კაკუბავა-ნადარეიშვილის დაპირისპირება უკიდეგანო სიძულვილში გადაიზარდა

კაკუბავა-ნადარეიშვილის დაპირისპირება უკიდეგანო სიძულვილში გადაიზარდა

 

    მას შემდეგ, რაც პოლიციამ კაკუბავას არ დართო ნება დევნილთა თავყრილობა ფილარმონიაში გაემართა, დაპირისპირებამ მასსა და თამაზ ნადარეიშვილს შორის ახალი მუხტი შეიძინა.
    კაკუბავა, აგრეთვე მისი მომხრე ლტოლვილები იქცნენ იმ ძალად, რომლებიც დაიწყებენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტიურ მშვიდობიან აქციებს, - «აფხაზეთში დაბრუნებისა და აფხაზეთის დაბრუნების» მოთხოვნით.
    ოქტომბრის დასაწყისში, როცა იმავე ფილარმონიაში ლტოლვილთა მორიგი თავყრილობა გაიმართება (ავტონომიის უმაღლესი საბჭოს ეგიდით) უეჭველად შეიკრიბება კაკუბავას მომხრეთა რამდენიმე ასეულკაციანი მიტინგი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს «სახელმწიფო სპექტაკლის» გამო.
    ბორის კაკუბავას მხარდამჭერებს აღარავისი და არაფრისა აღარ სჯერათ. ამდენად, ისინი რადიკალურ აქციებს არ მოერიდებიან. კაკუბავა დეპუტატია, მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, ამდენად პოლიცია ხელს ვერ დააკარებს; ლტოლვილთა ძირითადი მასა კი კაკუბავა-ნადარეიშვილის დაპირისპირებით დაიბნევა.
    კაკუბავასთვისაც და ნადარეიშვილისთვისაც უფრო მომგებიანი იქნებოდა საერთო ენა გამოენახათ, ვინაიდან აფხაზეთის პრობლემას ერთნაირად აფასებენ. მაგრამ ისინი მორიგებას ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ.
    კაკუბავა ცდილობს იმ ლტოლვილთა მიმხრობას, რომლებიც სახლ-კარის დაკარგვის შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ნადარეიშვილს კი უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ყოფილი «აქტივი» უჭერს მხარს, რომლის დიდი უმრავლესობა მატერიალურად «გალაღებულია».
    კაკუბავას ყველაზე მეტად ის უშლის ნერვებს, რომ ლტოლვილები «თანამდებობაზე» არიან. ამით უჩნდება ასოციაციები აფხაზეთის წარსულთან. მისი მოწინააღმდეგეები კი «საკოორდინაციო საბჭოს ლიდერს» არასდროს აპატიებენ განცხადებას: თურქეთში დაკავებულ ლტოლვილ ბავშვებს ჩვენ არ დავიცავთ, ვინაიდან ისინი «აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს» პარაზიტთა შვილები არიანო.
    თავის მხრივ, კაკუბავა არ დაივიწყებს ბოლოდროინდელ «მწარე» ბრალდებას: «იგი კომუნისტების დროს «ხორცკომბინატში» ქურდობისათვის დააკავეს, ზვიად გამსახურდიამ დისიდენტად აქცია, ციხიდან გამოიყვანა, მაგრამ პირველ პრეზიდენტს მაინც უღალატა»-ო.
    რეალურად ბორის კაკუბავა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ცხოვრებაში ერთი მისწრაფება აქვთ, - დაიკმაყოფილონ შურისძიების ფანატიკური წყურვილი. კაკუბავასნაირი მტერი აფსუებს არ ჰყოლიათ, ვინაიდან სწორედ იმდროინდელი აფხაზეთის სეპარატისტულმა (უკვე მაშინ სეპარატისტულმა) ხელისუფლებამ გაამწესა კაკუბავა 10 წლით ციხეში, - 1978 წელს ქართულ საპროტესტო გამოსვლებში აქტიური მონაწილეობისათვის.
    ეს გამოსვლები, შესაბამისად, იყო პასუხი არძინბასა და მისი ხროვის გამოსვლებზე. მაგრამ კაკუბავას ვერაფრით შეაგნებინებ, რომ მაშინ არც თამაზ ნადარეიშვილი და მისი მაშინდელი უფროსი, ალექსი ინაური იყვნენ «გულხელდაკრეფილნი». აფხაზური სეპარატიზმი მათაც არანაკლებ სძულდათ, ხოლო ნადარეიშვილისათვის აფხაზეთში დაბრუნება ცხოვრების «უმთავრესი მიზანია» ისევე, როგორც კაკუბავასთვის.
    მიუხედავად ამისა, «ორივე ქართველია» - ამით ყველაფერია ნათქვამი.
    ალბათ, არც ერთ ენაში არ არსებობს ისეთი გამოთქმა, როგორიცაა «ერთმანეთის ჭამა». მხოლოდ ქართველები «ვჭამთ» ერთმანეთს, თუმცა თუ «ჭამაზე» მიდგა საქმე, ნადარეიშვილი - კაკუბავას უფრო მოინელებს. მას საამისოდ მეტი საშუალება გააჩნია.

მერიდიანი, 25 სექტემბერი, 1998 წ.