კვირის მიმოხილვა: რუსი სენატორი რუსეთ – საქართველოს კონფედერაციას გვთავაზობს

კვირის მიმოხილვა: რუსი სენატორი რუსეთ – საქართველოს კონფედერაციას გვთავაზობს

 პანკისის ხეობა შეიძლება კიდევ ერთი ნაღმი აღმოჩნდეს

        გასულ კვირას ქისტებით (ეთნიკური ვაინახებით) დასახლებულ პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტი შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ხეობაში კარგა ხანია მწიფდება არცთუ პოზიტიური პროცესები, რომელთაც, ჯერჯერობით (მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით), კრიმინალურ შეფერილობა აქვთ.
        ასევე, კრიმინალური შეფერილობა ჰქონდა ორი პოლიციელისა და ქისტების შეიარაღებულ კონფლიქტს რამდენიმე დღის წინათ. შედეგად, როგორც ცნობილია, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ნიშანდობლივია, რომ ორივე დაღუპული ქისტი, ქართული გვარების მიუხედავად, წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ გროზნოში.
        მცდარია ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობას არ შეიძლება ჰქონდეს მჭიდრო კავშირი იჩქერიასთან იმის გამო, რომ ზამთრობით ყველა გზა (თუნდაც საცალფეხო ბილიკი) ჩაკეტილია.
        ზამთრის პერიოდშიც კი, ასეულობით ქისტი სწორედ ჩეჩნეთში ცხოვრობს. თითქმის ყველა მათგანს სახლიც აქვს გროზნოსა და იჩქერიის სხვა ქალაქებში, მაგრამ (რაც საყურადღებოა) პანკისის ხეობასთან კავშირს მაინც არ წყვეტენ.
        არსებობს მუდმივი კონტაქტის ასეულობით საშუალება, - თანამოქმედების მრავალი არხი, რომლითაც ხეობა ინარჩუნებს და ავითარებს კიდეც ურთიერთობებს ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან.
        ტყუილად გვგონია, რომ ამ რეალობას არ ითვალისწინებენ გროზნოსა და მოსკოვში, როდესაც ამუშავებენ საქართველოს მიმართ პოლიტიკური სტრატეგიის სხვადასხვა ვარიანტს. განსაკუთრებით იმ ვარიაციაში, როცა ეს სტრატეგიული ხაზები ერთმანეთს ემთხვევა.
        გარწმუნებთ, პანკისის ხეობასთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი დაწვრილებითაა შესწავლილი რუსეთის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) მიკლუხო - მაკლაის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, - იგი წლების განმავლობაში საბჭოთა იმპერიის საიდუმლო სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და შესაძლო მოქმედებათა გეგმასაც ამუშავებდა, რათა საჭიროებისას, იმპერიისათვის სასურველი პროცესების, ან კონკრეტული ექსცესების პროვოცირება მოეხდინა.
        საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, როგორც ცნობილია, არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც კავკასიაში (და არა მხოლოდ კავკასიაში), თავის პოლიტიკას აგებს «ინტერესთა თანხვედრის» დოქტრინაზე.
        ამიტომ, თუ რუსეთისა და (ვთქვათ) იჩქერიის ინტერესები (ისევე, როგორც აფხაზეთის ომის დროს) ერთმანეთს დაემთხვა, - ერთობლივ მოქმედებას ხელს არაფერი შეუშლის.
        ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ასეთი შეფასება გადაჭარბებულია, მაგრამ ანალოგიური პრობლემებისადმი გულარხეინმა მიდგომამ უკვე ბევრჯერ «მოგვატეხინა კისერი».
        იჩქერიის ყოველმხრივი «შემოსვლა» პანკისის ხეობაში საქართველოსათვის სულ უფრო საშიში ხდება - რამდენიმე წლის წინ ხეობაში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა ჩამოსულ ჩეჩნებსა და «მხედრიონელებს» შორის, - მაშინ ფართომაშსტაბიანი გართულების თავიდან აცილება კიდევ როგორღაც მოხერხდა.
        ორი ქისტის სიკვდილს თითქოს არც ახლა მოჰყოლია ვითარების განსაკუთრებული გამწვავება, მაგრამ ეს მით უფრო შემაშფოთებელია. იჩქერიისა და ადგილობრივი ქისტების ესოდენ «თავშეკავებული» რეაქცია ხომ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ მათ, ჯერჯერობით, არ აძლევს ხელს კონფლიქტი პანკისის ხეობაში, რათა, უნებლიედ თავად არ «გადაკეტონ» მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საექსპორტო არხი.
        საქმეც სწორედ ეს არის, - რისი ექსპორტია შესაძლებელი ჩეჩნეთიდან გარე სამყაროში პანკისის ხეობისა და საქართველოს გავლით? საავტომობილო გზა არ არსებობს. ზამთარში საცალფეხო ბილიკებიც ძნელად გასავლელია. რჩება ნარკოტიკები და ყალბი ვალუტა. ბუნებრივია, «იჩქერიის» ხელისუფლება, რომელიც, კაცმა რომ თქვას, დიდწილად კრიმინალიზებულია (არც შეიძლება სხვაგვარი იყოს) – აქტიურად იყენებს ამ არხს შემოსავლების მისაღებად.
        ბოლოს და ბოლოს, პანკისის ხეობაში «კრიტიკული მასა» დაგროვების იმ ზღვარს გადააჭარბებს, როდესაც აფეთქება გარდაუვალი გახდება. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი (თუნდაც, ნაკლებ მასშტაბური) ინციდენტი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი, უაღრესად საშიში პრობლემის მიზეზი. ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია, ქვეყანა რეალურად აკონტროლებდეს საზღვარს.
        კვლავ და კვლავ ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოში სწორი და მიზანშეწონილი «უსაფრთხოების კონცეფციის» შემუშავებაზე. სჯობს, ქვეყანას ჰყავდეს თუნდაც ძლიერ შემცირებული, მაგრამ სამაგიეროდ ბრძოლისუნარიანი არმია და (რაც მთავარია - ჩვენი რეალიების გათვალისწინებით) ძლიერი, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი სასაზღვრო ჯარი სათანადო ინფრასტრუქტურით – ვიდრე 30-ათასიანი, რბილად თუ ვიტყვით, არცთუ ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირება.
        საქართველოს ბედი ფართომაშსტაბიანი ომით არ გადაწყდება, - გაცილებით საყურადღებოა სწორედ ამგვარი კრიტიკული მასის დაგროვება «მცირე ინტენსივობით». ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რისი თავიდან აცილებაც მხოლოდ და მხოლოდ საზღვრებზე (მათ შორის, ჩეჩნეთთან საზღვრებზე) უმკაცრესი კონტროლის დამყარებითაა შესაძლებელი.

უცხოური კაპიტალი საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია

    პარასკევს ფოთში ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ფოთის პორტსა და «მიცუბიში-კორპორეიშენს» შორის. ეს ფირმა იაპონურ კომპანია-ტიტანთა ხუთეულში შედის.
        იმავე დროს, ფოთის პორტის აქციონირებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ლამის «ერთმანეთს «წაეკიდონ», ვინაიდან ევროპის გაერთიანებამ შეიმუშავა პორტის აქციონირების ალტერნატიული პროექტი.
        იგი ითვალისწინებს ოპერატორთა კონსორციუმის შექმნას ნაცვლად ერთი ოპერატორისა. სამი-ოთხი წლის წინ საქართველოსადმი უცხოური კაპიტალის ინტერესი მიზერული იყო. დღეს იგი შესამჩნევად გაიზარდა. ტენდენცია კი გრძელდება – შესაბამისად იზრდება დასავლურ სახელმწიფოთა ინტერესიც საქართველოსადმი.
        მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა ბევრი უტოპიური სისულელე თქვეს, მაგრამ ყველაფერი, რაც თქვეს, სისულელე არ ყოფილა.
        გააჩნია, რომელი კუთხიდან შევხედავთ და როგორ ინტერესს «ჩავდებთ» ამა თუ იმ დებულებაში ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. მაგალითად, ლენინი წერდა, რომ «კაპიტალისტურ სამყაროს ფინანსური კაპიტალი მართავს, ხოლო დასავლურ სახელმწიფოთა მთავრობები საგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და წარმართვისას ამ კაპიტალის ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ანუ მის ინტერესებს იცავენ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ».
        ეს დებულება დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა «ლენინური კონცეფციის» საფუძველი იყო. დავუშვათ, იგი აბსოლუტურად სამართლიანია, ანუ ჭეშმარიტი, - დღევანდელ პირობებში ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში (იქნება ეს კოკა-კოლა, ფოთის პორტი თუ ნავთობსადენი), მით უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან დასავლური სახელმწიფოები ჩვენს ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას; არა საქართველოსადმი სიყვარულის ან სიხარულის, არამედ ზემოთ მოყვანილი ლენინისეული ფორმულის ჭეშმარიტების გამო.

დაინტერესდება თუ არა არძინბას «მოღვაწეობით» ჰააგის ტრიბუნალი?

    იუგოსლავიის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლიან ომში ნატოს გამარჯვებამ (რასაც იოტისოდენად ვერ დაჩრდილავს რუსული სამხედრო-დიპლომატიური მანქანის ომისშემდგომი ხრიკები) კვლავ აქტუალურად აქცია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ვლადისლავ არძინბას «გასამართლების» საკითხი.
        რასაკვირველია, ფაქტობრივი მასალა არძინბასა და მისი სისხლიანი რეჟიმის დანაშაულთა დასადასტურებლად საქართველოში არსებობს. სეპარატისტებმა, არძინბას მეთაურობით, ისევე, როგორც სერბმა ფაშისტებმა მილოშევიჩის ხელმძღვანელობით – უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
        მაგალითად მხოლოდ კოდორის შესართავთან მდებარე ქართული სოფლების გადაწვა იკმარებს, როდესაც არძინბისტებმა მთლიანად (ქალიან-ბავშვიან-მოხუციანად) გაწყვიტეს ქართული მოსახლეობა; ცოცხლად დაწვეს ადამიანები, გააუპატიურეს ბავშვები და სხვა ათასი ენით აუწერელი სიმხეცე ჩაიდინეს.
        ამასთან ახლოსაც კი ვერ მოვა სერბთა უმთავრესი დანაშაული, რომელიც უკვე წაუყენეს ბრალად სლობოდან მილოშევიჩს: მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტა სოფელ რაჩაკში.
        ამრიგად, ვლადისლავ არძინბა, იურიდიული თვალსაზრისით, მილოშევიჩზე ნაკლებ როდი იმსახურებს «საკაცობრიო სასამართლოს», მაგრამ ერთია იურიდიული ფაქტოლოგია, მეორეა – პოლიტიკური რეალობა.
        ყველაფერი ძალას კარგავს, როცა მისი უდიდებულესობა პოლიტიკა იძენს ძალმოსილებას. სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო (თუნდაც, დაუსწრებელი) შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლური სახელმწიფოების მმართველმა ელიტამ მიზანშეწონილად მიიჩნია (ყველა ფაქტორის, მათ შორის, რუსეთის სისუსტის გათვალისწინებით), გამოეყენებინა ძალა აგრესორის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, საფუძველი მოენგრიათ მილოშევიჩის რეჟიმისათვის.
        მილოშევიჩი ამჟამად გამოცხადებულია «პერსონა ნონ გრატად» - ვიდრე იგი იუგოსლავიის პრეზიდენტი იქნება, ეს ქვეყანა დარჩება სრულ იზოლაციაში – მას არ ექნება შემდგომი განვითარების არანაირი პერსპექტივა. ამიტომ, ადრე თუ გვიან (თუ სერბებს საერთოდ სურთ, იცხოვრონ ევროპაში როგორც ცივილიზებულმა ერმა), მილოშევიჩი უეჭველად აღმოჩნდება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.
        სულ სხვა ვითარებაა აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზეთი (ისევე, როგორც მთლიანად საქართველო) ჯერ კიდევ შედის რუსეთის «გავლენის სფეროში», ხოლო რუსული სახელმწიფო ჯერ ისე არ დასუსტებულა, რომ ამ არეალში დასავლეთმა თავისუფლად იმოქმედოს თავისი იდეალების შესაბამისად.
        თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს რუსეთს ამ ზონაშიც «კარტ ბლანში» ეძლევა, და მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, მაგრამ ძალთა გარკვეული ბალანსი ნამდვილად არსებობს და ეს ბალანსი ძალიან ნელა იცვლება (თუმცა კი, ნამდვილად იცვლება თანდათანობით).
        იმავდროულად, თითქოსდა ჰააგის ტრიბუნალი წმინდა იურიდიული არგუმენტებით უნდა ოპერირებდეს და არ უნდა აქცევდეს ყურადღებას პოლიტიკურ მომენტებს, ამიტომ, მან დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე ვლადისლავ არძინბას წინააღმდეგ იმ დოკუმენტების საფუძველზე, რაც უკვე წარედგინა, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება.
        ჰააგის ტრიბუნალის წევრი თითოეული მოსამართლე წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, თავის სახელმწიფოს, მოქმედებს (ძალდაუტანებლად) საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან და მიზანშეწონილობის (არა მხოლოდ იურიდიული ლეგიტიმურობისა და სამართლიანობის) პრინციპიდან გამომდინარე.
        ამიტომ, ამთავითვე უნდა ითქვას: არძინბას წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალის ამოქმედება ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა, საქართველომ ამ საკითხზე გამუდმებით დაჟინებულ ლაპარაკს მაინც არ უნდა დაანებოს თავი, ვინაიდან ამით მსოფლიოში (უპირველესად, დასავლეთში) ვქმნით ჩვენთვის სასარგებლო საზოგადოებრივ აზრს.
        ეს ნებისმიერ შემთხვევაში მიზანშეწონილი საქციელია, - მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი არ არის მზად, იკისროს სრული პასუხისმგებლობა საქართველოში მოვლენების განვითარებაზე.
        მაგრამ თუ პროცესები დღევანდელი ვექტორით განვითარდა – ასეთი დრო უეჭველად მოვა.

რუსი სენატორი რუსეთ – საქართველოს კონფედერაციას გვთავაზობს

    რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორ დიმიტრი აიაცკოვის ვიზიტი საქართველოში, სხვა მრავალი მისი კოლეგის მსგავსად, საკმაოდ უსახური იქნებოდა, რომ არა აიაცკოვის სენსაციური განცხადება, რომელიც მან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას გააკეთა.
        სარატოველმა გუბერნატორმა, თავისი ოლქის «სადეპუტატო დელეგაციისა» და ჟურნალისტების (აგრეთვე, საქართველოში რუსეთის ელჩის) თანდასწრებით შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთ-საქართველოს კონფედერაციის შექმნა.
        ეს წინადადება სრული სერიოზულობით გამოითქვა. თანაც, აიაცკოვმა, საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ზედ შეფარული მუქარაც დააყოლა: «თუ არადა, ვითარება ისეთი რთულია... ისეთი გაჭირვებაა... ხვალ უარესი იქნება... და ასე შემდეგ».
        როგორც ჩანს, აიაცკოვი ჩვეულებრივი პრიმიტივია, რომელიც შემთხვევით მოხვდა რუსეთის პოლიტიკურ ოლიმპზე – ასეთები კი «ბორის მეორის» ეპოქაში ბევრნი იყვნენ და არიან.
        აიაცკოვის «ჯიქურობა» ნამდვილად არ უნდა ნიშნავდეს იმას, თითქოს იგი ამჯერად რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების აზრს გამოხატავდა. ხელისუფლებას შეიძლება მართლაც ჰქონდეს ასეთი სურვილი, მაგრამ ესოდენ სულელური ფორმით მის განხორციელებას ნამდვილად არ დაიწყებდა.
        სამაგიეროდ, აიაცკოვის წინადადება უეჭველად მეტყველებს, რომ შესაბამისი აზრი (პოსტსაბჭოურ სივრცეში რაღაც კონფედერაციის მაგვარის შეკოწიწების შესახებ) რუსულ ისტებლიშმენტში ნამდვილად არსებობს, ოღონდ თუ ვინმე მიიჩნევს, ამ ფასად რუსეთი «დაკარგულის დაბრუნებაში» დაგვეხმარება – ძალიან ცდება.
        აიაცკოვმა სწორედ ასე თქვა: «ჩტობი ნამ ვსემ ნე ბილო ეშიო ხუჟე», ანუ კიდევ უარესი თუ არ გინდათ დაგემართოთ – დროულად შემოასწარით კონფედერაციაშიო.
        გაერთიანების ეს ფორმა იმით არის ხელსაყრელი (რუსეთისათვის), რომ შესაძლებელია «ინდივიდუალურად» განსაზღვროს ურთიერთობა თითოეულ ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკასთან», კიდევ უფრო «შემოიმტკიცოს» ისინი, საბოლოოდ «შემოზღუდოს» საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე, რომ დასავლეთმა ვერ გაბედოს მასში ჩარევა, ხოლო თვით რუსეთმა (რეალურად) არანაირი პასუხისმგებლობა არ იკისროს «კონფედერაციის» მეორე სუბიექტზე.
        ეს ფორმა სახელმწიფოთაშორისი კავშირის ისეთ დონეს გულისხმობს, როდესაც ორივე მხარე ინარჩუნებს სუვერენიტეტს, მაგრამ როცა დიდი და პატარა სახელმწიფოები ქმნიან კონფედერაციას, იქ უეჭველად წარმოიშობა სწორედ ამგვარი ვითარება: უფლებები, ძირითადად, ექნება დიდ სახელმწიფოს, ხოლო პასუხისმგებლობა, - მცირეს.
        ამიტომაც არის «კონფედერაციის ფორმა» ესოდენ მახლობელი და მისაღები თანამედროვე რუსეთისათვის - რეალურად იგი არანაირ პასუხისმგებლობას არ იკისრებს, უფლება კი მრავლისა ექნება.
        თუმცა, მეორე მხრივ, აიაცკოვის წინადადება და რაღაც «კონფედერაციაზე ლაპარაკი», ცხადია, პოლიტიკანური ყბედობაა და სხვა არაფერი – პოსტსაბჭოურ სივრცეში დღეს შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ «იდეას» არანაირი პერსპექტივა არა აქვს.

დილის გაზეთი, 21 ივნისი, 1999 წელი