კვირის მიმოხილვა: ქართველ რუსოფილთა კორპუსმა რეალობის გრძნობა სულ დაკარგა

კვირის მიმოხილვა: ქართველ რუსოფილთა კორპუსმა რეალობის გრძნობა სულ დაკარგა

 

    გასულ კვირას, საგანგებო სესიაზე, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი «სახელმწიფო საზღვრის შესახებ». ამ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ ორი წლის წინათ დაიწყო, როდესაც საზღვრის დამოუკიდებელ დაცვაზე ლაპარაკი არარეალური ჩანდა. კანონის მიღება ორჯერ გადაიდო. უფრო ზუსტად, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო იგი პირველი და მეორე მოსმენით, ხოლო მესამე მოსმენით (ანუ საბოლოოდ) მიღებას არ ჩქარობდა.
        ერთი მხრივ, ამის მიზეზი იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უკმარისობა, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედი - რუსეთის სასაზღვრო ძალები ჩაკეტავდნენ აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას, არ შეუშვებდნენ სოხუმის და გაგრის პორტებში სურსათ-სანოვაგით დატვირთულ გემებს. ეს უეჭველად გამოიწვევდა არძინბას რეჟიმის დასუსტებას; ყოველ შემთხვევაში, «სახელმწიფო საზღვრის შესახებ» კანონის «მესამე მოსმენით» მიღება განუსაზღვრელი ვადით გადაიდებოდა. საქმე ის არის, რომ ეს კანონი ითვალისწინებს საზღვრის დაცვას მხოლოდ საქართველოს საკუთარი ძალებით და იმპერატიული დებულებით გამორიცხავს უცხო ქვეყნის მესაზღვრეთა ყოფნას ჩვენს საზღვრებზე. ამ გზით საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ (ორი წლით ადრე) გააფრთხილა რუსეთი: თუ რუსი მესაზღვრეები იმოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არ გაითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს, ისინი იძულებულნი გახდებიან, დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.
        ეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ულტიმატუმია იყო, მაგრამ რუსეთმა მისი პირობები არ მიიღო და არც შეასრულა. ალბათ არა იმიტომ, რომ არ სურდა მისი შესრულება - ნებისმიერ შემთხვევაში მისთვის, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უაღრესად ხელსაყრელი იყო საქართველოს საზღვრების კონტროლი, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების, აგრეთვე, რუსეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, კრემლმა ვერ გაბედა დაპირისპირებოდა აფხაზურ რეჟიმს. ფიზიკურად მას, რა თქმა უნდა, დასჯაბნიდა (თუ მოინდომებდა), მაგრამ სამაგიეროდ, ძალზე სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა როგორც ჩრდილოეთ კავკასიასთან, ასევე ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობაში.
    ამრიგად, რუსეთ-საქართველოს კომპრომისი (არძინბას რეჟიმის ხარჯზე) ვერ შედგა და ობიექტურ რეალიათა გათვალისწინებით ვერც შედგებოდა. უდიდესი დემაგოგიაა, თითქოს რუსები კონკრეტულად «შევარდნაძეს არ ენდნენ». ჯერ ერთი, ისინი მთლიანად საქართველოს არ ენდობიან, ვინაიდან ეს ქვეყანა (1988 წლიდან) მათ თვალში «სეპარატიზმის» განსახიერებაა. გარდა ამისა, აქ «ნდობაზე» საერთოდ არ იყო ლაპარაკი - რუსეთს კომპრომისი ხელს აძლევდა, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის «აფეთქება» მისთვის კატასტროფის მომასწავებელი იქნებოდა.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, ცოტა არ იყოს უცნაურია ის გაღიზიანება, რაც გამოიწვია მოსკოვში პარლამენტის გადაწყვეტილებამ და საქართველოს პრეტენზიამ საზღვრების დამოუკიდებლად დაცვაზე. თითქოსდა ეს მისთვის მოულოდნელი ყოფილიყო და ოთხი წლის განმავლობაში (1994 წლის 3 თებერვლიდან, როდესაც ელცინმა და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტს) ოფიციალური თბილისი თითქმის ყოველდღიურად არ მიმართავდა გენერალ ნიკოლაევის უწყებას აფხაზეთის ზღვიდან ბლოკირების თხოვნით; სანაცვლოდ კი საქართველოში რუსი მესაზღვრეების ყოფნის დაკანონებას სთავაზობდა.
    ასე რომ, მოულოდნელი აქ მისთვის არაფერია და ტყუილად იკატუნებენ თავს - ოთხი წელი საკმარისი ვადაა პოზიციის გამოსამუშავებლად, მაგრამ მათ სურდათ, საქართველოს საზღვრებიც გაეკონტროლებინათ (საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე!) და არც სეპარატისტები გაენაწყენებინათ. ასე არ გამოვიდოდა და არც გამოვიდა, - საქართველომ, ბოლოს და ბოლოს, ძალა მოიკრიბა, გარკვეული რესურსებიც დააგროვა და რუს მესაზღვრეებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
    მესამე მოსმენით მიღებული კანონის შესაბამისად, უცხო ქვეყნის (რუსეთის) მესაზღვრეთა გაყვანა საქართველოდან უკვე მხოლოდ დროის საქმეა. სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეათანხმა კიდეც სასაზღვრო მონაკვეთთა გადმოცემის გრაფიკი, რომლის შესაბამისად, საზღვაო აკვატორიიდან რუსეთის მესაზღვრეები 1998 წლის ბოლომდე გავლენ. საქართველო-თურქეთის საზღვრის სახმელეთო მონაკვეთს კი 1999 წლის ზაფხულში დატოვებენ.
    საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ამ მოვლენის უდიდესი, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობა. 1999 წლის ზაფხულში სამხრეთ კავკასიის რეგიონში თვისობრივად ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ჩამოყალიბდება და, სხვათა შორის, რუსეთიც უფრო მეტად იქნება იძულებული, გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები - ვიდრე მისი სასაზღვრო ჯარი საქართველოს საზღვრებს იცავს, რეალურად იგი აკონტროლებს ვითარებას და არ დაუშვებს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით «არასასურველი ტვირთების» გატარებას.
    მაგრამ, თუ საქართველო დაიცავს საკუთარ საზღვრებს, მაშინ ამ საკითხში რუსეთი უკვე სწორედ ჩვენს ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. ამდენად, საზღვრების დამოუკიდებლად დაცვა (ეროვნულ ღირსებასა და სახელმწიფოებრივ სრულფასოვნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) საქართველოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში ხელსაყრელია. უმთავრესი პრობლემა ამჟამად უკვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, მაგრამ ჯერ ერთი, «ევრაზიის დერეფნის» პროექტთა განხორციელებით დაინტერესებული ქვეყნები სერიოზულ დახმარებას გვიწევენ; გარდა ამისა, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურა არსებობს, რომლის გამართვა მილიარდობით დოლარი დაგვიჯდებოდა.
    ერთ-ერთი რუსული გაზეთი რამდენიმე დღის წინათ თავხედურად წერდა: «რუსმა მესაზღვრეებმა არ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, ვინაიდან ჩეჩნეთის საზღვარს ჯერჯრეობით ვერ ვაკონტროლებთო». ამ ინტერესის დაკმაყოფილება რუსეთს სავსებით შეეძლო, თუ გაითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს აფხაზეთის აკვატორიის დაცვისას. ოთხი წელი საამისოდ სავსებით საკმარისი ვადა იყო. ახლა უკვე ყველაფერი ძალიან გვიან არის.
   

გალში მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი გრძელდება

    რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ფართოდ გააშუქეს გალის რაიონის სოფელ მზიურთან მომხდარი ინციდენტი - ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა ურიკა, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა. დაწვრილებით აღწერდნენ ქალებისა და ბავშვების ტრაგედიას - ერთი სიტყვით, არც ერთი დეტალი არ გამორჩენიათ გარდა ერთისა, - «დაავიწყდათ» ეთქვათ, რომ დაღუპულები ქართველები იყვნენ. ანუ, ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, ვითომ «თეთრი ლეგიონი» და «ტყის ძმები» სამურზაყანოში მშვიდობიან მოსახლეობაზე ნადირობენ, არადა, ძნელი მისახვედრი არ არის: მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის გაჩაღება სწორედ აფსუა ფაშისტების ტაქტიკაა, რათა ადგილობრივ მცხოვრებლებში გამოიწვიონ სიძულვილი და უკმაყოფილება პარტიზანებისადმი. ამ ხერხს ჯერ კიდევ ფაშისტური გერმანიის არმია მიმართავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
    როგორც ოფიციოზს, ასევე დამოუკიდებელ ქართულ მასმედიას მხედველობიდან გამორჩა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სენსაციური განცხადება, რომლითაც პრიმაკოვის უწყებამ, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება დაუფარავად დაადანაშაულა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი «დივერსიული ჯგუფების» მხარდაჭერაში. კერძოდ, ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, «რუსეთს ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნია საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, თითქოს მას არანაირი კავშირი არა აქვს აფხაზეთში მოქმედ პარტიზანულ ჯგუფებთან».
    პარალელურად, სოხუმში იმართება მორიგი ანტიქართული შაბაში სეპარატისტთა ხელმძღვანელობისა და «სამშვიდობო ძალთა» სარდლობის მონაწილეობით. სოფელ ფიჩორთან დაღუპული რუსეთის სამშვიდობო ჯართა ხუთი წარმომადგენელი «აფხაზეთის დედაქალაქში» საპატიო ადგილას დაასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი მოაწყვეს. ორი დღის განმავლობაში არ წყდებოდა «გულდათუთქულ აფსუათა» ნაკადი, რომელთაც სურდათ «უკანასკნელი პატივი» მიეგოთ რუსი ჯარისკაცებისთვის - ისინი ხომ «აფხაზი ხალხის უსაფრთხოების დაცვისას» დაიღუპნენ.
    ამასობაში ახლოვდება 31 ივლისი, როდესაც იწურება სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადა. ვადის გაგრძელება კი ხელისუფლებისთვის დიდ შიდაპოლიტიკურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მდგომარეობა ამჟამად უფრო რთულია, ვიდრე 1997 წლის ზაფხულში, როდესაც არსებობდა პარლამენტის დადგენილება სამშვიდობო ძალთა გაყვანის თაობაზე, მაგრამ იმდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, მისი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა.
    მაისის მოვლენებმა ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. თუ სამშვიდობო ძალები (როგორც არაერთგზის ითქვა) ხელს უწყობენ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას, მაშინ 31 ივლისის შემდეგ მათთვის მანდატის გაგრძელება უდავოდ აღიქმება კაპიტულაციად. ყოველ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების არგუმენტირება ძალზე ძნელი იქნება.
    ალბათ გაცილებით უფრო მეტად მიზანშეწონილია, ხელისუფლებამ მოითხოვოს ამ ეგრეთ წოდებულ «სამშვიდობო ძალთა» გაყვანა ენგურის აუზიდან, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს ომის განახლებას სეპარატისტებთან, არამედ უნდა გულისხმობდეს (რაოდენ ძნელიც უნდა იყოს) პარტიზანთა შეკავებას და არძინბას ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვას რთული კომპრომისის მისაღწევად.
   

საკონსტიტუციო ცვლილებები არ შედგა

        მიუხედავად მავანთა მოლოდინისა, საგანგებო სხდომაზე პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
    ამ საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობა არც გამართულა. ამრიგად, დამკვირვებელთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში აღარც შევა, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი ძალიან დიდ პოლიტიკურ და იურიდიულ სირთულეებს აწყდება. ძნელი წარმოსადგენია, როდისღა უნდა მოხდეს შეთანხმება ამ ცვლილების თაობაზე, ან როდის უნდა შეიკრიბოს საკანონმდებლო ორგანო, რათა მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, კონსტიტუციის უცოდველობა მაინც «საბედნიეროდ» უნდა ჩაითვალოს. ბევრს აღუნიშნავს, რომ ახლად ჩამოყალიბებულ (უფრო ზუსტად, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ) დემოკრატიულ სახელმწიფოში «თამაშის წესთა» შეცვლა დიდ რისკს უკავშირდება, ვინაიდან ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფები უეჭველად შეეცდებიან შემდგომში კვლავ შეცვალონ «თამაშის წესები», ისევ მოახდინონ კონსტიტუციის რევიზია და ეს პროცესი, ფაქტობრივად, უსასრულო იქნება.
    ამ გზით მყარი სახელმწიფოებრივი ტრადიცია ვერ ჩამოყალიბდება. თუ რაიმე პრობლემა არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში (ვთქვათ, მთავრობაში), მისი გადაწყვეტა არსებული სისტემის ფარგლებშიც სავსებით შესაძლებელია.
    გარდა ამისა, კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა იმ ვითარებაში, როდესაც აჭარის დეპუტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს არიდებს სხდომებში მონაწილეობას, - დამატებითი პრობლემების წარმოშობას შეუწყობდა ხელს უეჭველად. მაშასადამე, ეს საკითხი დღის წესრიგიდან თუ საბოლოოდ არ მოიხსნა, ყოველ შემთხვევაში, გაურკვეველი ვადით გადაიდო და შეიძლება აღარც წამოიჭრას, ვინაიდან საპარლამენტო სხდომები მხოლოდ სექტემბერში განახლდება, როდესაც ერთ წელზე ოდნავ მეტი დარჩება მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე და ერთი თვე - ადგილობრივ არჩევნებამდე.
    პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობა (მით უმეტეს, თვით ხელისუფლება) მოერიდება ასეთ სიტუაციაში იმგვარი სერიოზული პოლიტიკური ცვლილების განხორციელებას, როგორიცაა კონსტიტუციურ დებულებათა რევიზია.
    უკიდურეს შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოცხადდეს მომავალი პარლამენტის პრეროგატივად. ამგვარი არგუმენტი სავსებით თავსდება საქართველოსთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ტექნოლოგიის ფარგლებში. მეორე მხრივ, ისიც თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლებამ საკმაოდ ოსტატურად მოახერხა ოპოზიციის დისკრედიტაცია, რომელსაც არ ეყო ალღო, მიმხვდარიყო: თუ წინადადება პრინციპში მისაღებია, იგი არ უნდა უარყონ მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს ხელისუფლების იდეაა. ოპოზიციას ან საერთოდ უარი უნდა ეთქვა (თავიდანვე) აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლის მოთხოვნაზე, ან იმთავითვე არ უნდა უარეყო ხელისუფლების წინადადება.
    რეალურად კი ისე გამოვიდა, ხელისუფლებამ ოპოზიციას რადიკალური ცვლილებების განხორციელება შესთავაზა და ამ უკანასკნელმა უარი თქვა. ამით მან ძალიან ძლიერი კოზირი დაკარგა, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვეღარ «გაჭრის».
   

ქართველ რუსოფილთა კორპუსმა რეალობის გრძნობა სულ დაკარგა

    «კორპუსია» თუ «კოლონა» - ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ადამიანს პატივი ვცეთ, ისევე, როგორც პატივი ვცეთ მის აზრს, ოღონდ ეს აზრი აშკარად მტრული და მოღალატური არ უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, ქართველ «რუსოფილთა» (თუ «რუსეთუმეთა» - არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა) ინტელექტუალური სიმწირე უბრალოდ, განცვიფრებას იწვევს.
    ფაქტობრივად, ეს არის იგივე «ნაციონალ-რადიკალიზმი» (ოღონდ მისი შებრუნებული ვარიანტი), რომელმაც ამდენი უბედურება დაგვატეხა თავს 80-90 წლების მიჯნაზე.
    მაგალითად: რუსეთისადმი «ჭვიანური» (ესე იგი, იგულისხმება - ამჟამინდელზე ჭკვიანური) პოლიტიკის გატარების მომხრეთა მთავარი არგუმენტი, მათი უმთავრესი თეზისი და საპროგრამო დებულება ის ყოფილა, რომ თურმე საქართველომ რუსეთთან ერთად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უნდა შექმნას «ევროკავშირის მსგავსი» გაერთიანება, რათა გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, თორემ «ქვეყანა იღუპება».
    კეთილი და პატიოსანი, დავუშვათ ეს მართლაც ქვეყნის გადარჩენის გზაა (როგორც მათ მიაჩნიათ) და ამ აზრს აქვს არსებობის უფლება - შევქმნათ ევროკავშირის მსგავსი გაერთიანება და ამ გზით გადავარჩინოთ საქართველო, მაგრამ ეს დალოცვილები. ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ასეთი «ახალი კავშირის» შექმნაზე ჩვენს გარდა (საქართველოს გარდა) ყველა შეთანხმდა და მხოლოდ საქართველოს სიჯიუტეღა უშლის ხელს ამ კეთილშობილი საქმის წარმატებას. არადა, ეს ხომ ასე ნამდვილად არ არის? უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე «პრორუსულად» განწყობილ უკრაინელ პოლიტიკოსად მიაჩნდათ, კრემლის ბინადართა სიჩლუნგემ და უკომპრომისობამ იმდენად შეუცვალა განწყობა, რომ «ახალი კავშირის» შექმნაზე კი არა, ნატოში შესვლისთვის მზადებაზე იწყებს ფიქრს.
    ლუკაშენკო აშკარად არანორმალურია, მაგრამ რუსეთთან ფედერაციულ ხელშეკრულებაზე მანაც კი უარი თქვა - რუსეთსა და ბელარუსს შორის ისეთი ურთიერთობაა, როდესაც არცერთი მათგანი არ კისრულობს რეალურ პასუხისმგებლობას.
    ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირში ინტეგრაციის დონე გაცილებით მაღალია. მოლდავეთთან «ახალ კავშირზე» ლაპარაკი ზედმეტია, ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კატეგორიულად უარს აცხადებენ (ტაჯიკეთიც კი!) დსთ-ში ზეეროვნული სტრუქტურების» შექმნაზე. არადა, ევროკავშირის მოდელი სწორედ ამას გულისხმობს.
    სხვა ვინღა დარჩა? აზერბაიჯანის პოზიცია ცნობილია, თქვენ წარმოიდგინეთ, სომხეთი რომ სომხეთია, ისიც კი წინააღმდეგია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე «კავშირის» შექმნისა და რაღა საქართველომ უნდა გამოიდოს თავი?
    როგორც ჩანს, აქაც პიონერები უნდა ვიყოთ. ისევე, როგორც ვიყავით პიონერები ძველი კავშირის ნგრევისას. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რეალობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, დიდი განსხვავება იმდროინდელ და ამჟამინდელ «რადიკალთა» შორის ნამდვილად არ არის.

დილის გაზეთი, 20 ივლისი, 1998 წელი