ირინა სარიშვილმა მხედრიონელებს «ნაძირალები» უწოდა

ირინა სარიშვილმა მხედრიონელებს «ნაძირალები» უწოდა

   

    როგორც კი შეატყო ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, რომ მხედრიონელთა დანაშაულის ერთმნიშვნელოვნება საზოგადოების თვალში ეჭვქვეშ დგება, უმალვე გამოძებნა შესაბამისი ფორმულა: «შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ იმდენად უნიჭოდ და უნიათოდ ჩაატარეს გამოძიება, რომ საზოგადოებას ეჭვიც კი გაუჩნდა, რამდენად არიან დამნაშავენი ის ნაძირალები, რომლებიც ამჟამად გალიებში იმყოფებიან».
    სარიშვილის თქმით - «ის (შოთა კვირაია-ავტ) ნაძირალებთან ერთად უნდა იჯდეს გალიაში». ედპ-ს ლიდერმა ამ განცხადებით საბოლოოდ დაადასტურა, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებს სასამართლო პროცესს და ბრალდებულთათვის მკაცრი განაჩენის გამოტანას. ამაში თითქოს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, მაგრამ წინასწარ მაინც იზღვევს თავს. კახა თარგამაძე იძულებული გახდა, შესაბამისი განმარტება მიეცა და დაეცვა გამოძიება, რომელმაც «ყველა საჭირო მტკიცებულება შეაგროვა ბრალდებულთა დამნაშავეობის დასადასტურებლად». ეს განმარტება, რა თქმა უნდა, ვერავის დააკმაყოფილებს. მით უფრო ირინა სარიშვილი-ჭანტურიას. იგი ხომ შესანიშნავად ხედავს, რა ხდება «საუკუნის პროცესზე», როგორ იქცნენ თანდათანობით ბრალდებულები ბრალმდებლებად და როგორ მოიპოვეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპათია. ქალბატონი ირინასათვის ეს მეტად საშიში ტენდენციაა, ვინაიდან 1994 წლის 3 დეკემბრის შემდეგ მან თავისი პოლიტიკური ტაქტიკა და სტრატეგია «მხედრიონის» წინააღმდეგ ბრძოლაზე ააგო. ეს უკანასკნელი ამას, რა თქმა უნდა, არც დაივიწყებს და არც აპატიებს.
    ისიც უნდა ითქვას, რომ სარიშვილი-ჭანტურიას ერთმნიშვნელოვანი განცხადება (შეფასება) და მხედრიონელთა «ნაძირალებად» აღიარება სერიოზულ ზიანს მიაყენებს სხვა პოლიტიკურ ძალებს. ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც აქტიურად ჩაერთო პროცესში და «საზოგადოებრივი ადვოკატის» ფუნქცია იტვირთა.
    ამ მხრივაც ეს პროცესი ერთობ საინტერესოა - ბევრი პოლიტიკური პარტია მას საერთოდ არ გაეკარა, რათა რენომე არ შეელახა, მაგრამ თუნდაც ერთი ოპოზიციონერის აქტიურობაც საკმარისია მთელი ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის. აქ არ არის გადაჭარბება - ეს რეალობაა, გამომდინარე «მხედრიონისადმი» დამოკიდებულებიდან. ოღონდ იგულისხმება არა «საპარლამენტო», არამედ გარესაპარლამენტო ოპოზიცია - მას დასაკარგი თითქოს არაფერი აქვს, მაგრამ წარსული «მძიმე» გამოცდილებიდან გამომდინარე მაინც ფრთხილობს.
    ქალბატონი ირინას განცხადება კიდევ ერთი თვალსაზრისითაა საინტერესო: «მხედრიონელები» ცხადდებიან არა მხოლოდ ტერაქტების, არამედ ზოგადად, კრიმინალური პროცესების მთავარ ინიციატორებად. სარიშვილი-ჭანტურიამ იპოვა ისეთი ცნება - სტერეოტიპი (მას ამგვარი მიგნებების დიდი გამოცდილება აქვს), რომელიც მაქსიმალურ ზემოქმედებას მოახდენდა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე: «ჯაბამ მთელი თაობა დაღუპა» - ეს სტერეოტიპი უმალვე აიტაცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა. «ნაძირალებიც» - ათიანში მოხვდება და საბოლოოდ გადაუწურავს ყოველგვარ იმედს «საუკუნის პროცესზე» განსასჯელებს. მათთვის, რა თქმა უნდა, გაცილებით ხელსაყრელი იყო გაუთავებლად ელანძღათ ხელისუფლება, მაგრამ ასეთი შეფასება ოპოზიციონერის მხრიდან, რომელიც აგრეთვე ლანძღავს და ადანაშაულებს კვირაიას, თარგამაძესა და ბაბილაშვილს, მათ «ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა» ორეოლს ჩამოაშორებს.
    ჯაბა იოსელიანი უეჭველად მიმართავს საპასუხო ზომებს და ირინა სარიშვილი-ჭანტურიას შეახსენებს იმ პერიოდს, როდესაც ედპ-ს ჯერ კიდევ სჭირდებოდა «მხედრიონი»; მაგრამ საეჭვოა ამით რაიმე შედეგს მიაღწიოს. იგი ყველა თვალსაზრისით დამარცხებულია და თითო-ოროლა სიმბოლური, სუსტი ფიგურის გარდა არათუ მოსახლეობაში, არამედ ელიტაშიც აღარ გააჩნია დასაყრდენი. მუდმივი დასაყრდენია კრიმინალური სამყარო; მაგრამ იმისათვის, რათა იგი კვლავ იქცეს პოლიტიკურ ფაქტორად, კიდევ ერთი «დემოკრატიული რევოლუციაა» საჭირო.

მერიდიანი, 9 თებერვალი, 1998 წ.