კახა თარგამაძის მომავალი პრეზიდენტზეა დამოკიდებული

  კახა თარგამაძის მომავალი პრეზიდენტზეა დამოკიდებული

 

    მას შემდეგ, რაც უშიშროების სამინისტრომ «დიდი წმენდა» დაიწყო, ყურადღების ცენტრში პოლიცია მოექცა. დამკვირვებლები ელიან, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს შინაგან საქმეთა მინისტრიც მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 9 თებერვლის ტერაქტის ასეთი «შეუფასებლობა» ნეგატიურ ელფერს შეიძენს
    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ჯემალ გახოკიძეს და კახა თარგამაძეს შორის რაღაც ფარული ქიშპი არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთისადმი პიროვნულ სიმპათიას არ ამჟღავნებენ. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი უცნობია, მაგრამ ფაქტია: ჯემალ გახოკიძე და კახა თარგამაძე ერთმანეთს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში «ვერ შეეწყვნენ». ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირინა სარიშვილმა დაიწყო კამპანია კახა თარგამაძის წინააღმდეგ მისთვის ჩვეული მეთოდით. იგი ოსტატურად ძაბავდა ვითარებას მინისტრის გარშემო, რათა ამ ფონზე გამოვლენილიყო შინაგანი წინააღმდეგობა თვით სისტემაში. ნაწილობრივ ასეთმა ტაქტიკა შედეგიც გამოიღო: საზოგადოება დარწმუნებულია, რომ 9 თებერვლის ტერორისტული აქტისთვის პასუხი უნდა აგოს არა მხოლოდ უშიშროებამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. ჯემალ გახოკიძემ დაიწყო წმენდა, რითაც დაადასტურა საკუთარ პოზიციათა სიმტკიცე სამინისტროში. უშიშროების მაღალჩინოსანთა გათავისუფლება ადვილი საქმე არ არის.
    არანაკლებ რთული ამოცანაა კახა თარგამაძისთვის საკუთარ სისტემაში წმენდის დაწყება, თუმცა მრავალი თვალსაზრისით ეს აუცილებელი ხდება. მიზეზი კი თვალნათელია: დღემდე ვერ მოხერხდა იმის ახსნა, რატომ გამოიჩინა პასიურობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფმა, რომელიც დივერსიის ადგილიდან რამოდენიმე ასეულ მეტრში (სამინისტროს შენობაში) იყო გამაგრებული. პირადად კახა თარგამაძე ამ დროს შენობაში არ იმყოფებოდა. ნებისმიერი მინისტრი ასეთ შემთხვევაში ადვილად იპოვიდა «დამნაშავეს», მაგრამ თარგამაძე ამას არ აკეთებს. როგორც ჩანს, არ აკეთებს იმიტომ, რომ მართლა არ მიაჩნია არც ერთი თანამშრომელი დამნაშავედ. გარდა ამისა, მას პრინციპულად არ სურს თუნდაც ნაწილობრივ დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ უწყებას. შინაგან საქმეთა მინისტრი თვლის, რომ სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია სხვა უწყებათა «პროფილია», ხოლო პოლიციას, დანაშაულთან და დამნაშავეებთან შეხება არ ჰქონია იმ მომენტიდან, როცა იარაღით დატვირთულმა ავტობუსმა საზღვარი გადმოკვეთა - იმ მომენტამდე, როდესაც ტერორისტები სანაპიროზე ჩასაფრდნენ. «ჩაწერის» ინსტიტუტი კი დიდი ხანია, გაუქმებულია, შეცვლილია რეგისტრაციით, ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პროცესებზე კონტროლის დაწესება არ ძალუძს.
    არგუმენტები საკმაოდ ლოგიკური და ანგარიშგასაწევია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ტერაქტიდან მეორე დღეს კახა თარგამაძემ ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: დარწმუნებული ვარ, იარაღი ტერორისტებს აქ დახვდათ, ისინი ქვეყანაში უიარაღოდ შემოვიდნენო. ეს განაცხადი უეჭველად მეტყველებს, რომ კახა თარგამაძე იმ მომენტში მზად იყო ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ რეალურად, როგორც აღმოჩნდა, ტერორისტებმა იარაღით შეძლეს ქვეყანაში შემოსვლა საზღვრის იმ მონაკვეთებიდან, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ეს ძალზე სიმპტომატური მომენტია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ყველამ, ვინც თვალ-ყურს ადევნებს მოვლენათა განვითარებას შინაგან საქმეთა მინისტრის გარშემო.
    კახა თარგამაძეს სხვა სახის პრობლემებიც ექმნება. კერძოდ, მან ვერ შეძლო თბილისსა და ბათუმს შორის დაპირისპირებისას მომგებიანი პოზიცია დაეკავებინა. შესაძლოა, ეს ობიექტურადაც ძნელი იყო, ვინაიდან პოლიტიკაში დგება მომენტი, როცა მკვეთრი არჩევანი უნდა გააკეთო. ამ შემთხვევაში კი «წაგებული არჩევანი» თეორიულადაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ასეა თუ ისე, მოვლენათა უახლოესი განვითარება გვიჩვენებს, რამდენად სცდებოდნენ (თუ სცდებოდნენ საერთოდ) ის დამკვირვებლები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ თარგამაძის პოზიციები რამდენიმე მხრიდან ერთდროულად «იბომბება». ბევრი რამ (მართლაც) მის არჩევანზე იქნება დამოკიდებული - დღეს პოზიციათა შენარჩუნება კი მრავალწლიანი მინისტრობის გარანტიას ქმნის.

მერიდიანი, 6 მაისი, 1998 წ.