ლეკიშვილი ჰომეინის საფლავზე მივიდა

ლეკიშვილი ჰომეინის საფლავზე მივიდა

 

    საქართველოს სახელმწიფო მინისტრის «გარღვევა სამხრეთის მიმართულებით» ანუ ნიკო ლეკიშვილის ტრიუმფალური ვიზიტი ირანში ქართული მასმედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. თუმცა ცოტამ თუ შენიშნა, რომ გაჭირვების ჟამს ირანში ჩასვლა ჩვენი ხელისუფლების არც თუ პოზიტიურ ტრადიციად იქცა.
    ჩვენი დიდი «ოკეანისგაღმელი მოკავშირე» ირანთან ყოველგვარ, თუნდაც უმნიშვნელო კონტაქტსაც კი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს, მაგრამ საქართველოსაც სხვა გზა არა აქვს, - რაკი რუსეთმა ბუნებრივი აირის მოწოდება შეგვიწყვიტა, იძულებული ვართ ირანს ვთხოვოთ, თუმცა ამ ქვეყანამ «გოიმებივით გვაყირავა» 1994 წელს, როდესაც გაგვიფორმა კონტრაქტი ბუნებრივი აირის მოწოდებაზე და შემდგომ (რუსეთის თხოვნით) ხელშეკრულება დაარღვია, რათა საქართველოს ისევ რუსეთიდან «ამოსვლოდა მზე». სამაგიეროდ კი «კასპის სტატუსის» საკითხში ოფიციალური მოსკოვისაგან მხარდაჭერა და ატომური ელექტროსადგურის პროექტი მიიღო.
    ასეთივე ვითარება იყო 1992 წელს: დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა კრიმინალურმა ხროვამ, რაკი დასავლეთზე განაწყენდა (იმ მოვლენებს ევროპამ «პოლიტიკური კლოუნადა» რატომ უწოდაო»), დაავალდებულა მოსკოვიდან ახლადჩამოსული სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე - მთელი მსოფლიოსათვის ეჩვენებინა, რომ კიტოვან-სიგუას «საგარეო პოლიტიკური დოქტრინა» უაღრესად რაციონალურ, პრაგმატულ, ჭეშმარიტად პატრიოტულ საფუძველზე იყო დამყარებული.
    ედუარდ შევარდნაძე თეირანს ეწვია სულ ორიოდე თვით ადრე გაეროში საქართველოს გაწევრიანებამდე. ხოლო სექტემბერში გამართულ გენერალური ასამბლეის სხდომაზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ დაგმო ფუნდამენტალიზმი, როგორც «კაცობრიობის უბოროტესი მტერი».
    ნიკო ლეკიშვილის მიზანი მხოლოდ «გაზის შოვნა» არ იქნებოდა. ირანი კვლავინდებურად იჩენს სერიოზულ დაინტერესებას ქართული სამხედრო ავიაციით და საქართველოზე გამავალი «სატრანსპორტო დერეფნით». თუმცა, არც «ისტორიული ფესვები» ავიწყდება და ძალზე საეჭვო ყურადღებასაც იჩენს «სამხრეთ ოსეთის» (ირისტონ-არიანა-ირან) ეკონომიკური კეთილდღეობისადმი.
    სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სახელმწიფო მოღვაწე (სახელმწიფო მინისტრს რასაკვირველია არ ეხება - ღმერთმა დაგვიფაროს!) - კვლავაც ახალშობილი ხბოსავით პირდაღებული შესცქერის მეზობლებს და იმავე ხბოს ჭკუას ამჟღავნებს საერთაშორისო არენაზე ურთიერთობათა დამყარებისას.
    ეს კონკრეტულად, ზოგადად კი, ალბათ ჩვენისთანა პრიმიტივებისთვის ძნელად გასაგები აზრია ჩადებული იმაში, რომ საქართველო «პროდასავლური ორიენტაციის» ქვეყანა და ამავე დროს ურთიერთობას ამყარებს (სამხედრო თანამშრომლობის ჩათვლით) სახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიოში სიძნელის, ტერორიზმის, ველურობის, ობსკურანტიზმის, გონებაჩლუნგი ფანატიზმისა და ცხოველური სისასტიკის მაგალითად არის მიჩნეული.

«მერიდიანი», 27 დეკემბერი, 1996 წელი.