კვირის მიმოხილვა: 9 აპრილი - მხსნელი კვანძი

კვირის მიმოხილვა: 9 აპრილი - მხსნელი კვანძი

    ერთი წლის წინ, 1996 წლის 9 აპრილს, თბილისში პარლამენტის შენობასთან გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და ოპოზიციის (მაშინდელი) ლიდერი მამუკა გიორგაძე.
    ედუარდ შევარდნაძემ მიტინგზე ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «იმ დღეს ქართველმა ხალხმა თავისი ნება დაადასტურა, მაგრამ უდანაშაულო ადამიანები ზვარაკად შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას». არანაკლებ ნიშანდობლივი იყო  კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვლა, რომელმაც 9 აპრილს «მისტიური ღამე» უწოდა.
    სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა: ხელისუფლების წარმომადგენლები ხუთიოდე წუთით გამოვიდნენ პარლამენტის შენობიდან, რათა გვირგვინებით შეემკოთ ტრაგედიის ადგილი. მიტინგები კი კატეგორიულად აიკრძალა, - «ზვიადისტთა» მცირერიცხოვანი ჯგუფები პოლიციამ სერიოზული ძალისხმევის გარეშე «გააძევა» დედაენის ძეგლისაკენ.
    ამგვარი ცვლილება იმას არ ნიშნავს, თითქოს ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება 9 აპრილისადმი. არა, ეს თარიღი კვლავინდებურად ერთ-ერთ უმთავრეს იდეოლოგიურ ორიენტირად მიაჩნია დღევანდელ ხელისუფლებას რომელმაც (შესაძლოა ძალაუნებურად) «ეროვნულ-განმათავისუფლებელი» მოძრაობის ახალი მებაირახტრის როლი იკისრა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში თვით პოლიტიკური გარემო შეიცვალა საქართველოში, - იგი უფრო დაძაბული და ფეთქებადსაშიში გახდა. ლტოლვილთა მოთმინების ფიალა აივსო, ხელისუფლების არგუმენტაცია კი (რუსეთში შარშანდელი არჩევნებიდან - ბორის ელცინის ავადმყოფობამდე) საბოლოოდ ამოიწურა; ამდენად, ეს უკანასკნელი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა პარლამენტის შენობის წინ მიტინგის გამართვას, ვინაიდან დღევანდელ პირობებში ეს მიტინგი უეჭველად ანტისამთავრობო იქნებოდა. ამგვარი პრეცედენტი კი «ბუნებრივად» შეიძლებოდა გადაზრდილიყო შემდგომ დესტაბილიზაციასა და ანარქიაში.
    ლტოლვილთა პროტესტი ყველაზე მეტად საშიშია ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის, ვინაიდან მას საერთოდ არ გააჩნია რაციონალური საფუძველი. ლტოლვილი ხშირ შემთხვევაში ომის განახლებას მოითხოვს ხელისუფლებისაგან არა იმიტომ, რომ გამარჯვებისა და შინ დაბრუნების იმედი აქვს, არამედ იმის გამო, რომ ქვეცნობიერად ელტვის საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესატყვისი გარემოს შექმნას: რაკი თავად არის გამწარებული და გაუბედურებული - გარემოს სიმშვიდე მას არაბუნებრივად და მიუღებლად მიაჩნია.
    თავისთავად, 9 აპრილის მნიშვნელობას წლევანდელი პოლიტიკური კონიუქტურა ვერ დაიფარავს. ეს მართლაც (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 9 აპრილით საქართველოში ახალი პოლიტიკური ერა დაიწყო - ამ თარიღით დაფიქსირდა რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობის მოტივაცია.
    ამ მოვლენას უამრავი ასპექტი აქვს, რომელთა შესახებ მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება. ამჯერად ყველაზე საინტერესოა 9 აპრილის აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებაში განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ (ვიმეორებ) საქართველოსათვის ეს მოვლენა უფრო დიდი მნიშვნელობის გახდა მას შემდეგ, რაც ირაკლი წერეთელმა და გია ჭანტურიამ აქციის მიმართულება შეცვალეს, თბილისში დატრიალებულმა მოვლენებმა უშუალო ზეგავლენა იქონიეს აფხაზეთის პრობლემაზე.
    «ქართული გულუბრყვილობით» გვეგონა, თუ «ანტიაფხაზურ» აქციას არ «ავაგორებდით», აფხაზები უფრო მეტი პატივისცემით განიმსჭვალებოდნენ ჩვენს მიმართ და «საერთოკავკასიური» ნიშატიც გაიღვიძებდა მათში. სინამდვილეში კი, ამ მიმართულებით 9 აპრილმა სულ სხვა შედეგი გამოიღო, - არძინბასთვის ნამდვილი მისწრება აღმოჩნდა როდიონოვისა და «ძმათა მისთა» მიერ რუსეთში ატეხილი ანტიქართული ისტერია. სწორედ ამის შედეგად აღივსნენ ძალით და მოიპოვეს მძლავრი «კოზირები», რომელთა მეშვეობით დაამარცხეს კიდეც საქართველო.
    აქ მკითხველი ადვილად შეამჩნევს წინააღმდეგობას - აქციის მიმართულების შეცვლამ ანტიაფხაზურიდან - ანტირუსულზე თვით აფხაზური პრობლემის თვალსაზრისით გამოიღო ძალზე ნეგატიური შედეგი. სინამდვილეში, აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის, - საქართველომ დაადასტურა, რომ მისი სახელმწიფოებრიობა აფხაზეთის პრობლემით არ ამოიწურება, ხოლო აფხაზებმა შესანიშნავად გამოიყენეს სტალინის მიერ საკუთარ სამშობლოში ჩადებული «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი».
    ანუ, ის რაც მოხდა, აბსოლუტურად გარდაუვალი იყო - საქართველოს დამოუკიდებლობა აუცილებლად ააფეთქებდა ამ ნაღმს. ამდენად, 9 აპრილი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობას და მთელს პასუხისმგებლობას შემდგომი მოვლენებისთვის იმავე რუსეთს აკისრებს. რომ არ ყოფილიყო 9 აპრილის ამგვარი შინაარსი, აფხაზური ნაღმი (საბჭოთა კავშირის გარდაუვალი დაშლის კვალობაზე) მაინც იფეთქებდა ადრე თუ გვიან, მაგრამ ქართველები ძნელად თუ დაამტკიცებდნენ საკუთარ «თავდაპირველ» სიმართლეს.
    გავიხსენოთ 1987-88 წლები, როდესაც რუსეთის «დემოკრატიულ» პრესაში ატეხილი ანტისტალინური პროპაგანდა თანდათან ანტიქართულ პროპაგანდაში გადაიზარდა.
    საქართველო «სტალინის მიერ ხელოვნურად შექმნილ რესპუბლიკად» გამოაცხადეს, ხოლო რუსული დემოკრატიის მამამ, ანდრეი სახაროვმა მოგვიანებით, ჩვენს ქვეყანას «მცირე იმპერია» უწოდა.

მემარცხენე კოალიციამ საგარეო ორიენტაცია შეიძინა

    პარლამენტის მიერ გახმაურებული «ანტირუსული კონცეფციის» მიღებას ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ერთგვარი «იმუნიტეტი» შეიძინა საპროტესტო აქციების მიმართ.
    ადრე ამ მომენტს სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, მაგრამ უეჭველად გასათვალისწინებელია, რომ მოედანი რუსთაველის გამზირზე, სადაც 1989 წლის 9 აპრილს ტრაგედია მოხდა და ამჟამად «ანტისამთავრობო» აქციათა «პოტენციური ეპიცენტრია», პარლამენტის შენობის წინ მდებარეობს.
    თავად განსაჯეთ: ანტისამთავრობო აქციის გამართვა იმ პარლამენტის წინ, რომელიც ესოდენ რადიკალურ «კონცეფციებს» იღებს, პოლიტიკური თვალსაზრისით აბსურდი იქნება. მეორეს მხრივ, «კონცეფციის მიღებამ» ახალი სტიმული შესძინა «მემარცხენე კოალიციას» საქართველოში.
    ვახტანგ რჩეულიშვილისა და მისი «სოციალისტური პარტიის» თაოსნობით ჯერ კიდევ შარშან ჩამოყალიბებული «მემარცხენე ბლოკი» ბოლო დრომდე «ჩრდილში» იმყოფებოდა, - სოციალურ პრობლემატიკაზე სპეკულირებამ მას სერიოზული დივიდენდები ვერ მოუტანა და ვერც მოუტანდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, მოსახლეობა უკვე შეურიგდა სოციალურ გენოციდს, როგორც გარდაუვალ უბედურებას.
    გარდა ამისა, «სოციალისტური კოალიციის» ზოგიერთი ლიდერი იმდენად «მსუყედ» ცხოვრობდა და ცხოვრობს თავად, რომ «პროლეტარიატის ბელადად» ნამდვილად ვერ გამოდგება. ამიტომ პოლიტიკური რენომე და შინაარსი რჩეულიშვილის კოალიციას შეიძლება სწორედ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე ატეხილმა დისკუსიამ შესძინოს.
    «მემარცხენე ბლოკი» რუსეთისაკენ იხრება და საქართველოსთვის ჯერ არნახულ პრეცედენტს ქმნის, - იგი იქცევა ძალად, რომელიც ღიად, აშკარად ეწევა «ჩრდილოური ორიენტაციის» პროპაგანდას და (ასევე აშკარად) უპირისპირდება «დასავლურ ორიენტაციას».
    თუ 6 წლის წინანდელ ვითარებას გავიხსენებთ, ამით ძალიან სერიოზული ცვლილება განიცადა პოლიტიკურმა სპექტრმაც და პოლიტიკურმა მსოფლხედვამაც საქართველოში. რამდენიმე წლის წინ «რუსეთზე ორიენტაციის» იდეა პოლიტიკურ ბომჟთა კუთვნილება იყო, - დღეს კი ეს იდეა საკმაოდ პრეტენზიული პოლიტიკური ძალების არგუმენტი გახდა.
    ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტეგრაციონისტული კონცეფცია «პოსტსაბჭოურ სივრცეში» მხოლოდ მემარცხენე ძალების პროგრამად იქცა, რაც ამ იდეის სრულ კრახს მოასწავებს, ვინაიდან ევროპული ყაიდის «მემარცხენეობა» (ანუ, რჩეულიშვილის თქმით, «ევროსოციალიზმი») ამ სივრცეში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.
    ამიტომ «ინტეგრაცია» მხოლოდ «საბჭოთა კავშირის აღდგენად» აღიქმება. სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთში კომუნისტები ბელორუსთან კავშირის ყველაზე აქტიური მომხრეები არიან, ხოლო «დემოკრატები» ან გულგრილად აღიქვამენ ამ კავშირს, ან კიდეც ეწინააღმდეგებიან.
    როგორც ჩანს, «დამარცხებული იდეების» მიმდევრობა სოციალისტების ბედისწერაა. მათ შორის - ქართველი სოციალისტებისა.

ბისეკი და ტრასეკა გადამწყვეტი ნაბიჯებისათვის ემზადებიან

    გასულ კვირას თბილისში ჩატარდა «შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა» და «ტრასეკას» (ევროპა-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო პროექტის) ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა ევროპისა და ცენტრალური აზიის თითქმის ყველა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი.
    ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მეხუთეხარისხოვანი ჩინოვნიკი გამოგზავნა კონფერენციაზე, იყო რუსეთი, რაც, რასაკვირველია, არ არის შემთხვევითი. კრემლში საკმაოდ დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს «ევრაზიული ხიდის» მშენებლობას, რომელშიც ყველაზე მეტად საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურობენ. ამ ხიდმა შეიძლება ევროპის ქვეყნები რუსეთის გვერდის ავლით დააკავშიროს ცენტრალურ აზიას.
    რა თქმა უნდა, ეს გზა არ იქნება ერთადერთი - ნებისმიერ შემთხვევაში ტვირთების ძალიან დიდი ნაწილი კვლავინდებურად გაივლის რუსეთზე, მაგრამ ამ ქვეყნისათვის ტვირთების რაოდენობის შემცირება როდია მტკივნეული - რუსეთის ხელისუფლებას უფრო ის აფიქრებს, რომ სატრანზიტო მაგისტრალმა შეიძლება ასეულობით მილიონი დოლარი მოუტანოს საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც განამტკიცებს მათ სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას.
    გარდა ამისა, სატრანსპორტო დერეფნით კავკასიაში დასავლეთი «შემოვა» და რუსეთს შეავიწროებს - რუსეთისათვის ესეც ძალზე არასასიამოვნოა. ედუარდ შევარდნაძე ცდილობს ყველა ეს კოზირი აქტიურად გამოიყენოს აფხაზეთის «დასაბრუნებლად» გამართულ თამაშში. კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს «ევრაზიული ხიდის» მშენებლობაში, მაგრამ ამისათვის აუცილებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედება. მისი მეშვეობით რუსეთი დაუკავშირდება საქართველოს რკინიგზას, ხოლო ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ რუსეთი ამ გზით შეძლებს უმოკლესი გზით «გავიდეს» სპარსეთის ყურესა და ხმელთაშუა ზღვაზე.
    მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახსნის აფხაზეთის რკინიგზას. აფხაზებიც და რუსებიც არა მხოლოდ თანახმა არიან, არამედ მოითხოვენ გაიხსნას რკინიგზა. რუსეთის ინტერესი ამ შემთხვევაში ისაა, რომ იაფად მოამარაგოს კავკასიაში დისლოცირებული ჯარები სურსათ-სანოვაგით (რკინიგზით ტრანსპორტირება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე გემით ან თვითმფრინავით) და თავის სტრატეგიულ მოკავშირეს (სომხეთსაც) დაეხმაროს.
    რაც შეეხება აფხაზებს, მათ იმედი აქვთ, რომ თუ რკინიგზა გაიხსნება, რუსეთიდან მათთვის განკუთვნილი ტვირთებიც შემოვა. მაგრამ საქართველო ამ საკითხში მტკიცე პოზიციაზე დგას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობას.
    საქართველოში რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალი შემოდის. ერთი ან თუნდაც სამი-ოთხი ასეთი ტრასის გადაკეტვა მთლიანობაში მაინც ვერ შეწყვეტს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების შემოზიდავს.
    სწორედ ესაა საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელმაც, რაციონალური გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ჩვენს ქვეყანას ძალა და გავლენა მოუტანოს იმ რეგიონში, რომელიც XXI საუკუნეში უეჭველად იქცევა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ «წნულად».

ზურაბ ჟვანია აშკარა ბრძოლას იწყებს

    საპარლამენტო უმრავლესობის და «მოქალაქეთა» ფრაქციის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელშიც ზურაბ ჟვანიამ ფაქტობრივად მთავრობა დაადანაშაულა უმოქმედობასა და მაფიის ხელის შეწყობაში, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
    რასაკვირველია, პრეზიდენტი წინასწარ იქნებოდა «საქმის ყურში», მაგრამ «ახალგაზრდა მოქალაქეები» მისი თანხმობის გარეშეც დაიწყებდნენ ადრე თუ გვიან დაუნდობელ ომს «კრიმინალური კლანების წინააღმდეგ» რომლებიც ზურაბ ჟვანიას თქმით, ფაქტობრივად აკონტროლებენ ეკონომიკას.
    სწორედ მათი მოქმედების გამო, კანონები «ქაღალდზე რჩება» - ეს კლანები ფლობენ სახელმწიფოში რეალურ ძალაუფლებას და ფიქციად აქცევენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებს. «პარლამენტმა მიიღო შესანიშნავი კანონი მიწის შესახებ, რომელიც ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ «ადგილებზე» უამრავი დაბრკოლება შექმნეს კრიმინალურმა კლანებმა. ჩვენ მივიღეთ, აგრეთვე, უაღრესად პროგრესული ეკონომიკური კანონმდებლობა, რომელიც ასევე არ განხორციელდა», - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
    პარლამენტის კულუარებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ იზრდება დაძაბულობა პარლამენტის ხელმძღვანელობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების «ბოსებს» შორის. ეს უკანასკნელები კვლავ საბჭოური მენტალიტეტის მატარებელნი არიან და (ხშირად ქვეცნობიერად) პარლამენტს აღიქვამენ, როგორც საბჭოთა კავშირისდროინდელ საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს, რომელიც მართალია, ერთობ პრივილეგირებული «სახალხო დეპუტატებისაგან» შედგებოდა, მაგრამ შინაარსობრივად მაინც ბუტაფორია იყო და სხვა არაფერი.
    არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ერთ-ერთ მინისტრს (მისი გვარი ცნობილია) სამაგალითოდ დასჯიან - უკვე მომზადებულია ყველა დოკუმენტი იმპიჩმენტისათვის, არსებობს სათანადო მოტივაციაც; საჯარო აუტოდაფე ჭკუის სასწავლებელი გახდება სხვებისათვის. მართალია ზემოხსენებული კლანები ყველა «ბერკეტს» აამოქმედებენ პარლამენტზე ზემოქმედებისათვის (მათ შორის, შეეცდებიან გაართულონ ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის), მაგრამ საეჭვოა, ამ მცდელობამ შედეგი გამოიღოს, ვინაიდან მოვლენათა განვითარება მთლიანობაში ხელისუფლებას კონსოლიდირებისაკენ უბიძგებს. კონსოლიდირებულ ხელისუფლებას კი ვერანაირი «კრიმინალიზებული კლანი» ვერ აღუდგება წინ.

დილის გაზეთი, 14 აპრილი, 1997 წ.