კვირის მიმოხილვა: მეორე აფხაზური წერილი

კვირის მიმოხილვა: მეორე აფხაზური წერილი

 

    გაეროს სამშვიდობო ოპერაციათა 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ყველაზე შეურიგებელმა და ავტორიტეტულმა ლიდერმა, სერგეი შამბამ წერილით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
    წერილი იმდენად გულმხურვალე ტონითაა დაწერილი, უკვე ამით იპყრობს დამკვირვებელთა ყურადღებას.
    საერთოდ, სეპარატისტთა მენტალიტეტისა და ფსიქოლოგიური განწყობის გათვალისწინებით, გულწრფელობა მათ ნაკლებად ახასიათებთ, არადა, წერილში სწორედ გულწრფელი მადლიერება გამოსჭვივის: «აფხაზი ხალხის სახელით მადლობას მოგახსენებთ იმ ფასდაუდებელი დახმარებისთვის, რომელსაც გაეროს სამხედრო დამკვირვებლები უწევენ მშვიდობის შესანარჩუნებლად... მათი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რეგიონში სტაბილურობისა... ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გაყვანისა.. მათ რამდენჯერმე გადაარჩინეს აფხაზეთი ომის განახლებას...» და ასე შემდეგ.
    კი მაგრამ, რა ხდება? ერთი შეხედვით, თითქოს სეპარატისტთა მოკავშირეებად გაეროს სამხედრო დამკვირვებლები ვერ ჩაითვლებიან, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის შესაბამისად, მათი მოკავშირეები უფრო რუსეთის «მშვიდობისმყოფელნი» არიან, ხოლო გაერო აღიარებს აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, ცნობს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ასე შემდეგ.
    სინამდვილეში, გაერო რომ აფხაზეთში საქართველოს ინტერესებზე «მუშაობდეს», სერგეი შამბა ამ ორგანიზაციას ასეთი გულმხურვალე სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე წერილს არ გაუგზავნიდა. ყოველ შემთხვევაში, თუ დიპლომატია ამას მოითხოვდა, მშრალ მილოცვას დასჯერდებოდა.
    მაშასადამე, აქ «რაღაცა ხდება». სეპარატისტები გაეროს მოქმედებით კმაყოფილნი არიან. მაშასადამე, საქართველოს აქვს საფუძველი, მისი მოქმედებით უკმაყოფილო იყოს;
    დავიწყოთ იმით, რომ 1994 წელს გაეროს იმდროინდელმა გენერალურმა მდივანმა, ბუტროს ბუტროს გალიმ, ფაქტობრივად, მოიწონა და პოლიტიკურად დაამოწმა ანუ «ვიზა დაადო» არძინბას წინადადებას «საქართველოსა და აფხაზეთის საერთო სახელმწიფოს შექმნის» შესახებ, რომლის სახელწოდება, გენერალური მდივნის თქმით «დამატებითი მოლაპარაკების გზით უნდა გარკვეულიყო».
    მაშასადამე, ამ სახელმწიფოს უკვე აღარ ერქმეოდა «საქართველო»!
    ამ პროექტმა არძინბასა და მისი დამქაშების აღფრთოვანება გამოიწვია. გარდა ამისა, 1994-1995 წლებში სწორედ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ძალისხმევით რუსეთსა და საქართველოს შორის კომპრომისი ჩაიშალა, რომლის შედეგად ლტოლვილები უნდა დაბრუნებულიყვნენ გალის რაიონში. კომპრომისის არსი ის არის, რომ თუ რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს ლტოლვილთა ნაწილობრივ დაბრუნებაში და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას, საქართველოც მნიშვნელოვან დათმობებს დათანხმდებოდა «ბაზების» თუ სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებში.
    დაკონკრეტებას მნიშვნელობა არა აქვს - სტრატეგია სწორედ ასეთი იყო.
    1994 წლის სექტემბერში, როცა ვარდიკო ნადიბაიძემ შეძლო და გენერალი კონდრატიევი დაითანხმა გალის რაიონში ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა დაბრუნებული ლტოლვილების დასაცავად, როგორ გგონიათ, ვინ იყო პირველი, ვინც ქართულ მხარეს პროტესტი განუცხადა, «ოთხმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო»? ვინ და გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ხელმძღვანელი!
    გაეროს ბიუროკრატიული და ფორმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ამ «დამკვირვებლებს» არაფერი აინტერესებთ ხელმოწერილი დოკუმენტების სკრუპულოზური დაცვის გარდა. იმავდროულად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა განცხრომით ცხოვრობს აფხაზეთის სანატორიუმებში, სეპარატისტები მათ ყურადღებას და ფერებას არ აკლებენ, ამიტომ აქ გარკვეულია, ცალმხრივი სიმპათიაც არ არის გამორიცხული.
    1995 წელს პავლე გრაჩოვმა (ისევ და ისევ, საკუთარი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე) სიტყვიერი ბრძანება მისცა სამშვიდობო ძალების სარდალს, გენერალ იაკუშევს, უზრუნველეყო ლტოლვილთა დაბრუნება და მათი უსაფრთხოება.
    არძინბამ უმალვე მიმართა დახმარებისათვის გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს, რომლებმაც შესაშური აქტიურობა გამოამჟღავნეს და ჩაშალეს საიდუმლო შეთანხმება; თუმცა, თვით სამშვიდობო ძალების სარდალ იაკუშევსაც დიდად არ გამოუდევს თავი, უფრო პირიქით; პავლე გრაჩოვს და გენერალ კონდრატიევს წერილობითი ბრძანება მოსთხოვა და მხოლოდ სიტყვიერი მითითების შესრულებაზე უარი განაცხადა.
    გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭო (როგორც შამბას წერილშია აღნიშნული) გაცილებით უფრო ობიექტურ გადაწყვეტილებას იღებს, ვიდრე - ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. გასაგებია აქ რაც იგულისხმება, - ეუთომ ლისაბონსა და ბუდაპეშტში დააფიქსირა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფაქტი. გაეროს უშიშროების საბჭო კი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უფრო პირიქით, - უკანასკნელ რეზოლუციაში მან სეპარატისტთათვის უაღრესად სასარგებლო ფაქტი დააფიქსირა: რომ «ტერორისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე გადადიან ენგურის ქართული ნაპირიდან». ამ ფორმულირების დამანგრეველ ძალას მომავალში ჩვენ კიდევ ვიგრძნობთ.
    ამასობაში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ლივიუ ბოტა განაგრძობს ქაღალდების თხზვას. მან მოამზადა მორიგი დოკუმენტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს არძინბასა და შევარდნაძის შეხვედრისას. დოკუმენტი, ერთი შეხედვით, საქართველოსათვის ხელსაყრელია, თუმცა, ეს უფრო ფორმალობა და «ვალის მოხდაა» გაეროს მხრიდან. ლივიუ ბოტას წინადადების შესაბამისად, შეიცვალა საკვანძო დებულება შეთანხმებისა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან იყო მზად ხელმოსაწერად. იგულისხმება ბედკრული «ოქმი ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ». აფხაზები მოითხოვდნენ, მასში ჩაწერილიყო ფორმულირება: «ლტოლვილები ბრუნდებიან გალის რაიონში» და გულისხმობდნენ გალის რაიონის ეგრეთ წოდებულ «ახალ საზღვრებს», ანუ ისტორიული სამურზაყანოს ნახევარს.
    ქართული მხარე «გალის რაიონის ძველი საზღვრების» დოკუმენტურად დაფიქსირებას მოითხოვდა. ლივიუ ბოტამ კომპრომისული წინადადება შემოიტანა. ჩაიწეროს უბრალოდ «გალის რაიონში», ოღონდ ჩამოთვლილ იქნას ყველა ის სოფელი, სადაც ლტოლვილები ბრუნდებიან.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ამას სეპარატისტები არასდროს დაეთანხმებიან. ლივიუ ბოტა აგრძელებს ძალისხმევას აგრეთვე «საქართველოსა და აფხაზეთის პრეზიდენტთა» შეხვედრის ორგანიზებისათვის, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე ამას არ თანხმდება, ვინაიდან უშედეგო შეხვედრა, რომლის დროსაც არანაირ კონკრეტულ დოკუმენტს არ მოეწერება ხელი, მხოლოდ განამტკიცებს სეპარატისტთა პოზიციებს და მათთვის სასურველ რეალობას დააფიქსირებს.
    ლივიუ ბოტას არც ზუგდიდის რაიონში შეყვანილი დამატებითი ქართული ძალები ავიწყდება და მოითხოვს მათ გაყვანას, თუმცა შესანიშნავად უწყის, რა ფუნქციას ასრულებენ ეს ძალები ენგურისპირეთში.
    საქართველოს პრეზიდენტი თანახმაა, სოხუმში გაემგზავროს ბორის პასტუხოვთან ან თვით ლივიუ ბოტასთან ერთად. როგორც ჩანს, მას მიაჩნია, რომ პასტუხოვი ან ბოტა საკმარისი გარანტიაა უსაფრთხოებისა, მაგრამ ობიექტურად ეს ასე არ არის. ლივიუ ბოტა რისი მაქნისია, უკანასკნელ პერიოდში მრავალჯერ გამოჩნდა, გაიძვერა ბორის პასტუხოვს კი მრავალჯერ მოვუტყუებივართ.
    აქვე უნდა ითქვას, რომ «დსთ-ს საქმეთა მინისტრთან» თანამშრომლობა დამამცირებელია თავმოყვარე ქვეყნისათვის, - საქართველო რუსეთის კოლონია არ არის და არ უნდა იყოს ვალდებული ასეთ, წმინდა კოლონიური შინაარსის სამინისტროსთან ითანამშრომლოს.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, ამჯერად გაეროს გენერალური მდივანი თითქოსდა უფრო მკაცრადაა განწყობილი და სეპარატისტთაგან დათმობებს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სრული იზოლირებით იმუქრება; მაგრამ ესეც წმიდა წყლის ფორმალობა და დემაგოგიაა.
    აფხაზეთი ისედაც იზოლირებულია. თუ არ ჩავთვლით თითქმის 18 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც იგი ყოველწლიურად იღებს, საკუთრივ სეპარატისტთა ბიუჯეტი 6-7 მილიონი დოლარია. საეჭვოა, ჰუმანიტარულ დახმარებას ნებისმიერი სხვა სანქცია შეეხოს. აქედან უეჭველია დასკვნა: გაერო აგრძელებს «ორმაგ თამაშს», რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს: «მუნდირის ღირსების» შენარჩუნება. ეს უმაქნისი ორგანიზაცია თავის დროზე შეიქმნა, როგორც ზესახელმწიფოთა ინტერესების გამტარებელი ორგანო და მხოლოდ მაშინაა ქმედითი, როცა საქმეში მათი ინტერესები ერევა.

«დიდმა ნავთობსადენმა» ახლავე შეიძლება მოგება მოგვიტანოს

    ოფიციალური ცნობით, როგორც კი ნავთობის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმი მიიღებს გადაწყვეტილებას «დიდი ნავთობსადენის» საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ, ჩვენს ქვეყანას (მხოლოდ ტრანზიტის უფლებისათვის) დაუყოვნებლივ გადაერიცხება 50 მილიონი დოლარი. ხოლო ნავთობსადენის ამოქმედების შემდეგ, - ყოველწლიურად 70 მილიონი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონი ბარელია, ხოლო აზერბაიჯანის «დიდი ნავთობის» ოდენობა 500 მილიონი ბარელით განისაზღვრება, ათი წლის განმავლობაში საქართველო მიიღებს 700 მილიონს პლიუს 50 მილიონს ანუ 750 მილიონ დოლარს (დავამატოთ ამას ყაზახეთის ნავთობი, რომლის ოდენობა 10-12 მილიარდი ბარელია). როგორ შეიძლება შეფასდეს ეს თანხა, ცოტაა ეს თუ ბევრი? აღარაფერს ვამბობთ ნავთობსადენის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოსათვის.
    საკმარისია ითქვას, რომ პენსიებისა და ხელფასების დავალიანება დღეისთვის 56 მილიონი ლარია, ანუ ნაკლები, ვიდრე 50 მილიონი დოლარი. ამჟამად სერიოზული პრობლემები გვაქვს ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით. კომერციული კრედიტის აღებას საქართველო დღემდე ვერ ახერხებდა, ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამის ნებას არ გვრთავს, - მას სჭირდება გარანტია იმისა, რომ კრედიტის დაბრუნება არ მოხდება იმ ტრანშების ხარჯზე, რომელიც მან გამოგვიყო ლარის კურსის სტაბილიზებისათვის. მაგრამ განა ნავთობსადენის ექსპლოატაციისათვის მისაღები 700 მილიონი დოლარი საკმარისი გარანტია არ არის? რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, საქართველომ ახლავე ისესხოს შვეიცარიის ბანკიდან 600 მილიონი დოლარი იმ ანგარიშით, რომ 10 წელიწადში პროცენტებით დააბრუნებს კრედიტებს და ეს თანხა მოახმაროს საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას? 600 მილიონი დოლარი (თანხა, რა თქმა უნდა, პირობითია - ავტ.) მნიშვნელოვანი სტიმული გახდება გარღვევისთვის ყველა სფეროში. ამით არათუ დაიფარება ბიუჯეტი, არამედ მოხდება შიდაინვესტრება. სახელმწიფო დაუყოვნებლივ დაიბრუნებს ქონებას, რომლის ამუშავება პრივატიზების შემდეგ ახალმა მეპატრონეებმა ვერ შეძლეს, მოახდენს სერიოზულ კაპიტალდაბანდებას მრეწველობაში; შეიქმნება სერიოზული რესურსი სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის ასაღორძინებლად. შესაძლოა ეს შანსი საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც გამოიყენოს და ამით პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ «ევრაზიული დერეფნის» მართლაც მომგებიანი პროექტისაგან.

ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას გარკვეული ძალები გააფთრებით ეწინააღმდეგებიან

    ევროპის საბჭოს მომხსენებელი, ტერი დევისი, როგორც ჩანს, გამოცდილი დიპლომატია და პოლიტიკურ ტექნოლოგიას სრულყოფილად ფლობს. მისი განცხადებით, «საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ევროსაბჭოში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ... მთავარი კითხვაა - როდის?»
    დევისი ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ეჭვს ქვეშ არ აყენებს, არადა საქართველოს რომ ადრე თუ გვიან ევროპის საბჭოში მიიღებენ, - ეს ისედაც ცხადია, მთავარი კითხვაა - როდის? როდის მოხდება გაწევრიანება? როგორც ჩანს, ხმები იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ამ ორგანიზაციაში უკვე მომავალი წლის დამდეგს მიიღებენ, - ფრიად გადაჭარბებულია. ტერი დევისს, ქართველ ლიდერებთან შეხვედრისას მსგავსი არაფერი უთქვამს. სტრასბურგში ძალიან სერიოზული და ძლიერი ანტიქართული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც საქართველოს საწინაღმდეგოდ ეგრეთ წოდებული «თურქი მესხების» კოზირის გათამაშებას ცდილობენ.
    მათი განცხადებებით, საქართველო მანამ ვერ გაწევრიანდება ევროსაბჭოში, სანამ არ დააბრუნებს სამშობლოში 300 ათას «თურქ-მესხს». დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მესხთა უბედურებით გულაჩუყებული რუსული «გოსდუმის» დელეგაცია ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს ამ პრეტენზიას. კენჭისყრისას (თუ იგი იანვარში გაიმართება) ამ საკითხმა შეიძლება კიდეც გადაწყვიტოს საქართველოს ბედი.
    წარუმატებელ კენჭისყრას, ამჯერად ცდაზე საერთოდ უარის თქმა სჯობია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ყიჟინას ატეხენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, თუ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროსაბჭოში.
    გარდა ამისა, ტერი დევისი ორი სხვა მოთხოვნის შესრულებასაც მოითხოვს: პენიტენციალური სისტემის გადაცემას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში (ამჟამად იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება) და იმ პატიმართა საკითხის განხილვას (მათ შეწყალებას), რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს პოლიტიკური მოტივებით. იგულისხმებიან როგორც «მხედრიონელები», ასევე «ზვიადისტები», - ანუ როგორც ლოთი ქობალია, ასევე ჯაბა იოსელიანი.
    ამ ორი მოთხოვნის შესრულება შედარებით იოლი ჩანს, ვიდრე პირველისა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, პენიტენციალური სისტემის გადაცემა იუსტიციის სამინისტროსათვის უდიდეს პრობლემებს წარმოშობს, - დაწყებული ფინანსურით, დამთავრებული ორგანიზაციული პრობლემებით. რაც შეეხება «პოლიტპატიმრების» შეწყალებას, ამანაც შეიძლება საზოგადოებრივ აზრის პოლარიზება გამოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი ორივე ბანაკის წარმომადგენლებს ერთდროულად შეიწყალებს.
    შექმნილ ვითარებაში, ყველაზე მთავარი მაინც ზუსტი პროგნოზირებაა, - აუცილებელია წინასწარ იქნას ზუსტად გათვლილი, რამდენად მაღალია რისკი, რომ კენჭისყრისას საქართველოს კანდიდატურა «ჩავარდეს». თუ რისკის ხარისხი მაღალი იქნება, მაშინ ცდა ამჯერად საერთოდ არ ღირს.

«ნამდვილი მოსამართლეები» საქმიანობას იანვარში შეუდგებიან

    გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ატესტირებული მოსამართლეების დანიშვნის შესახებ. როგორც ცნობილია, ასეულობით პრეტენდენტიდან მხოლოდ 31-მა შეძლო ურთულესი გამოცდის ჩაბარება. მათი ხელფასი 500 ლარით განისაზღვრა, მაგრამ საყოველთაო აზრით, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი გარანტია მოსამართლეთა არაკორუფცირებულობისა;
    500 ლარი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ 5000 ბევრად უკეთესია... მით უმეტეს - 50 ათასი და ასე შემდეგ; მაშასადამე, აქ თანხის ოდენობაში არ არის საქმე. მართლაც «კაცი უნდა ეყოს ხელფასს». სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არანაირი საზოგადოებრივი მოტივაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა მექრთამე მოსამართლეს, - აეღო ქრთამი და გამოეტანა უსამართლო (გამამტყუნებელი ან გამამართლებელი) განაჩენი - იქნება ეს სისხლის სამართლის თუ სამოქალაქო დავისას. პირიქით, - საზოგადოება კიდეც მიესალმება (რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს) უსამართლობას, თუ დამნაშავემ არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ «ზოგად სუბიექტს» (ვთქვათ, სახელმწიფოს) მიაყენა ზიანი. ერთადერთი საშუალება ამ მანკის წინააღმდეგ ბრძოლისა არის, მხურვალე შანთი! დაყვავებითა და მოწოდებებით ვერაფერს გავხდებით. 500 ლარიანი მოსამართლე თუ კიდევ მაინც ქრთამს აიღებს, მისი დანდობა უკვე მართლა არ შეიძლება. არადა, კორუფციის პრობლემა «ჩირის ფასად» აქცევს მთელს ამ საამაყო სასამართლო რეფორმას.
    ნორმალური, ცივილიზებული, არაკორუმპირებული სასამართლოს გარეშე ვერც ერთი სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული სისტემა ვერ იმუშავებს: მოსამართლე საზოგადოებაში ეჭვმიუტანელი, შეუვალი ავტორიტეტი უნდა იყოს. არ არის შემთხვევითი, რომ მაგალითად, მოსამართლეს ამერიკაში სიცოცხლის ბოლომდე ირჩევენ ანუ, იგი მოსამართლე ხდება ერთხელ და სამუდამოდ.
    გარდა ამისა, იქ ყველა მოსამართლე მილიონერია და ქრთამის აღება (აზრადაც რომ მოუვიდეს) არაფერში სჭირდება.
    საქართველოს სინამდვილეში ყველაზე საშიში პრაქტიკა კი «შერჩევითი სამართალია». უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მინდია უგრეხელიძემ ერთხელ თქვა: «ადამიანი მოსამართლის პოსტზე შეუცვლელია, სწორედ ამიტომ, მას მანქანა ვერასდროს შეცვლის». მაგრამ თანამედროვე (ქართული) სასამართლო პრაქტიკა, როდესაც მოსამართლეები ქრთამს იღებენ არა უშუალო კანონის დარღვევის, არამედ «მინიმალურად შესაძლებელი» გადაწყვეტილების მიღებაში - ადასტურებს, რომ «კომპიუტერული სასამართლო» ჩვენს ქვეყანაში დაბალი საზოგადოებრივი შეგნების გამო, უფრო ქმედითი იქნებოდა.

დილის გაზეთი, 10 ოქტომბერი,