კვირის მიმოხილვა: ბორის ბერეზოვსკის გეოპოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა

კვირის მიმოხილვა: ბორის ბერეზოვსკის გეოპოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა

     

    გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის ბორის ბერეზოვსკის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის გადაწყვეტილება გახდა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ ბერეზოვსკი დიდხანს ვერ გაძლებდა ამ თანამდებობაზე, უფრო სწორად, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი მას შეეძლო შეენარჩუნებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაამართლებდა თავის დანიშნულებას (რისთვისაც მოიყვანა იგი ელცინმა საკუთარ გუნდში) და ახალ ელემენტს შეიტანდა რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში. კრემლში, როგორც ჩანს, ნამდვილად ჰქონდათ იმედი, რომ ბორის ბერეზოვსკის უზარმაზარი კაპიტალი ამ თვალსაზრისით სერიოზული ფაქტორი გახდებოდა. ბერეზოვსკი რუსეთის უმდიდრესი კაპიტალისტია - მისი უძრავ-მოძრავი ქონება მთლიანობაში სამ მილიარდ დოლარად (!) შეფასებული. იგი ფლობს რუსეთის ნავთობმრეწველობისა და მანქანათმშენებლობის გიგანტთა აქციების მნიშვნელოვან პაკეტს და მთლიანობაში გამოხატავს რუს «ნუვორიშთა» ინტერესებს. ამ ქვეყნის მმართველ ელიტას კი ნამდვილად ესაჭიროებოდა ფინანსური ბერკეტების ამოქმედება კავკასიაში რუსეთის პოზიციათა განსამტკიცებლად - «ძალის პოლიტიკამ» ჩეჩნეთის წინააღმდეგ არ გაჭრა. მაშინ კრემლში გადაწყვიტეს, «ეყიდათ» ჩეჩნეთი ბერეზოვსკის კაპიტალით - დაებანდებინათ მნიშვნელოვანი თანხა, დაეინტერესებინათ ჩეჩნური ელიტა და ასე შემდეგ. ანალოგიური ხერხით ცდილობდნენ კავკასიის სხვა რეგიონებში საკუთარი პოზიციის განმტკიცებასაც: ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ბერეზოვსკის დაახლოებით ასეთივე მისიით აგზავნიდნენ აფხაზეთში, ანუ ცდილობდნენ სეპარატისტთა ლიდერები, დაეყოლიებინათ სამმხრივ (რუსულ-ქართულ-აფხაზურ) კონდომინიუმზე, რათა შემდგომ, შესაბამისი გეოპოლიტიკური დათმობები მიეღოთ თბილისიდან. ბორის აბრამოვიჩმა სოხუმსა და გუდაუთაში სტუმრობისას ნამდვილად შესთავაზა არძინბას ერთდროულად ორასი მილიონი დოლარის ინვესტირება აფხაზეთის ეკონომიკაში (ზემოხსენებული კომპრომისის სანაცვლოდ), მაგრამ უარი მიიღო. სხვათა შორის, ებრაელი მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი ამ შემთხვევაში ერთგვარ კომერციულ რისკზე მიდიოდა, ვინაიდან საკურორტო ბიზნესი რუსეთში ჯერჯერობით წამგებიან სფეროდ ითვლება ფულის ინვესტირებისათვის. ყოველ შემთხვევაში, ნავთობის, გაზის, ან ლითონების ბიზნესთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ბერეზოვსკიმ «გარისკა» და ნამდვილად არ წააგო, ვინაიდან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურისა და (ერთდროულად) გავლენიანი ჩინოვნიკის სახელი მოიპოვა. თანამედროვე რუსეთში ორივე მომგებიანია. საბოლოოდ, ბერეზოვსკიმ (თანამდებობაზე ყოფნისას) დაახლოებით 10-15 მილიონი დოლარი დახარჯა - იგულისხმება რუსი ჟურნალისტების «ჩეჩნური ტყვეობიდან» გამოხსნის ხარჯებიც და სხვადასხვა რეგიონში ვოიაჟებისას «არაოფიციალურად» გაღებული თანხები. სამაგიეროდ, მან შეიძინა მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი, სოციალური ცენზი, რომელიც უეჭველად გამოადგება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერეზოვსკის ფენომენი აფხაზეთში ვერაფრით დაგვეხმარა. ამ ფენომენმა ვერც ჩეჩნეთში «იმუშავა» შედეგიანად, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია.
       

ხოჟ-აჰმედ ნუხაევი კავკასიის «საერთო ბაზრის» შექმნას გვთავაზობს
    
   

    ნოემბრის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის ისლამური რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, რამდენიმე დღის წინ კი საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ცნობა: ამერიკის უდიდესმა კონცერნებმა და გამოჩენილმა ბიზნესმენებმა ჩეჩნეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ხოჟ-აჰმედ ნუსევთან გააფორმეს ხელშეკრულება ამერიკა-კავკასიის ერთობლივი ეკონომიკური ასოციაციის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანია კავკასიაში «საერთო ბაზრის» ჩამოყალიბება. რასაკვირველია, ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოა, როგორც პრეცედენტი ამერიკელ ბიზნესმენთა თანამშრომლობისა ჩეჩენ ისლამისტებთან (ეგრეთ წოდებული «შარიათის» სასამართლოებმა, როგორც ჩანს, სერიოზული გავლენა ამ ურთიერთობაზე ვერ მოახდინეს), მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმავე წყაროთა ცნობით, ჩეჩნეთის მთავრობის ემისრები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მესვეურებთან «კავკასიური ბაზრის» პროექტში საქართველოს ჩართვის თაობაზე. ამერიკული ბიზნესი მზად არის ამ პროექტში ნახევარი მილიარდი (!) დოლარი ჩადოს, ყოველ შემთხვევაში, ხოჟ-აჰმედ ნუსევის წარმომადგენლები «ალაჰს იფიცებენ», რომ თვით საქართველოს ერთი თეთრიც არ დაეხარჯება - საჭიროა მხოლოდ მისი პოლიტიკური თანხმობა და სატრანზიტო გზების გახსნა. ამ პროექტმა (ჯერ კიდევ განხორციელების დაწყებამდე) რუსი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. სახელმწიფო სათათბიროში უკვე ამზადებენ საპროტესტო ნოტას ამერიკის მთავრობისადმი (თუმცა, ეს უკანასკნელი ოფიციალურად ჯერ საქმეში არ ჩარეულა). ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი ატყდება მოსკოვში, თუ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად მხარს დაუჭერს «ნუხაევის პროექტს» და რეალურად გადადგამს ნაბიჯს მის განსახორციელებლად. გავიხსენოთ რუს პოლიტიკოსთა (თვით პრეზიდენტის) რეაქცია კისლოვოდსკის შეხვედრის შემდეგ, როდესაც მოვლადი უდუგოვმა თბილისში «კავკასიური ეუთოს» დაფუძნება მოითხოვა. ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს პროექტი, განურჩევლად იმისა, რამდენად გულწრფელნი არიან ჩეჩენი პოლიტიკოსები და რამდენად რეალურია ამერიკული კაპიტალის შესვლა ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლის გვერდის ავლით - ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად ხელსაყრელ საინფორმაციო და პროპაგანდისტულ ფონს ქმნის.
        არა უშავს, ინერვიულონ რუსმა პოლიტიკოსებმა და «ჰყარონ ცოფები» ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს აქტიურობის გამო - მათ ხომ ყველაზე უკეთ იციან, თავად რა როლი შეასრულეს საქართველოს გახლეჩაში ან ამჟამად რას აკეთებენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. საბოლოოდ კი ეს ფართომაშსტაბიანი «კავკასიური ანტიქართული პროვოკაცია» უეჭველად დაუბრუნდებათ სისხლიან ბუმერანგად საკუთარ ტერიტორიაზე - ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამაც და პოლიტიკურმა ძალებმაც ძალიან ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ დემონსტრაციულად უნდა სცადონ მოქმედების გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში. მერე რა, რომ ნუხაევის პროექტი ილუზიაა და ვერ განხორციელდება - მთავარია, საქართველოს აქტიურობამ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი დაარწმუნოს, რომ თუ უახლოეს მომავალში იგი არ შეცვლის ან არ გაააქტიურებს (საქართველოს სასარგებლოდ) თავის პოლიტიკას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში - საქართველო საბოლოოდ იქცევა მის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, რაც რუსეთისათვის ძალზე არახელსაყრელ გეოპოლიტიკურ ვითარებას შექმნის კავკასიაში.
       

ბრეჟნევის მარაზმი ადვილად დავივიწყეთ
    
   

    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი იქნებოდა საქართველოში, ახლაც რომ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მართავდეს «რესპუბლიკას.» ციფრ «80»-ს შეგვაძულებდნენ დღემდე ცნობიერებიდან ვერ ამოგვიგდია «70» - იგი, ძალაუნებურად გარკვეულ ფსიქოლოგიურ კლიშედაც კი იქცა და წამდაუწუმ ვხმარობთ ხოლმე - სამოცდაათი წლის განმავლობაში... სამოცდაათი წელია უკვე და ასე შემდეგ.
        «დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის» ოთხმოც წლისთავზე, საბედნიეროდ, საქართველოს კომპარტიას მხოლოდ სანქცირებულ მიტინგზე შეეძლო მშრომელებისათვის მიემართა გულმხურვალე მილოცვით. თუმცა, ეს მოვლენა მაინც იქცა «საეტაპოდ» ქართველ «რუსეთუმეთა» ბიოგრაფიაში. «ჩრდილოური ორიენტაციის» მეხოტბეთა ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ გოგუაძემ გორში გამართულ შეკრებაზე აშკარად განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გაერთიანდეს «ახალი ტიპის კავშირში», რომელიც დსთ-ის ტერიტორიაზე შეიქმნება. თავისთავად მისასალმებელი ფაქტია: როგორც იქნა ვახტანგ გოგუაძემ გაამჟღავნა გულისნადები - დღემდე მხოლოდ ქარაგმებით იფარგლებოდა (თუმცა, თანმიმდევრულობას ვერ დაუკარგავ) და «შორიდან უვლიდა» - კონკრეტულად არ ამბობდა, რა უნდა დაეთმო ხელისუფლებას რუსეთის მიმართ, რათა საერთოეროვნული კატასტროფა თავიდან აეცილებინა. ამგვარი ორაზროვნება ბევრს «ნერვებს უშლიდა» - თუ არ მოგწონს პოლიტიკური კურსი, მისი ალტერნატივაც უნდა დაასახელო, ოღონდ კონკრეტულად და არა მხოლოდ ქარაგმით «სიმართლე ვთქვათ, თორემ ტყუილის გამო დაგვსჯის ღმერთი» და ასე შემდეგ. ამჯერად კონკრეტულად ითქვა: «საქართველომ უნდა სცადოს ახალი კავშირის შექმნა რუსეთთან». რამდენად რეალურია ეს - სხვა საკითხია. ზოგჯერ, დსთ-ში მიმდინარე პროცესების ანალიზს იმ დასკვნამდეც კი მივყავართ, რომ რუსეთს საერთოდ აღარაფრის თავი არა აქვს და საკუთარი ტერიტორიისთვის ვეღარ მოუვლია - «ძველი ტერიტორიების შემოკრებაზე» რომ აღარაფერი ვთქვათ. სიმპტომატურია ვახტანგ გოგუაძის დაახლოება კომუნისტებთან - თავისთავად, რეინტეგრაციის იდეა მკვდრადშობილი იდეაა, ვინაიდან იგი მხოლოდ კომუნისტურ იდეოლოგიასთან და «სოციალიზმთან» ასოცირდება. ვახტანგ გოგუაძის კონცეფცია პერსპექტიული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი «მემარჯვენეების იდეოლოგიად» იქცევა (ეს სრულებითაც არ არის შეუძლებელი), ხოლო რაკი «კაპიტალისტური ინტეგრაცია» ვერ ხერხდება - ერთიანი სახელმწიფოს შექმნისათვის, ისევ ბრეჟნევის მარაზმში დაბრუნებას არავინ დათანხმდება. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა თითქოს, მაგრამ «რომანტიკულად განწყობილ» გოგუაძეს არა და არ სურს მას შეურიგდეს.
       

აფხაზ სეპარატისტთა შორის განხეთქილება ღრმავდება
       

    უკვე სავსებით აშკარაა, რომ აფხაზეთში მოქმედ პოლიტიკურ ძალთა სპექტრში გამოიკვეთა რადიკალური ფრთა. იგი საქართველოსთან ყოველგვარი კომპრომისის სასტიკი წინააღმდეგია და უნდა ვაღიაროთ, თავისი აქტიურობით პრობლემებსაც უქმნის «აფხაზეთის პრეზიდენტს». ვლადისლავ არძინბა თბილისში ყოფნისას ჩიოდა: «აფხაზეთში პოლიტიკოსთა ახალი ტალღა გამოჩნდა, რომელთაც თვალი ვერსად მოვკარი ომის დროსო. ახლა კი ეს ვირთხები ყველაზე მეტი «რადიკალები» არიან. მათი შეშფოთება გამოიწვია ქართულ-აფხაზური კონტაქტების გააქტიურებამ. არა იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ არძინბა რაიმეს დათმობს, - მაგრამ თვით პოლიტიკის კანონებიდან გამომდინარე აუცილებელი და გარდაუვალი შეხვედრებიც კი საქართველოს წარმომადგენლებთან, - რადიკალთა აღშფოთებას იწვევს. სეპარატისტთა ამჟამინდელი ლიდერის გასაფრთხილებლად მათ ორი ფართომაშსტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს: უპირველეს ყოვლისა, დაიწყეს მზადება «რეფერენდუმისთვის» აფხაზეთის ტერიტორიაზე. პლებისციტზე სულ სამი კითხვა იქნება გამოტანილი: გსურთ, აფხაზეთი იყოს საქართველოს შემადგენლობაში? გსურთ, აფხაზეთი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში?
        ბუნებრივია, აფხაზი სეპარატისტები (მიუხედავად ჩვენში დამკვიდრებული მცდარი აზრისა) - პირველ კითხვაზე გასცემენ დადებით პასუხს და არა მესამეზე. ეს კი უეჭველად იმას ნიშნავს, რომ არძინბას ძალზე გაურთულდება ურთიერთობა რუსეთის «გარკვეულ წრეებთან», ანუ, ფაქტობრივად, რუსეთის მმართველ ელიტასთან, ვისაც აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეთრევა სურს. სამაგიეროდ, არძინბას ორაზროვან მდგომარეობაში ჩაყენებით, ანტიქართველი რადიკალები მოიგებენ. მეორე, აშკარა პროვოკაცია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ «აფხაზი ხალის გენოციდის» ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნაა. აფხაზეთის «პარლამენტში» აფხაზეთისავე «გენერალურ პროკურორს» მოთხოვა, უახლოეს მომავალში აღძრას სისხლის სამართლის საქმე შევარდნაძის წინააღმდეგ. იმ პირობებში, როცა საქართველოს პროკურატურას ჯერ არ აღუძრავს საქმე არძინბას წინააღმდეგ, - აფხაზური პარლამენტის ამგვარი მოთხოვნა აშკარა პროვოკაციაა. ერთგვარად პარადოქსული ვითარებაც იქმნება: არძინბას პოზიციებს ასუსტებენ «რადიკალები», ანუ ის ხალხი, ვინც მასზე უფრო მძვინვარე ანტიქართველია.
       

კანონი რელიგიის შესახებ შესაძლოა, საერთოდ ვერ მიიღონ
    
   

    «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელ ეტაპზე შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო კანონი რელიგიის შესახებ. როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს ცხარე დისკუსია საპარლამენტო კომიტეტებში ამ კანონზე, ზურაბ ჟვანიას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მისი სკეპტიციზმის მიზეზი აშკარად ის უნდა იყოს, რომ ჯერ მიუღებელი კანონიც კი უკვე მწვავე დაპირისპირებას იწვევს საზოგადოებაში. ძირითადად ორი პოზიცია «ეჯახება» ერთმანეთს: პირველის თანახმად, კანონმა უნდა შეზღუდოს საქართველოში რელიგიურ სექტათა შემოღწევა და თავისუფალი მოქმედება, ვინაიდან მათი აქტიურობა «საფრთხეს უქმნის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლის ერთიანობას», მაგრამ ამგვარი კანონის მიღება უდიდეს აღშფოთებას გამოიწვევს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. გავიხსენოთ რუსეთის მაგალითი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ, ლამის ბოიკოტითა და ახალი ცივი ომით დაემუქრა. მეორე მხრივ, თუ მიიღებენ ლიბერალურ კანონს, «სინდისის თავისუფლების» საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით, ხელისუფლებას «ორთოდოქსები» დაადანაშაულებენ «რელიგიური ანარქიისა და აღვირახსნილობის» ხელშეწყობაში, რაც არანაკლებ გაამწვავებს ვითარებას. ამდენად, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადება «თუ მას გაიზიარებენ) ალბათ ნაწილობრივ განმუხტავს ვითარებას, თუმცა ორივე მხრიდან მოსალოდნელია ახალი ბრალდებები კანონის მიუღებლობის გამო.
      

  დილის გაზეთი, 10 ნოემბერი, 1997 წ.