კავკასიური კონფლიქტების წრეში

კავკასიური კონფლიქტების წრეში

   

    გასულმა კვირამ კვლავ აფხაზეთის კონფლიქტის «მოწესრიგების» ნიშნით ჩაიარა. ჩემი აზრით, უმთავრესი ამ თვალსაზრისით ამჯერად განცხადება იყო და არა რაიმე მოვლენა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკიმ, როგორც დსთ-ს აღმასრულებელმა მდივანმა გაამართლა თანამეგობრობის ლიდერთა იმედი და აქტიურად შეუდგა შუამავლობას ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის.
    ოღონდ «აქტიურობაში» ბორის პასტუხოვისეული მოჩვენებითი ფაციფუცი და დემაგოგიური რიტორიკა არ იგულისხმება. ბერეზოვსკიმ რამდენიმე დღის წინ მინსკში გამართულ ფორუმზე მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს «დონდლო» პოზიცია, მაშინ, როდესაც (მისი თქმით) თანამეგობრობის გადაწყვეტილებები, თუ ისინი მიღებულია, აუცილებლად უნდა შესრულდეს.
    ედუარდ შევარდნაძემ აღმასრულებელი მდივნის დემარში შენიშნა და საჭიროდ მიიჩნია შეერბილებინა ტონი მის მიმართ. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე (გალის მოვლენათა შემდეგ) საქართველოს პრეზიდენტმა ბერეზოვსკისადმი საკმაოდ ირონიული, სკეპტიკური დამოკიდებულება გამოამჟღავნა: «რუსეთში ყველა საკითხს ბორის ბერეზოვსკისთან ჯერ არ ათანხმებენ», მაგრამ როგორც აღმოჩნდა, «აბრამოვიჩი» საკმოად ამბიციური პიროვნებაა, თანამეგობრობის განმტკიცება და შემდგომი ინტეგრაცია მისთვის პოლიტიკური პრესტიჟის და პერსპექტივის, რუსულ ისტებლიშმენტში გავლენის ზრდის საკითხია.
    რაც მთავარია, «ძალაც შესწევს ქადილისა», ვინაიდან, არა მხოლოდ ფინანსური ოლიგარქიის უძლიერესი წარმომადგენელია, არა მარტო მილიარდერია, არამედ უმსხვილესი მედია მაგნატიცაა - ამდენად ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, ზემოქმედება მოახდინოს პროცესთა განვითარებაზე და ამ პროცესების მიმართ კრემლის პოზიციის გამომუშავებაშიც მიიღოს მონაწილეობა.
    თუმცა, ბერეზოვსკის ფენომენის ძირითადი, შინაარსობრივი თვისების გამო, საეჭვოა მან აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში პოზიტიური წვლილის შეტანა შეძლოს - რომც ჰქონდეს ასეთი სურვილი.
    ვთქვათ და, გულწრფელად ცდილობს (თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) მიაღწიოს მხარეთა კომპრომისს, ბოლო მოუღოს დაპირისპირებას, დააბრუნოს ქართველი ლტოლვილები და აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
    არაფერი მისი მცდელობიდან არ გამოვა, ვინაიდან, რაოდენ მძლავრი ფიგურაც უნდა იყოს ბორის ბერეზოვსკი რუსეთში - თვით რუსეთს აღარ ძალუძს ზემოქმედება სეპარატისტულ რეჟიმზე, რომელიც უპირველესად საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს კვლავაც.
    ეს დასკვნა ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის გაუგებრობასა და წინააღმდეგობას აწყდება. ჩვენში დამკვიდრებული აზრის შესაბამისად, რუსეთი ყოვლისშემძლეა, ხოლო თუ აფხაზური მხარე დათმობებსა და კომპრომისზე არ გვთანხმდება, მაშასადამე, ამის წინააღმდეგია რუსეთი. ესე იგი, ვერ მივაღწიეთ კომპრომისს რუსეთთან. აქედან კი, თავის მხრივ, გამომდინარეობს შორს გამიზნული ვარაუდი: რუსეთთან კომპრომისის მიღწევაში ხელისუფლება გვიშლის ხელს, საჭიროა შევცვალოთ ხელისუფლება, მოვიყვანოთ სხვა ხელისუფლება, რომელიც მიაღწევს კომპრომისს რუსეთთან და ამ გზით დავიბრუნოთ აფხაზეთი. ეს დასკვნა თუ ვარაუდი, რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე მცდარ პოსტულატზეა აგებული. სინამდვილეში პრობლემის არსი უკვე საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთდათმობის, კომპრომისის სფეროში აღარ მდებარეობს. საქართველო რუსეთის მიმართ სტრატეგიულ დათმობებზე წავიდა: ხელი მოაწერა შეთანხმებას ბაზების თაობაზე, მზად იყო ერთობლივად დაეცვა გარე საზღვრები და ასე შემდეგ. სამაგიეროდ, რუსეთმა აამოქმედა ერთადერთი ბერკეტი, რაც რეალურად გააჩნდა: გადაკეტა სახმელეთო საზღვარი აფხაზეთთან. ხოლო საზღვაო საზღვრის გადაკეტვა, ისევე, როგორც გალის რაიონში დისლოცირებული «სამშვიდობო ძალების» ამოქმედება სეპარატისტთა წინააღმდეგ შეუძლებელია რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე.
    თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზები რუსებს სროლას ვერ გაუბედავენ - ძალიან ცდება. შესაბამისად, ამას მოჰყვება ისტერიული რეაქცია რუსეთში, ვინაიდან რუსულ საზოგადოებას ვერ აუხსნი, რატომ უნდა დაიღუპოს თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის?
    თუ აფხაზეთზე ზემოქმედების გაძლიერებაში იგულისხმება ენგურჰესის სამართავი პულტის დაკავება «სამშვიდობო ჯართა» მიერ, სეპარატისტული რეჟიმისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, - საომარი მოქმედებების გარეშე ესეც შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ენერგიის ერთადერთი წყაროს სეპარატისტები უბრძოლველად არ დათმობენ; გარდა ამისა, ქართული საზოგადოების ზემოქმედების შედეგად ხელისუფლება ხომ თავად გახდა იძულებული, კონფლიქტის ზონაში რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» ყოფნა შეეთავსებინა საერთაშორისო ორგანიზაციების (უპირველესად გაეროს) ქმედით კონტროლთან? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დასავლეთის ქვეყნები, იმავე გაეროს სამხედრო დამკვირვებლები, რომელთაც არაფერი აინტერესებთ შეთანხმების სკრუპულოზური შესრულების გარდა (ვგულისხმობ 1994 წლის შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ»), პირველი განუცხადებენ პროტესტს საქართველოსა და რუსეთს, - აფხაზურ მხარესთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო.
    ასე აღმოვჩნდით პარადოქსულ ვითარებაში, როდესაც იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგენი უფრო გახდებიან, ვიდრე მოკავშირეები. თქვენ წარმოიდგინეთ, გალის ტრაგედიასაც კი არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა იმავე გაეროში, სადაც საქართველოს პასუხისმგებლობაზეც  ილაპარაკეს დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით.
    ინფორმაცია, რომელსაც ნიუ-იორკში აგზავნის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ლივიუ ბოტა, ხშირად საქართველოს გამამტყუნებელ ცნობებს შეიცავს.
    მოსკოვის წარუმატებელი მოლაპარაკებიდან დაბრუნებულმა ანრი ჯერგენიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: «ქართულ მხარეს არაფრით სურს გაიგოს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად მოლაპარაკება უნდა აწარმოოს არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან რუსეთთან, არამედ თვით აფხაზეთთან».
    როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, ვინაიდან აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმზე ზემოქმედების ყოველგვარი გარეშე ბერკეტი უკვე ამოქმედებულია და არაეფექტიანი აღმოჩნდა.
    ძალისმიერი ზემოქმედება (საკუთრივ საქართველოს მხრიდან) უეჭველად გამოიწვევს ფართომაშსტაბიან ომს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის.
    ასევე ფუჭი იქნება ბორის ბერეზოვსკის აქტიურობაც. პირიქით, მისი ვოიაჟები სეპარატისტთათვის სასურველ შედეგს გამოიღებენ, ვინაიდან გააღიზიანებენ ელცინის ოპოზიციურ ძალებს რუსეთში, რომლებიც, თავის მხრივ, აქტიურად დაუჭერენ მხარს არძინბასა და მის თანამოაზრეებს.
    ამდენად, ბერეზოვსკის ვოიაჟები მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო: რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ არსებობს დაპირისპირება დსთ-ს აღმასრულებელ მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პრიმაკოვს შორის? მართლაც, არ არის გამორიცხული, ერთგვარ უწყებრივ დაპირისპირებას აქ მართლაც თავი ეჩინა. ჩვენი «ძველი მეგობარი და საპატიო თბილისელი» ჟენია პრიმაკოვი ეგრეთ წოდებული «ფრაგმენტალური იმპერიალიზმის» მომხრეა, რომლის არსი ზუსტად ჩამოაყალიბეს «ნეზავისიმაია გაზეტას» ყოვლისმცოდნე მიმომხილველებმა ზატულინმა და მიგრანიანმა: თვითგამოცხადებულ რესპუბლიკათა ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოებთან მათი ფორმალური ასოცირების პირობით.
    ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ უნდა «დაკონსერვდეს» ამჟამინდელი ვითარება დნესტრისპირეთში, ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სამაგიეროდ, ფორმალური თვალსაზრისით, ისინი უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართალსუბიექტობის მქონე სახელმწიფოების (მოლდოვას, აზერბაიჯანის, საქართველოს) ნაწილებად ან სუბიექტებად.
    ეს კი რეალურად იმას ნიშნავს, რომ (ვთქვათ) «სამხრეთ ოსეთი» იურიდიულად არასდროს შეუერთდება «ჩრდილოეთ ოსეთს», მაგრამ სინამდვილეში ექნება ყველა საშუალება ურთიერთობათა განვითარებისათვის. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არ იმოქმედებს ერთიანი ქვეყნის ვალუტა, არ იარსებებს ერთიანი არმია და ასე შემდეგ.
    დავაკვირდეთ, როგორ ჰგავს ერთმანეთს დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის მოთხოვნები. დნესტრისპირეთში გამარჯვებული რუსი და უკრაინელი სეპარატისტები თანახმა არიან, მოლდოვასთან ერთად შექმნან ერთიანი სახელმწიფო, რომელშიც ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტი გაერთიანდება.
    ზუსტად ასეთ მოთხოვნას გვიყენებს არძინბა, რაც (მისი თქმით) «სერიოზული კომპრომისია». სინამდვილეში ნებისმიერი «ორსუბიექტიანი ფედერაცია» ისევე დაიშლება, როგორც დაიშალა ჩეხეთ-სლოვაკეთი.
    რუსეთისათვის «ფრაგმენტალური იმპერიალიზმი» არის საშუალება, შეინარჩუნოს გავლენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში. პერსპექტივაში კი «თვითგამოცხადებული რესპუბლიკების» ყოველმხრივი ინკორპორაცია მოახდინოს იურიდიულის გარდა.
    მეორე კონცეფციას წარმოადგენს ბორის ბერეზოვსკი. როგორც ჩანს, მას იმედი აქვს (ამაში ხედავს თავის პოლიტიკურ ფუნქციას), რომ კონფლიქტების მოწესრიგების სანაცვლოდ დაითანხმებს ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებს» აწ უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, დსთ-ს ღრმა ინტეგრაციასა და რუსეთთან დაახლოებაზე.
    მართალია კონფლიქტური კერები ყველას არა აქვს, მაგრამ ცალკეული რესპუბლიკების შეერთებით «რუსეთ-ბელორუსეთის» კავშირთან, კრემლის პოზიციები, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო გაძლიერდება, ვიდრე «ფრაგმენტალური იმპერიალიზმის» შედეგად.
    «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა», ამ კონცეფციის შესაბამისად, მხოლოდ «საწყისი იურიდიული სივრცეა», სადაც ინტეგრაციული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სწორედ ამ სივრცის საბოლოო გაუფასურება და დისკრედიტაცია აშინებს ბერეზოვსკის. ამიტომაც აცხადებს: «დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა გადაწყვეტილება, თუ იგი მიღებულია, უეჭველად უნდა შესრულდეს».
    ბერეზოვსკის ესმის, რომ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობა თანამეგობრობისა და თვით ინტეგრაციული იდეის დისკრედიტაციას იწვევს, ამიტომაც «დაუქნია თითი» სეპარატისტებს.
    სხვათა შორის, ბერეზოვსკის იდეის საშიშროებას (მათი ინტერესებისთვის) აფხაზი სეპარატისტებიც შესანიშნავად გრძნობენ. ისინი ხვდებიან, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სავსებით შეიძლება შეეწიროს თანამეგობრობის სივრცეში ინტეგრაციული პროცესების განვითარებას.
    ამიტომ გამორიცხულია, არძინბამ რაიმე დათმოს სწორედ ბორის ბერეზოვსკის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების დროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით კი, გარკვეული ტაქტიკური მანევრი (სოხუმის მხრიდან) გამორიცხული არ არის, რათა გააძლიეროს პრიმაკოვის პოზიციები ბერეზოვსკისთან დაპირისპირებაში.
    ხუთშაბათს სოხუმსა და ახალ ათონში განახლდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები «წარმომადგენლების» დონეზე. საქართველოს წარმოადგენს რუსეთში საქართველოს ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე. ხოლო აფხაზეთს, - არძინბას «მარჯვენა ხელი», რესპუბლიკის პროკურორი ანრი ჯერგენია.
    მოლაპარაკებათა საგანი იგივეა, - სამურზაყანოს პრობლემა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სეპარატისტებმა მოახერხეს აფხაზეთის პრობლემის დაყვანა გალის პრობლემამდე, რაც მათი კიდევ ერთი დიპლომატიური და პოლიტიკური წარმატებაა; სეპარატისტები არ თანხმდებიან უკანასკნელ ხანს გალიდან გამოძევებული 40 ათასი ლტოლვილის დაბრუნებაზე, თუ არ იქნება გაუქმებული ეკონომიკური სანქციები აფხაზეთის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. ამ სანქციათა შემოღება (1994 წლის დეკემბერში) საქართველო-რუსეთის კომპრომისი იყო არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ ჩეჩნეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
    სანქციები მართლაც მძიმე ტვირთად აწვება სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკას, ამიტომ არძინბას რეჟიმმა მაისის სასაკლაო სამურზაყანოში სწორედ მათი გაუქმებისათვის მოაწყო და არა პარტიზანთა აქტიურობის, ან (მით უმეტეს) ერთ-ერთ სოფელში გამართული მიტინგისა და მარულის გამო.
    თანაც, 40 ათასი ლტოლვილის დაბრუნებას მხოლოდ წლის ბოლოსათვის აპირებენ. ისიც შერჩევით, სეპარატისტთა მიერ შედგენილი სიების შესაბამისად. ქართული მხარე ამ პირობებს არ თანხმდება და არც დათანხმდება, ვინაიდან, ჯერ ერთი, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სოხუმი პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს.
    გარდა ამისა, სანქციათა გაუქმებით საქართველო არძინბას რეჟიმზე ზემოქმედების უკანასკნელ ბერკეტს დაკარგავს. ამიტომ ვაჟა ლორთქიფანიძე სოხუმში ისევ ძველი (სავსებით მიზანშეწონილი) წინადადებებით ჩავიდა: საქართველო თანახმა იქნება გაუქმდეს სანქციები აფხაზეთის წინააღმდეგ იმ პირობით, თუ გალის რაიონში შეიქმნება ერთობლივი ადმინისტრაცია და ენგურიდან ღალიძგამდე დაბრუნდება ასი ათასი ლტოლვილი, რომელიც იქ ომამდე ცხოვრობდა.
    არძინბასთვის ეს წინადადებები კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან «ერთობლივი ადმინისტრაციის» შექმნა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენას ნიშნავს.
    ჯერგენიას თქმით, ლტოლვილთა დაბრუნებაზე მთელი გალის რაიონის ტერიტორიაზე (ძველ საზღვრებში) საუბარი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელი მოეწერება ცნობილ «ოქმს» საქართველოსა და აფხაზეთის თანასწორსუბიექტურობის შესახებ.
    და მაშინაც კი, გალის რაიონში აფხაზური იურისდიქცია სრულად უნდა შენარჩუნდეს. ბუნებრივია, ამ პირობებს საქართველო ვერ დაეთანხმება. ამრიგად, ვაჟა ლორთქიფანიძესა და ანრი ჯერგენიას მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
    პარასკევს მოლაპარაკებებში ჩაერთო ბორის ბერეზოვსკი, რომელმაც აგრეთვე ბევრს ვერაფერს მიაღწია. არძინბას შესანიშნავად ესმის: საკმარისია ბერეზოვსკიმ თუნდაც მცირე პროგრესს მიაღწიოს კონფლიქტის მოწესრიგებაში და ერთობლივი ზემოქმედება სეპარატისტულ რეჟიმზე პერმანენტული გახდება, ვინაიდან ქართული საზოგადოება დარწმუნდება პრობლემის მოგვარების შესაძლებლობაში ბერეზოვსკის «ახალი კონცეფციის» შესაბამისად.
    თუმცა, მეორე მხრივ, ვითარების უცვლელად დატოვება სეპარატისტებსაც აღარ აძლევთ ხელს: საქმე ის არის, რომ გალში მცხოვრები 40 ათასი ქართველი ბლოკადაში მყოფი რესპუბლიკის სურსათით მომარაგების ერთადერთი წყარო იყო. ლტოლვილები მუდმივად მოძრაობდნენ გალსა და ზუგდიდს შორის, შეჰქონდათ აფხაზეთში სურსათ-სანოვაგე, გალის ბაზრობაზე მთელი აფხაზეთიდან ჩამოდიოდნენ მყიდველები, რომელთაც შემდეგ საქონელი სოხუმსა და გაგრაში გაჰქონდათ, ანუ, ფაქტობრივად, საქართველო ამარაგებდა სეპარატისტულ რეგიონს სურსათით მაშინ, როდესაც რუსეთისაგან მოითხოვდა ბლოკადის პირობათა უმკაცრესად დაცვას.
    თუ ქართული მოსახლეობისაგან სამურზაყანო დაიცლება, მაშინ აფხაზეთი მატერიალური თვალსაზრისით ძალიან ბევრს დაკარგავს. გარდა ამისა, გალის რაიონში ქართული მოსახლეობის დაბრუნება სეპარატისტებს საშუალებას აძლევდათ, მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდათ საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ამჟამად მოსახდენი უკვე მოხდა და ეს «სისხლიანი კოზირიც» გამოყენებულია.
    თუ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს «ჩიხი» (თეორიულად ეს გამორიცხულია, ვინაიდან ომი მართლაც პოლიტიკის გაგრძელებაა) - ამგვარი განსაზღვრება სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის გარშემო შექმნილ ვითარებას შეესაბამება.
    სეპარატისტები არც ერთი ნაბიჯით არ იხევენ უკან. ნებისმიერი კომპრომისი არძინბასათვის სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ წარმოუდგენელია, მან რაიმე რეალურად დათმოს; განუწყვეტელი მოლაპარაკებები სოხუმსა და თბილისში მხოლოდ პოლიტიკური კომუფლიაჟის როლს ასრულებს; დოკუმენტი, რომელიც ბერეზოვსკიმ და პასტუხოვმა ვითომდაც შეათანხმეს არძინბასთან, მიუღებელი იქნება საქართველოსთვის, თუ იგი მხოლოდ ლტოლვილთა დაბრუნების გაითვალისწინებს გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის გარეშე.
    მით უმეტეს, მიუღებელია სანქციების გაუქმება კონფლიქტის მოწესრიგებაში თვისებრივი გარდატეხის გარეშე.
    ხელისუფლების პრობლემას გარკვეულწილად ამსუბუქებს ის გარემოება, რომ მთლიანობაში შეიქმნა კეთილისმყოფელი ფონი მისი ძალისხმევის გასააქტიურებლად.
    საქართველოში სხვაგვარად ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს: კეთდება შესაძლებლის მაქსიმუმი და სხვა გზა, უბრალოდ არ არის. ალბათ სწორედ ამ მიზანს ისახავდა ბორჯომში გამართული შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესა და ლუდვიგ ჩიბიროვს შორის.
    ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე წინააღმდეგი იყო გალის მოვლენების დროს შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიაზე, რათა უნებლიედ არ დაფიქსირებულიყო «მხარდაჭერა» საქართველოსადმი, მაგრამ ვითარება უმალვე შეიცვალა, როგორც კი გალში ცეცხლი შეწყდა და მოლაპარაკებებში ბერეზოვსკი ჩაერთო.
    თუმცა, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებისას არ აქტიურობს. მიუხედავად ამ კონფლიქტის შედარებითი (ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით) ნაკლები სიმწვავისა, ეს ედუარდ შევარდნაძის ტაქტიკური სვლა უნდა იყოს. იგი ცდილობს, შექმნას კონკურენცია ისევ და ისევ ბერეზოვსკისა და პრიმაკოვს შორის. დსთ-ს აღმასრულებელ მდივანს ოფიციალური თბილისი პრიორიტეტს ანიჭებს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებისას, ხოლო პრიმაკოვის უწყებას - «სამხრეთ ოსეთში». აფხაზეთში გაერო მოქმედებს, ცხინვალის რეგიონში კი - ეუთო. ხოლო სამშვიდობო ძალებს ამ ორ კონფლიქტურ ზონაში სხვადასხვა უფლებამოსილება აქვთ. თუ აფხაზეთში ისინი «მხარეთა დაშორიშორების ფუნქციას» ასრულებენ, «სამხრეთ ოსეთში» ქართულ და ოსურ შეიარაღებულ ფორმირებებთან ერთად, ფაქტობრივად, საპოლიციო ფუნქცია იტვირთეს.
    შესაძლოა კონკურენციამ გადამწყვეტი ფაქტორის როლი ვერ შეასრულოს, მაგრამ გარკვეული მნიშვნელობა ამას მაინც ექნება. ქართულ-ოსურ კონფლიქტს მრავალი თავისებურება აქვს და ბევრად განსხვავდება აფხაზეთის კონფლიქტისგან. ლუდვიგ ჩიბიროვი ვლადისლავ არძინბაზე არანაკლები ფანატიკოსია, მაგრამ მისი პოზიციები უფრო სუსტია; ამდენად, ოსი სეპარატისტები იძულებულნი იქნებიან გარკვეულ კომპრომისზე მაინც წავიდნენ. მით უმეტეს, ჩრდილოეთ ოსეთის სავსებით აშკარა დაინტერესების გათვალისწინებით.
    ჩრდილოელი ოსები ინგუშებთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში არიან ჩართულნი, რუსეთის იმედიც ბოლომდე არა აქვთ, ამიტომ «ზურგის შემომტკიცებას» ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.
    სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სტატუს-კვოს შენარჩუნება შეიძლება კიდეც აძლევდეს ხელს. სულ ერთია, ოსი სეპარატისტები საქართველოს შემადგენლობაში არანაირ სტატუსს არ დათანხმდებიან, თუ მათ რესპუბლიკას «სამხრეთ ოსეთი» არ ერქმევა; ამგვარი სახელწოდების დაფიქსირება კი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
    ოსებთან სტაბილური მშვიდობის დამყარება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება ამჟამად ნამდვილად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. «იურისდიქციის» აღდგენაზე ჯერჯერობით ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომ ალბათ იძულებულნი ვიქნებით დავჯერდეთ იმას, რაც რეალურია. კავკასიურ კონფლიქტთა წრეში შინაგანად სუსტ და მყიფე სახელმწიფოს ამპარტავნობა და ამბიციურობა ზიანის მეტს არაფერს მოუტანს.

დილის გაზეთი, 22 ივნისი, 1998 წ.