კავკასიური «ნავთის» წრე

კავკასიური «ნავთის» წრე

საქართველოში «აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კონცერნის» პრეზიდენტის, ნატიკ ალიევის ვიზიტმა კვლავ შესძინა აქტუალობა იმ გლობალურ პროცესს, რომელიც ამჟამად ე.წ. «კასპიის ნავთობის» მოპოვებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და რომელიც (თავის მხრივ) უმჭიდროესად უკავშირდება საქართველოს მომავალ ფუნქციას.
    დეფინიცია «საქართველო - კავკასიის გასაღებია» გეოპოლიტიკური რეალობის ამსახველი აღმოჩნდა და, ამდენად, ჩვენი ქვეყანა სავსებით ობიექტურად (ამა თუ იმ პიროვნების «მსოფლიო ავტორიტეტისაგან» დამოუკიდებლად) იძენს მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე «მესამე დიდი გადანაწილების პროცესში», რომელიც ამჯერად დედამიწის სათბობ რეზერვთა განაწილებას ეხება.
    შეიძლება თამამად ითქვას: კასპიის კონსორციუმის შექმნისა და კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის ინტერესი მთლიანად კავკასიის რეგიონის და, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ ერთი-ორად გაიზარდა; კავკასია კრემლისათვის იქცა ე.წ. «პირველადი პოლიტიკის საგნად», რადგან საკითხის გადაწყვეტა უკავშირდებოდა და უკავშირდება რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს.
    კონფლიქტის ესკალაცია ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერალური ჯარების შეყვანა ამ ტერიტორიაზე და ესოდენ მაშტაბური სისხლისღვრის პროვოცირებაც სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ რუსეთმა კავკასია პირველადი პოლიტიკის საგნად აღიქვა.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი ჩეჩნეთში კიდევ დიდხანს იქნებოდა «მიძინებულ მდგომარეობაში». აქ უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთი თავისებურება: დღეს, როდესაც ფიზიკური ძალა აღარ არის (ვერც იქნება) გლობალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი, ამ ფაქტორის როლს ეკონომიკური ინტერესები და, უხეშად რომ ვთქვათ, ეკონომიკური მოგება განსაზღვრავს.
    «საუკუნის პროექტი» დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი «ღირს». გათვალისწინებულია 500 მილიონი ბარელი დაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთში. ფაქტობრივად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტია მეოცე საუკუნეში.
    რუსეთი, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე დამყარებული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებას ცდილობს, რა თქმა უნდა, არ აპირებს უბრძოლველად დათმოს ესოდენ «მსუქანი ლუკმა». ყოველ შემთხვევაში ისე, რომ კუთვნილი წილი საერთოდ არ მიიღოს.
    «პროექტის» სატრანზიტო ნაწილი დაახლოებით 15-20 მილიონი ღირს. მაგრამ ტრანზიტის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ იმიტომაც აქვს, რომ ის, ვინც სატრანზიტო გზას გააკონტროლებს, ფაქტიურად იძენს მთლიანად კონტრაქტზე გადამწყვეტი კონტროლის დამყარების საშუალებას.
    გავითვალისწინოთ: «საუკუნის პროექტი», ანუ კასპიის ზღვის დასავლეთ შელფიდან ნავთობის ამოღება და მისი ტრანსპორტირება ევროპაში, მხოლოდ ნაწილია იმ გრანდიოზული გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური აზიის ამოუწურავი წიაღისეული სიმდიდრის ტრანსპორტირებას კავკასიისა და შავი ზღვის დერეფნით.
    ექსპერტთა აზრით, «აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის» საერთო ღირებულებამ შეიძლება ორ ტრილიონ დოლარს მიაღწიოს. ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური, უმოკლესი გზა ამ დერეფნისათვის კვლავ საქართველოა, - განურჩევლად იმისა, შეძლებს თუ არა დასავლეთი დაითანხმოს თურქეთი «სრუტეებთან დაკავშირებით» მიღებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილების შეცვლაზე.
    ეკონომიკური ხაზი: კასპიის აუზი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-დასავლეთი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მეორე შესაძლო ვარიანტი: კასპიის აუზი-აზერბაიჯანი-რუსეთი-ნოვოროსიისკი-დუნაი-დასავლეთი.
    სწორედ ყველა ამ მიზეზთა გამო ცდილობს რუსეთი ესოდენ აქტიურად, გადაწყვიტოს საქართველოში თავისი სამხედრო ბაზების დაფუძნების საკითხი; მისთვის აფხაზეთიც მხოლოდ ერთგვარი სატყუარაა, მეორეხარისხოვანი პოლიტიკური საგანია, რომელიც შეიძლება კიდეც გასწიროს - დიდი მოგების მისაღებად.
    ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ მარშრუტი მის ტერიტორიაზე გაივლის, იგი ნებისმიერი შემთხვევაში მიიღებს თავის წილს. თუნდაც შემცირებული მოცულობით ან პოლიტიკური დივიდენდების გარეშე.
    საქართველოს ეკონომიკაში ესოდენ მძლავრი ფინანსური ნაკადის შემოჭრამ კი, შესაძლოა ობიექტურად შექმნას აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის წინაპირობა - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკონომიკური სიძლიერე და საბაზრო მექანიზმების ამუშავება (შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის განმტკიცება), ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისათვის.

«მიმომხილველი», 25 მაისი, 1995 წელი.