კონსტიტუციური რეფორმების ქვეყანა

კონსტიტუციური რეფორმების ქვეყანა

  უახლოეს მომავალში პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მორიგი კონსტიტუციური ცვლილების საერთო-სახალხო განხილვის თაობაზე. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს განხილვაც წამატებით დასრულდება და კონსტიტუციაში უმალ ჩაიწერება დებულება ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების თაობაზე.
    ცვლილებათა გმირი, რომლისთვისაც ეს „პიესა“ დაიწერა, ბიძინა ივანივიშლია. მისი ადვოკატები უკვე არც მალავენ: მილიარდერმა ორმაგი მოგება ნახა - ერთის მხრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, ხოლო მეორეს მხრივ, საფრანგეთის მოქალაქეობაც შეინარჩუნა. საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა კი „ხუმრობა საქმე“ არ გეგონოთ: ეს სახელმწიფო თავის ქვეშევრდომებს „კბილებით იცავს“ მთელს მსოფლიოში, ანუ ივანიშვილი-ოპოზიციონერი ამით ბევრად საშიში ხდება ხელისუფლებისთვის, ვიდრე იქნებოდა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის შემთხვევაში.
    კონსტიტუციის წინა რედაქცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა. უკრძალავდა ისევე, რგორც ეს აკრძალულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. და ეს აკრძალვა შემთხვევითი როდია: უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მაშინ რაიმე პოლიტიკური კოფლიქტი უკვე ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებს სცილდება და სახელმწიფოთაშორის პრობლემად იქცევა. ის უცხო სახელმწიფო კი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქის ინტერესები.
    აი, ასეთი უცნაური კონსტრუქცია მივიღეთ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დროულად არ გამოასწორა თავისი შეცდომა. უფრო ზუსტად, ივანიშვილისათვის სავსებით მართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე (სანამ ეს საქმე პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენდა), არ მიანიჭა მას საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პირობით, რაზეც ივანიშვილი (მაშინ - ოქტომბერში) უეჭველად დათანხმდებოდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა, მოსახდენი უკვე მოხდა და ამჟამად უკვე კონსტიტუციურ ცვლილებაზე გვიწევს საუბარი, რაც მეორე საკითხს აღძრავს: საერთოდ რამდენად დასაშვებია კონსტიტუციის ხშირი ცვლა? მოტივს არა აქვს მნიშვნელობა. ცვლილება შეიძლება სახელმწიფოებრივი აუცილებლობითაც იყოს განპირობებული და კონკრეტული პოლიტიკური საჭიროებითაც, მაგრამ ზოგადად, კონსტიტუციური ცვლილება სახელმწიფო სისტემაში ძალიან სერიოზულ ძვრებს იწვევს.
    აქ გასათვალისწინებელია, რომ მართალია კონსტიტუციას ხშირად „ძირითად კანონს“ უწოდებენ, მაგრამ იგი ნამდვილად არ არის უბრალოდ კანონი - თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი. კონსტიტუციას არა მხოლოდ იურიდიული, არამედ სახელმწიფოებრივი შინაარსი აქვს, ხოლო მისი მდგრადობა სახელმწოფოებრივი მდგრადობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მით უმეტეს, როდესაც ახლადდაფუნებული, პატარა და სისტემურად საკმაოდ სუსტი სახელმწიფოს მდგრადობაზე გვაქვს საუბარი - მისი საგარეო თუ საშინაო გამოწვევებით.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ერთია ცვლილება ამერიკის კონსტიტუციაში და მეორეა საქართველოს კონსტუტუციის შეცვლა. თანაც, ამერიკის მაგალითი აქ შესაძლოა არარელევანტურიც იყოს, რადგან თუ იქ 1787 წლის კონსტიტუციაში მხოლოდ ცვლილებები შეჰქონდათ, ჩვენს შემთხვევაში არა კონსტიტიციურ შესწორებაზე არამედ, ფაქტობრივად, ახალ კონსტიტუციზე გვაქვს საუბარი ან იმგვარ შესწორებაზე, რომელიც მთლიანად ცვლის მის „ფილოსოფიას“.
    ვთქვათ, ცნობილი შესწორება ამერიკის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით ადამიანი არ არის ვალდებული დაემოწმოს გამოძიებას საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან შესწორება „სიტყვის თავისუფლების“ შესახებ, არ ცვლიდნენ ამერიკული კონსტიტუციის შინაარს და არ ეხებოდნენ მის საფუძვლებს.
    აი, შესწორება სხვა ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო უფლების შესახებ, როდესაც საფრანგეთის მოქალაქე შეიძლება გახდეს საქართველოს პრემიერი ან პრეზიდენტიც კი - უკვე იმდენად კარდინალური რეფორმაა, რომ თვით კონსტიტუციურ და სახელმწიფოებრივ საფუძვლებსაც ეხება.
    სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქ „პიონერი“ როდია: კონსტიტუციური ცვლილებები დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს აუცილებლობითაც იყო გამოწვეული. მაგალითად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას კოალიციამ „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ მოქმედ (ჯერ კიდევ საბჭოთა) კონსტიტუციაში კარდინალური ცვლილებები შეიტანა, რაც ბუნებრივია, რაკი ქვეყანა აცხადებდა დამოუკიდებლობას, ანუ სრულიად ახალი სახელმწიფო ფუძნდებოდა, ხოლო სუვერენულ სახელმწიფოს არათუ სახეცვლილი კონსტიტიცია, არამედ ახალი ძირითადი კანონი ესაჭიროებოდა.
    ე.წ. „დეკემბერ-იანვრის“ გადატრიალების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მმართველობის დროებითი კანონი მიიღო. ახალი კონსტიტუცია კი პარლამენტმა მხოლოდ 1995 წლის 24 აგვისტოს დაამტკიცა. ედუარდ შევარდნაძე მისთვის დამახასიათებელი შიშნეულობით ეკიდებოდა ნებისმიერ ცვლილებას ძირითად კანონში, რაკი არც თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ამას სარისკოდ საკუთარი ძალაუფლებისთის.
    მისი პრეზიდენტობისას კონსტიტიციაში მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ იმდროინდელი ლიდერის, ირინა სარიშვილის ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის 5 პროცენტიდან - 7 პროცენტამდე გაიზარდა. სარიშვილის მიზანი მაშინ ის იყო, რომ „მრეწველები“ და რამდენიმე სხვა პარტია აეძულებინა გაერთიანებულიყვნენ (რასაკვირველია „ედპ“ - ს მონაწილეობით), რათა გადაელახათ ახალი, უფრო მაღალი ბარიერი. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - მაინც არ გაერთიანდენენ, „ედპ“-ც პარლამენტს გარეთ დარჩა, მაგრამ „7 პროცენტიანი“ კონსტიტუციური ბარიერი ბოლო დრომდე შენარჩუნდა.
    2000 წელს, ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდმა, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის სახით, სცადა დაერწმუნებინა პრეზიდენტი შევარდნაძე, შემოეღო პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, რაც კარდინალურ საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვდა. თუმცა ედუარდ შევარდნაძემ რეალური ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო და ცვლილებები „ჩააგდო“ მისთვის დამახასიათებელი რთული და მახვილგონივრული აპარატული ინტრიგების მეშვეობით.
    ასეა თუ ისე, კონსტიტიცია მორიგ ცვლილებას გადაურჩა. თუმცა, სწორედ ამ კონსერვატიულობამ და ცვლილებების შიშმა, ბოლოს და ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის კრახიც განაპირობა: 2003 წლის ნოემბერში მას ჩვეულმა ინტრიგებმა ვეღარ უშველა და ქუჩაში გამოსული ბობოქარი მასით წაილეკა.
    სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა იმდენად კარდინალური კონსტიტუციური ცვლილება, რომ ფაქტობრივად, „2004 წლის ახალ კონსტიტუციაზეც“ შეიძლება ვისაუბროთ. ამ ცვლილებებით, როგორც იქნა, დაფუნდა მინისტრთა კაბინეტი და გაძლიერდა პრეზიდენტის ძალაუფლება - მან პარლამენტის დათხოვნის უფლება მოიპოვა.
    ამ ცვლილებებით ერთი ისტორიული ჭეშმარიტებაც დადასტურდა: გაუთავებელი პრობლემები, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის დროს არსებობდა, მათ შორის იმით იყო განპირობებული, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე არ ფლობდა ინსტიტუციურ ბერკეტებს საპარლამენტო ჯგუფებზე ზეწოლისათის. ახალ ხელისუფლებას კი მიაჩნდა, რომ რთული და მტკივნეული რეფორმების გასატარებლად ძლიერი საპრეზიდენტო ძალაუფლებაა საჭირო.
    ამ შეხედულებას შეიძლება დავეთანხმოთ, შეილება არა, მაგრამ უეჭველია, რომ ახალ ხელისუფლებას სწორედ ასეთი არგუმენტი ჰქონდა, როცა 2004 წლის თებერვლის კარდინალურ საკონსტიტიციო ცვლილებას ახორციელებდა: „ედუარდ შევარდნაძის დაბალანსებულმა სისტემამ და ასეთივე „ბალანსირებულმა“ პოლიტიკამ ქვეყანა ჭაობში ჩაითრია; ჩვენ კი გვჭირდება უფრო ქმედითი სისტემა, რომელიც დაინტერესებულ ჯგუფთა ზეგავლენას ნაკლებად დაექვემდებარება“ - ამბობდნენ რეფორმატორები.
    მაგალითად, ძალზეა საეჭვოა, ედუარდ შევარდნაძის პარლამენტს (მიუხედავად საპრეზიდენტო პარტიის პრევალირებისა) თანხმობა მიეცა ელექტროენერგიაზე ფასის გაორმაგების ან სხვა ისეთი ცვლილებებისათვის, რაც რეფორმატორებს აუცილებლად მიაჩნდათ, თუმცა ხალხში ძალზე მტკივნეულ რეაქციას გამოიწვევდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამჟამად, გარდა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებისა, ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი საკონსტიტუციო რეფორმის პირობებში ვცხოვრობთ, ანუ მორიგ გარდამავალ პერიოდში: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომლითაც საქართველო, პირველად 1991 წლიდან, საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან - ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკად ტრანსფორმირდება. ახლა აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, ახალი რესპუბლიკა სწორედ „ნახევრადსაპარლამენტო“ იქნება თუ „ნახევრადსაპრეზიდენტო“. ფაქტია, რომ პოლიტიკური კომპრომისების შედეგად, 2013 წლის რესპუბლიკა არც მთლად „საპარლამენტოდ“ გადაიქცევა (ავსტრიის მსგავსად) აღარც საპრეზიდენტო იქნება და არც შერეული, როგორიც, ვთქვათ საფრანგეთია.
    საფრანგეთში დღეს მეხუთე რესპუბლიკაა, დაწყებული 1789 წლის დიდი რევოლუციიდან - შემდეგ პარიზის კომუნიდან - დე გოლამდე. მაგრამ ამ ცვლილებებს მთელი ორი საუკუნე დასჭირდა! ჩვენ მერამდენე რასპუბლიკა ვიქნებით 2013 წლის შემდეგ? ალბათ უკვე მეექვსე სულ რაღაც 25 წლის განმავლობაში!!!
    თანაც, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ „კონსტიტუციური კარუსელი“ ამის შემდეგ მაინც შეწყდება, რაკი ძირითადი კანონისადმი ამგვარი დამოკიდებულება არა დღევანდელი ხელისუფლების, არამედ, ზოგადად, ქართული პოლიტიკური კლასის თვისებაა.
    მივაქციოთ ყურადღება, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვპირდებიან. ანუ ახალი კონსტიტიცია ჯერ ძალაში შესულიც არ არის, ჯერ კიდევ ძველი (2004 წლის) კონსტიტუციით ვცხოვრობთ და ესენი იმ მომავალი „ახალი კონსტიტიციის“ უმალვე რეფორმირების დაპირებით მოდიან, რომელიც ჯერ არც ამოქმედებულა.
    დავაკვირდეთ: კონსტიტიციური რეფორმის გაუქმებას კი არ აპირებენ, არამედ ახალ რეფორმას. ეს სულ მთლად გაუგონარი და ცოტა არ იყოს ანეგდოტური სიტუაციაა, რომელშიც აშკარად იგრძნობა ივანიშვილის „რესპუბლიკური“ გარემოცვის გავლენა.
    დასკვის სახით შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციის გუთავებელი „ჭრა - კერვა“ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასარგებლო, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამგვარი ცვალებადობა თვით სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს არყევს და ვაითუ მან, ერთხელაც, ვეღარ გაუძლოს ამგვარ რყევას. თუმცა, სამწუხაროდ, პროცესი უეჭველად გაგრძელდება, რაკი ჩვენი პოლიტიკური კლასის თვისებას გამოხატავს. ეს უკანასკნელი კი ქართულ საზოგადოებაში არსებული თვისებრივი არაკონსოლიდირებულობისა და კარდინალურ საკითხებში შეუთანხმებლობის პროდუქტია.
    კონსტიტუციას „დიდ საზოგადოებრივ შეთანხმებასაც“ უწოდებენ. ანუ, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის „ძეგლია“ - ამ ცნების ძველქართული გაგებით. საქართველოში მუდმივი კონსტიტუციური ცვლილებების მიზეზთა-მიზეზი სწორედ ისაა, რომ ამგვარი შეთანხმება, -ძირითად ღირებულებებზე, - ჩვენში ჯერაც არ მომხდარა და სანამ არ შედგება, მანამ გაგრძელდება კონსტიტუციური თუ პოლიტიკური კატაკლიზმებიც.

2012