ირინა სარიშვილის მთავარი მოტივი

ირინა სარიშვილის მთავარი მოტივი

    «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» დღევანდელი ლიდერის მოქმედებაში მკაცრი განსაზღვრულობა და მიზანშეწონილობა შეიმჩნევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა და რისთვის. თავდაპირველად, - 5 ნოემბრის არჩევნებიდან პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში, - იგი არც თუ ისე აქტიური იყო. როგორც ჩანს, მაშინ პარტიაში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისათვის იღვწოდა. პოლიტიკური მოღვაწეობის ახალი ეტაპი კი დაიწყო ცნობილი გამოსვლით «ძალისმიერი» მინისტრების წინააღმდეგ. ერთი მათგანი (კერძოდ, შოთა კვირაია) უკვე იმსხვერპლა, ახლა ჯერი შინაგან საქმეთა მინისტრზე მიდგა.
    ყველაზე მარტივი იქნებოდა გვეთქვა, რომ ირინა სარიშვილ-ჭანტურიას «ქულების დაგროვების» სურვილი ამოძრავებს, მაგრამ ეს მეტისმეტად ამარტივებს საკითხს. სინამდვილეში ძირითადი მოტივი უფრო ღრმად უნდა იყოს დამალული. ჩემი აზრით, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამჟამად ახორციელებს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» პოლიტიკური შინაარსის შეცვლის ოპერაციას - სურს გადააქციოს იგი რადიკალური ოპოზიციური ძალიდან «ზომიერ» ოპოზიციად და მაქსიმალურად დაუახლოვდეს «ცენტრს» პოლიტიკურ სპექტრში.
    უპირველესად ეს რუსეთთან დამოკიდებულების საკითხს ეხება. ცხადია, ირინა სარიშვილი-ჭანტურია კატეგორიული წინააღმდეგია აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისა, მაგრამ რაკი პირდაპირ ამას ვერ იტყვის (გავიხსენოთ: სწორედ «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» აუტეხა ისტერიკა ზვიად გამსახურდიას - სამაჩაბლოში იმპერიის შინაგანი ჯარის შემოყვანის გამო), ძალიან ეშმაკურად იქცევა და ამთავითვე ანაწილებს პასუხისმგებლობას ორ სუბიექტზე: «რადიკალურ ოპოზიციაზე» (გულისხმობს თავის ყოფილ მეგობრებსა და თანამებრძოლებს) და «ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე».
    ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ოპერაცია ხორციელდება საკმაოდ მაღალ დონეზე. ძირითადი მოტივი დაფარულია სხვა მოტივებით. მაგალითად: ზოგიერთი დამკვირვებელი სარიშვილი-ჭანტურიას დემარშებს უკავშირებს მხოლოდ «შტაბ-ბინის» საკითხს. არადა, სინამდვილეში ეს მხოლოდ «კაზუს ბელია» (ომის მიზეზი), რათა ძირითადი შეტევის განხორციელება გაადვილდეს. სხვათა შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს იგრძნეს და ედპ-ს თავმჯდომარეს «პრეზიდენტთან ალიანსი» დასდეს ბრალად, რაც აგრეთვე საკითხის გამარტივებაა. შეიძლება ხდებოდეს ინტერესთა გარკვეული თანხვედრა, რაც ჯერ სულაც არ ნიშნავს პოლიტიკურ ალიანსს. სამაგიეროდ, ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ უკვე შექმნა საჭირო სივრცე პოლიტიკური მანევრისათვის აფხაზეთის საკითხში: თავად მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა, მაგრამ ისე, რომ არც ოპონენტებს მისცა რაიმე საბაბი.
    თავად განსაჯეთ: 31 ივლისამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. საქართველოს ფაქტობრივად აღარ აქვს უშიშროების სამსახური, დისკრედიტირებულია თავდაცვის მინისტრი და იწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს დეზორგანიზაცია. ასეთ პირობებში რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი დაიწყებს «სამკვდრო-სასიცოცხლო» ომს?
    ამავე დროს, სარიშვილი უკვე მკვეთრად გაემიჯნა «სახალხო ფრაქციას», როგორც რადიკალურ ოპოზიციას და დაიწყო ძალიან ფრთხილი თამაში «ელიტარულ ინტელიგენციასთან». განა უცნაური არ არის: მმართველი პარტია, რომელიც «რუსეთთან კომპრომისის» ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, დღეს უფრო რადიკალურ პოზიციაზე დადგა, ვიდრე «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია, რომელიც «რუსეთისათვის პასუხისმგებლობის მოხსნის» წინააღმდეგია. აგაშენოთ ღმერთმა! - ამას არ ამბობდნენ «ზოგიერთები» 9 წლის წინ?
    როგორც ჩანს, მართალი იყო მამუკა გიორგაძე, როდესაც ამტკიცებდა, რომ სარიშვილთან დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ «პიროვნული შეუთავსებლობა» არ ყოფილა.

მერიდიანი, 22 ივლისი, 1997 წ.