„კრიმინალთა პოლიტიზაცია და პოლიტიკის კრიმინალიზაცია“

„კრიმინალთა პოლიტიზაცია და პოლიტიკის კრიმინალიზაცია“

ამჯერად საუბარი შეეხება არა დანაშაულის ცალკეულ შემთხვევებსა და გამოვლინებებს, არამედ იმ უცნაურ, ცივილიზებული სამყაროსათვის არნახულ და გაუგონარ მოვლენას, როდესაც კრიმინალური სამყარო ქმნის საკუთარ «შავ იდეოლოგიას», ამ იდეოლოგიის ცხოვრებაში გატარებისა და გავრცელების მყარად ჩამოყალიბებულ და სტრუქტურიზებულ მექანიზმებს და არსებობს, როგორც განყენებული სისიტემა.

    დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ცენტრში (ჩეთენ ჰაუზში) გამოსვლისას, ედუარდ შევარდნაძემ წარმოთქვა  მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელშიც სხვა დებულებებთან ერთად იყო შემდეგიც: «საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში შეიმჩნეოდა კრიმინალთა პოლიტიზაციისა და პოლიტიკის კრიმინალიზაციის პროცესი. განსაკუთრებით აქტიურად, ეს პროცესი, სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარეობდა».
    ჩემი აზრით, ეს ფრაზა არის პირველი სერიოზული მცდელობა იმ მოვლენათა ანალიზისა, რომელიც წინ უძღოდა საქართველოში სამოქალაქო ომსა და მის თანამდევ ეროვნულ ტრაგედიას. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ქართული საზოგადოება არ არის ბოლომდე მზად სრულად გაიცნობიეროს არა მხოლოდ თვით მოვლენის, არამედ მის წინაპირობათა სიღრმისეული მიზეზები; თუმცა, მაინც მოვიდა დრო, ზოგიერთი რამ ითქვას; მით უმეტეს, რომ მოვლენა თუ პროცესი (ტენდენცია) დღეს არა თუ ინარჩუნებს აქტუალობას და მტკივნეულობას, არამედ სერიოზულ ზეგავლენასაც ახდენს ხელისუფლებაზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მშენებლობასა და თვით ერის ზნეობრივ-სულიერ ჯანმრთელობაზეც კი.
    1988 წლიდან საქართველოში დაწყებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის («ეროვნული მოძრაობის») არსებითი ანალიზი უდავოდ მომავლის საქმეა. მხოლოდ მომავალი თაობა (რეალობის გათვალისწინებით) მისცემს სწორ, ობიექტურ შეფასებას იმას, თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე - ეს იყო მართლაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფოებრივი მშენებლობისათვის აუცილებელი საფუძვლის, ანუ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვებას, თუ სინამდვილეში მაშინ (და დღეს) საქმე გვქონდა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი «სოციალური ბოღმის» ამოფრქვევასთან, რომელიც ოსტატურად გამოიყენეს პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა თავიანთ მერკანტილური მიზნებისა და მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.
    ვიმეორებ: ამ ურთულეს პრობლემაზე თამამად მსჯელობა ალბათ მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც იგი ისტორიულ პრობლემად იქცევა და დაკარგავს პოლიტიკურ ჟღერადობას. თუმცა, დღესვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ პრობლემის ერთ-ერთ ასპექტზე, რომელიც ბოლო დროს მეტისმეტად «გაშიშვლდა» საზოგადოების თვალწინ. არადა, მისი საბოლოო გადაწყვეტა დიდად არის დამოკიდებული სწორედ საზოგადოებრივი აზრის სწორ ფორმირებაზე.

    კომუნისტური წყობის მთავარი თვისება ფორმალურად ანტაგონისტური სოციალური ძალების თვისობრივი ერთიანობა გახლდათ. ე.წ. «დისიდენტური ფენომენი», მიუხედავად არსებული სისტემისადმი დაპირისპირებისა, სინამდვილეში, შინაარსობრივად, სწორედ ამ სისტემის პროდუქტი და, უფრო მეტიც, გარკვეული თვალსაზრისით მისი არსებობის პირობაც იყო. იგივე შეიძლება ითქვას იმ სოციალურ ფენაზეც, რომელიც საერთოდ არ სცნობდა არსებულ «ანტიკრიმინალურ კანონმდებლობას» და პირდაპირ უპირისპირდებოდა მართლწესრიგს.
    ხაზს ვუსვამ, რომ ამჯერად საუბარი შეეხება არა დანაშაულის ცალკეულ შემთხვევებსა და გამოვლინებებს, არამედ იმ უცნაურ, ცივილიზებული სამყაროსათვის არნახულ და გაუგონარ მოვლენას, როდესაც კრიმინალური სამყარო ქმნის საკუთარ «შავ» იდეოლოგიას, ამ იდეოლოგიის «ცხოვრებაში გატარებისა და გავრცელების» მყარად ჩამოყალიბებულ და სტრუქტურიზებულ მექანიზმებს და არსებობს, როგორც განყენებული სისტემა.
    ამ სისტემას ვერ შევადარებთ დასავლეთში ცნობილ «განგსტერულ სინდიკატებს» რადგან მათი იდეოლოგია არ ითვალისწინებს დანაშაულს, როგორც თვითმიზანს, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის მოპოვების საშუალებას.
    ე.წ. «კანონიერი ქურდობის» ფენომენი, რა თქმა უნდა, ტაბუირებული იყო საბჭოური სოციოლოგიისათვის, რაც არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან არაფერი მსგავსი არ შეიძლებოდა არსებულიყო «სოციალისტურ სინამდვილეში». მაგრამ გასაკვირი ის გახლავთ, რომ თემა დღესაც ტაბუირებულია და ამაზე მსჯელობას ამჟამადაც ერიდებიან. არადა, პრობლემა არათუ მნიშვნელოვანი, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლოც კია ჩვენი ქვეყნისათვის.

    ზემოთ აღვნიშნე, რომ კომუნისტური წყობის პირობებში არსებობდა «დაპირისპირებულთა თვისობრივი ერთიანობის» ფენომენი. ეს ფენომენი განსაკუთრებით მკაფიოდ მაშინ გამოვლინდა, როდესაც დაიწყო კომუნისტური წყობის ნგრევა: დაახლოებით ოთხმოციანი წლების ბოლოს, საქართველოში გაიშალა მასობრივი მოძრაობა არსებული ხელისუფლებისა და მმართველობითი სისტემის წინააღმდეგ. უკვე მაშინ არ იყო ძნელი შესამჩნევი, რომ უცნაურად გააქტიურდა ყოველი ნორმალური საზოგადოების ფსკერი - კრიმინალური სამყარო და მისი სოციალური ელემენტები.
    ეს მომენტი, უპირველეს ყოვლისა, იმათ არ უნდა გამორჩენოდათ მხედველობიდან, ვინც დრომოჭმული საზოგადოებრივი ფორმაციის შეცვლას ცდილობდა ახალი, პროგრესული წყობით. მაგრამ სამწუხაროდ, მათ არა თუ პირველებმა არ ატეხეს განგაში ამ მეტად საშიში ტენდენციის გამო, არამედ პირიქით - ფაქტობრივად შეერწყნენ კრიმინალებს და საკუთარი მიზნების განხორციელება სწორედ მათი მეშვეობით, მათი საშუალებით სცადეს.
    როგორც ჩანს, ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ის იყო, რომ მაშინდელ «ლიდერებს» ხელისუფლებასთან ყოველგვარი თანამშრომლობა (თუნდაც მკაცრი, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების გზით) ყოვლად მიუღებლად მიაჩნიათ და ცდილობდნენ მათზე ძალისმიერ ზემოქმედებას - აშკარად კონფრონტაციული მიტინგებისა და სხვა ხმაურიანი აქციების მოწყობის გზით.
    ხოლო ვინაიდან ამგვარი აქციები უეჭველად გულისხმობდა ძალისმიერ დაპირისპირებას არსებული ხელისუფლების სტრუქტურებთან - მათ დაუყოვნებლივ მიმართეს კრიმინალებს «დახმარებისთვის», რომლებიც ამ გზით ჩართეს პოლიტიკურ პროცესში.
    ეს ტენდენცია განსაკუთრებით ნათლად მაშინ გამოიკვეთა, როდესაც მოხდა განხეთქილება ე.წ. «ეროვნულ ძალთა» შორის და თითოეული ნაწილი ოდესღაც ერთიანი (თავისი შინაარსით მხოლოდ დესტრუქციული) ძალისა - ცდილობდა მოწინააღმდეგეზე უფრო «ავტორიტეტულ» კრიმინალს დაყრდნობოდა, რათა მისი მეშვეობით ეგდო ხელთ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ რეალური ძალაუფლებაც.
    ამ ორ ცნებას შემთხვევით არ ვმიჯნავ ერთმანეთისაგან - 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, კომუნისტური ელიტა მხოლოდ ხელისუფლებას ფლობდა, ძალაუფლება კი, რეალურად სოციალურ მარგინალთა ხელში გადავიდა.
    1989-1990 წლებში, იმდროინდელი სამეურნეო-მაფიოზური სტრუქტურები უფრო ე.წ. «კონგრესისა» და მასთან «დაახლოებული» ძალისმიერი სტრუქტურების «მხარდაჭერის» იმედად იყვნენ, ვიდრე კორუმპირებული სახელმწიფოებრივი სტრუქტურებისა.
    ხოლო განსაკუთრებული სიმწვავე ამ დაპირისპირებამ მაშინ შეიძინა, როდესაც «ეროვნულთა» ერთი ნაწილი მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე ამ თვალსაზრისით «ხახამშრალი» დარჩა და უმალვე დაიწყო მზადება ახალი დაპირისპირებისათვის.
    ორივე მხარე კვლავ იმავე კრიმინალურ სტრუქტურებს ეყრდნობოდა და მათი მეშვეობით ცდილობდა სასურველი შედეგის მიღწევას.
    რაც შეეხება თავად «კრიმინალებს», მათ განსაცვიფრებელი პოლიტიკური ალღო და «სოციალური ყნოსვა» აღმოაჩნდათ - ისინი უმალვე მიხვდნენ, თუ საიდან «უბერავდა ქარი» და რა «მოგებას» უქადდა მათ პოლიტიკური პროცესის მარგინალიზაცია - მისი გარდაქმნა ასოციალურ ელემენტთა დაპირისპირებად.
    კრიმინალურმა სამყარომ დაუყოვნებლივ ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და თავის მოქმედებას პოლიტიკური შეფერილობა შესძინა, რითაც ერთგვარი «კარტ-ბლანში» მიიღო.
    სამოქალაქო ომმა მხოლოდ განამტკიცა მათი მდგომარეობა და გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. განხორციელდა კრიმინალური სტრუქტურების სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაცია, რასაც ბუნებრივად მოჰყვა დანაშაულებრივი იდეოლოგიის სახელმწიფოებრივ დონეზე ატანა და მისი დამკვიდრების მცდელობაც კი - გავიხსენოთ «სერიოზული» საუბრები, საკმაოდ «მაღალ» დონეზე, «პროკურატურის გაუქმების» აუცილებლობის შესახებ, პროპაგანდისტული გამოხდომები სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ და ა.შ.
    მავანმა შეიძლება თქვას, რომ აქ საქმე ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების გარდაქმნას, რეფორმირებას, პროკურატურის ფუნქციის შეცვლას და ა.შ. მაგრამ ეს არ არის მართალი - როდესაც კრიმინალი, დემოკრატიული ფრაზეოლოგიის გამოყენებით, საუბრობს «სამართალდამცავი ორგანოების რეორგანიზაციის აუცილებლობაზე», იგი გულისხმობს არა საზოგადოების ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი სისტემის შექმნას, არამედ პირიქით, არსებული სამართალდამცავი სისტემის დაშლას და განადგურებას - იმავე კრიმინალური სამყაროს ინტერესებიდან გამომდინარე; ანუ აქ ჩვენთვის საინტერესოა არა ფრაზეოლოგია, არამედ შინაგანი მოტივაცია - სიღრმისეული მისწრაფება.
    სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ტენდენცია ხელისუფლების ამჟამინდელ ეშელონთა უმაღლეს შრეებშიც შეინიშნება და, რაკი ასეა, სრულიად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ «სახელისუფლებო სტრუქტურად» შენიღბული კრიმინალური გაერთიანება ბედავს, აშკარად დაესხას თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ დაემორჩილოს, უგულებელჰყოს, შეურაცხყოს კანონი და თვით სახელმწიფოს მეთაურიც კი.

    ყოველივე ეს მაინც მხოლოდ გამოხატულებაა სიღრმისეული, ფუნდამენტური პრობლემისა - ქართული საზოგადოება სოციალური თვალსაზრისით უაღრესად დამახინჯებული, დაავადმყოფებული გამოვიდა ტოტალიტარული წარსულიდან. უმძიმესი სოციალური სიმსივნე დღესაც ღრღნის და წამლავს მის სხეულს - მომაკვდინებელი მეტასტაზები ანადგურებენ ჯერ კიდევ ჯანსაღ საზოგადოებრივ ქსოვილებსაც.
    ყველამ ვიცით, სად არის პრობლემის საფუძველიც და ბოლოც, სიმსივნეც და მეტასტაზიც - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქირურგიული ჩარევის, - მტკიცე, თუნდაც მტკივნეული მოქმედების გარეშე ვერაფერს გავაწყობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შხამიანი მეტასტაზები მთლიანად დაიპყრობენ ორგანიზმს და ეროვნული სხეულიც სამუდამოდ შეწყვეტს არსებობას.

«მოქალაქე», 17 მარტი, 1995 წელი.