ლარმა დოლარი ნოკდაუნში ჩააგდო

ლარმა დოლარი ნოკდაუნში ჩააგდო

 

    ის, რაც ამჟამად საქართველოს საფინანსო ბაზარზე ხდება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა ბრწყინვალე სპეციალისტ-ექსპერტები ჰყავს საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
    დაწყაებული ოქტომბრიდან, ისინი ჩვენ ხელისუფლებას განუწყვეტლივ უჩიჩინებდნენ «გაეშვა» ლარი, თანაც ამშვიდებდნენ: სიტუაცია არც ისე დრამატული იქნება, როგორც თქვენ გგონიათო, მაგრამ ხელისუფლებამ «ბოლომდე ითრია ფეხი». სიტყვა «დევალვაცია» მას პანიკურ შიშს ჰგვრიდა.
    ჩანს, სწორედ ამ შიშით აიხსნება პროექტის გაჭიანურება და არა «საბანკო სისტემის გადარჩენის სურვილით» - როგორც ახლა ზოგიერთი აცხადებს. სავალუტო ფონდის ექსპერტები კი დაჟინებით იმეორებდნენ: გაათავისუფლეთ ლარი – ნახავთ, რაც მოხდება. ბევრი არაფერი.
    ბოლოს და ბოლოს, რაკი ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა, მათ ედუარდ შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენეს: ან «გაუშვებთ» ლარს, ან სამუდამოდ გამოეთხოვებით კრედიტებს. ამ ულტიმატუმმა (უპირველესად პოლიტიკური და საკუთრივ ეკონომიკური მიზეზებით) ხელისუფლება ისე შეაშინა, «მწარე აბი» მაინც გადაყლაპა, შემდეგ თვალები გაახილა... და უმალ დარწმუნდა, რომ წამალი ნამდვილად ადრე მისაღები ყოფილა: საფინანსო ბაზარზე მოვლენები ძალიან უცნაურად განვითარდა. ახლა ზოგიერთი ხელისუფლებას ადანაშაულებს კიდეც. რატომ დაასახელა ციფრი (2-2,5), ამით ხომ მოსახლეობა გაიძარცვაო; იგულისხმება, რომ შეშინებული მოსახლეობა მისცვივდა სავალუტო ჯიხურებს და დაიწყო დოლარის მაქსიმალური კურსით (2,12) შესყიდვა, ახლა კი იმავე დოლარს ერთ ლარად და ოთხმოც თეთრადაც ვერ ყიდის. მაგრამ ელემენტარული სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: ხელისუფლება ასახელებდა მაქსიმალურ ციფრებს, ყველაზე უარესი შემთხვევისათვის. მას რომ ეს არ გაეკეთებინა, მაშინ იგივე ექსპერტები (ნამდვილად არ შერცხვებოდათ) საწინააღმდეგოს იტყოდნენ: წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებამ მოსახლეობა წინასწარ არ გააფრთხილაო.
    საერთოდ კი, მოსახლეობას მეტი ჭკუა და სიდინჯე მართებდა. ასჯერ გაუმეორეს: არანაირი ეკონომიკური საფუძველი ლარის სერიოზული დაცემისათვის არ არსებობს; ელემენტარულად ლარი არაა გამოშვებული იმ რაოდენობით, რომ მეტისმეტად გაუფასურდეს.
    მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, მაინც ეცნენ გადამცვლელ პუნქტებს და «ვალუტნიკებს» თავი გაატყავებინეს. ორიოდე დღეში კი კურსი ისევ გამყარდა, - ეს მოსალოდნელიც იყო.
    ახლა უკვე ნათელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა შენიშნეს ის, რაც ვერ შენიშნა ჩვენმა ეკონორმიკურმა გუნდმა: დოლარზე მოთხოვნას ზრდიდა არა განსხვავება ექსპორტსა და იმპორტს შორის ანუ უარყოფითი სალდო, როგორც ზოგიერთს ეგონა (თუმცა იგი უეჭველად ართულებდა ვითარებას) არამედ ფინანსური სპეკულაციები, რომელსაც სააქციო-კომერციული ბანკები «ვალუტჩიკებთან» ერთად ახორციელებდნენ. ისინი ოსტატურად თამაშობდნენ მოსახლეობის უნდობლობაზე ეროვნული ვალუტის მიმართ, - რა ენაღვლებოდათ, ეროვნული ბანკის სახით ჰყავდათ მეწველი» ძროხა, რომლისგანაც ნებისმიერი ოდენობით შეეძლოთ ეყიდათ დოლარი, შემდეგ გაეტანათ ვაგზალზე და საცოდავი მოსახლეობისათვის მამასისხლად მიეყიდათ.
    ექსპერტებმა შენიშნეს ისიც, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლარს კი არ ინახავდა (ამიტომაცაა მტკნარი სიცრუე და სისულელე, თითოს დევალვაციამ მოსახლეობის ანაბრები გააუფასურა) არამედ, როგორც კი ვთქვათ, ორმოცდაათ ლარს მოიხელთებდა, იქიდან ოც ლარს საჭმელზე ხარჯავდა, ოცდაათი ლარით კი უმალვე დოლარს ყიდულობდა. ეს ხდებოდა მასობრივად. თანაც, დოლარის მყიდველი გარანტირებული იყო, რომ ორიოდე კვირის შემდეგ, როცა ლარი დასჭირდებოდა, დოლარს, როგორც მინიმუმ, იმავე ფასად გაყიდიდა.
    კომერციულ ბანკებს («მეწველი ძროხის» არსებობის გათვალისწინებით) ეს ვითარება უაღრესად აძლევდა ხელს, მაგრამ ახლა მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა, - ლარის დაგროვება უფრო ხელსაყრელი გახდა (ყოველ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით, რაც ერთად აღებული მაინც ათეულობით მილიონია ყოველ ხელფასზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში), ვიდრე დოლარისა, ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა (მეწველმა ძროხამ) შეწყვიტა ინტერვენციები და დოლარის მყიდველს არა აქვს (არც უნდა ჰქონდეს) იმის გარანტია, რომ როცა ლარი დასჭირდება, დოლარის გაყიდვა იმაზე ნაკლებ ფასად არ მოუწევს, ვიდრე იყიდა.
    სააქციო-კომერციულ ბანკთა მესვეურები კი ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ამჟამად «ნაცემი ძაღლებივით უყურებდნენ ერთმანეთს» - ისინი ეროვნულ ბანკს (სახელმწიფოს) ატყუებდნენ, თორემ ახლა, როცა მხოლოდ ერთმანეთთან უნგდა ივაჭრონ, ნირი წაუხდათ, ვინაიდან ერთმანეთს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერაფრით მოატყუებენ.

მერიდიანი, 21 დეკემბერი, 1998 წ.