ლადო პაპავა შეშფოთებას აღარ მალავს

ლადო პაპავა შეშფოთებას აღარ მალავს

 

    მიუხედავად ხელისუფლების არაერთგზისი ოპტიმისტური განცხადებისა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი «აღმავლობის შესახებ», ბოლო დროს მაინც გაჩნდა რამდენიმე უაღრესად საყურადღებო ნეგატიური სიმპტომი, რომელიც ალარმისტული და პესიმისტური განწყობის საფუძველს ქმნის.
    ჯერ ერთი, ქართველ რეფორმატორთა გუნდი საკმაოდ უნიჭოდ და უნიათოდ დუმს იმ უცნაურ რყევასთან დაკავშირებით, რომელიც საფინანსო ბაზარზე გრძელდება. ლარის სიმყარე ეკონომიკური რეფორმის არა მხოლოდ ფისკალური, არამედ პროპაგანდისტული და, თუ გნებავთ, ფსიქოლოგიური გარანტია.
    საკმარისია, ლარის კურსის რყევამ «მცოცავი დევალვაციის» სახე მიიღოს და ამაში მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ დამანგრეველი პროცესების შეჩერება შეუძლებელი გახდება. ასევე ესეც საცნაურია: ლარმა ვერაფრით მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და ანაბრები ბანკებში უფრო დოლარებით ჩნდება, ვიდრე ლარებით.
    ჯერჯერობით ლარის დევალვაცია და საფინანსო ბაზარზე შექმნილი დაძაბული ვითარება ინფლაციურ პროცესებს არ იწვევს, მაგრამ ესეც მხოლოდ დროებითი მოვლენაა. მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. «რეფორმატორთა» განცხადებით, ლარის კურსის «დაჭერა» მათ იმის გამო უჭირთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მიმოქცევაში წლის ბოლოს დიდი ოდენობით დაუსაქმებელი თანხა გამოჩნდა.
    მაშასადამე, ლარი კვლავინდებურად უფრო სავალუტო რეზერვებზეა დამოკიდებული, ვიდრე სასაქონლო უზრუნველყოფაზე. ეს თავისთავად ნეგატიური მომენტია, მაგრამ დამღუპველი ჯერ კიდევ არ არის. დამღუპველად ის უნდა ჩაითვალოს, რომ ამგვარი მდგომარეობა უსასრულოდ გრძელდება და პოზიტიური ტენდენციაც არ ჩანს.
    ელემენტარული პოლიტეკონომიაა: თუ ეროვნული ვალუტა საქონლით არ არის განმტკიცებული, ქვეყნის ეკონომიკა ბეწვზე ჰკიდია და ყოველწამს შეიძლება ჩამოიქცეს.
    მეორე, უაღრესად საშიში ტენდენციის შესახებ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ლადო პაპავამ ამცნო საზოგადოებას. მისი თქმით, სულ უფრო იზრდება საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო. 1997 წლის ბოლოს მან 600 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც პაპავას აზრით, «უკვე საშიში ზღვარია», ანუ ქვეყნის ეკონომიკამ ამგვარ ზეწოლას შეიძლება ვეღარც გაუძლოს და ერთბაშად დაემხოს. მაშასადამე, საქართველოდან ექსპორტი უკვე 600 მილიონი დოლარით ჩამორჩება იმპორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძველი ეცლება.
    შექმნილი ვითარება ძალზე სერიოზული გამოცდაა რეფორმატორთა გუნდისთვის. ჯერ-ჯერობით «ქართველ ერპარდად» წოდებული ბასილია ისე დუმს, თითქოს არაფერი ხდებოდეს. ვითარება კი მართლაც საგანგაშოა. 600-მილიონიანი უარყოფითი სალდო უმძიმეს ტვირთად აწვება ქვეყანას და ფსკერისკენ მიაქანებს; ობიექტურად ძლიერდება «სოციალისტთა» არგუმენტაცია, რომლებიც მოითხოვენ პატერნალისტური პოლიტიკის გატარებას, საზღვრების ჩაკეტვას, საქონლის იმპორტის ხელოვნურ შეზღუდვას და ა.შ. ამ მეთოდებით საქართველო ვერაფერს გახდება: ჯერ ერთი, სხვა ქვეყნებიც ანალოგიურ ზომებს მიიღებენ საკუთარი მწარმოებლის დასაცავად და საქართველო «საკუთარ წვენში ჩაიხარშება». გარდა ამისა, სავალუტო ფონდი მონეტარისტული პოლიტიკის ღალატს არ გვაპატიებს და უმალვე გაწყვეტს ჩვენთან ყოველგვარ ურთიერთობას.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ერთადერთი შანსი, რათა საქართველომ როგორმე თავიდან აიცილოს კატასტროფა - ისევ და ისევ წარმოების განვითარებაა, ოღონდ არა პროტექციონიზმით ან ემისიური კრედიტების გამოყოფით, არამედ გრძელვადიანი, არაემისიური საბიუჯეტო ასიგნებებით, სახელმწიფო ინვესტიციებით და ა.შ.
    რა თქმა უნდა, ეს სოციალური ხარჯების შემცირებას ნიშნავს, მაგრამ სხვა გზა არ არის. სხვაგვარად საქართველო მოჯადოებულ წრეში დარჩება და ამ წრეშივე ამოხდება სული ქართულ რეფორმებსაც და ქართულ ეკონომიკასაც.

მერიდიანი, 28 იანვარი, 1998 წ.