ირინა სარიშვილი - ედპ-ს ევროპული არჩევანი

ირინა სარიშვილი - ედპ-ს ევროპული არჩევანი

 

    ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, ყრილობის მოსამზადებელ პერიოდში დარწმუნებული იყო, რომ მომავალი თავმჯდომარის საკითხი პარტიაში რაიმე განხეთქილების საფუძველი არ გახდებოდა.
    ამ მომენტს ისეთი გულმოდგინებითა და დაჟინებით უსვამდნენ ხაზს, რომ ნათელი ხდებოდა ეროვნულ-დემოკრატთა ძირითადი მოტივაცია: მათთვის მთავარი, როგორც ჩანს, პარტიის გავლენის შენარჩუნება იყო. გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» ერთგვარად გზის გასაყარზე აღმოჩნდა - მიუხედავად მამუკა გიორგაძის ან ირინა სარიშვილის პირადი სურვილისა, მოხდა პოლიტიკური პრობლემის პერსონიფიკაცია: ერთ-ერთი მათგანის არჩევა «ედპ»-ს თავმჯდომარედ «ახალი კურსის» არჩევასაც ნიშნავდა. ანუ, ყრილობას პოლიტიკური ვექტორი უნდა აერჩია და არა კონკრეტული ფიგურა.
    ამ მომენტს უფრო ზუსტად და უფრო შორსმჭვრეტელურად სწორედ ირინა სარიშვილმა აუღო ალღო და ამიტომაც გაიმარჯვა. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: მიუხედავად ავადმყოფობისა, ირინა სარიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ოსლოში გამართულ ქართულ-ოსურ მოლაპარაკებაში და მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ოსლოში დასავლეთის გავლენიანი ძალების მხრიდან ხდებოდა იმ ფიგურათა აპრობაცია-მოსინჯვა, რომელიც მომავალში შესაძლოა დასავლური პოლიტიკის საყრდენად იქცნენ საქართველოში - მით უმეტეს, თუ საბოლოოდ დადებითად გადაწყდა კასპიის შელფის ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირება ევროპაში.
    ეს განმარტება მეტყველებს, რომ ირინა სარიშვილს (განსხვავებით თავისი მეტოქისაგან) ძალიან ზუსტად ესმოდა, რა სურდა პარტიას, რის მიხედვით გააკეთებდა იგი არჩევანს.
    არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას, მხარი დაეჭირათ სწორედ სარიშვილის კანდიდატურისათვის, იმით ხსნიდნენ, რომ «ევროპა უფრო ირინაზე გააკეთებს აქცენტს».
    იგულისხმებოდა: მამუკა გიორგაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომელსაც დასავლეთი დაეყრდნობა.
    მეორეს მხრივ, გიორგაძის მომხრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ედპ-ს «მამაკაცური მენტალიტეტი» არ დაუშვებდა ქალის არჩევას ლიდერად, მაგრამ პარტიას სწორედაც «ევროპული მენტალიტეტი» აღმოაჩნდა. უფრო სწორად, «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის კორპორაციული სულისკვეთებით თხემით ტერფამდე გაჟღენთილი ორგანიზაცია - კლანი. ამგვარი კორპორაცია კი თითქმის არასდროს ცდება სტრატეგიული არჩევანის გაკეთებისას.
    მიუხედავად ამისა, ირინა სარიშვილის «თავმჯდომარეობა» შეიძლება მხოლოდ სიმბოლური აღმოჩნდეს (თუმცა «საყრდენის» ფუნქციას იგი ამ შემთხვევაშიც შეასრულებს) - პარტიის «მთავარი კომიტეტის» შემადგენლობა არ შეცვლილა, ანუ უმრავლესობა პარტიის მმართველ ორგანოში მამუკა გიორგაძეს ეკუთვნის.

«მიმომხილველი», 26 თებერვალი, 1996 წელი.