კომუნისტები და ზვიადისტები - ერთიანობა სხვაობაში

კომუნისტები და ზვიადისტები - ერთიანობა სხვაობაში

      

        გასულ კვირას თბილისში აქტიურად საუბრობდნენ ახალ «სამთა კავშირზე», ანუ «მრეწველების» «კომუნისტებისა» და «ზვიადისტების» ალიანსზე.
        პანტელეიმონ გიორგაძის თქმით, ასეთი ალიანსი აუცილებელია, ვინაიდან სხვაგვარად მრეწველ-ზვიადისტთა ალიანსი ქმედითი ვერ იქნება.
        ორი უკანასკნელი სუბიექტის ერთობლივი მიტინგი ამ უცნაური არქიტექტონიკის საფუძვლად შეიძლება მოიაზრებოდეს. ოღონდ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი «ზვიდისტური» მრავალფეროვნებიდან ამ ალიანსში მხოლოდ ორი ფრთა მონაწილეობდა - არსად ჩანდა «კიკაჩეიშვილის მოძრაობა» ისევე, როგორც «წმიდა ილია მართალი», მანანა არჩვაძე-გამსახურდიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
        ზვიადისტების რიტორიკიდან ძალიან უცნაურად გაქრა მთავარი ბრალდება ედუარდ შევარდნაძის მიმართ, კერძოდ, მისი «რუსეთის მარიონეტობის» შესახებ. ამას აშკარად ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, დღევანდელ ვითარებაში მთლად იდიოტიზმი იქნებოდა «პრორუსულობაზე» ლაპარაკი მაშინ, როდესაც რუსეთმა მხოლოდ საქართველოსთან შემოიღო სავიზო რეჟიმი.
        გარდა ამისა, «ზვიადისტების» დიდი ნაწილი, ვინც გაქცევა მოასწრო, სწორედ რუსეთში გაიქცა და იქიდან რომ მოეთხოვათ «საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა», ცოტა არ იყოს, კომიკური იქნებოდა.
        იგივე ინერცია მოქმედებს დღესაც. თავისთავად კომუნისტებთან მათი ალიანსიც უბრალოდ გასაოგნებელია - ყოველ შემთხვევაში, არც ერთ მათგანს ახმანაგ პანტელეიმონის განცხადებასთან დაკავშირებით აღშფოთება არ გამოუთქვამს.
        რაც შეეხებათ «მრეწველებს», ისინი საკუთარ თამაშს თამაშობენ და საკმაოდ ოსტატურადაც. მათი პრაგმატიზმი «გაანელებს» ზვიადისტების რადიკალიზმს და «ფართო კოალიციის» იდეებს ააღორძინებს.
        მაგალითად, ედპ-ს ლიდერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ უკვე განაცხადა, რომ კონსულტაციებს აწარმოებს გოგი თოფაძესთან.
        რასაკვირველია, ამ კონსულტაციათა მიზანი მომავალი ალიანსი შეიძლება იყოს. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. თუ ამგვარი ალიანსი შედგა, ვითარება საერთოდ გამაოგნებელი იქნება: «ზვიადისტ-მრეწველ-ედპ-ს» კონფედერაცია საინტერესო მოვლენა გახდება, მაგრამ ამ ქვეყანაში გასაკვირი უკვე აღარაფერია.
        კომუნისტებმა ეგზოტიკური ანტურაჟის ფუნქცია შეიძლება შეასრულონ, ვინაიდან «მოლდოვური კომპარტია» (მათგან განსხვავებით) მოლდოვას ყოფილ ისტებლიშმენტს აერთიანებს - საქართველოში კი ასეთი რამ შეუძლებელია.
        ერთი სიტყვით, იქმნება მორიგი «ზეფართო» კოალიცია, ვინაიდან «აღორძინების ბლოკმა» ეს დანიშნულება ვერ შეასრულა და ვერც შეარსულებდა.
        არადა, როგორ ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ აბსურდული კოალიციები, რომელთა სუბიექტებს არც წარსული აკავშირებს და არც პროგრამა, საქართველოში მხოლოდ ერთი მიზნის მისაღწევად არის სასარგებლო: დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და პარლამენტში (ან სხვა ხელისუფლებაში) ადგილების მოსაპოვებლად.
        «მემარჯვენე კოალიცია» აქ არაფერ შუაშია. ექსპრეზიდენტის მომხრეთა «მემარჯვენეობა» სათუოა, ვინაიდან მათი პოლიტიკური მოტივაცია სხვა სიბრტყეში ძევს და «მემარჯვენეობა-მემარცხენეობის» წრფეზე არ თავსდება.
        ასევე, სათუოა «მრეწველთა მემარჯვენეობა». პატერნალიზმსა და პროტექციონიზმს «მემარჯვენეობასთან» სინამდვილეში საერთო არაფერი აქვთ.
        «მემარჯვენეები» შეუძლებელია, ღია ეკონომიკასა და უმოწყალო კონკურენციას არ უჭერდნენ მხარს. ამ ახალ «დიდ კოალიციაში» ასევე «ტრადიციონალისტთა კავშირიც» მოიაზრება - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები «აღორძინების ბლოკში» და მოახერხებენ თუ არა «მოქალაქეთა» ლიდერები უმოკლეს ვადებში მმართველი პარტიის კრისტალიზაციის პროცესის დასრულებას.
        სინამდვილეში მომავალი (ალბათ, აწ უკვე დაწყებული), საარჩევნო ციკლის უმთავრეს სუბიექტად მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა იქცევა (ვგულისხმობ ოპოზიციას), რომელიც დღემდე არ «ციმციმებდა» ჩვენს პოლიტიკურ ზესკნელზე.
        ზოგიერთი ყველაზე გამჭრიახი პოლიტიკოსი უკვე ხვდება. მაგალითად, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ იგივე ირინა სარიშვილის თქმით, ედპ-ს ლიდერს «დიდი ხნის მგეობრობა აკავშირებს» ვაჟა ლორთქიფანიძესთნა. ეს მომავალ აუცილებელ განზრახულობათა გამოვლენა უნდა იყოს, მთლიანობაში კი ჩვენი პოლიტიკური კარუსელი სულ მალე ძველებურად ციბრუტივით დატრიალდება.
        სანახაობა რომ არ მოგვაკლდება, იმთავითვე ცხადია.

დილის გაზეთი, 12 მარტი, 2001 წელი