კრემლი «მიწების შემომტკიცებას» იწყებს პუტინმა შევარდნაძეს შესაძლოა, ულტიმატუმი წაუყენოს

კრემლი «მიწების შემომტკიცებას» იწყებს  პუტინმა შევარდნაძეს შესაძლოა, ულტიმატუმი წაუყენოს

        პირველ საახალწლო მილოცვაში ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი «რუსული მიწების შეკრებას» იწყებს. აქ «შეკრება» იმავე აზრით გამოიყენება, როგორც შუა საუკუნეების საქართველოში იხმარებოდა «შემომტკიცება», რაც დაკარგულის (დროებით განმდგარის) დაბრუნებას გულისხმობდა.
        როგორც ჩანს, 2003 წლის 23 თებერვალს, «წითელი არმიის» დღეს პუტინმა დანაპირების შესრულება დაიწყო. მოსკოვში ხელი მოეწერა განცხადებას (ფაქტობრივად, «განზრახულებათა ოქმს») ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირების თაობაზე.

        თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს ერაყის კრიზისის შესახებ უნდა ემსჯელათ, მაგრამ ეს ცნობები «შემნიღბავი მანევრი» აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ ბოლო მომენტში ტაჯიკეთის პრეზიდენტი აღარ მიიწვიეს, უკვე მრავლისმეტყველი იყო. ტაჯიკეთი დსთ-ის მაჩანჩალად, რუსეთის უბრალო მარიონეტად აღიქმება. ამრიგად, ემომალი რახმონოვის მონაწილეობით სერიოზული დოკუმენტის გაფორმება გამორიცხული იყო. პუტინს კი ამჯერად სწორედ ძალიან სერიოზული დოკუმენტის ხელმოწერა ჰქონდა განზრახული.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1991 წლის 7 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ბელოვეჟის ტევრში ელცინმა, შუშკევიჩმა და კრავჩუკმა საბჭოთა კავშირი დაშალეს, ყველა ხელშეკრულება მხოლოდ «ცივილიზებული გაყრის დოკუმენტი იყო». გუშინდელი განცხადება (ჯერ განზრახულობათა ოქმი და არა ხელშეკრულება) პირველი რეალური ნაბიჯია საპირისპირო (ანუ, ცენტრისკენული) მიმართულებით.
        დოკუმენტის პრეამბულა (დეკლარაციული ნაწილი) ახალი ფედერაციული სახელმწიფო თუ არა, მტკიცე კონფედერაციის დამფუძნებელ მანიფესტს ჰგავს: «ჩვენ... ვისწრაფვით რა ხალხთა კეთილდღეობის ასამაღლებლად... და ასე შემდეგ». განცხადების შესაბამისად, 2003 წლის სექტემბრისთვის ხელი მოეწერება დოკუმენტს «ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმირების» შესახებ, რომელიც შემდგომ გადაიზრდება «რეგიონული ინტეგრაციის ორგანიზაციაში». ეს ორგანიზაცია შეუდგება კანონმდებლობის ჰარმონიზებას, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ დროისთვის ორგანიზაციაში შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რუბლის საერთო ვალუტად აღიარების თაობაზე, ეს ყოველივე მართლაც ძალიან სერიოზული ჩანს. ამ მიზნითცა, მხარეები ქმნიან მაღალი დონის ერთობლივ ჯგუფს და ამტკიცებენ მის მანდატს.
        ინტეგრაციის ეკონომიკურმა საწყისმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს – ევროკავშირის შექმნა 50-იან წლებში დაიწყო «მეტალურგიული შეთანხმებით» _ დღეს კი ერთიან კონსტიტუციასა და ერთიან პრეზიდენტზეა საუბარი. «ოთხთა კავშირს» საფუძვლად დაედება საბაჟო ხელშეკრულება, მაშასადამე, საერთო ეკონომიკური საზღვარი. სხვა რა არის ერთიანი სახელმწიფო? ერთიანი საზღვარი და ერთიანი ვალუტა მისი უმთავრესი მახასიათებელი და უპირველესი ნიშანია.
        მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, შეტრიალდა მოსკოვისკენ. ეს პუტინის უდიდესი გამარჯვებაა. «ოთხთა» საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ახალი კავშირი შეეცდება, შექმნას სამუშაო ძალის გადაადგილებისა და ვაჭრობის ისეთი პირობები, როდესაც, ყოფილი სსრკ-ის სხვა რესპუბლიკები (ევროკავშირის წევრ ბალტიის სახელმწიფოთა გარდა), იძულებული იქნებიან ან შეუერთდნენ ახალ კავშირს, ან შეურიგდნენ იმას, რომ მათი სიმდიდრე და ყოველგვარი პოტენციალი, თანდათანობით (ისტორიულად მოკლე ხანში) «გაიწოვება» საბაჟო საზღვრის მეორე მხარეს და ეკონომიკურად გამოშიგნულნი დარჩებიან, თანაც იმ ვითარებაში, როცა მოსკოვი ამ ქვეყნებში თავისი ბაზების და «მართვადი კონფლიქტების» მეშვოებით მათ ალტერნატივის მოპოვების საშუალებას არ მისცემს. მივაქციოთ ყურადღება: «კავშირის შექმნამდე» ორიოდე დღით ადრე, ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ მიიღებს მონაწილეობას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში. როგორც ჩანს, პუტინი თანახმაა მხოლოდ ამ ორგანიზაციის ფარგლებში იმუშაოს «თავისუფალი ვაჭრობის ზონამ». იგი აპირებს, ჩაკეტოს რუსეთის ბაზარი სხვა რესპუბლიკებისთვის (საქართველოსთვის ეს უმძიმესი დარტყმა იქნება) და, რაც მთავარია, აასრულოს დიდი ხნის წინანდელი მუქარა მუშახელის ლიცენზირების შესახებ, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის კატასტროფად შეიძლება იქცეს.
        ახლა კი ნათელია, რომ მარტის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინი შევარდნაძეს ამ კავშირში გაერთიანების ულტიმატუმს მოსთხოვს.

დილის გაზეთი, 24 თებერვალი, 2003 წელი