კანონი პრესის შესახებ» - «სუსლოვის სიზმარი»

კანონი პრესის შესახებ» - «სუსლოვის სიზმარი»

    ხუთშაბათს პარლამენტის პრეს-კაფეში შეიკრიბა საქართველოს ჟურნალისტური ელიტა, რომელმაც იმსჯელა «პრესის შესახებ» კანონის ორი პროექტის თაობაზე. შეკრება დაიწყო ცერემონიული ღონისძიებით: გაზეთ «კავკასიონის» ინიციატივით ჩატარებულმა გამოკითხვამ წლის საუკეთესო პოლიტიკოსად ზურაბ ჟვანია დაასახელა. «კავკასიონის» წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს ამ გადაწყვეტილების აღსანიშნავი საპატიო სიგელი. ძირითადი დრო დაეთმო «კავკასიონისა» და პარლამენტის ქვეკომიტეტის მიერ მომზადებული ორი სხვადასხვა კანონპროექტის განხილვას.
    საპარლამენტო ქვეკომიტეტის მიერ მომზადებულმა პროექტმა ჟურნალისტთა აღშფოთება გამოიწვია. ზოგიერთმა მას «სუსლოვის სიზმარიც» კი უწოდა, იმდენად არადემოკრატიულია იგი და იმდენად ეწინააღმდეგება მსოფლიო პრაქტიკას. სხვათა აზრით, ეს პროექტი «უზნეოდ ექსტრავაგანტულია», რადგან იოტისოდენად არ ითვალისწინებს ჟურნალისტიკისა და «პრესის თავისუფლების» პრინციპებს. ვინ მისცა ქვეკომიტეტს ამგვარი შეკვეთა, ბავშვისთვისაც ნათელია. როგორც ჩანს, ძლიერთა ამა ქვეყნისათა მასმედიაზე ზრუნვა მხოლოდ თავისუფალი პრესის აუცილებლობაზე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით შემოიფარგლება, რეალურად კი იგი მათ ხელს დიდად არ აძლევს.
    სხდომის ცერემონიული პროლოგის შემდეგ არავის გაჰკვირვებია, რომ ალტერნატიული კანონპროექტი დამსწრეთ ისევ და ისევ გაზეთმა «კავკასიონმა» შესთავაზა. შედარებით დემოკრატიულობის მიუხედავად ეს უკანასკნელი დიდი ვერაფერი შვილი გახლდათ და ნაკლებ ითვალისწინებდა ქართული პრესის სპეციფიკას.
    «კავკასიონისეული» პროექტი კარგად «გაკორექტურებული» ქვეკომისიური პროექტის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
    «მეორე პროექტზე მსჯელობა შესაძლებელია. საპარლამენტო ქვეკომიტეტის პროექტი კი განხილვის ღირსიც არ არის», - ასეთი იყო ჟურნალისტთა უმრავლესობის აზრი.
    ცხარე დისკუსია გაიმართა «რეკლამის შესახებ» კანონის თაობაზეც, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პრესის (უფრო კი «აგრესიულად მორჩილი» ტელევიზიის) ინტერესებს, ტელეკომპანიათა წარმომადგენლების აზრით, არავის არასდროს დაუმტკიცებია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი თამბაქოს რეკლამირებასა და მწეველთა რიცხვის ზრდას შორის. პირიქით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, თამბაქოს რეკლამირება უკუეფექტს იძლევა (თუმცა ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ ხარჯავენ თამბაქოს მწარმოებელი ფირმები მილიარდებს თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისათვის).
    ასე თუ ისე, «პრესის შესახებ» კანონი, როგორც ჩანს, ცხარე დისკუსიას გამოიწვევს პარლამენტშიც და საზოგადოებაშიც; თუ ჟურნალისტები პასიურობას გამოიჩენენ და თავად არ დაიცავენ საკუთარ ინტერესებს, «სიტყვის თავისუფლება» ხელისუფალთა აგრესიულობას შეეწირება.

მერიდიანი, 17 იანვარი, 1997 წ.