ლეიბორისტების პროლეტარული აღტყინების მოტივაცია

ლეიბორისტების პროლეტარული აღტყინების მოტივაცია

      

        რამდენიმე დღის წინ, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ერთობ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ამ განცხადების მიმომხილველები და დამკვირვებლები დიდი ხანია ელოდნენ. გასაკვირი იქნებოდა, მას რომ დაეგვიანა იმ პირობებში, როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეღა დარჩა.
        ნათელაშვილის თქმით «ლეიბორისტული პარტია მხარს არ დაუჭერს არც ერთ «ფულის ქისას», არც ერთ მეწარმეთა გაერთიანებას, ვინაიდან სწორედ მათ გაძარცვეს საქართველო, მათ გაზიდეს ქვეყნიდან ყველაფერი და ა.შ.
        ბუნებრივია, იგულისხმებიან უპირველეს ყოვლისა, ის მეწარმეები, რომელნიც ბოლო დროს აქტიურად გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ სერიოზული განცხადებით - პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნის შესახებ.
        რა თქმა უნდა, ისინი «ლეიბორისტებს» არ დაპატიჟებენ თავიანთ დამფუძნებელ ყრილობაზე, ვინაიდან «ლეიბორისტული პარტია» ზოგიერთი დარგის ნაციონალიზაციას მოითხოვს. ეს მოთხოვნა კი ქართველ მეწარმეებს ძალიან არ ეპიტნავებათ.
        მიუხედავად იმისა, რომ დღენიადაგ მოთქვამენ თავიანთი დაჩაგრული მდგომარეობის თაობაზე, მოითხოვენ გადასახადების შემცირებასა და უცხოელი კონკურენტების ჩამოშორებას (საზღვრების ჩაკეტვით) - (ვახტანგ რჩეულიშვილისა არ იყოს, «სოციალისტები არიან, სულელები კი - არა») ლეიბორისტები ქართველ მეწარმეებს «მონეტარისტებზე» ნაკლებად როდი სძულთ. შესაძლოა, მიზეზთა გამო უფრო მეტადაც სძულდეთ, ამიტომ ქართველი მეწარმეები შალვა ნათელაშვილს არ დაუკავშირდებოდნენ, ისევე, როგორც არ დაუკავშირდებიან კომუნისტებს.
        ეს კომუნისტები (პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტები) ნამდვილი კომუნისტები არიან, განსხვავებით «ცკ»-ს დროინდელი კომუნისტებისაგან, ვისთანაც მეწარმეებს (მაშინ ქარხნების დირექტორებს) დღენიადაგ ფული მიჰქონდათ მოსკოვში «პირველ ხელზე» გადასაგზავნად.
        «ამ კომუნისტებმა» - «იმ კომუნისტებისაგან» განსხვავებით, ქრთამი რა არის, არ იციან. «ის კომუნისტები» კი დღეს ძირითადად გაერთიანებულნი არიან სოციალ-დემოკრატიული მიმართულების პარტიებში, რომლებიც საშუალებას ქმნიან, არც მწვადი დაწვან და არც შამფური.
        შალვა ნათელაშვილი «ნამდვილი კომუნისტების» კატეგორიას განეკუთვნება და კაცმა რომ თქვას, მიუხედავად თვით კომუნისტური იდეის და რეჟიმისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა, მაინც უფრო მეტ სიმპათიას იმსახურებს, ვიდრე ის ფსევდოკომუნისტური ხროვა, - თავის დროზე «ცკ»-ში ქრთამს რომ იღებდა, რაიკომებში «ვაჭრობის განყოფილებებს» ხელმძღვანელობდა, ქარხნები «საკუთრებაში» რომ გაიფორმა, ახლა «ზომიერ მემარცხენეებს» მიეკედლა და ურცხვად კრუსუნებს სოციალური უსამართლობისა და პენსია-ხელფასის სიმცირის გამო, ვითომ ამაზე იყოს დამოკიდებული თვითონ, ან მისი ოჯახის კეთილდღეობა.
        ნამდვილ კომუნისტს თუ ვინმე სჯობს, ისევ ნამდვილი მონეტარისტი და ნამდვილი (დასავლური ყაიდის) ბიზნესმენი - დღე და ღამეს რომ ასწორებს და თითოეულ ცენტს ბიზნესით რომ შოულობს.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, თუ შალვა ნათელაშვილი ჭეშმარიტ პროლეტარებზე ზრუნავს (მათ შორის, დღევანდელ პირობებში - მასწავლებლებზეც) და თანამედროვე ქართული ფსევდობურჟუაზიისადმი ზიზღს არ მალავს.
        ეს ბურჟუაზია კრიმინალურია თავისი არსით და ვეღარც შეიცვლება.
        მომავალ არჩევნებში ნათელაშვილს მათი დახმარება იოტისოდენად არ დასჭირდება. ლეიბორისტებს არ ეშინიათ «ახალი ქართველების» (იგივე ძველი «ცკ»-ს ნომენლატურის), სამაგიეროდ ამ ნომენკლატურულ ხროვას, რომელიც დღენიადაგ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ლანძღავს (ვინაიდან ფონდი მას «ფრთების გაშლის» საშუალებას ძველებურად არ აძლევს) ძალიან ეშინია შალვა ნათელაშვილის.
        «პირველი ზარი» მაშინ გაისმა, როდესაც შალვა ნათელაშვილის ინიციატივით თბილისის საკრებულომ დასვა (ჯერ მხოლოდ დედაქალაქის მაშტაბით) 1994 წლიდან გაცემული კრედიტების ხარჯვისა და დაბრუნების, აგრეთვე თვით ამ კრედიტების კანონიერების საკითხი.
        ბუნებრივია, ეს პრობლემა სულ მალე გამწვავდება - მით უფრო, თუ ლეიბორისტები პარლამენტში სერიოზულ წარმომადგენლობას მოიპოვებენ; მაშინ ნახავთ ქართველ ნუვორიშთა საწყალობელ მოთქმა-გოდებას, მაგრამ გვიან იქნება! გამძვინვარებულ პროლეტარებთან არ გაგივათ ის, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და «მემარჯვენე მონეტარისტებთან» გაგდით - ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც იშვიათად, მეფური დიდსულოვნებით გაიღებთ ხოლმე, - თავზე გადმოგაპირქვავებენ და ჯერ კაპიკ-კაპიკ, მერე ცენტ-ცენტ, ბოლოს თეთრ-თეთრ დაგითვლიან ყველაფერს.
        შეიძლება იმასაც კი მოვესწროთ, რომ «ყველაზე აყვავებულ საწარმოებში», რომელთა მეპატრონეები ყველაზე ხშირად და გულისგამაწვრილებლად წუწუნებენ «სავალუტო ფონდის» დიქტატის გამო, შრომითი კოლექტივი გაიფიცოს ლეიბორისტული (პროლეტარული) პარტიის შეგულიანებით და ჯერ ხელფასის მომატება, შემდეგ კი თავის დროზე ქარხნის პრივატიზების კანონიერების გარკვევა მოითხოვოს.
        აბა, რა გგონიათ? სოციალური სამართლიანობა (არა «ევროპული», არამედ პროლეტარული გაგებით) გულისხმობს არა გამაძღარი მეპატრონე-ბიზნესმენების მიერ სამოწყალოდ გადმოგდებულ ძვლის გამოხრას, არამედ მეპატრონეთა ჩამოხრჩობას და მისი ცოლ -შვილის გაუპატიურებას.
        ასე ესმოდათ და ესმით «სოციალური სამართლიანობა» თვით რუსეთში, რომლისკენაც გულმხურვალედ მიისწრაფიან ქართველი მეწარმეები, რაკი ტკბილად ახსოვთ, როგორ «აიმასქნებდნენ» «დიდ საქმეებს» ორი ბოთლი კონიაკის ფასად.
        ოღონდ, ნაცვლად 1977 წლის რუსეთისა, შეიძლება 1917 წლის რუსეთში დაბრუნდნენ და ვაი, მაშინ, მათი ცოლ-შვილის ბრალი.

მერიდიანი, 26 აპრილი, 1999 წელი