კვირის მიმოხილვა: თავისუფლების ინსტიტუტმა საკუთარი სიმართლის დისკრედიტაცია მოახდინა

კვირის მიმოხილვა: თავისუფლების ინსტიტუტმა საკუთარი სიმართლის დისკრედიტაცია მოახდინა

საქართველოს ბედი ეკონომიკაში წყდება

    გასულ შაბათს ხელისუფლების ორივე შტო (აღმასრულებელიც და საკანონმდებლოც) გაცხარებით იხილავდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას.
    სახელმწიფო კანცელარიაში თათბირობდა მთავრობა (პრეზიდენტის ხელმძღვანელობით), ხოლო პარლამენტში დიდი სჯა-ბაასი გაიმართა 1998 წლის ბიუჯეტში ცვლილებებისა და 1999 წლის ბიუჯეტის შეკვეცის თაობაზე.
    პარლამენტმა თავისი პირობა (აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი) პირნათლად შეასრულა და ყველა დაგეგმილი გადაწყვეტილება მიიღო. ანუ, განხორციელდა სეკვესტრი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანომ (ფორმალურად) უარყო პრეზიდენტის მიერ ოქტომბერში წარმოდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტი.
    ეს თავისთავად საინტერესო პრეცედენტია; თუმცა, უარყოფის ჭეშმარიტი მიზეზი ის იყო, რომ ოქტომბრის შემდეგ საბიუჯეტო კრიზისი სახელმწიფოში კიდევ უფრო დაიძაბა.
    ამრიგად, აუცილებელი გახდა სერიოზული ცვლილებების შეტანა მომავალი წლის ბიუჯეტში, რაც განხორციელდა კიდეც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ.
    მაშასადამე, ბიუჯეტი უბრუნდება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მასში შეტანილი იქნება გარკვეული ცვლილებები, კიდევ უფრო შემცირდება ხარჯვითი ნაწილი და დაახლოებით თებერვალში კვლავ დაბრუნდება პარლამენტში განსახილველად.
    ეს თითოეული მოქალაქის სისხლხორცეული საკითხია. იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ 1999 წლის ბიუჯეტი უმძიმესი იქნება. სავალუტო ფონდის კატეგორიული მოთხოვნით, ვინაიდან საქართველომ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შეასრულა 1998 წლის ბიუჯეტი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მხოლოდ «დაცული მუხლების» დაფინანსება (ხელფასების, პენსიები, ლტოლვილთა დახმარებები, ძალისმიერი სტრუქტურათა პირადი შემადგენლობის კვება), აგრეთვე, საგარეო ვალთა მომსახურება.
    არავითარი კაპიტალური ხარჯები! მომავალი წლის ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით ყველაზე დაძაბული იქნება 1995 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც საერთოდ ლაპარაკია ბიუჯეტზე საქართველოში.
    მანამდე ქვეყანას ბიუჯეტი არც ჰქონია. თუ პარლამენტი თებერვალში შეძლებს ბიუჯეტის დამტკიცებას, გაჩნდება შანსი სავალუტო ფონდისაგან დაპირებული 38 მილიონიანი კრედიტის («ისააფის» უკანასკნელი ტრანშის) მიღებისა, რასაც უშუალოდ მოჰყვება მსოფლიო ბანკის 20-მილიონიანი კრედიტი, ევროკავშირის 15-მილიონიანი გრანტი და ასე შემდეგ.
    თუ ამას დავუმატებთ 35-40 მილიონ დოლარს, რომელიც ბიუჯეტმა უნდა მიიღოს პრივატიზების შედეგად, - გაისად მარტისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი საგრძნობლად შეივსება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ «ლარი არ გავუშვათ», ანუ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
    ამჟამად ვითარება, შეიძლება ითქვას «წკიპზეა» - ლარს მხოლოდ რეზერვი «აკავებს». საფინანსო ბაზარს უზარმაზარ მასად, ლოდად აწვება უარყოფითი სავაჭრო სალდო, რომელიც რუსეთში ეკონომიკური კრიზისის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა და უზარმაზარ ციფრს (420 მილიონ დოლარს) მიაღწია. სწორედ ეს «ლოდი» ყოველდღიურად ზრდის მოთხოვნას დოლარზე, რომელსაც იმპორტი «ისრუტავს», ხოლო ეროვნული ბანკი, მიუხედავად ლარის მცირეოდენი ფრთხილი დევალვაციისა, მაინც ყოველკვირეულად 4,7-5 მილიონ დოლარს ხარჯავს, რომ ფინანსური აფეთქება ავიცილოთ.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ (საბიუჯეტო დებატებისას) იმის თაობაზე, რომ საქართველოში არ არის ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული სოციალური წრეებისა და საპარლამენტო ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.
    არადა, რაოდენ უცნაურიც უნდა ჩანდეს, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი ნამდვილად არ არის. არის სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების შემცირებით გამოიხატება. თუ სახელმწიფოს გადასახადების ამოღება არ ძალუძს, ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, თითქოს ეკონომიკა გაჩერებულია და არ მუშაობს. მაშასადამე, პრობლემის თავი და თავი მაინც საქართველოს სახელმწიფოებრივი სისუსტეა.
    მარტივი მაგალითის მოყვანა შეიძლება: «მემარცხენეები», რომელთაც საქართველოში მეწარმეობის «ადვოკატობა» იკისრეს, დღენიადაგ ამტკიცებენ, თითქოს გადასახადების შემცირებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდი უშლის ხელს, რომელსაც, თურმე, არ სურს საგადასახადო ბაზის გაფართოება. არადა, სინამდვილეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთადერთი მოთხოვნა გარკვეული ოდენობის გადასახადის ამოღებაა ბიუჯეტში.
    როგორ მოახერხებს ამას სახელმწიფო - გადასახადების გაზრდით თუ პირიქით, გადასახადების შემცირებითა და საგადასახადო ბაზის გაფართოებით, - სავალუტო ფონდს ნაკლებად აინტერესებს.
    საქმეც სწორედ ის არის, რომ გადასახადების შემცირება (დაბალი საგადამხდელო კულტურის პირობებში) საგადასახადო ბაზის გაფართოებას კი არ გამოიწვევს, პირიქით - გადასახადების შემცირებას.
    სავალუტო ფონდს (ეს მისი უფლებაა) სურს, დარწმუნებული იყოს, რომ თუნდაც 30-40 წლის შემდეგ, მაგრამ კრედიტი აუცილებლად დაბრუნდება.
    ამის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტის მოტანა ელემენტარული იდიოტიზმია. ეს იმას ჰგავს, რუსი კომუნისტების ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა რომ განაცხადა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან დისკუსიისას: რატომ არ მოგწონთ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა, რატომ არ გინდათ, რომ ჩვენ «კარგი» ხელფასები გადავუხადოთ მასწავლებელს, ექიმს და პროფესორს? რაზედაც საკადრისი პასუხი მიიღო: «მერედა ვინ მოგახსენათ, რომ არ გვსურს? რამდენიც გნებავთ, იმდენი გადაუხადეთ, თუნდაც 10 ათასი დოლარი თვეში, მაგრამ თქვენ გინდათ, მათ გადაუხადოთ ხელფასი იმ ფულიდან, რასაც ჩვენ გაძლევთ, ეს კი - ნურას უკაცრავად, გადაუხადეთ თქვენი ფულიდან. ჩვენი ფული კი მოახმარეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომ შემდგომ კრედიტი უკან მივიღოთ!
    რა არის ამ პოზიციაში არანორმალური? აბსოლუტურად არაფერი! პირიქით, «ჩვეულებრივი პრაგმატიზმიდან» გამომდინარე (პრაგმატიზმის გარეშე კი ეკონომიკური სისტემა საერთოდ ვერ იფუნქციონირებს), - ეს პოზიცია არათუ ნორმალურია, არამედ ერთადერთი სწორიც.
    სავალუტო ფონდის კრიტიკოსებს რომ უსმინოს კაცმა, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალით შემოიჭრა საქართველოში, დაიპყრო ქვეყანა, თავს მოგვახვია «საოკუპაციო რეჟიმი» და ახლა გვძარცვავს.
    სინამდვილეში, ამ «რეჟიმის» თავიდან მოშორება სულ ადვილია. საკმარისია ერთხელ არ შევასრულოთ მათი რეკომენდაციები და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები წავლენ. თანაც ისე წავლენ, მომავალი 40 წლის განმავლობაში თვალითაც არ დაგვენახვებიან. მაგრამ საქართველოს ეკონომიკას ამ შემთხვევაში სრული კრახი ელის, ვინაიდან მონეტარული სისტემა დაუყოვნებლივ (2-3 კვირის განმავლობაში) დაიქცევა, ინფლაცია იფეთქებს, ბაზარი გაცამტვერდება, მოქმედი საწარმოები დაიხურება და სხვა.
    ყველას როდი აქვს გაცნობიერებული, რა მოჰყვება ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის კრახს საქართველოში. ზოგიერთს ჰგონია, თითქოს ამის შემდეგ გაიმარჯვებენ «მემარცხენეები», შემოიღებენ სახელმწიფო რეგულირებას, ჩაკეტავენ საზღვრებს, დააწესებენ მონოპოლიას და ამით შეინარჩუნებენ (თუნდაც, სასურსათო ბარათების ფასად) ეკონომიკის საფუძველთა მდგრადობას.
    ეს სრული ილუზიაა. სინამდვილეში საქართველოს ამგვარი მარაზმიც კი არ ელის, - ელის გაცილებით უარესი, ვიდრე მარაზმი: სრული სახელმწიფოებრივი კრახი, ანარქია და ქაოსი, - გათანგული და გაუბედურებული ქვეყანა ხელმეორედ «ექსპერიმენტს» ვეღარ გაუძლებს.
    ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია არა პოპულისტ-მემარცხენეების მოსვლა ხელისუფლებაში, არამედ ლიბერალური რეფორმის შეუპოვრად გაგრძელება და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და საგადასახადო სფეროში წესრიგის დამყარება.
   

    სოციალური სტიქია საქართველოშიც იღვიძებს

    გასულ კვირას თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები მკვეთრად გამოხატული სოციალური შინაარსით.
    უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო «სპონტანური» აქცია, როგორც, მაგალითად, ქუჩის გადაკეტვა ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო.
    ამჯერად ეს გახლდათ პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც გარკვეულმა სოციალურმა ფენამ საპროტესტო აქცია მოაწყო და დასვა არა მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნა, არამედ შესაბამისი პოლიტიკური შეფერილობაც შესძინა მას.
    ცხადია, რამდენიმე წლის წინათ ასეთი აქცია საქართველოში არ გაიმართებოდა, ვინაიდან მაშინ სულ სხვა საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ფონი იყო. დღეს იგი შესაძლებელი გახდა; მაშასადამე, ვითარება თვისებრივად შეიცვალა, თანაც, პროტესტს გამოთქვამენ არა მხოლოდ პენსიონერები, ინვალიდები, არამედ სოციალურად აქტიური შრომისუნარიანი ფენები.
    ეს უკვე ისეთი მოვლენაა, რომელსაც, არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა, არამედ პოლიტოლოგთა განსაკუთრებული ყურადღება და ანალიზი ესაჭიროება.
    სოციალური სტიქია საქართველოში დღემდე «მიძინებული» იყო. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იგი აქტიურად გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე? რასაკვირველია, ამით გაძლიერდება «მემარცხენე პოლიტიკური ფლანგი», მაგრამ მანაც უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დეგრადაციის პირობებში ამ სტიქიამ შეიძლება საბოლოოდ საერთოდ წალეკოს ქართული პოლიტოკრატია.
    აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ ძალა შეძლებს ამ ახალი (თვისებრივად ჩვენთვის ახალი) მოძრაობის მოქცევას გარკვეულ ჩარჩოებში და მის მართვას;
    სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ მმართველი გახდეს არა პოლიტიკური ძალა, არამედ კრიმინალი. მსოფლიო იცნობს ამგვარ ისტორიულ პრეცედენტს: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი დეპრესიის დროს, როდესაც მთელი ძალით გაიშალა სოციალური მოძრაობა, სწორედ ამერიკული მაფია გახდა მისი «პროტეჟე». მაფიოზები ჩაუდგნენ (ფარულად) სათავეში პროფკავშირებს, მათი მეშვეობით ატერორებდნენ მეწარმეებს და სძალავდნენ დიდძალ თანხებს, რომელთაც შემდგომ იმავე პროფკავშირულ «ბოსებს» უნაწილებდნენ; თუმცა, რიგით მუშებსაც რჩებოდათ ზოგიერთი რამ (ნამცეცები, ძირითადად).
    არ არის შემთხვევითი, რომ ზოგიერთი მემარცხენე მიმართულების პარტიის სიაში წარსულში ცნობილი კრიმინალები გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელთ უმალვე «იყნოსეს», საით უბერავს «ახალი ქარი».
    რაც შეეხება პროფკავშირებს, დღევანდელი სახით საეჭვოა ისინი პროცესების სათავეში მოექცნენ. ყოველ შემთხვევაში, სერიოზული რეორგანიზაციის გარეშე.
    თუმცა, უკანასკნელი ეპიზოდის დროს პროფკავშირთა ოფიციალურმა ლიდერმა, ირაკლი ტუღუშმა მაინც შეძლო «სტიქიის მოთოკვა» გარკვეულწილად და მისი მართვა. მაგრამ ის შესაძლოა ერთეული შემთხვევა გამოდგეს.
    ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპარეზზე გამოდის თვისებრივად ახალი ძალა და ვაი მას, ვინც მის შესაძლებლობებს არ გაითვალისწინებს; ეს ძალა ამჟამად ეძებს პოლიტიკურ «ქოლგას», ანუ პარტიას, რომელიც მის ინტერესებს უკეთ აღასრულებს.
    შესაძლოა, პერიოდი 1999 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე სწორედ ამ ძიებისა და, შესაბამისად, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში გააფთრებული ბრძოლის ნიშნით წარიმართოს.
   

თავისუფლების ინსტიტუტმა საკუთარი სიმართლის დისკრედიტაცია მოახდინა

    ჯერ კიდევ რომაელები ამბობდნენ: «არაფერი ზომაზე მეტად». ეს არა მხოლოდ (და ამ შემთხვევაში, არც იმდენად) ზნეობრივი, რამდენადაც პოლიტიკური მაქსიმაა, რომელიც პოლიტიკური ბრძოლისა და მასთან განუყოფელი შესაბამისი ტექნოლოგიის თვისებრივი ნაწილი გახდა.
    პოლიტიკა არ არსებობს ტექნოლოგიის გარეშე, პოლიტიკაში ნებისმიერი «ტექნოლოგიური» შეცდომა უაღრესად ძვირი ჯდება და უმძიმეს შედეგებს იწვევს.
    ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა (შეიძლება ითქვას, უმოწყალო ბრძოლა) რეტროგრადულსა და რეფორმისტულ საწყისებს შორის. თავისთავად ნიშანდობლივი ფაქტია: ამ ბრძოლის ძირითად ასპარეზად, მის ყველაზე ნათელ და მკაფიო გამოხატულებად იქცა სასამართლო რეფორმა და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული პერიპეტიები.
    იურიდიული არგუმენტაცია დისკუსიისა ორივე მხარეს ჰქონდა. ამ სტრიქონების ავტორი, ერთ-ერთ წინა სტატიაში ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, აგრეთვე, სასამართლო რეფორმის ინიციატორებს საკმაოდ ანგარიშგასაწევი არგუმენტები ჰქონდათ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ისინი სხვადასხვა «იურიდიულ იდეოლოგიას» ეფუძნებოდნენ.
    პირველნი აღიარებენ და უეჭველად მიიჩნევდნენ «იურიდიული მემკვიდრეობითობის» ფენომენს, მეორენი კი აღიარებენ «იურიდიული წყვეტის» აუცილებლობას და გარდაუვალობას.
    მეორე პოზიცია (ჩვენი უახლესი წარსულის გათვალისწინებით) უფრო რეფორმატორული, ანუ უფრო მეტად მისაღებია ქვეყნისათვის, რომელიც თვისებრივად ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფუძნდება.
    აქტიური საზოგადოებრივი აზრი ძირითადად «რეფორმატორთა», ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა მხარეს გადაიხარა, რადგან «ძველი სასამართლო სისტემა» ნამდვილად გაიხრწნა, კორუფციაში ჩალპა და იგი უნდა შეცვლილიყო ახალი სისტემით.
    ბუნებრივია, არც ახალი სისტემა გამორიცხავს კორუფციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი არ უნდა შეიცვალოს ახლით. მით უმეტეს, რომ ახალ სისტემაში (თუნდაც, მაღალი ხელფასების გამო, - თუმცა, ეს მხოლოდ ერთი, წვრილმანი და არცთუ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია) კორუფციის სენი შედარებით ნაკლებად იქნებოდა ფეხმოკიდებული.
    ამრიგად, საზოგადოებრივი აზრი აშკარად განეწყო საკონსტიტუციო სასამართლოს სამი წევრის საწინააღმდეგოდ. მათი ძირითადი ოპონენტები აღმოჩნდნენ არა მხოლოდ თვით რეფორმატორები, არამედ «თავისუფლების ინსტიტუტი», რომელსაც ჟვანია-სააკაშვილის გუნდის «სატელიტობაში» ადანაშაულებენ. ასეა თუ ისე, «თავისუფლების ინსტიტუტს» განზრახული აქვს, დაიცვას საქართველოში ლიბერალური ფასეულობანი, ხელი შეუწყოს რეფორმათა პროცესს და საჭიროებისას დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, თუ ეს უკანასკნელი (ინსტიტუტის აზრით) არარეფორმატორულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
    მაგალითად, «თავისუფლების ინსტიტუტის» ლიდერებს არ დაუფარავთ ნეგატიური დამოკიდებულება კანონისადმი «ადგილობრივი თვითმმართველობის» შესახებ.
    «სასამართლო რეფორმის» საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ (აშკარაა, რომ «საკონსტიტუციომ» მიიღო სწორედ რეფორმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება) დაიწყო ბრძოლა საზოგადოებრივი აზრისათვის. ამ ბრძოლაში მოსამართლეთა ცნობილი ტრიადა აშკარად მარცხდებოდა და საბოლოოდაც დამარცხდებოდა, რომ არა უხეში შეცდომა, რომელიც «თავისუფლების ინსტიტუტს» მოუვიდა.
    ბუნებრივია, ინსტიტუტს უნდა მოეწყო საპროტესტო აქციები, მაგრამ გააჩნია აქციის ფორმას! საკმარისად რადიკალური იყო აქცია, როდესაც «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრებმა კუბოს მაკეტი მიასვენეს სასამართლოსთან და «სასამართლო რეფორმა «გამოიტირეს». მაგრამ, როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და ახლა უკვე მოსამართლეთა ფიტულები დაწვეს ქუჩაში.
    საკონსტიტუციო სასამართლოს გამობრძმედილმა წევრებმა უმალვე იგრძნეს, რომ მოწინააღმდეგემ შეცდომა დაუშვა და «კონტრშეტევაზე» გადავიდნენ - «ფიტულების დაწვიდან» რამდენიმე დღის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრი, ლამარა ჩორგოლაშვილი საავადმყოფოში აღმოჩნდა. ოფიციალური დიაგნოზი: გულის უკმარისობა სტრესული სინდრომის გამო.
    ელემენტარული ზნეობრივი პრეზუმფცია მოითხოვს, ეჭვი არ შევიტანოთ იმაში, რომ ქალბატონი ლამარა მართლა გახდა ცუდად და ნამდვილად ვეღარ გაუძლო ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით ხორციელდება ეს ზემოქმედება. ყველაფერს აქვს ზღვარი. შეუძლებელია, ნორმალურ ადამიანს არ შეეცოდოს ადამიანი (მით უმეტეს ქალი), რომელიც საავადმყოფოში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მის ფიტულს საჯაროდ დაწვავენ.
    ამ აქციის ორგანიზატორებმა, მათდაუნებურად, მოახდინეს საკუთარი, სავსებით სამართლიანი პროტესტის დისკრედიტაცია და საშუალება (შანსი) მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, შემოებრუნებინათ საზოგადოებრივი აზრი არა მხოლოდ საკუთარი პერსონების, არამედ, გარკვეულწილად, თავიანთი აშკარად უსამართლო, ანტირეფორმისტული გადაწყვეტილების სასარგებლოდ.
   

თბილისის საკრებულომ ცირკის შენობაში უნდა დაიდოს ბინა

    ტრაგიკომედია, რომელიც თბილისის საკრებულოს არჩევასთან დაკავშირებით თამაშდება, აღმწერისა და მხატვრის განსაკუთრებულ ნიჭს საჭიროებს.
    ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტის და მისი კულტურის სარკე. სრულებით ფუჭი აღმოჩნდა «ოპოზიციონერთა» სიხარული, - აქაოდა, «დავამხეთ მოქკავშირი, მასზე მეტი ხმა დავაგროვეთ ერთად არჩევნებშიო»; ამიტომ, თითქოს, გამარჯვებული ოპოზიცია იყო არა მმართველი პარტია; მართლაც, ერთი შეხედვით, თითქოს ოპოზიციამ მთლიანობაში წარმატებას და «ერთიანი ფრონტით» გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თუ ასეა, რა ხდება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით?
    ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოილაპარაკეს და ვერც მოილაპარაკებენ. «მოქალაქეთა კავშირს» თუ ჭკუა აქვს, ეს ვითარება ოსტატურად უნდა გამოიყენოს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის.
    მაგალითად, იმ რაიონებში, სადაც არა აქვს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა (50 პროცენტს+1) არ შევიდეს ალიანსში არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან და მიუშვას პროცესი «თვითდინებაზე».
    ურყევად ვარ დარწმუნებული: ამ შემთხვევაში ეს რაიონები არა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის გარეშე დარჩებიან, არამედ ოპოზიციური პარტიები ფუჭი და უშედეგო კონსულტაციების შედეგად ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაეკიდებიან.
    ამ არანორმალური ვითარების მიზეზი კი უეჭველად ის არის, რომ ოპოზიციას არ სურს შეუერთდეს დემოკრატიული თამაშის წესს. ნორმალურ, დემოკრატიულ ვითარებაში პრიორიტეტი ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა არჩევნებში; მეორე ადგილზე გასულ პარტიას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ამის შესაბამისი პრეტენზია და ასე შემდეგ.
    თუ ამ თამაშის წესს ოპოზიცია არ აღიარებს, მაშინ იგი თავად აღმოჩნდება, ბოლოს და ბოლოს, უმძიმეს მდგომარეობაში, ვინაიდან მთლიანად მოიშლება დემოკრატიული მექანიზმი;
    ან ოპოზიცია ვალდებულია, გაერთიანდეს სულ ცოტა ერთიან ბლოკად, - რაც ჩვენს პირობებში აბსოლუტურად არარეალურია;
    ანალოგიური ვითარება უეჭველად განმეორდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ძალთა განლაგება ხელისუფლებაში უკვე ჩამოყალიბდა და უახლოეს მომავალში არ შეიცვლება.

დილის გაზეთი, 30 ნოემბერი, 1998 წ.