კოდორის ხეობა - აფხაზეთში საქართველოს უკანასკნელი ნამსხვრევი

კოდორის ხეობა - აფხაზეთში საქართველოს უკანასკნელი ნამსხვრევი

    გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დეპუტატთან ერთად კოდორის ხეობაში გაემგზავრა. როგორც ჩანს, ეს სამხედრო პლაცდარმი კვლავინდებურად იპყრობს საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას. 1992-93 წლების განმავლობაში, როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, აფხაზეთის სვანეთს, ანუ კოდორის ხეობას საბრძოლო მოქმედება თითქმის არ შეხებია; მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა «ლათას» სახელმა, როდესაც ქართველმა მებრძოლებმა აფხაზური ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
    1993 წლის 27 სექტემბრის, ანუ სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობაზე ასეულობით ათასმა ადამიანმა გაიარა. ისინი უმოწყალოდ გაძარცვეს და შეურაცხყვეს ხეობაში გამაგრებულმა ბანდიტურმა ფორმირებებმა. სხვათა შორის, ეს ხეობა ბოლო დრომდე რჩებოდა «მხედრიონის» უკანასკნელ ფორპოსტად. საქართველოს იურისდიქცია იქ ფორმალურად კი ხორციელდებოდა, მაგრამ არა იმ აზრით, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მთელი საქართველოდან კოდორის ხეობაში გაქცეული კრიმინალები დაეპატიმრებინა. ამ თვალსაზრისით აფხაზეთის სვანეთი დიდი ხნის განმავლობაში «კრიმინალური თავისუფლების კუნძულად» რჩებოდა.
    რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, 1994 წლის აგვისტომდე იგი აქტიურად ცდილობდა მთლიანად დაეკავებინა ხეობა - ჭუბერისა და საკენის ჩათვლით. ივნისში აფხაზეთში შემოყვანილი რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო ძალები» კი რეალურად არ აპირებდნენ «ცეცხლის შეწყვეტის» უზრუნველყოფას ამ რაიონში. ამდენად, აფხაზეთის სვანეთი კიდევ დიდხანს ითვლებოდა «ომის კერად». აფხაზებმა მძიმე არტილერია აიტანეს მთაში და შეძლეს «გვირაბის» დაკავება, რომელიც ხეობას ორ ნაწილად ჰყოფს. შემდგომ (1994 წლის ივლის-აგვისტოში) ერთდროულად ტყვარჩელიდან და გვირაბიდან განახორციელეს მძლავრი დაბომბვა და დაიკავეს სოფელი ლათა. მხოლოდ ამის შემდეგ იკადრეს რუსეთის «სამშვიდობო ძალებმა» (იმ დროს საქართველოს «შეიარაღებული ძალა» ფაქტიურად არ ჰყავდა) ხეობაში პატრულირების დაწყება. რუსეთის ინტერესი გასაგებია: კოდორის ხეობით აფხაზები უშუალოდ უკავშირდებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიას საავტომობილოდ ვარგისი გზით. ეს კი მოსკოვში წამგებიანად მიაჩნდათ სტრატეგიული თვალსაზრისით.
    ამჟამად კოდორის ხეობაში მყიფე სტაბილურობაა შენარჩუნებული. მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, გამოიყენოს სამხედრო ძალა სეპარატისტთა წინააღმდეგ, კოდორის ხეობას უდიდესი როლი ეკისრება: გაბატონებული სიმაღლეებიდან ერთდროული მძლავრი შეტევით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დაიკავონ გვირაბები და ჩააღწიონ კოდორის შესართავამდე, ანუ ზურგში მოექცნენ ოჩამჩირისა და გალის აფხაზურ დაჯგუფებას. შორსმტყორცნელი არტილერიით და რეაქტიული დანადგარებით კოდორის ხეობიდან სოხუმის დაბომბვაც შესაძლებელია; ხოლო გალის მიმართულებით (ენგურის მხრიდან), იმავდროულად შეტევის შემთხვევაში აფხაზები იძულებულნი გახდებიან, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძოლონ, რაც დაქსაქსავს მათ ძალებს. მცირე რესურსების გათვალისწინებით, ამან შეიძლება განაპირობოს კიდეც სეპარატისტთა საბოლოო დამარცხება. მაგრამ ყოველივე ამის განხორციელებას სახელმწიფოებრივი ნება და ღირსეული არმია ესაჭიროება.

მერიდიანი, 29 ივლისი, 1997 წ.