ვმართავთ მოლაპარაკებას სეპარატისტებთან რუსეთის შუამავლობით – მაშინ, როდესაც რუსეთი თავად საკუთარ სეპარატისტების გენოციდს აწყობს.

მერიდიანი, 17 მარტი, 2000 წელი