კოდორში მყიფე წონასწორობა მყარდება

კოდორში მყიფე წონასწორობა მყარდება

        გუშინ თბილისში (გაეროს მისიის შენობაში) ხელი მოეწერა მორიგ ოქმს კოდორის ხეობიდან საქართველოს «რეგულარული სამხედრო შენაერთების» გამოყვანის შესახებ.

        გივი აგრბა «პრემიერ-მინისტრ» ჯერგენიას ბრძანებით ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში, როგორც სეპარატისტთა «თავდაცვითი უწყების» სრულუფლებიანი წარმომადგენელი. კოდორის «პლაცდარმი» რომ სოხუმის რეჟიმს «ძვალივით» ჰქონდა გაჩხერილი, გასაგებია. ამდენად, თუ შეთანხმება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდებოდა, მაშინ აფსუები (როგორც არაერთგზის ადრე) ისარგებლებდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული ნეგატიური ფონით და ხეობას შეუტევდნენ არტილერიითა და ავიაციით.
        სხვათა შორის, დამკვიდრებული არაკომპეტენტური შეხედულების მიუხედავად, კოდორში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად ცოცხალი ძალით შეტევა სულაც არ არის აუცილებელი _ საკმარისია რამდენიმე კვირის განმავლობაში მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვები. თუმცა, ამგვარი საშიშროება ამჟამადაც არ მოხსნილა: შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ ხეობიდან 10 აპრილამდე უნდა გამოიყვანოს «რეგულარული ნაწილები».
        როგორც ყოველთვის, სეპარატისტები ცდილობენ დოკუმენტში ისეთი ფორმულირებები ჩადონ, რაც მათ «ორმაგი ინტერპრეტაციისა» და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების დარღვევის საშუალებას მისცემს. მაგალითად, იგულისხმება თუ არა «რეგულარულ ფორმირებებში» სასაზღვრო ძალთა ქვედანაყოფები, რომლებიც კოდორის მიდამოებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს იცავენ?
        ჩვენი ლოგიკით, შეთანხმება მოიცავს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს, რომლებიც ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს ხეობაში გადაისროლეს – სხვათა შორის, ბრწყინვალედ განხორციელებული სამხედრო მანევრის შედეგად, ანუ «გამოყვანის» ვალდებულება არ ეხება არც სასაზღვრო ჯარებს, არც ადგილობრივ შენაერთებს.
        თუმცა, ეს ჩვენი (ქართული მხარის) თვალთახედვაა, თორემ სასაზღვრო ჯარებზე უფრო «რეგულარული» რა შეიძლება იყოს? რაც შეეხება ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებს, სეპარატისტებმა შეიძლება აქტიურად გამოიყენონ ის გარემოება, რომ ამ ფორმირებას ხშირ შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალთა შტაბის ოფიცრები (ადგილობრივი მცხოვრებლები) ხელმძღვანელობენ.
        მეორეს მხრივ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სხვა გზა უბრალოდ, არ ჩანდა – ხეობის გარშემო ვითარება დღითიდღე იძაბებოდა. ერთი რამ ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თუ საქართველო ჩიმბულაკის სამიტზე არ დაეთანხმებოდა რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელებას, ხეობის დაბომბვა უკვე მარტში დაიწყებოდა.: სეპარატისტებმა გარკვეული პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც ქრონოლოგიურად აპრილსაც მოიცავს, ვინაიდან მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დაიწყება უღელტეხილებზე თოვლის დნობა. მანამდე კი, კოდორი მთლიანად მოწყვეტილია დანარჩენი საქართვლეოსგან.
        «გარანტიების» თაობაზე ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა. გარკვეულ იურიდიულ და პოლიტიკურ გარანტიებს ქმნის ოქმზე გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლისა და «სამშვიდობო ძალთა» სარდლობის ხელმოწერა, მაგრამ ეს რასაკვირველია, საკმარისი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია «ერთობლივი პატრულირება» კოდორის ხეობაში, რაც ათი აპრილის შემდეგ უნდა დაიწყოს. იგულისხმება გაეროს დამკვირვებელთა და რუს «ცისფერჩაფხუტიანთა» ერთობლივი მოძრაობა, აგრეთვე, ქართული და აფხაზური მხარის წარმომადგენელთა. თუმცა, ეს უკანასკნელი ქართულ სოფლებში, ალბათ, არ შევლენ. ამრიგად, დაძაბულობა კოდორის ხეობის გარშემო «აქტუალურიდან» - «პერმანენტულ» სტადიაში გადადის. მთლიანად ამ პრობლემის მოხსნას სოხუმი და მოსკოვი არ დაუშვებენ, ვინაიდან იგი შესანიშნავი ბერკეტია საქართველოზე ზეწოლისათვის – გარკვეული აზრით უფრო მეტიც კი, ვიდრე სამურზაყანოს ქართული მოსახლეობა.

დილის გაზეთი, 3 აპრილი, 2002 წელი