კოალიციური მთავრობა - მითი თუ რეალობა?    

კოალიციური მთავრობა - მითი თუ რეალობა?    

 

    პარლამენტის უკანასკნელ სხდომაზე გამოსვლისას ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ «მოქალაქეთა კავშირმა» შეიძლება განიხილოს საქართველოში «კოალიციური მთავრობის» შექმნის საკითხი. ეს სენსაციური განცხადება მოჰყვა ვახტანგ რჩეულიშვილისა და შალვა ნათელაშვილის გამოსვლებს პარლამენტიდან გასვლის თაობაზე.
    დამკვირვებელთა აზრით, განსხვავებით «აღორძინების» ანალოგიური დემარშისაგან, «მემარცხენე პარტიათა» გადაწყვეტილება აშკარა ბლეფია - თავად ვახტანგ რჩეულიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა შეიძლება მართლაც აღარ მიიღონ მონაწილეობა პლენარულ სხდომებში (ალბათ შემოდგომაზე), მაგრამ დიდად საეჭვოა მათი ფრაქციის წევრებმა, განსაკუთრებით მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ასე გაწირონ თავი და საპარლამენტო მიკროფონიდან საუბრის პრივილეგიაზე უარი თქვან.
    სწორედ ამ პრივილეგიაზეა უპირველესად საუბარი, თორემ იმუნიტეტისა და მაღალი ხელფასის «დატოვებას» არც არავინ აპირებს. ამიტომ ჟვანიას წინადადება ოპოზიციონერთა დემარშზე არაადეკვატურ რეაქციად უნდა ჩაითვალოს. ან პირიქით, - ეს პოლიტიკური სვლაა «გადადუღებული პოლიტიკური ქვაბიდან» ორთქლის გამოსაშვებად.
    ჯერჯერობით უცნობია, შეათანხმა თუ არა ეს წინადადება «მოქალაქეთა» ელიტამ თავიანთ ლიდერთან, ანუ პრეზიდენტთან. არა მგონია, ედუარდ შევარდნაძე სიხარულით დათანხმდეს კოალიციური მთავრობის შექმნას, თანაც ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სიტუაციაზე.
    თუ დაძაბულობამ გარკვეულ ზღვარს გადააჭარბა და ხელისუფლებას თავისი ფუნქციის განხორციელება გაუჭირდა, კოალიციური მთავრობა შეიძლება მართლაც ვიხილოთ. მაგრამ უემოციო ანალიზი ცხადყოფს: ოპოზიციას ამჟამად არ გააჩნია ყველაზე მთავარი ბერკეტი ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.
    იგი ვერ შეძლებს დაპირისპირება ქუჩაში გადაიტანოს. რჩეულიშვილისა და მანანა არჩვაძის ალიანსი კი, რა თქმა უნდა, ანეკდოტია. სამაგიეროდ, ვახტანგ რჩეულიშვილს ნამდვილად ძალუძს ითამაშოს წინააღმდეგობაზე, რომელიც სულ უფრო მწვავდება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და «ეროვნულ მეწარმეებს» შორის.
    მეწარმეები «უცხო ფინანსური კლანის» დიქტატისაგან გათავისუფლებას მოითხოვენ და სულ უფრო ღიად აცხადებენ: წინააღმდეგ შემთხვევაში სავალუტო ფონდის მხარდამჭერ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ელისო.
    არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ახლა გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და «ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს» შორის. მემარცხენე საპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა ქართველ ბიზნესმენთა «ეროვნული მოძრაობისადმი». ამრიგად, ოპოზიციას ქართული ფინანსური ოლიგარქიის იმედი აქვს, რასაც «მოქალაქეთა კავშირმა» შეიძლება დაუპირისპიროს მხოლოდ რეალური გავლენა რეგიონებში ან ალიანსი «მემარჯვენე პარტიებთან». ალბათ, ზურაბ ჟვანიას წინადადება სწორედ ამ პარტიებისადმი იყო მიმართული, რადგან ბოლოს და ბოლოს «კოალიციური მთავრობის» შექმნა სოციალისტებთან სრული აბსურდი იქნებოდა. ამ შემთხვევაში რეფორმა ვეღარ გაგრძელდება და შეუთავსებლის შეთავსება არ მოხერხდება.
    მიუხედავად იმისა, რომ «მოქალაქეთა კავშირი» სოციალისტურ ინტერნაციონალში გაწევრიანებისათვის იბრძვის, შინაარსობრივად იგი საპირისპირო პოლიტიკას ატარებს ეკონომიკურ სფეროში, ამიტომ «კოალიციური მთავრობის» შექმნა საპარლამენტო ოპოზიციის მემარჯვენე ნაწილთან ერთად ბუნებრივი იქნებოდა.
    ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც» და «სახალხო პარტიაც» საკმაო კეთილგანწყობით შეხვდნენ უმრავლესობის წინადადებას. «სოციალისტთა» გამოთიშვა სახელისუფლო ურთიერთობებიდან (მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში) მათთვის ნამდვილი «მისწრება» იქნებოდა. ისიც ნიშანდობლივია, რომ როგორც კი რჩეულიშვილმა და ნათელაშვილმა დარბაზი დატოვეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ «კოალიციური მთავრობა» ახსენა, «მარჯვენა ფლანგიდან» უმალვე წამოსწიეს «პრემიერ-მინისტრის» თემა, თუმცა, ჯერჯერობით ეს ძალზე ფრთხილად და წინდახედულად კეთდება.
    ედპ, მაგალითად, «მეორე ბოლოდან» უვლის საკითხს და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის გარკვეულ უფლებამოსილებათა თაობაზე წუხს. ბუნებრივია, «კოალიციური მთავრობა» თუ შეიქმნა, ძალთა ახალი შეფარდების შესანარჩუნებლად და დასაბალანსებლად პრემიერის ფიგურა აუცილებელი იქნება «მემარჯვენეებს» რომც არ ჰქონდეთ პრეტენზია ამ პოსტზე; ცხადია «ამერიკულ მოდელში» ეს ახალი კომპრომისი  ვერ მოთავსდება; მაშასადამე, მთავარი საკითხი ამჟამად ის არის, რამდენად სერიოზულია პრობლემა, რომელსაც «მემარცხენეები» ხელისუფლებას უქმნიან.
    რაც უფრო დიდი იქნება ეს პრობლემა - მით უკეთესი «მემარჯვენეებისათვის». მამუკა გიორგაძემ და მისმა ყოფილმა «კოლეგამ» ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან თითქმის იდენტური რამ უსაყვედურეს ხელისუფლებას: რატომ ქმნით ისეთ ვითარებას, როდესაც არჩევანი კეთდება ცუდსა და უარესს შორისო? როგორც ჩანს, ლაგოდეხის არჩევნებს გულისხმობდნენ, სადაც «მოქალაქეთა კავშირმა» მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაუჭირა მხარი, ხოლო «სოციალისტურმა პარტიამ» - ყოფილ რაიკომის მდივანს.

მერიდიანი, 15 ივნისი, 1998 წ.