კრემლში ვინც არ მოსწონთ, ყველა გიჟია

კრემლში ვინც არ მოსწონთ, ყველა გიჟია

        თანდათან ძალას იკრებს და ღვივდება მორიგი სკანდალი მოსკოვსა და მინსკს შორის. პრეზიდენტმა მედვედევმა საკმაოდ უხამსი სტილით განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში, როცა მოსკოვში ე.წ. «კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია» შეიკრიბა, ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ «საზეიმო პირობა დადო», რომ აუცილებლად სცნობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს პირობა უსინდისოდ დაარღვია.
        ლუკაშენკოს ბევრი არ უფიქრია და მედვედევს ცივი პასუხი ახალა: «არავითარი პირობა არ მომიცია და ტყუილების როშვას თავი დაანებეო». ამის პასუხად კი კრემლმა საერთოდ გამაოგნებელი რამ გააკეთა: «კრემლში გამართული კონფიდენციური მოლაპარაკების სტენოგრამას გამოვაქვეყნებთ და მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რას ამბობდაო ლუკაშენკო».
        ასეთი რამ დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს! ეს მუქარა, ჯერ ერთი, იმას ნიშნავს, რომ კრემლში ფარულად იწერენ მოლაპარაკებებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ეთერში გაუშვან და, რაც მთავარია, მზად არიან დაარღვიონ დიპლომატიის ოქროს კანონი, რომლის თანახმად, კონფიდენციური მოლაპარაკების დროს გამოთქმული მოსაზრებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული საჯარო სივრცეში. ანუ, დიპლომატია სწორედ იმიტომაა დიპლომატია, რომ საიდუმლო მოლაპარაკების დროს ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუმცა «ფასი» მხოლოდ იმას აქვს, რაც საჯაროდ ითქმება და არა დახურულ კარს მიღმა. ხოლო ამ კარს უკან ნათქვამის შანტაჟისთვის გამოყენება ისეთი გაუგონარი უხამსობაა, რომ რუსული დიპლომატია ამით ყოველგვარ ნდობას კარგავს.
        რომც აღარ გამოაქვეყნონ ლუკაშენკოს ფრაზები «ოდკბ»-ს სამიტზე, თვით ამგვარი მუქარაც კი მსოფლიოს ყველა დედაქალაქში უკვე რუსული დიპლომატიის ველურობად აღიქმება და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებენ. სინამდვილეში, მთავარი ის კი არ არის, რა თქვა ლუკაშენკომ დახურულ შეხვედრაზე (პოლიტიკოსს ენა იმისთვის აქვს, რომ თავისი ნამდვილი ინტერესები დაფაროს), არამედ ის, რა გააკეთა. უფრო ზუსტად, რა არ გააკეთა – არ სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. «დამოუკიდებლობა», რომელიც სინამდვილეში არა დამოუკიდებლობას, არამედ კრემლის მარიონეტობას და სრულ ოკუპაციას ნიშნავს.
        ლუკაშენკო ასე მოიქცა არა საქართველოს სიყვარულით ან დასავლეთის შიშით, არამედ თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე: ბელორუსეთისთვის მიუღებელია «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» გორბაჩოვისეული გეგმის აღორძინება უკვე დღევანდელ პირობებში და პუტინის «ახალ კავშირში» საქართველოს ყოფილ ავტონომიებთან გათანაბრება.

            კლინიკა

        ლუკაშენკოს «დაუმორჩილებლობით» გაცოფებულმა კრემლმა «გაზპრომის» პროპაგანდისტულ რუპორ «ნტვ»-ს უბრძანა ბელორუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგი საინფორმაციო დივერსია განეხორციელებინა: ეთერში გავიდა მესამე ფილმი ციკლიდან «ნათლიმამა». ამჯერად, «საინფორმაციო ჯარების» ოფიცერთა ამ ნაცოდვილარში უკვე არა მხოლოდ და არა იმდენად ლუკაშენკოს დიქტატორობაზე (პუტინი ხომ სულ დემოკრატია!), არამედ მის პირად ცხოვრებასა და . . . სულიერ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი!
        არჩევენ ბინძურ ჭორებს პრეზიდენტის ოჯახური ცხოვრების შესახებ, ხოლო სერბსკის «სახელგანთქმული» კლინიკის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თურმე ბელორუსის პრეზიდენტი «მოზაიკური ფსიქოპატიითაა» დაავადებული. ანუ შიზოფრენიის საწყისი ფორმა სჭირს.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებულმა «სერბკის კლინიკამ» თავის დროზე სახელი იმით გაითქვა, რომ საბჭოთადროინდელი კრემლისთვის არასასურველ ადამიანებს «ფსქიკიურად დაავადებულებად» აცხადებდა.
        ამის გამო საბჭოთა (რუსული) ფსიქიატრია მსოფლიო ორგანიზაციიდანაც კი გარიცხეს. დღეს ეს სამარცხვინო «სამედიცინო დაწესებულება» ისევ ერთგულად ემსახურება თავის პატრონებს.
        თურმე ლუკაშენკო «შიზოფრენიკი» ყოფილა. არადა, საინეტრესოა ეს მოსკოვში როდის შეამჩნიეს? საბჭოთა კავშირის დაშლიდან 10 წლის განმავლობაში ბელორუსზე ერთგული მოკავშირე კრემლს არ ჰყოლია. ტონობით არაყი დაილია ერთად. მაგრამ «მეგობრობა» საბოლოოდ დამთავრდა იმით, რითაც მთავრდება მეგობრობა და მოკავშირეობა კრემლთან ერეკლე მეორე ბაგრატიონის დროიდან მოყოლებული: ვლადიმერ პუტინმა 2002 წელს ლუკაშენკოს შესთავაზა . . . . რუსეთის ფედერაციასთან მიერთება, ანუ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.
        თანაც არა მთლიანად, არამედ ცალ-ცალკე, ოლქების სახით. ხოლო რაკი ამ «დიდსულოვან წინადადებაზე» უარი მიიღო, ჯერ მოღალატედ, ახლა კი გიჟად გამოაცხადა. ძალიან ჭკუისსასწავლებელი მაგალითია რუსეთთან მოკავშირეობის ყველა აგიტატორისთვის: მასთან «მოკავშირეობა», «ძმობა» და «მეგობრობა» ყოველთვის და ყველასთვის დამთავრდება ისევე, როგორც დამთავრდა ლუკაშენკოსთვის: ჯერ შემოგთავაზებენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, შემდეგ კი, თუ უარს იტყვი, გაზპრომის საინფორმაციო არტილერია დაიქუხებს და გიჟად გამოგაცხადებენ!
        სხვათა შორის, 20 წლის წინ იმავე კრემლმა, მისი ნაბუშრი აგენტურისა და ე.წ. «ინტელიგენციის» პირით ზვიად გამსახურდიაც გიჟად გამოაცხადა. დაახლოებით 2007 წლისათვს კი იგივე «სერბსკის» ინსტიტუტის დოქტორები გარეწარი ლეონტიევის გადაცემაში მსჯელობდნენ მიხეილ სააკაშვილის «მეტეორული შიზოფრენიის» შესახებ. ეს დასკვნა თურმე მის პორტრეტებზე დაკვირვებით გააკეთეს.
        ანუ, კრემლს თუ არ «ევასები», რა თქმა უნდა გიჟი ხარ! აბა როგორ შეიძლება პუტინი არ გიყვარდეს?
        სამაგიეროდ, სრულიად ჯანმრთელი ადამიანია ჩეჩნეთის «პრეზიდენტი» რამზან კადიროვი, რომელსაც სააბაზანოშიც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის სურათი უკიდია და დღენიადაგ ამბობს, რომ იგი ნაზად უყვარს. პუტინის ახალმა ქართველმა პარტნიორებმა კი  დროულად დაიკავონ თადარიგი სამომავლოდ: რადგან ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ, ახლავე აიღონ სერბსკის ინსტიტუტში ცნობა, რომ ფსიქოზის რაიმე ფორმით არ არიან დაავადებულნი.
        კიდევ უფრო მეტი გარანტია იქნება ხელწერილის დადება, რომ ბელორუსის პრეზიდენტისგან განსხვავებით, მიცემულ პირობას პუტინს აუცილებლად შეუსრულებენ. ან ამის ხმამაღლა თქმა რომელიმე შეხვედრაზე «დახურულ კარს მიღმა» იმის იმედად, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ყევლაფერს ხედავს, ყველაფერი იცის და ყველაფერს იწერს.

2010