კორუფცია მთავრობისთვის მაცოცხლებელი ჰაერია

კორუფცია მთავრობისთვის მაცოცხლებელი ჰაერია

        კორუფციის წინააღმდეგ «ჯვაროსნული ლაშქრობა» ძალას იკრებს პრეზიდენტის სენსაციური განცხადების შემდეგ «თუ კორუფცია ვერ დავძლიეთ, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ქართველობას, როგორც ცივილიზებულ ერს, მომავალი არ აქვთ»
        ყველა სტრუქტურა ცდილობს თავი გამოიდოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, კორუფცია მართლაც საზარელი სენია, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა სწორედ კორუფციას ეფუძნება და მის გარეშე, როგორც იტყვიან, «ხუხულასავით დაინგრევა».
        კორუფციის გარეშე დღევანდელი ქართული სახელმწიფო ვერ იარსებებს - ეს არის სწორედ ამჟამინდელი ვითარების ყველაზე ტრაგიკული მომენტი.
        ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც ფუნქციობის ძალასა და მოტივს სწორედ კორუფცია ანიჭებს. ვისაც ეს გადაჭარბებულად მოეჩვენება, ან, მით უმეტეს, - აღშფოთდება, ვთხოვ, ყურადღებით დააკვირდეს, როგორც, რის ხარჯზე და (რაც მთავარია), რატომ, ანუ რა მოტივით ფუნქციობენ ესა თუ ის ინსტიტუტები.
        დავიწყოთ პოლიციით: პოლიციელის ხელფასი 30 თუ 40 ლარია. წარმოიდგინეთ პოლიციელი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს სარჩენი და საერთოდ არ აქვს სხვა საშუალება «ფული იშოვოს» (გარდა ხელფასისა) - როგორ გგონიათ, იმუშავებს? არავითარ შემთხვევაში!
        უეჭველად ამჯობინებს სხვა საქმეს (თუნდაც ვაჭრობას, კომერციას) მოჰკიდოს ხელი, მაგრამ სახელმწიფოს ბოლოს და ბოლოს ხომ სჭირდება სამართალდამცავი ორგანოები? პოლიციის, პროკურატურის გარეშე სახელმწიფოში სულ მალე ქაოსი და ანარქია დაისადგურებს.
        პოლიციაში რომ კორუფცია არ იყოს, პოლიციელს რომ იმის იმედი არ ჰქონდეს, - ფულს იშოვის თავისი საქმიანობით, გამოსძალავს დამნაშავეს, გააყიდინებს ბინას, ასესხებინებს, სამაგიეროდ - «ციხეში არ გაუშვებს» - 30 ლარზე იგი პოლიციაში, რა თქმა უნდა, არ გაჩერდება.
        აქედან გამომდინარე, დღევანდელ საქართველოში ეს ინსტიტუტი ხუხულასავით დაინგრევა, როგორც კი მოისპობა კორუფცია;
        ასევე - ავტოინსპექტორი. მისი ხელფასი კიდევ უფრო ნაკლები - 15-20 ლარია. ვინ გაჩერდება ამ თანხისთვის ყინვასა და ქარში გზატკეცილზე? რა თქმა უნდა, არავინ! ჩერდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი აქვთ «ლევად» 15-20 ლარს ყოველდღიურად აკრეფენ «სამარშრუტო» მძღოლებისა და უბრალოდ, საგზაო მოძრაობის წესთა დამრღვევთაგან.
        ზოგიერთს შეიძლება ეს ყოველივე უტრირებად მოეჩვენოს, არადა სინამდვილეში არავითარი უტრირება აქ არ არის. დღევანდელ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები მართლაც ამ სისტემას ემყარება და მათ გარეშე პირწმინდად დაინგრევა.
        სჭირდება თუ არა საქართველოს სამინისტროები? რა თქმა უნდა, სჭირდება! მერედა ჰკითხეთ ნებისმიერ მინისტრს, რა არის მისთვის დღეს უპირველესი პრობლემა? უეჭველად გიპასუხებთ: კვალიფიციური კადრების ნაკლებობა!
        ვინ იმუშავებს სამინისტროში მეორე თუ მესამეხარისხოვან თანამდებობაზე (არადა, რეალურ საქმეს სწორედ ეს კატეგორია აკეთებს), თუნდაც 40 ლარად, მაშინ, როდესაც კერძო სექტორში ასჯერ მეტი ხელფასი შეიძლება მიიღოს?
        მაშასადამე, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს ორი კატეგორიის ხალხი: ისინი, ვინც კერძო სექტორში ადგილი ვერ იშოვა (ანუ ყველაზე უნიჭონი, ყველაზე უმაქნისნი), ან ისინი, ვისაც სამინისტროსა და ამა თუ იმ უწყებაში «სხვა» შემოსავალიც აქვს საქმეების «გაჩალიჩებით».
        სამინისტროს საკეთებელს კი სწორედ ეს ხალხი აკეთებს - პირველი კატეგორია არაფრის გამკეთებელი არ არის.
        ახლა, რაც შეეხება თვით მინისტრებს - დავაკვირდეთ, რა - «გნიასია» ატეხილი მინისტრების ავტომანქანებთან დაკავშირებით. აქაოდა, ამა თუ იმ მინისტრმა «ძველი ვოლგით» არ ისურვა სარგებლობა და ახალი, უცხოური მანქანა იყიდა სამინისტროს ფულით და ა.შ.
        აქაც ჩვენი საშინელი პროვინციალიზმი მჟღავნდება. არაფრის დიდებით არ გვსურს გავიგოთ, რომ თუ ამა თუ იმ თანამდებობას (ვთქვათ მინისტრის სავარძელს) მატერიალური ან «სოციალური აღმატებულობის» ხიბლი არ ექნება - ადამიანი მისდამი სწრაფვის ყოველგვარ მოტივს დაკარგავს, რასაც დამანგრეველი შედეგი ექნება სახელმწიფო იერარქიისათვის.
        აბა თუ მინისტრობა არც რაიმე განსაკუთრებულ შემოსავალს ნიშნავს, არც სოციალურ ცენზს (სოციალურ აღმატებულობას, ელიტისადმი კუთვნილებას) - მაშინ ვინ რა თავში იხლის თანამდებობას?
        გაიხსენეთ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი, როდესაც «კერძო სექტორი» საერთოდ არ არსებობდა, კომუნისტები ქმნიდნენ ისეთ იერარქიას, რომლის თითოეული საფეხური ამ უპირატესობათა და ცენზის გარკვეულ დონეს ნიშნავდა.
        მაგალითად, რაც უფრო მაღლა ახვიდოდი «სოციალურ კიბეზე», მით უფრო პრესტიჟული მანქანა მოგემსახურებოდა, მით უფრო პრესტიჟულ რაიონში მიიღებდი ბინას, მით უფრო ხშირად გაემგზავრებოდი დასავლეთში სხვადასხვა დელეგაციებთან ერთად და ა.შ.
        მაშასადამე, კომუნისტებიც კი, რომლებიც «სოციალურ თანასწორობას» ქადაგებდნენ - მიხვდნენ, რომ ამგვარი იერარქიის გარეშე სახელმწიფო ინსტიტუტთა ნორმალური ფუნქციობა შეუძლებელი იყო.
        ამას შესანიშნავად ხვდება დღესაც ედუარდ შევარდნაძე - ამიტომაც უპასუხა რამდენიმე თვის წინ კორესპონდენტის კითხვას «მინისტრების ავტომანქანათა» შესახებ: «აბა, მოტოციკლეტით ხომ არ ივლიან?»
        დასავლეთში (ანუ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრიობის ქვეყნებში) ეს პრობლემა გადაწყვიტეს სახელმწიფო მოხელეთათვის მაღალი და (რაც მთავარია) გარანტირებული ხელფასის დანიშვნით.
        საქართველოს ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ ჯერ-ჯერობით ისევ კორუფციის იმედად ვართ, რათა სახელმწიფო თავზე არ დაგვექცეს.
        რა თქმა უნდა, ზემოთქმული ნახევრად ხუმრობაა, მაგრამ ნახევრად სერიოზულადაცაა ნათქვამი. ყოველი ხუმრობა ხომ ჭეშმარიტების მარცვალს შეიცავს?

7 დღე, 20 დეკემბერი, 1999 წელი