კვირის მიმოხილვა: «აფხაზეთის ფრონტზე» გარღვევა მწიფდება?

კვირის მიმოხილვა: «აფხაზეთის ფრონტზე» გარღვევა მწიფდება?

ისევ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

    ანკარადან დაბრუნების შემდეგ, სადაც ხელი მოეწერა «საუკუნის პროექტს» კასპიის «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირების შესახებ, ედუარდ შევარდნაძემ «ვიწრო წრეში» საუბრისას განაცხადა, რომ მისი თურქეთში გამგზავრება ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო.
    როგორც ჩანს, უარის უმთავრესი მიზეზი გახდებოდა ერთი ფრაზა «ანკარის დეკლარაციიდან». თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის, აგრეთვე უზბეკეთის ხელმძღვანელები აპირებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტისათვის, რომელშიც ნახსენები იქნებოდა ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტი, მაგრამ არ იქნებოდა დაფიქსირებული თბილისი, როგორც გეოპოლიტიკური პუნქტი.
    კაცმა რომ თქვას, დღემდე ყველა საერთაშორისო დოკუმენტში მხოლოდ ბაქო-ჯეიჰანი ფიგურირებდა, მაგრამ ქართულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა (საქართველოს პრეზიდენტი ანკარის ღონისძიებათა ბოიკოტირებითაც კი იმუქრებოდა) ხელშეკრულების შესაბამის ფრაზაში ჩამატებულიყო თბილისი. არცთუ დიდი ხალისით, მაგრამ ანკარაც და ბაქოც ამას დაეთანხმნენ. მით უმეტეს, რომ მოთხოვნა სავსებით ლოგიკური იყო. საქართველო არათუ მნიშვნელოვანი მონაწილეა «საუკუნის პროექტისა», არამედ მის გარეშე პროექტი საეროთდ ვერ განხორციელდება.
    მეორე მხრივ, ამიერიდან, ქართულ დიპლომატიას შეუძლია ასეთივე კატეგორიულობით მოითხოვოს და დაამკვიდროს კიდეც საერთაშორისო ლექსიკონში ტერმინი «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის» ნავთობსადენი, - რითაც ხაზი ესმება საქართველოს მნიშვნელობას.
    ამ პრიორიტეტისათვის ქვეყანას დიდი ბრძოლა და საკმაოდ სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მარშრუტი შეიძლებოდა სხვაგვარიც ყოფილიყო.
    ბაქო-ჯეიჰანი გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მარშრუტის ალბათობას, არამედ ირანს და სომხეთს - თუ საქართველოში რაიმე მეტისმეტად სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა, ამერიკის ადმინისტრაცია მოელაპარაკებოდა ირანს და ნავთობსადენს გაატარებდა უმოკლესი მარშრუტით - სპარსეთის ყურემდე (შესაბამისი სიმპტომები დათბობისა ვაშინგტონსა და თეირანს შორის გამოჩნდა კიდეც).
    აზერბაიჯანისათვის ეს უაღრესად ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ირანში შესუსტდებოდა პროსომხური განწყობა. გავიხსენოთ ისიც, რომ ამერიკაში სომხური ლობი აქტიურად მუშაობდა ბაქო-ერევან-ჯეიჰანის მარშრუტის «გასატანად». ოღონდ რასაკვირველია, ყარაბაღის «დაბრუნების» გარეშე. ეს ვარიანტი ოფიციალური ბაქოსთვის აღმოჩნდა მიუღებელი. ბაქო-ნოვოროსიისკის მარშრუტი გამოირიცხა სრუტეების (ბოსფორისა და დარდანელის) სტატუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
    თუმცა, ესეც რომ არ ყოფილიყო, აზერბაიჯანი არ ენდობოდა რუსეთს, რომელმაც ორი წლის განმავლობაში მილიარდი დოლარის იარაღი მიაწოდა სომხეთს.
    ამრიგად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი ფავორიტი აღმოჩნდა. მათგან განსაკუთრებულ ეკონომიკურ მოგებას 2003-2004 წლამდე არ უნდა ველოდოთ, მაგრამ პოლიტიკურ დივიდენდებს დღესვე მივიღებთ: საქართველომ მოიპოვა გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომელიც უეჭველად დაეხმარება მას უფრო აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები. თანამედროვე, უმოწყალოდ პრაგმატულ მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობის, უცხო სახელმწიფოთა თანადგომის (რეალური და არა მხოლოდ სიტყვიერი თანადგომის) მოსაპოვებლად აუცილებელია მათი დაინტერესება უშუალო პოლიტიკური ან ეკონომიკური მოგებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს იმედი: საქართველოს ინტერესებს თუ საფრთხე დაემუქრა, ისინი მხოლოდ გულგრილი განცხადებით აღარ შემოიფარგლებიან. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი «ნავთობსადენის» პროექტის განხორციელებისას. მით უმეტეს, რომ ბაქო-ჯეიჰანის პროექტით, «ევრაზიული დერეფნის» იდეა არ ამოიწურება.
    ანკარაში ხელი მოეწერა დოკუმენტს თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის დასავლეთში ტრანსპორტირების შესახებ. ეს განზრახულობათა ოქმია, რომლის თანახმად, თურქეთი და თურქმენეთი შეთანხმდნენ, რომ აშხაბადი ანკარას მიაწვდის ჯერ 15 ხოლო შემდგომ 30 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს წელიწადში.
    როგორი მარშრუტით მოხდება საწვავის მიწოდება, - განზრახულობათა ოქმში ნათქვამი არ არის, მაგრამ თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, გამოდის, ბუნებრივი აირის ეს კოლოსალური ოდენობაც საქართველოზე გაივლის; თურქმენეთი იძულებულია დააბანდოს ფული ახალ გაზსადენში, ვინაიდან რუსეთი არ ატარებს ბუნებრივ აირს ევროპისაკენ.
    ამრიგად, «რუსული მარშრუტი» აქაც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. ირანზე სტრატეგიული მნიშვნელობის გაზსადენის გატარებას ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს. ამრიგად, რჩება ერთადერთი ვარიანტი: კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანა, რომელიც შემდეგ აზერბაიჯანისა და საქართველოს მილსადენ ქსელს შეუერთდება.
    თუ ამას დავამატებთ ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ისევ და ისევ ტრანსკასპიური მილსადენების მშენებლობის გეგმას, უეჭველი ხდება: საქართველო XXI საუკუნისთვის უნიკალურ სატრანზიტო ფუნქციას მოიპოვებს (და შედეგად), სახელმწიფოებრიობას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზემოთჩამოთვლილი პროექტები ენერგეტიკული პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ნიშნავს. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი (ანკარას დეკლარაციაში დაფიქსირებით) კვლავ გამოჩნდა მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისკენ სწორედ ახლა გადავდგით ნაბიჯი და არა 1989 ან 1992 წლებში. დღემდე ჩვენი სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ნომინალურად რჩებოდა.
   

«აფხაზეთის ფრონტზე» გარღვევა მწიფდება?

    აფსუა სეპარატისტებს პოლიტიკური ყნოსვა ყოველთვის გაფაქიზებული ჰქონდათ. ისინი შესანიშნავად გრძნობდნენ და გრძნობენ საქართველოს კონიუნქტურას,
    ერთი შეხედვით (როგორც თავად აცხადებენ) «საქართველოსთან საერთო არაფერი აქვთ», მაგრამ სინამდვილეში უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს თბილისში მოვლენათა განვითარებას.
    უეჭველად სწორედ ამით აიხსნება არძინბას პირადი წარმომადგენლის, ანრი ჯერგენიას ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში. სეპარატისტები გრძნობენ: არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ვითარება ქართულ პოლიტიკაში თანდათანობით, მაგრამ განუხრელად იძაბება. რასაკვირველია, ისინი შეეცდებიან გამოიყენონ ეს დაძაბულობა საკუთარი მიზნებისათვის, თუმცა, მეორე მხრივ ხელისუფლებაც აპირებს, როგორც ჩანს, პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები გადადგას, რათა ოპონენტებს მძლავრი არგუმენტი გამოაცალოს ხელიდან; სახელმწიფო მინისტრთან ანრი ჯერგენიას მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ «მხარეები უახლოვდებიან დოკუმენტს ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ».
    საკვანძო განცხადება იყო არძინბას წარმომადგენლის სიტყვები:. «ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ლტოლვილების დაბრუნება დაიწყება აფხაზეთის სტატუსის გარკვევამდე». ეს ძალზე სერიოზული და, შეიძლება ითქვას, სენსაციური განცხადებაა: დღემდე სეპარატისტთა ძირითადი თეზისი იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ ლტოლვილებს, სანამ არ დაფიქსირდებოდა აფხაზეთის «თანაბარსუბიექტურობა საქართველოსთან»; თუმცა, მეორეს მხრივ, ამჯერადაც საუბარია არა მთელს აფხაზეთზე, არამედ მხოლოდ გალის რაიონზე. ოღონდ, «ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში».
    როგორც ცნობილია, ომის დამთავრებისთანავე, სეპარატისტებმა თავისი გადაწყვეტილებით, თვითნებურად შეცვალეს გალის საზღვრები და ისტორიული სამურზაყანო, ფაქტობრივად, გაანახევრეს.
    «გალის რაიონს» ისინი უწოდებენ ტერიტორიას მდინარე ენგურიდან - გალის არხამდე. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სამურზაყანო თითქმის მდინარე ღალიძგამდე აღწევდა.
    რამ გამოიწვია სეპარატისტთა პოზიციის შერბილება? ოღონდ ჯერ უნდა გაირკვეს, ნამდვილად შერბილდება თუ არა მათი პოზიცია. სარწმუნო წყაროს ცნობით, ჯერგენია საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სთავაზობდა შემდეგ ფორმულას: «ლტოლვილთა დაბრუნება ორგანიზებულად, - ერთი წლის განმავლობაში, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში და ზედა ზონის სოფლების ნაწილში. სამაგიეროდ, აფხაზეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება»;
    თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, აფხაზური მხარე კვლავინდებურად დაჟინებით მოითხოვს, რომ ლტოლვილთა დაბრუნება დაიწყოს მხოლოდ საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე შეზღუდვათა გაუქმების შემდეგ.
    ამ მოთხოვნის შინაარსი ადვილად ამოსაცნობია: შეზღუდვები შემოღებულია რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით. მათი უმთავრესი მიზანი იყო ერთგვარი «ბალანსის» შექმნა კავკასიაში - რუსეთი კეტავს საზღვარს აფხაზეთთან, სამაგიეროდ «საქართველოც ჩაკეტავს საზღვარს ჩეჩნეთთან». ყოველ შემთხვევაში, არ დააკმაყოფილებს ჩეჩნური მხარის თხოვნას თბილისი-გროზნოს საავტომობილო გზის გახსნის თაობაზე.
    რა მოხდება, თუ ლტოლვილები დაბრუნდებიან, ხოლო რუსეთი, საქართველოს მოთხოვნის მიუხედავად, მაინც არ გახსნის საზღვარს? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მისი გადასაწყვეტია; ამიტომ სეპარატისტები წინასწარ თავს იზღვევენ და სავარაუდო დოკუმენტში დებენ პუნქტს ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნების შესახებ. «ერთი წლის განმავლობაში» - რათა შეეძლოთ პროცესი ნებისმიერ დროს შეაჩერონ.
    აქვე საკითხავია, საერთოდ რამდენად აძლევს ეს ხელშეკრულება თუ ოქმი ხელს საქართველოს? უკვე ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავა აფხაზეთში, სადაც ზემოთხსენებულ დოკუმენტს არძინბასთან ერთად მოაწერს ხელს. ამის შესახებ მრავალმა საინფორმაციო საშუალებამ გამოაცხადა, მაგრამ როცა საქმე არძინბასთან და ჯერგენიასთან გაქვს, აუცილებლად უნდა დაუსვა თავს კითხვა: ხომ არ არის ეს მორიგი ფანდი? მორიგი მახე? გამორიცხული არაფერია!
    დავუშვათ ყველაფერი იდეალურად განვითარდა; ანუ ისე, როგორც ქართულ მხარეს ესმის ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი (თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, მწარე გამოცდილებისამებრ, რომ სეპარატისტებს ხშირად სულ სხვაგვარად ესმით ხოლმე ანალოგიური ფრაზა, რასაც რამდენიმეჯერ უმძიმესი შედეგი მოჰყვა - ავტ.): დაიწყო ლტოლვილთა დაბრუნება დეკემბერში; უმალვე გაიხსნა საზღვარი ფსოუზე და სეპარატისტულმა რეჟიმმა თავისუფლად ამოისუნთქა; შეწყდა ბლოკადა; აფხაზეთში ჩარჩენილი მოსახლეობა მომძლავრდა; დავუშვათ ისიც, რომ გალის რაიონის ძველ საზღვრებში (ანუ მდინარე ღალიძგამდე) ქართული მოსახლეობა მართლაც დაბრუნდა; იმავდროულად, ჯერგენიამ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან ადმინისტრაციის საკითხში. არავითარ «ერთობლივ თუ კოალიციურ» ადმინისტრაციაზე აფხაზური მხარე არ მიდის, - ერთადერთი რაზეც ისინი თანხმდებიან, არის ის, რომ გალის რაიონის პოლიციის ყოფილი რაიონული განყოფილების (აწ ლტოლვილი) თანამშრომლები, ჩაირიცხონ გალის აფხაზურ მილიციაში; მაგრამ, ამ შემთხვევაში, საკითხავია, ისინი ვის წინააღმდეგ მიმართავენ იარაღს და ვის ინტერესებს დაიცავენ?
    სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ დოკუმენტის პროექტი, როგორც ჩანს, მაინც ითვალისწინებს ერთგვარი კონდომინიუმის პრინციპს. იქმნება სამმხრივი (რუსეთის, სამშვიდობო ძალთა მონაწილეობით) კომისია, რომელიც დაიცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას. მაგრამ ეს არ ეხება ადმინისტრაციას - იურისდიქციას გალის რაიონზე მთლიანად და უეჭველად არძინბას ხელისუფლება ინარჩუნებს.
    უეჭველია ამ მომენტს იგი იმისთვის გამოიყენებს, რათა დაბრუნებულ მოსახლეობაში «მეგრული თემა» გაამწვავოს და ეს კარტი გაათამაშოს საქართველოს წინააღმდეგ.
    ამ თემას აფხაზური სეპარატიზმის სტრატეგიაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არძინბა მის «დამუშავებას» მომავალშიც განაგრძობს. მაშასადამე, აფხაზური ადმინისტრაციის «ქვეშ» მოსახლეობის დაბრუნება არა მხოლოდ ტერიტორიის (იგი ისედაც დაკარგული გვაქვს), არამედ უკვე ადამიანების, გენოფონდის დაკარგვას ნიშნავს.
    უეჭველია, ამგვარ «კომპრომისს» ოპოზიციური ძალები აქტიურად გამოიყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ნაცვლად წარმატებისა, ხელისუფლება კიდეც წააგებს მოსახლეობის, ელექტორატის თვალში.
    სხვა საქმეა, თუ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ თქვას უარი აფხაზეთის ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეკონომიკური იძულების მეშვეობით დაბრუნებაზე.
    ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს «ჩეჩნურ ვარიანტთან», როდესაც ხდება პრობლემის დაკონსერვება გარკვეული ვადით და მხარეები მიდიან კომპრომისზე, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: ნაწილობრივ იხსნება ლტოლვილთა პრობლემა (დაახლოებით 30-40 პროცენტით), სამაგიეროდ, აფხაზეთი იღებს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, «საქართველო და აფხაზეთი» თანამშრომლობენ ეკონომიკურ სფეროში: ქმნიან ერთობლივ საწარმოებს, ვაჭრობენ, ავითარებენ ტურიზმს და ასე შემდეგ. თბილისი ინარჩუნებს გარკვეულ ეკონომიკურ ბერკეტებს, რომლითაც აიძულებს არძინბას, არ გაათამაშოს «მეგრული კარტი», ანუ საფრთხე არ ექმნება საქართველოს, ქართველი ერის ეთნიკურ მთლიანობას.
    ფაქტობრივად, ეს არის ეგრეთ წოდებული «პერმანენტული ზავის» მდგომარეობა, რაც სრულებითაც არ ნიშნავს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას, მაგრამ გამორიცხავს მისი გადაწყვეტის ძალისმიერ ვარიანტს. საქართველოსა და აფხაზეთს შორის დამოკიდებულება იგება როგორც ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის (დე ფაქტო), მაგრამ ეს ვითარება არ ფორმდება დე იურედ.
    ფორმალურად, აფხაზეთი კვლავ საქართველოს განუყოფელ ნაწილად რჩება. შექმნილი ჩიხიდან ასეთი გამოსავალი, შესაძლოა, კიდეც წყვეტდეს რიგ ტაქტიკურ პრობლემებს, მაგრამ, იმავდროულად არათუ წყვეტს, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს სტრატეგიული ხასიათის პრობლემებს, რომელთა წინაშე ქვეყანა აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენების შედეგად.
    ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შესწევს უნარი ხელისუფლებას, მართოს პროცესები, რომლებიც კომპრომისის შედეგად წარმოიშობა.
    მთლიანობაში, ამ კომპრომისის ერთმნიშვნელოვანი შეფასება გამორიცხულია. მას აქვს როგორც დადებითი, პერსპექტიული, ასევე აშკარად უარყოფითი და სახიფათო მომენტები. ამ თვალსაზრისით პოლიტიკა «ცოცხალი მატერიაა», რომელიც ბოლომდე მხოლოდ განხორციელების, ცხოველმყოფელობის პროცესში შეიცნობა.
   
   არჩევნების ქვეყანა

    საქართველოში საარჩევნო კარუსელი უკვე დატრიალდა, ტელევიზიით რეგულარულად უჩვენებენ სხვადასხვა პარტიების საარჩევნო «კლიპებს». თბილისი თანდათან ივსება საარჩევნო პლაკატებით. ერთი სიტყვით, კვლავ მეორდება ის, რაც უკვე არაერთგზის იყო ჩვენს ქვეყანაში, - 1990 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, შემდეგ 1991 წლის გაზაფხულზე, 1992 წლის შემოდგომაზე, 1995 წლის ისევ სექტემბერ-ოქტომბერში... სხვათა შორის, ქვეყნისთვის ამ გაუთავებელ საარჩევნო ორომტრიალს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. პოლიტიკური პარტიების სიუხვე და მრავალფეროვნება მხოლოდ ერთი შეხედვითაა საქვეყნო სიკეთე, - სინამდვილეში კი იგი სახელმწიფოებრივი არამდგრადობის, საზოგადოების დაბნეულობის მაჩვენებელია.
    ასეთი ვითარება სულ ადვილად შეიძლება გადაიზარდოს კიდევ ერთ სამოქალაქო ომში - გაუთავებელი არჩევნები რომ გვაქვს საქართველოში 1988 წლიდან (სწორედ მაშინ დაიწყო პირველად «არჩევნებზე» საუბარი), იმიტომაცაა კარგად საქმე.
    ნორმალური დემოკრატია მხოლოდ ის არის, სადაც საზოგადოებას კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული თვისებრივი არჩევანი. შეუძლებელია ქვეყანაში გაუთავებლად მიმდინარეობდეს დისკუსია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა საგარეო ორიენტაცია, სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობა, მისი სოციალ-ეკონომიკური შინაარსი და ასე შემდეგ.
    ეს საკითხები ერმა, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ერთხელ და სამუდამოდ. შემდეგ კი პარტიები ერთმანეთს უნდა უპირისპირდებოდნენ მხოლოდ ტაქტიკურ, მეორეხარისხოვან საკითხებში. სწორედ ასე მიმდინარეობს დისკუსია ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნებში.
    შეუძლებელია, მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში პარტიები გაუთავებლად კამათობდნენ თემაზე «რა გზას აირჩევს საფრანგეთი», - საფრანგეთმა «გზა» აირჩია 1789 წელს და მიუხედავად არაერთგზის «რესტავრაციისა», ძირითადი პრინციპებისათვის, სტრატეგიული თვალსაზრისით, ფრანგულ საზოგადოებას არ უღალატია.
    საქართველოში კი სულ სხვა ვითარებაა. ვერა და ვერ დასრულდა კამათი: «პრორუსული» თუ «პროდასავლური», «კაპიტალიზმი» თუ «სოციალიზმი». ყველა პარტიის, ყველა პოლიტიკური დაჯგუფების საარჩევნო კლიპში სწორედ ეს «თვისებრივი არჩევანის» თემა იგრძნობა და შესაბამისად, ადვილად შესამჩნევია სამოქალაქო ომის ნიშანი - ცნობიერების ლიბანიზაცია და ასე შემდეგ.
    მაგალითად, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში პარტიებს შორის დისკუსია მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმის თაობაზე, თუ რა დონეზე უნდა დაწესდეს გადასახადები, რა რაოდენობით თანხა უნდა დაიხარჯოს ამა თუ იმ სოციალური პროგრამის განსახორციელებლად და ასე შემდეგ.
    ჩვენთან სულ სხვა სურათია. ერთი პარტია აქცენტს აკეთებს მხოლოდ სოციალურ მიმართულებაზე, მხოლოდ სოციალურ პრობლემატიკაზე და კრინტს არ ძრავს «ეროვნულ-სახელმწიფოებრივი» პრობლემების შესახებ. მეორე - პირიქით, მხოლოდ «ეროვნული მოძრაობის» შესახებ საუბრობს და სოციალური პრობლემები სულაც არ აინტერესებს.
    რაც შეეხება საგარეო ორიენტაციას, ერთი ალთას ექაჩება ქვეყანას, მეორე - ბალთას. თითქოსდა, ეს კიდევ საკამათო და სადისკუსიო საკითხია. თუ მართლა ასეა, მაშინ საერთოდ დაღუპულა ქვეყანა - თუ კიდევ გასარკვევია, «რა გზა უნდა აირჩიოს საქართველომ» - მაშინ ხომ საერთოდ უაზრობა და სისულელე ყოფილა ყოველივე, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადავიტანეთ.
    ამ შემთხვევაში, რა საჭირო იყო ამდენი სისხლისღვრა, ამდენი ომი და უბედურება? პოლიტიკური პარტიები ვერ ამჩნევენ (ეს ყველას ეხება), რომ ასეთი გაურკვევლობით ისინი, დიახაც, აძლიერებენ «სახელისუფლებო პარტიას», რადგან შეუძლებელია საზოგადოება გაუთავებლად დააყენო თვისებრივი არჩევანის წინაშე. ეს ღლის საზოგადოებას, ელექტორატს და საბოლოოდ «საწინააღმდეგოდ» განაწყობს მას, ანუ «ჯინაზე» აძლევს ხმას «ხელისუფლების პარტიას».
    ყველაზე დიდ შეცდომას ის პარტიები უშვებენ, ვინც მხოლოდ «ნეგატივზე» აგებს თავის საარჩევნო პოლიტიკას, ანუ ცდილობს «უკმაყოფილო ხმები» მოაგროვოს და პოზიტიურ პროგრამას არ აქვეყნებს, ანუ კრინტს არ სძრავს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს სტრატეგიული პრობლემების გადასაწყვეტად. დარწმუნებული ვარ, ამ გზით საბოლოო გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოხერხდება.
    საოცარია, მაგრამ არავითარი «ადგილობრივი არჩევნები» ქვეყანაში არ ტარდება. ლოკალური პრობლემატიკა არავის აინტერესებს. ადგილობრივი არჩევნების თემა ის უნდა იყოს, ვინ როგორ უზრუნველყოფს (ვთქვათ) კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებას, სახურავების შეკეთებას ან ნაგვის დროულად გატანას და არა «სახელმწიფოებრივ ორიენტაციას» და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე მსჯელობა.
   

რუსეთმა «სახელის გატეხვა თავის გატეხვას» არჩია

    საქართველოში თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება სკანდალს, რომელიც გასულ კვირას ატყდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში. ყოველ შემთხვევაში, ყურადღება არ იყო იმ დონისა, როგორსაც ეს საგანგებო შემთხვევა მოითხოვდა.
    ანკარამ ოფიციალურად დასდო ბრალი მოსკოვს «ქურთისტანის მუშათა პარტიის» ლიდერის, ოჯალანის მფარველობაში. თითქოსდა, რა კავშირშია ეს ბრალდება საქართველოსთან? არადა, სინამდვილეში, თუ რუსეთს თურქეთი «ტერორისტების მფარველობას» აბრალებს, ამით, უპირველეს ყოვლისა, აძლიერებს იმ არცთუ უსაფუძვლო სტერეოტიპებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით.
    რუსეთის ხელისუფლება ამ საქმეს სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა; ყოველ შემთხვევაში, გულგრილად პასუხობდა შევარდნაძის ბრალდებას «ნომერ პირველ ტერორისტად» შერაცხული იგორ გიორგაძის მფარველობის თაობაზე, მაგრამ მოსკოვმა არ გაითვალისწინა: საერთაშორისო პოლიტიკაში მოქმედებდა და კვლავაც მოქმედებს პრინციპი: «სახელის გატეხვას - თავის გატეხვა გერჩივნოსო».
    სავსებით ნათელია: თურქეთმა პროპაგანდისტული თვალსაზრისით ისარგებლა იმ ფონით, რომელიც მანამდე უკვე იყო შექმნილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში «ტერორისტების მფარველობასთან» დაკავშირებით.
    იგორ გიორგაძე თურქეთის სპეცსამსახურებს, ვინც ეს პროპაგანდისტული აქცია მოამზადა, რა თქმა უნდა, სულაც არ აინტერესებთ, მაგრამ მათ ნამდვილად აინტერესებთ ოჯალანი! რომ არა სკანდალი იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით, ისინი ასე ღიად და აშკარად ვერ დასდებდნენ ბრალს რუსეთს.

დილის გაზეთი, 2 ნოემბერი, 1998 წელი