ლაზიკა და სასოფლო-სამეურნეო კომედია

ლაზიკა და სასოფლო-სამეურნეო კომედია

    ვინ იქნება პირველი მინისტრი, რომელსაც „მოხსნის“ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი? უცნაურია, მაგრამ ეს კითხვა რატომღაც სწორედ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატურის დისკურსში იკრებდა აქტუალობას. არადა, თითქოს სულ სხვა საკითხია, მაგრამ მაინც უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო და საკადრო რესურსებს.
    რასაკვირველია, არავინ სვამდა კითხვას: აქვს კი უფლება პრემიერს „მოხსნას“ (ოჰ ეს საბჭოთა ტერმინოლოგია) ან „გაუშვას“ (დამოუკიდებელი საქართველოს სემანტიკური მიგნებით) ნებისმიერი მინისტრი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე? ჩავხედოთ კონსტიტუციას. არც ისე მარტივადაა საქმე. მარტივი რომ ყოფილიყო, ცხელ გულზე პირველს ალასანიას „გაუშვებდა“ მინისტრთა კაბინეტიდან. მაგრამ დავით კირვალიძე თვითონ გადადგა. ვითომდაც სამინისტროში კორუფციული სკანდალის გამო. არადა, მის გადადგომაზე ლაპარაკი პრემიერმა ჯერ კიდევ ამ სკანდალამდე დაიწყო. როგორც ჩანს, მასზე გადაწყვიტეს „ჯოხის გადატეხვა“, ანუ სოფლის მეურნეობის მინისტრს ბრალდება ის ტრაგიკომიკური სიტუაცია, რაც „ქართული სოფლის აღორძინების“ გრანდიოზული პროექტის გარშემო შეიქმნა.
    უკვე ნათელია, რომ „ისტორიული პროექტი“ ჩაფლავების პირასაა. ყველა ქვეყანაში, სადაც ამგვარი ფორმით სოფლის მეურნეობის დახმარება სცადეს (უამრავი ასეთი მცდელობა იყო, თანაც ჩვენზე ასჯერ მდიდარ და დიდ სახელმწიფოებში), პირველი რამდენიმე თვე ბუმი გამოდგა, რასაც შემდეგ ვარდნა მოჰყვა. საქართველოში საქმე ბევრად უარესადაა, ესე იგი მილიარდიანი ფონდის ათვისებაც კი უცნაურად ნელა მიმდინარეობს: ჯერ სულ რამდენიმე მსხვილი კრედიტია გაცემული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერთა დარიგებას ძალზე ნიშანდობლივი და მრავლისმეტყეველი ექსცესები ახლავს თან, როდესაც გლეხები ამ ვაუჩერთა „მონეტიზებას“ ცდილობენ (ბევრი სკეპტიკოსი ხომ წინასწარმეტყველებდა, სწორედ ასე მოხდებაო!), ანუ, იარაღს კი არ ყიდულობენ, რათა მიწა დაამუშავონ, არამედ ორი ბოთლი არაყის ფასად ყიდიან. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ვაუჩერთა მყიდველები დააპატიმრა, არადა, მთავარი საკითხი ისაა, გამყიდველს რატომ არ „უღირს“ ეს ვაუჩერები სულ ორი ბოთლის ფასად? იმიტომ ხომ არა, რომ უბრალოდ, მიწაზე მუშობა ეზარება და ერცხვინება?!
    დავაკვირდეთ კონფლიქტებს, რომლებიც ბოლო დროს გაიშალა ინდუს ინვესტორებსა და ადგილობრივ გლეხებს შორის: პიკეტები მოუწყვეს, დაარბიეს, სამუშაოები შეუჩერეს და მიწის დახვნის საშუალებას არ აძლევენ. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თვითონ აქვთ სურვილი ის მიწა დაამუშაოვონ. როგორ გეკადრებათ! უბრალოდ, საძოვრად იყენებდნენ! საქონლის საძოვარზე გაყვანას კი რა უნდა? გარეკავ, აძოვებ, ამასობაში თავად „ჩაუჯდები“ ჩრდილში, გემრიელად ისადილებ, დალევ და ტკბილადაც დაიძინებ, სანამ ძოვს. ამაზე ადვილი რა არის? აი, მიწის დამუშავებაა ძნელი, - ოფლის ღვრასა და შრომას მოითხოვს. ამიტომაც უნდა გავაძევოთ წილხვედრი სამშობლოდან ის წყეული ინდუსები თუ ბურები, რომლებიც იმდენად თავხედები არიან, რომ „ქართული მიწის“ დამუშავებას ცდილობენ, მაშინ, როდესაც ჩვენ „ჩეროში“ წამოწოლა და ტკბილად თვლემა გვინდა. მაქსიმუმ, თბილისში „ტაქსაობა“.
    მას შემდეგ რაც პოლიციამ დახმარებაზე ცივი და ჭეშმარიტად „პატრიოტული“ უარი უთხრა, კი იძახიან ის საბრალო ინვესტორები: „ეს რა შარში გავყავით თავი, ფული დაგვიბრუნეთ და თქვენთან აწი ჩამომსვლელი დახია კამა სუტრამო“, მაგრამ ვინღა დაუბრუნებს? ან ასეთ ქვეყანაში და მის სოფლის მეურნეობაში რომელი გიჟი ჩადებს ფულს? არადა, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, ნაწილობრივ მაინც ხომ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე იყო გათვლილი?!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არანაკლებ საინეტრესოა, რატომ ვერ ხერხდება საბანკო კრედიტების მასობრივად გაცემა მინიმალური (2-3 პროცენტიანი!!!) საპროცენტო განკვეთით. ხომ გამოგვიჭედეს ყური წლების განმავლობაში, რომ „პროცენტი მეტისმეტად მაღალი იყო“ და ვითომდაც მხოლოდ ეს ქმნიდა პრობლემას? ისევ და ისევ, ამაზე ადვილი რა არის? გაეცი კრედიტი დაბალი პროცენტით, შეუწვე ხელი ფერმერს, შენც იხეირებ და ქვეყანაც! მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბანკი start-up-ისთვის ითხოვს თუნდაც მინიმალურ, თუნდაც 10 პროცენტიან თანადაფინანსებას! კრედიტის მთხოვნელი კი ეუბნება: „არა, მე რომ კრედიტით მოწყობილობას ვიყიდი, იმას ჩავდებ უზრუნველყოფაშიო“, რაზეც ბანკი, რა თქმა უნდა, უარს ეუბნება და სწორადაც იქცევა: თუ ბიზნესმა არ გაამართლა, ის მოწყობილობა ვის რა ჭირად უნდა? ვინღა იყიდის?
    ანუ, აქ იგივე სინდრომი მოქმედებს, რაც „საძოვრის“ შემთხვევაში: გარისკვა, საკუთარ თავზე თუნდაც მინიმალური პასუხისმგებლობის აღება, შრომა, ნერვიულობა, ოფლის ღვრა და ღამეების თენება არავის უნდა. ურჩევნია უდარდელად წამოწვეს „ჩეროში“ და არხეინად, მთვლემარედ უყუროს: გაამართლებს ბიზნესი - ხომ კარგი, თუ არადა, „აბა მე რას ვკარგავ რო - წაიღე შენი კრედიტით ნაყიდი მოწყობილობა, რაღა ჯანდაბად მინდა?“
    რეალურად, ეს ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებები, - „ჩეროში წამოწოლის“, პასუხისმგებლობისგან და რისკისგან თავის დაძვრენის, „მიწაზე ხელის არგასვრის“ და მამაპეპეული სახლის დაგირავებით თბილისში „გლაზასტი მერსედესით ტაქსაობის“ სინდრომი ბევრად მეტად უშლის ხელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითრებას, ვიდრე რომელიმე მაკრო ან მიკრო ეკონომიკიური კატეგორია. მით უმეტეს წინა მთავრობის „ბოროტი უარი“ ქართული სოფლის აღორძინებაზე.
    მიშამ და მისმა გუნდმა. თავის მხრივ, უკეთესი რომ ვერ მოიფიქრეს, ყველაფერი მცირემიწიანობას დააბრალეს. აქაოდა, სოფლის მეურნეობის წარმატება მსხვილ ფერმერულ მეურნეობათა შექმანზეა დამოკიდებული, ამიტომ სოფლელთა ნახევარი ლაზიკაში გადავასახლოთ, რის შემდეგაც სოფლად დიდი საწარმოების შექმნის პერსპექტივა გაჩნდება. აბა რა ვქნათ, თუ ქართველები ასეთი „ურბანისტები“ აღმოვჩნდით, რომ სოფლელობა ჩვენში ებრაული „გოიმობის“ სინონიმია?
    გულუბრყვილობა კი იყო, მაგრამ არც ისეთი სიგიჟე და სისულელე, როგორც „მეოცნებეები“ ცდილობდნენ წარმოჩებას წინასაარჩევნო პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, მათი „ოცნება“ სოფლად ფულის ჩაყრის და საქართველოს ახალ ზელანდიად ქცევისა შეიძლება კიდევ უფრო დიდი სისულელე აღმოჩნდეს, ხოლო ეკონომიკის კანონთა უგულებელყოფამ, „ლაზიკაც“ და „ქართული სოფლის აღორძინების“ ეპოპეაც ერთიანი კომედიის ორ აქტად აქციოს - 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებოს ანტრაქტით.
    დალოცვილო, ამდენი ფული თუ გაქვს და არ გენანება, რათა სამშობლოს მოახმარო, წყალს რატომ ატან? აგერ არის „რეალური სექტორი“, აგერ არის მშენებლობის დარგი, რომელიც სულს ღაფავს დავალიანებებით, უფინანსობით და ურწმუნობით, თორემ პატარა „ხელის წაკვრის“ შემთხვევაში, ეკონომიკის კრიზისიდან გამომთრევ მძლავრ „ორთქმავლად“ იქცევა. თან ისე, რომ არავის დააზარალებს და არანაირ „ახალ იდეოლოგიას“ არ საჭიროებს შავი ზღვის პირას თომაზო კამპანელასეული „მზიურის“ ან „ჩეროში“ წამოწოლილი გლეხის ტკბილ სიზმარში შეჭრის მსგავსად.

2013