კავკასიის პირველი ამერიკული სამხედრო მანევრები დაიწყო

კავკასიის პირველი ამერიკული სამხედრო მანევრები დაიწყო

დიდი მანევრები      

        გუშინ ფოთის აკვატორიაში კავკასიის პირველი სამხედრო მანევრები დაიწყო - სამხედრო-საზღვაო ძალების, ავიაციისა და შეიარაღებული შენაერთების მონაწილეობით. აღსანიშნავია რომ სიმბოლური სამხედრო «სწავლებები», ვთქვათ, ამერიკელი გვარდიელების ჩართვით, საქართვლეოში, ისევე როგორც აზერბაიჯანშში, ადრეც არაერთგზის გამართულა, მაგრამ სრულფასოვანი საერთაშორისო მანევრები მართლაც პირველია.
        თანაც, განურჩევლად სახელწოდებისა, ეს არის სწორედ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო კავშირის მანევრები, ვინაიდან იგი ნატოს ეგიდით ტარდება. ცნობილი პროგრამა «პარტნიორობა მშვიდობისათვის» დასავლეთმა აქტიურად გამოიყენა, რათა პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ სივრცეზე შემოჭრილიყო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
        სწორედ ამ მანევრების პოლიტიკური შემადგენელია ყველაზე მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი.
        ამიტომაც უფრო მიიპყრო ფოთის აკვატორიაში გამართულმა სწავლებებმა რუსული მედიის ყურადღება, ვიდრე «კოოპერატივ პარტნერს»-ის ნიშნით გამართულმა ანალოგიურმა ღონისძიებებმა უზბეკეთსა და უკრაინაში.
        ყირიმის აკვატორიაში სწავლებათა მსვლელობისას სევასტოპოლის რუსულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციები მოაწყო. უზბეკეთში იმავეს, რასაკვირველია, ვერავინ გაბედავდა.
        ასეთივე პრობლემების შექმნა მოსკოვმა ჩვენს ქვეყანაშიც მოახერხა. სოხუმის ხელისუფლებამ უარი განაცხადა დამკვირვებლების გამოგზავნაზე და საეროთდ, ძალიან ოსტატურად იყენებს ამ ვითარებას, რათა მიაღწიოს გუდაუთის სამხედრო ბაზის ტექნიკის დატოვებას აფხაზეთში.
        აქ უკვე საუბარია არა იმდენად ბაზის შენარჩუნებაზე, რამდენადაც ტექნიკის დაუფლებაზე - სეპარატისტთა შეიარაღებული ძალების აღსაჭურვად უახლესი ჯავშნოსანი მანქანებითა და საარტილერიო სისტემებით. თუმცა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ რუსულ პრესაში გაიელვა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც «ლოიალობის» საფასურად სეპარატისტებმა სარაკეტო დანადგარები მიიღეს მოსკოვისგან, რის მეშვეობითაც ქუთაისისა და თბილისის დაბომბვა შეუძლიათ.
        ასეთ ვითარებაში სულაც არ არის გასაკვირი, თუ თბილისი სერიოზულ სამხედრო-სტრატეგიულ დემარშებს მიმართავს. თუნდაც იმავე ნატოს მეშვეობით, ვინაიდან როდესაც ნატოსთან არ ვთანამშრმოლობდით (1994-1998 წლებში) და მანევრებს არ ვატარებდით, პირიქით, 25 წლის ბაზებზე ვაწერდით ხელს - საპასუხოდ ვერაფერი მივიღეთ. უფრო ზუსტად «მოვიმკეთ» გალის 1998 წლის მაისის მოვლენები.
        თავდაპირველი გეგმით, მანევრები აჭარის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასლან ააბშიძე რუსული გენერალიტეტის გაღიზიანებას მოერიდა და ღონისძიება ავტონომიის ტერიტორიაზე არ დაუშვა. თუმცა ამით მანევრები არ ჩაშლილა.
        მაშტაბის თვალსაზრისით, ფოთთან მიმდინარე სწავლება თავდაპირველ განზრახულობასა და გეგმებს შეესაბამება: მონაწილეობს 11 ქვეყანა, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოები - ათეულობთი სამხედრო გემი და კატარღა, ავიაცია და ათასობით სამხედრო მოსამსახურე.
        თავისთავად, სწავლებათა «ლეგენდა» სამშვიდობო და ჰუმანიტარულია, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს: ასეთი ღონისძიებები არასდროს ტარდება «აგრესიული» ლეგენდით, თუმცა, «თავდაცვითი» ნოტები მაინც ჟღერდა.
        რაც ძალზე მნიშვნელოვანია, პირველად დადასტურდა ნატოს მიმართება საქართველოში «კონფლიქტურ ზონებთან». შეუძლებელია ასეთი მიმართება არ არსებობდეს მაშინ, როდესაც ნატოს ფართომაშსტაბიანი სამხედრო წვრთნები ტარდება სულ რამდენიმე კილომეტრში რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალების» დისლოკაციის ადგილიდან, ზღვაზე კი იმ წერტილიდან, საიდანაც სეპარატისტმა მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს ორიოდე თვის წინ.
        რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ძალიან ახლოა ნატოს «ცისფერჩაფხუტიანთა» განლაგება კონფლიქტის ზონაში, მაგრამ ასეთ სამხედრო დემარშს უეჭველად ექნება პოლიტიკური გამოხატულებაც.
        თუ, მაგალითად, მოსკოვი აპირებდა დაგვმუქრებოდა კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანით (გუდაუთის სამხედრო ბაზის ტრანსფორმირებაზე უარის თქმის შემთხვევაში), ფოთის მანევრების შემდეგ მოსკოვში ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან: ხომ არ გამოიწვევს რუსი «სამშვიდობოების» გაყვანა არა ომის განახლებას (რაც რუს ექსპერტებს ეზმანებათ), არამედ მათ ჩანაცვლებას?
        დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ ორმხრივი პრობლემა აღარ არის.

დილის გაზეთი, 12 ივნისი, 2001 წელი